ავტორი:

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph

უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად იერიშებს ამზადებს, - ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს განუცხადა, რომ მიმდინარე თვეში განხორციელებული დარტყმების შემდეგ დარჩენილი ყირიმის ხიდის ნაწილის ჩამოშლა სურს.

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“, - აღნიშნა სამხედრო მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

ასევე, მისი თქმით, უკრაინა მორიგ დარტყმებს ამზადებს.

გამოცემა წერს, რომ ათი დღის წინ განხორციელებული ოპერაცია 11 სახეობის შეიარაღების სისტემას მოიცავდა. ოპერაციის ფარგლებში, უკრაინულმა ძალებმა ხიდის გარშემო არსებული რუსული თავდაცვა თანდათანობით დაასუსტეს, ხოლო შემდეგ თავად ხიდის კონსტრუქციას დაარტყეს.

უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ხიდის საავტომობილო გზის ნაწილი და მისი საყრდენი კონსტრუქცია ჩაინგრა, ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა ხიდის სარკინიგზო ნაწილი.