აფრიკის რამდენიმე დიდი სანაპირო ქალაქი იმაზე სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახალი კვლევის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა ნიგერიის ქალაქ ლაგოსსა და ეგვიპტის ალექსანდრიაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მომდევნო ათწლეულებში წყალდიდობის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.
კვლევის ფარგლებში ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს Sentinel-1 თანამგზავრების რადარული მონაცემები შეისწავლეს.
მათ აფრიკის 20 სანაპირო ქალაქში მიწის ზედაპირის ცვლილებები გაზომეს. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქალაქში მიწა იმაზე სწრაფად იძირება, ვიდრე 2021 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის (IPCC) ანგარიშში იყო შეფასებული.

მიწის ჩაძირვას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგ შემთხვევაში ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ხშირად მას ადამიანის საქმიანობაც იწვევს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიწისქვეშა წყლების ჭარბი რაოდენობით ამოტუმბვაა, რაც ნიადაგის დატკეპნას და მიწის ზედაპირის დაწევას განაპირობებს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ოლუვასეი დაშოს განმარტებით, ეს პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში სანაპირო ქალაქებში წყალდიდობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. საქმე ისაა, რომ მიწის დაწევის შედეგად ქალაქები ზღვის დონესთან შედარებით კიდევ უფრო დაბლა ექცევა. ეს კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზღვის დონის მატებასთან ერთად საფრთხეს ამძაფრებს.
მკვლევრების თქმით, აფრიკაში მიწის ჩაძირვის პროცესის შესწავლას აქამდე ხელს მონიტორინგის სადგურების სიმცირე უშლიდა. ახალი თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით კი მეცნიერებმა მიწის ზედაპირის უმნიშვნელო ცვლილებების დაფიქსირებაც შეძლეს.
კვლევის უფროსი ავტორის, პროფესორ მანუჩეჰრ შირზაეის განმარტებით, Sentinel-1 თანამგზავრები დედამიწის ერთსა და იმავე მონაკვეთს ექვსიდან თორმეტ დღეში ერთხელ აკვირდებიან. ისინი მიწის ზედაპირზე რადარის სიგნალს აგზავნიან, შემდეგ კი მეცნიერები მის უკან დაბრუნებასა და მიღებულ მონაცემებს აანალიზებენ. ამ მეთოდით შესაძლებელია იმის დადგენა, როგორ იცვლება მიწის სიმაღლე დროთა განმავლობაში.
თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ალექსანდრიის გარშემო ზღვის დონის მატება IPCC-ის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით 36%-ით მეტი იქნება.