პაკისტანში ექიმებმა 10 წლის ბიჭს მუცლის ღრუდან იშვიათი წარმონაქმნი ამოუღეს, რომელშიც ნაყოფის განვითარებული სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს: კიდურები, ფრჩხილები, თმა და ხერხემალიც კი. ექიმების განმარტებით, ეს უკიდურესად იშვიათი მდგომარეობის - Fetus-in-fetu-ს (ნაყოფი ნაყოფში) შედეგია.
ბიჭი საავადმყოფოში ძლიერი მუცლის ტკივილით, მაღალი სიცხითა და წონის მკვეთრი კლების შემდეგ გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სიმპტომები ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვლინდა. გასინჯვისას ექიმებმა შენიშნეს, რომ ბავშვს მუცელი შესივებული ჰქონდა.

ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგებმა წარმონაქმნი ამოიღეს, რომელიც წვრილ ნაწლავთან ახლოს მდებარე მსხვილ სისხლძარღვებს იყო მიმაგრებული. თუმცა, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ექიმებმა წარმონაქმნი გაკვეთეს.
ექიმების განმარტებით, ბიჭის მდგომარეობა იშვიათი სამედიცინო გართულებით, Fetus-in-fetu-თი (FIF), იყო გამოწვეული - ეს არის შემთხვევა, როცა ერთი ნაყოფი მეორე ნაყოფის სხეულში ვითარდება.
ის უკიდურესად იშვიათია და დაახლოებით 500 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვხვდება. მსოფლიოში ამ დრომდე 250-ზე ნაკლები მსგავსი შემთხვევაა გამოვლენილი.
აღსანიშნავია, რომ ასეთ დიაგნოზს უმეტესად ბიჭებს უსვამენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მეცნიერებს ორი ძირითადი თეორია აქვთ.

პირველი და ყველაზე გავრცელებული სამედიცინო განმარტების მიხედვით, ეს იდენტური ტყუპების განვითარების დროს წარმოქმნილი იშვიათი გართულებაა. როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორ ემბრიონად იყოფა, შესაძლოა, ერთმა ემბრიონმა მეორის შიგნით განაგრძოს ზრდა. შედეგად, ერთი ტყუპი ნორმალურად ვითარდება, მეორე კი მის სხეულში რჩება და მასში ზრდას განაგრძობს.
პატარა ტყუპისცალმა შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში მეორე ემბრიონისგან სისხლიც მიიღოს. ეს მის სხეულს განვითარების ზოგიერთი ეტაპის გავლაში ეხმარება, თუმცა სრულფასოვან განვითარებას ვერ ახერხებს.
მეორე თეორიის თანახმად, მსგავსი წარმონაქმნი შესაძლოა ტერატომასთან იყოს დაკავშირებული. ტერატომა იშვიათი ტიპის სიმსივნეა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ქსოვილისგან შეიძლება შედგებოდეს. მასში ზოგჯერ გვხვდება თმა, კუნთები, კბილები და ძვლებიც. ასეთი წარმონაქმნების ნაწილი კეთილთვისებიანია, ნაწილი კი შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს.
რაც შეეხება პაკისტანში მომხდარ შემთხვევას, ბიჭმა ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება შეძლო. ექიმებმა მის ორგანიზმში კიბოს ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. ბავშვი საავადმყოფოდან 11 დღის შემდეგ გაწერეს.