ირანში 21 წლის ტარანეჰ რაჰიმისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად გამომძიებლები მის ტყუპ დას, რომინას, გაუპატიურებით დაემუქრნენ. გოგონები იანვარში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. ტარანეჰს მოგვიანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მის დას კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
როგორც გოგონების ბიძაშვილმა, მასუდ ნურმოჰამადიმ BBC Persian-ს განუცხადა, ტარანეჰი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის, რომელშიც ბრალდებებს ადასტურებდა. ამის მიზეზი გამომძიებლების მუქარა იყო.

ნურმოჰამადის თქმით, დაკავების შემდეგ ორივე გოგონა სასტიკად აწამეს და ისე სცემეს, რომ დედამ მათი ამოცნობაც კი ვერ შეძლო. მისივე ინფორმაციით, ცემის შედეგად ტარანეჰს სიარული უჭირს. მას თავის ტრავმაც აქვს, რომლის მკურნალობის გარეშე დატოვებამ ყურის ინფექცია და წონასწორობის დარღვევა გამოიწვია.
ირანში გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალური მომხსენებლის, მაი სატოს ინფორმაციით, ტარანეჰი იმ ექვს ქალს შორისაა, რომლებსაც მიმდინარე წელს იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ ცნეს ირანის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში - "მოჰარებეში“, რაც "ღმერთის წინააღმდეგ ომს“ ან "ღვთის წინააღმდეგ მტრობას“ ნიშნავს და სიკვდილით ისჯება.
გამოცემის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ტარანეჰს ბრალად ცივი იარაღის გამოყენება და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ედებოდა. მის ტყუპ დას, რომინას კი იმავე დანაშაულში დახმარებისა და წაქეზებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ოჯახის წევრები ორივე დის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ. ნურმოჰამადი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ირანში მყოფ ნათესავებთან მუდმივ კონტაქტზეა, აცხადებს, რომ ტარანეჰს ცივი იარაღი არ ჰქონია და მის წინააღმდეგ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

გოგონები ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდნენ, როდესაც დააკავეს. ისინი ირანში დაწყებულ მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებს შეუერთდნენ, რომლებსაც ხელისუფლების ძალადობრივი რეაგირება მოჰყვა.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დარბევისას სულ მცირე 7 000 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობა მომიტინგე იყო. BBC-ის ინფორმაციით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.