ავტორი:

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

"გამარჯობა. მე ვარ ბაია დვალიშვილი, მსახიობი. საერთოდ ბარბარე მქვია, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არავინ მეძახის... ვთამაშობ სხვადასხვა თეატრში - იქ, სადაც კარგ და საინტერესო როლს შემომთავაზებენ. ერთი პერიოდი ტელეწამყვანიც ვიყავი, ჩემი საკუთარი გადაცემაც მქონდა - "ბაიასთან“. სერიალებშიც ვმონაწილეობდი, იყო დრო, კინოშიც მიღებდნენ..

წამოვიწყე პროექტი "ზღაპრები ბაიასთან“. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მეგონა, დიდხანს იმუშავებდა. ხალისით და მონდომებით ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე დროებით გავჩერდი. ეს ზღაპრები YouTube-ზე იდებოდა. ახლა კარგ როლებს ველოდები - ერთ-ერთი რეპეტიცია სულ მალე დამეწყება და ამით ძალიან ვხარობ“, - ასე მიესალმა მაყურებელს და წარუდგინა თავი მსახიობმა ბაია დვალიშვილმა Ambebi.ge-ს და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში "სახალხო ინტერვიუ“. მსახიობმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ გადაცემის ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას შეძლებთ მითითებულ ბმულზე.

თინა:

- ამ ეტაპზე შემოქმედებითად რამდენად დატვირთული ხართ? რამდენ სპექტაკლში თამაშობთ?

- ამ ეტაპზე დაკავებული ვარ "თეატრი სახელოსნო 42“-ში. ვთამაშობ გოგოლის მოთხრობის მიხედვით დადგმულ "ცხვირში“. სხვათა შორის, ძალიან აქტუალური პიესაა და კარგი სპექტაკლი. ამ სპექტაკლით ბევრი ვიმოგზაურეთ. მაყურებელს ძალიან უყვარს, იმიტომ რომ საჭირბოროტო საკითხებს ეხება, ოღონდ - როგორც ლევან წულაძემ იცის - ცოტა მსუბუქი ფორმით არის გადმოცემული და ეს კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობას იძენს.

ასევე, უკვე დიდი ხანია "სამეფო უბნის თეატრში“ - "მოახლეებს“, ჟან ჟენეს პიესას ვთამაშობ, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავით, საკმაოდ წარმატებულად. ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრშიც, ახალგაზრდა რეჟისორის, ილია ქორქაშვილის სპექტაკლში "კლინიკური შემთხვევა“. კიდევ ძალიან საინტერესო პროექტში ვარ, რომელსაც "კონკიას სიკვდილი“ ჰქვია და "სახელოსნო 42“-ში ვთამაშობთ. საინტერესო პროექტი გამოვიდა - მოდისა და დრამის მიქსია, სადაც ხუთი მსახიობი ქალი ვართ. ჩვენი მონოლოგები ძალიან კარგად ქეთი სამხარაძემ დაწერა. მოდასთან არის კავშირში და ცოტა დეტექტიური ხაზიც აქვს.

ნინო:

- რა არის ის მთავარი შინაგანი კოდი, რომლითაც პერსონაჟის "სულში“ აღწევთ?

- რთული სათქმელია - როდის როგორ ხდება, მაგრამ, როგორც მსახიობისთვის, ჩემთვის აუცილებელია, რომ პერსონაჟი იყოს მკვეთრად გამოხატული, მკვეთრი ხასიათითა და მკვეთრი დინამიკით. ხშირად ვეძებ მის სუსტ მხარეს - ან უარყოფითს, ან პირიქით, დადებითს - და იმას ვეჭიდები. ჩემი აზრით, ეს პერსონაჟს უფრო ამძაფრებს, თუმცა სხვადასხვა როლთან დაკავშირებით ხრიკებიც სხვადასხვანაირია ხოლმე.

ბექა:

- რთულია ყოველ ჯერზე, სცენაზე სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდასახვა?

- რთული არ არის, ძალიან სასიამოვნოა. სხვათა შორის, უარყოფით პერსონაჟებს ერთი დადებითი ის აქვთ, რომ ბევრი უარყოფითისგან იცლები და რაღაცნაირად განიდევნება შენგან, იმიტომ რომ ყველაფერს მათში დებ - ყველას გვაქვს ჩვენი უარყოფითი მხარე.

უცნობი:

- დღევანდელ, ციფრულ ეპოქაში არ არის ადვილი მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. ამას როგორ ახერხებს თეატრი და კონკრეტულად, "თეატრი-სახელოსნო 42“?

- სულ რამდენიმე პროფესიაა, რომელიც სამომავლოდ არ დაიკარგება და ხელოვნური ინტელექტი ვერ შთანთქავს. ეს არის ცოცხალი თეატრი, ცოცხალი ურთიერთობა - როცა გრძნობ დარბაზს და დარბაზიც იმდენად გგრძნობს შენ, რომ ხანდახან გაფუჭებს, ხანდახან კი პირიქით, გეხმარება, კარგად ითამაშო. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია… სცენაზე რომ გადიხარ, წინასწარ იცი: დღეს კარგი სპექტაკლი იქნება, თუ მაყურებელს ვერ მოერევი. ამას ვერაფერი შეცვლის.

ნიკოლოზი:

- რა უფრო რთულია, კომედიური თუ დრამატული პერსონაჟის შექმნა-ჩამოყალიბება?

- კომედიის თამაში ურთულესია - სუფთა კომედიურ ჟანრს ვგულისხმობ, შავი კომედია იქნება ეს თუ ბუფონადა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ იქ აუცილებლად გემოვნებაა საჭირო და ძალიან ბეწვის ხიდზე გადიხარ. თუ გადაამლაშე, ის უკვე კარგი აღარ არის, უხეში და უგემოვნო ხდება. მაღალ საფეხურზე რომ ითამაშო, ამას გემოვნება სჭირდება.

სერგო ფარაჯანოვთან ერთად

მკითხველი:

- როგორ შეიცვალა ქართული სამსახიობო სივრცე და კინოწარმოება თქვენი შემოქმედებითი გზის დასაწყისიდან დღემდე?

- პირველი, რეჟისორის მხრიდან და მეორე, მსახიობის მხრიდანაც ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ მსახიობი გათავისუფლდა სახელმწიფო თეატრის მარწუხებისგან. ეს მნიშვნელოვანია. ახლა ახალგაზრდებს ნახავთ, რომლებიც რამდენიმე ადგილას დარბიან: იქ რეპეტიცია აქვთ, იქ სპექტაკლი, იქ გადაღება, იქ სერიალი. თავისუფლება გაჩნდა, არჩევანის უფლებაც და რაღაც ეტაპზე თითქოს შენი ბედის მმართველიც გახდი, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ცოტა დამოკიდებულია. ადრე, როცა რუსთაველის თეატრში ვიყავი, თავშიც არ მომივიდოდა და არც იყო იმის შესაძლებლობა, რომ სხვაგან გეთამაშა... ამ თავისუფლებამ ბევრი კარგი მოიტანა, თუმცა იცით, რა დაიკარგა? ის, რომ იმდენს დავრბივარ - მარტო ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ - იმდენად აჩქარებული ვარ, სულ მეჩქარება: იქით რეპეტიცია, იქით რაღაც, იქით იმ თეატრში სპექტაკლზე არ დამაგვიანდეს. ამის ფონზე თითქოს თეატრის სიმყუდროვე იკარგება... იმის შეგრძნება რომ ეს შენია და უნდა მოუფრთხილდე, მოსავლელია, შენი სახლია. ეს არ უნდა დაიკარგოს. თუმცა ამასაც არა უშავს, მთავარია, მსახიობი დაკავებული იყოს. მიხარია, რომ ახალგაზრდები ამ მხრივ რეჟიმში არიან, იმიტომ რომ მე წლები აკადემიურ თეატრში ისე გავატარე, უშველებელი დასი იყო და წლიდან წლამდე ახალ სპექტაკლში არ ვიყავი დაკავებული და არა მარტო მე.

ანა:

- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღევანდელი მსახიობისთვის?

- გამოწვევა ის არის, რომ ამ სირბილში და აქეთ-იქით მუშაობაში მოახერხო და შენი ღერძი არ დაკარგო, გაიზარდო. ამაში სხვა ვერავინ დაგეხმარება - ვერცერთი რეჟისორი, რომ შენი მონაცემები აქეთ-იქით არ მიმოფანტო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა, რაც მსახიობისთვის მნიშვნელოვანია.

თეა:

- რამდენად გეხმარებათ იუმორი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში?

- იუმორი ძალიან ბევრ რამეს გვატანინებს. მგონი, ხანდახან ზედმეტსაც ვიცინით იმაზე, რაც სასაცილო არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მეხმარება.

უცნობი:

- რას გვეტყვით ჩემთვის ძალიან საყვარელ რეჟისორსა და ადამიანზე - ლევან (ჭოლა) წულაძეზე... როგორია მუშაობისას ბატონი რეჟისორი?

- ლევან წულაძე? ძალიან ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ლევანს რა აქვს, იცით? ასაკთან ერთად, ყველა ვკარგავთ რაღაც შეგრძნებებს, რაც ბავშვობაში გვქონდა, იმიტომ რომ გამოცდილება, სიხისტე, რაღაცები გვცვლის. როცა ლევანი რეპეტიციაზე მიძახებს ხოლმე, ბავშვობაში ეზოში რომ ჩარბოდი და სამ-სამ კიბეს გადაახტებოდი - აი, ეს გიჟური სიხარული, თავისუფლებისა თუ სიხარულის ლტოლვა მეუფლება. დიახ, ისე, როგორც ბავშვობაში მქონდა, რაც სხვებთან არ მქონია. იმიტომ, რომ აქ არის ძალიან დადებითი მუხტი და არტისტის სიყვარული, ადამიანის სიყვარული, იმით აღფრთოვანება, რაღაცას რომ გააკეთებ, ისეთი სიხარულით გეტყვის, რომ კარგად გააკეთე... ადამიანური ბედნიერებაა მისი სპექტაკლის თამაში - არა აქვს მნიშვნელობა, ასეთში მითამაშია თუ ისეთში: "ჰამლეტში“ გერტრუდა მაქვს ვიყავი, "ბეგალუდს“ ვთამაშობდით, ჩემი საყვარელი სპექტაკლი იყო მარჯანიშვილის თეატრში, თუ იგივე "ცხვირს“... სიმძიმე არა გაქვს. ეს ისეთი მნიშვნელოვანია: სპექტაკლზე მოდიხარ და მძიმედ არა ხარ, ყოველთვის რაღაცნაირად ზეაწეული ხარ. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაგიადვილოს მუშაობა, გაგიადვილოს თამაში... მარტო კარგი შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ პიროვნება ყოველთვის ჩანს ყველაფერში - ფერწერაშიც, მუსიკაშიც, თეატრშიც, კინოშიც - და მას, როგორც პიროვნებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ.

თინა:

- გავიხსენოთ დედა - დიდი მსახიობი მარინე თბილელი... როგორი დედა იყო თქვენთვის და რა იყო მისი მთავარი დარიგება, რაც სულ გახსოვთ?

- პირველი დარიგება სულ მახსოვს: დედა, მთავარია, რეპეტიციაზე იყო ბედნიერი და სპექტაკლზე დანარჩენს არ მიაქციო ყურადღება... რთულია, არ მიაქციო ყურადღება ბევრ გულის ტკენას თუ იმას, რაც ყველა სფეროში, ყველა პროფესიაშია, თეატრში ცოტა უფრო მწვავედ. მოკლედ, მთავარია, ბედნიერი იყო, როცა რეპეტიცია გაქვს, და ბედნიერი იყო, როცა საღამოთი სპექტაკლი გაქვს, რადგან ეს ბედნიერება გადამდებია და მუშაობაში ძალიან გეხმარება.

რაც შეეხება დედას - მარინას - იმხელა ენერგია ჰქონდა, რომ ყველას გვყოფნიდა: მის დიდ ოჯახს, ჩემს ძმას, მე... ყველაფერს ასწრებდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ თეატრი მისთვის პირველი იყო. საკმაოდ ადრე მიატოვა თავისი ავადმყოფობის გამო. მიხარია, რომ აქამდე მისი ასეთი ხსოვნა აქვს, ასეთი სიყვარული და პატივისცემა, და, რა თქმა უნდა, ეს იმ ფილმებიდანაც მოდის... მაშინ ბევრი კარგი მსახიობი იყო, მაგრამ ქართული ფილმის მოცემულობა იყო მცირე, მწირი, და მაინც მოახერხეს დედაჩემმა და მისმა თანავარსკვლავედმა - კოლეგებმა თავიანთი სიტყვის თქმა. მიხარია, რომ ეს კიდევ არის მეხსიერებაში. არ ვიცი, ახლანდელი თაობა უყურებს თუ არა იმ ფილმებს - ცოტა ეჭვი მეპარება - მაგრამ ეს არსად იკარგება.

მანანა:

- როგორი დამოკიდებულება აირჩიეთ შვილის აღზრდისას? გაგვაცანით თქვენი შვილი...

- ჩემს შვილს მაკრინეს ვეძახით, მარიამ ხატისკაცი გახლავთ და არის 20 წლის. იცით, რა ავირჩიე? ის, რაც მე ცოტა მაკლდა... დედამ მე გვიან გამაჩინა, მაკრინეც ასევე გვიან მოევლინა ქვეყანას და ჩემს ცხოვრებას. ამიტომ ცოტა დისტანცია იყო - ჩემი ძმა ძალიან ახალგაზრდამ გააჩინა და მათ ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ჩემთან კი დედა ცოტა კონსერვატორი, დისტანციით იყო და მაკლდა მეგობრობა. ჩემ შვილთან, მგონი, გადავაჭარბე კიდეც, ცოტა ზედმეტიც მომივიდა, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები ვართ... კარგი გარეგნობის გოგოა, ძალიან მეცადინეა - აუგს ვერ ვიტყვი, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ... გაზრდის მომენტში, თინეიჯერობისას, ვცდილობდი, პროტესტი არ მქონოდა და რაღაცნაირად მიმეშვა, რომ ეს ეტაპი გაევლო - რისთვისაც ახლა ძალიან მადლიერია.

თბილისელი:

- დღეს ჩემს თბილისს, როგორსაც ვუყურებ, მასევდიანებს და მტკივა. თქვენ? ბავშვობის თბილისში რა გიყვარდათ ყველაზე მეტად?

- იმ თბილისში რა მიყვარდა? ახლა სულ სხვა რამეს ვიტყვი, მაგრამ იმ თბილისში ის მიყვარდა, რომ მაშინ არ იყო მობილურები, ოჯახებში ტელეფონიც არ იყო, არც კაფეები იყო, არც რესტორნები, არც ისე თავისუფლად შეგვეძლო გოგონებს სადმე შესვლა და დაჯდომა - ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. სამაგიეროდ, იყო ერთმანეთთან ყოფნა. სახლში, ჩვენთან, სუფრა სულ გაშლილი იყო: თუ რამე საჭმელი იყო, თეფში და ჩანგალი მუდამ გამზადებული იდო, იმიტომ რომ დღე არ ჩაივლიდა, დედა რეპეტიციიდან კოლეგებთან ერთად არ მოსულიყო ან ჩემთან არ ამოსულიყვნენ. ეს დრომ წაიღო და, არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ რაც დროს მოაქვს, იმას ვერ შევეწინააღმდეგებით, უნდა მივიღოთ, და ბევრი რამ ძალიან კარგი მოაქვს.

ქალაქი, რა თქმა უნდა, უფრო მშვიდი იყო, უფრო სუფთა, ცოტა მანქანა იყო, ამდენი უსახური და მახინჯი შენობა არ იყო. ხალხი უფრო მშვიდად დადიოდა, ერთმანეთთან მისვლის სურვილი უფრო ჰქონდათ, გარეთ გასვლა საშიში არ იყო. ამდენი ახალგაზრდის სიკვდილიანობა ნამდვილად არ იყო და ამდენი მკვლელობა საერთოდ არ იყო - რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ რაღაც მოხდებოდა, მერე იმ ამბავს წლობით განიხილავდნენ.

ახლა თბილისი ძალიან მძიმეა და ძალიან რთული გახდა ამ ქალაქში ცხოვრება - არა საცობების ან რაღაც სხვის გამო, ეს თავისთავად... ჰაერი დამძიმდა, ადამიანები ყველანი დავმძიმდით. ქალაქი ინგრევა და მახინჯდება - უმოწყალოდ, გეგონება, ვიღაც განგებ ებრძვის, რომ თბილისს სახე წაუშალოს. ეს ძალიან მოქმედებს და ქვეცნობიერადაც... ეს ძველი სახლები რომ ინგრევა - განსაკუთრებით მოჩუქურთმებული, უნიკალური აივნებით, უნიკალური ისტორიით - რომ ნადგურდება და მიაქვს ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ნაწილი და ისტორია... თუ ჩვენ უცხო ქვეყნების ქალაქები მოგვწონს, იმიტომ რომ ყველაფერი რუდუნებით არის მოვლილი, შენახული და აბსოლუტურად გონებითა და ჭკუით გათვლილი. გვერდზე დაახლოებით თავისივე მსგავსი შენობა უდგას, რათა ეს არ ჩაიკარგოს. ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება - აქ უბრალოდ ყველაფერი ნადგურდება.

ბესო:

- საქართველო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას, სერიოზული საფრთხეები არსებობს. როგორც მოქალაქე გამოსავალს რაში ხედავთ?

- ამ 14 წელიწადში იმდენი რამ ჩამოიქცა, ისე გაგლიჯეს და დაგლიჯეს ეს მიწა-წყალი, ისე გააცამტვერეს და ისე უმოწყალოდ გააღატაკეს ხალხი მიზანმიმართულად, რომ არ ვიცი, ამის აღდგენას რამდენი წელი დასჭირდება... არ ვიცი, იმ ახალგაზრდებს რა ეშველებათ თუ ოდესმე ეს მათი საოცრად დიდი შემოსავალი, რაც ქოლცენტრებიდან არის, შეწყდება - მათი მენტალობა როგორ გადაკეთდება. არ ვიცი, ამდენ უკანონობას, ამდენ ქუჩურ გარჩევებს, ამდენ "ძველ ბიჭს“ რა ეშველება - არ მეგონა, თუ როდისმე მობრუნდებოდა. რაც გაფუჭდა, იმაზე ძალიან გული მწყდება, მაგრამ მის გამოსწორებას შეიძლება ვერც კი მოვესწრო. ამიტომ, მგონი, თავიდან არჩევნებია ჩასატარებელი და ძალიან მინდა, რომ სათავეში ჭკვიანი, განათლებული, გულანთებული ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებიც ფულზე ორიენტირებულები არ იქნებიან და ქვეყანას ბოლომდე გაჰყვებიან. არ ვიცი, ამას მოვესწრები თუ არა, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდიოდა დროშით ხელში - ევროკავშირისკენ და ყველანაირი დადებითი სვლებით. მივდიოდით და სავსე ვიყავით ამით, ბედნიერები და ამაყები, რაღაც სიხარული გვქონდა და ეს აბსოლუტურად ჩაგვიქრეს. ახლა შერცხვენილები, თავჩაქინდრულები ვდგავართ ერთ ადგილას.

დავითი:

- რა არის მთავარი სათქმელი, რომელსაც საკუთარ თავს და სხვებსაც შეახსენებთ და გაუზიარებთ?

- ცხოვრება ძალიან ბევრ რამეს გასწავლის, ძალიან ბევრ რამეზე უარს ამბობ, იმიტომ რომ ხვდები, ეს არავის სჭირდება. ბევრი რამის გადაფასება ხდება. ახლა, როცა პოლარიზებულები ვართ - თითქოს დაყოფილები, ოპოზიცია, პოზიცია - თითქოს ურთიერთობები გამწვავებულია. "სიკეთე ვაკეთოთ“ - ასეთი ლოზუნგი ტყუილია, მაგრამ ერთადერთი ეს ვიცი: ადამიანს არ უნდა მოექცე ისე - თუნდაც მას, ვინც შენ მიმართ კარგად არ არის განწყობილი - როგორც არ გინდა, რომ მოგექცეს შენ. ამით რაღაც ბალანსს იცავ, პირველ რიგში, საკუთარ თავს იცავ. ეგოისტურად ნუ მოექცევი ისე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცეს შენ. და თუ ამას დაამატებ, რომ აუცილებლად სიკეთე უნდა აკეთო - თუნდაც მცირედი, ძალიან ცოტა, თუნდაც ყოველდღე მიზერული გასცე - ესეც ცოტა ეგოისტურია ჩემი გაგებით. იცით, რატომ? მე ამით სიამოვნებას ვიღებ. ხომ ხვდებით, როცა რაღაცას აკეთებ, ის შენ თვითონ გსიამოვნებს და შენ თვითონ გავსებს, და ცოტა გერიდება კიდეც, იმდენად გიხარია, რომ ეს გააკეთე. ამიტომ გავცეთ სიხარული და გავიხაროთ ამით.

ლალი:

- რა არის თქვენი სურვილი?

- მიტინგების თავიდან ბოლომდე გამოვლილი ადამიანი ვარ, წლების მანძილზე რა არ გამოვიარეთ და რა არ გამოიარა ჩემმა თაობამ - თითქმის ყველაფერი. ვერცერთი წუთი ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი შვილი მიტინგზე მდგარიყო და სამართლიანობის დაცვა დასჭირვებოდა. რომ ჩემი შვილის ასაკის ახალგაზრდები უსამართლოდ, უკანონოდ მოხვდებოდნენ საპატიმროში ვერც 80-იან, 90-იან და ვერც 2000-იან წლებში... როგორ დავუშვებდი, რომ ჩემი შვილი მიტინგზე მდგარიყო?! სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს და დაიწყოს ქვეყნის ნორმალური სვლა ნორმალურ, კანონმორჩილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UOLtOpA4y9c?si=Smx0YWZrh6yF7asE" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>