ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებამ ქალების უფლებები კიდევ უფრო შეზღუდა. ესპანური გამოცემის, El País-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ბალხის პროვინციაში, საჯარო მოხელეებსა და სამედიცინო პერსონალს ოფიციალურ დოკუმენტებში ქალების სახელების გამოყენება აუკრძალეს.
მათ ნაცვლად, ქალებს "ბებიას", "ძროხასა“ და "თხას“ უწოდებენ.
შეზღუდვა სამედიცინო ჩანაწერებსა და ექიმების მიერ გამოწერილ რეცეპტებსაც ეხება. ავღანური გამოცემა Zan Times-ისა და ბრიტანული The Guardian-ის ინფორმაციით, შესაბამისი მითითება ჯანდაცვის მუშაკებსა და სხვა საჯარო მოხელეებს უკვე მიეცათ.

გერმანიაში მცხოვრები ავღანელი უფლებადამცველი ლალაჰ ოსმანი აცხადებს, რომ ქალების, ექიმებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონათხრობი ადასტურებს, რომ ზოგიერთ ქალს კიდევ უფრო დამამცირებელი სიტყვებით მიმართავენ.
"ეს დეჰუმანიზაციის სისტემატური პროცესია“, - ამბობს ის El País-თან საუბრისას.

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Femena-ს ავღანეთის პროგრამის ხელმძღვანელი ზუბაიდა აკბარი მიიჩნევს, რომ ბალხის პროვინციაში დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა მალე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს. მისი თქმით, თალიბანს წარსულშიც არაერთხელ გადაუტანია ადგილობრივ დონეზე დაწესებული აკრძალვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
El País-ის ცნობით, ორგანიზაცია Femena-მ ავღანეთში ქალებისა და გოგონების უფლებების შემზღუდავი 144-ზე მეტი დადგენილება აღრიცხა.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გოგონებს 12 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ სკოლაში სწავლის გაგრძელება აეკრძალათ. ქალებს კი არაერთი პროფესიის დაუფლებისა და მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდეს.
მიუხედავად აკრძალვებისა, ზოგიერთი ქალი საქმიანობის გაგრძელებას ფარულად ცდილობს. Associated Press-ის 17 ნოემბრის ინფორმაციით, ავღანეთში ქალები საიდუმლო სკოლებსა და მიწისქვეშა ბიზნესებს მართავენ.