ავტორი:

"საქართველო ივანიშვილის გარეშე“, "საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო: რა ვითარებაა ადგილზე

"საქართველო ივანიშვილის გარეშე“, "საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო: რა ვითარებაა ადგილზე

"საქართველო ივანიშვილის გარეშე“, "საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ "ავლაბართან“, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

თავისუფლების მოედანი არის ის ადგილი, სადაც მსვლელობა დასრულდება. იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა და სიტყვით გამოსვლები.

  • დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

  • საბოლოო ჯამში, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია - ერთად უნდა გამოვიდეთ და ის უთავმოყვარეო ყოფა დავამთავროთ, რაშიც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქვე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ბევრი გაბრაზებული ადამიანია, რომელთა რაღაც ნაწილს ხელი აქვს ჩაქნეული, ხოლო რაღაც ნაწილი შეშინებულია. ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსების ამოცანაა, ვინც შეშინებულია, მათი გამხნევება მოხდეს, ხოლო ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, აუხსნან, რომ ეს გამოსავალი არ არის.

"არსებითია ადამიანების რაოდენობა. თუ დღეს ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დღე შედგა!

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ. ვნახოთ, რომ ტერორის მიუხედავად, რაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში გამოვიარეთ და იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი საკუთარ პროპაგანდაზე მილიონებს ხარჯავს, ამ ქვეყანაში ადამიანების ტვინების შეტრიალება არ ხდება და ადამიანები თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი - სხვა არჩევანი უბრალოდ არა გვაქვს!

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დღე აუცილებლად შედგება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • მისივე ინფორმაციით, "ოპოზიციურ ალიანსში“ არის შეთანხმება, რომ რაღაც პერიოდი დიდი აქციები გაიმართოს, ხოლო შუალედებში მათი მთავარი საქმე მოქალაქეთა მობილიზება იქნება.

"ყოველი შემდეგი აქცია უნდა იყოს უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე წინა აქცია იყო", - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები ვიხილეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა არ გატყდა ქართველი ხალხი. დღევანდელი დღე არის ამ წინააღმდეგობის გამოხატულება, მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და რეპრესიული კანონისა - დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა მეტროსადგურ "ავლაბრის“ მოედანთან განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები იკრიბებიან.

  • ფავლენიშვილის ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფის წევრები თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლებსაც აპირებს.

"ორი წლის წინ დაიწყო გადამწყვეტი ეტაპი, ივანიშვილის მცდელობის, დაამყაროს დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა უპასუხა წინააღმდეგობით, ეს წინააღმდეგობა დღემდე გრძელდება. უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები ვიხილეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა არ გატყდა ქართველი ხალხი. დღევანდელი დღე არის ამ წინააღმდეგობის გამოხატულება, მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და რეპრესიული კანონისა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.

ბევრი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი იღებს მონაწილეობას. როგორც ვიცი, გარკვეული ნაწილი აპირებს სიტყვით გამოსვლასაც. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მარშში, რომელიც "ავლაბრის“ მეტროდან იწყება და ამ პროტესტში მივიღებთ მონაწილეობას ბოლომდე.

ივანიშვილს უნდა, რომ აღარ არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი, განსხვავებულად მოაზროვნედ ადამიანი. უნდა, რომ ყველაფერი განადგურდეს და ყველა ემიგრაციაში წავიდეს. ქართველი ხალხი არ ტყდება და სანაცვლოდ ვხედავთ, ივანიშვილის რეჟიმი როგორ არის ჩამოშლის პირას მისული, გამომდინარე იქიდან, რომ მათივე პროპაგანდისტები და ამომრჩევლები საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელიც არის ყოვლისმომცველი. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ყველგან არის მარცხი და ფიასკო, ერთმანეთს ასმენენ, ერთმანეთს იჭერენ, ერთმანეთს ესვრიან და საბოლოო ჯამში, ეს წინააღმდეგობა დასრულდება ბოლომდე ამ რეჟიმის განადგურებით, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. ამ წინააღმდეგობის გაგრძელება არის ერთადერთი მეთოდი მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

  • საზოგადოება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას არ შეეგუება - შევიკრიბებით იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.

“კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რომ საზოგადოება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას არ შეეგუება. ის, რაც 2 წლის წინ მოხდა, კონსტიტუციური გადატრიალება იყო. ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი აღარ არსებობს და ამის შესრულებას არ აპირებენ. ეს არ არის უბრალოდ მუხლი. ეს არის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი არჩევანი. ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ევროპული არჩევანი მე-4 საუკუნეში გააკეთა, როდესაც მირიან მეფემ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. იქიდან მოყოლებული საზოგადოება ამას იცავდა - დავითის, ილიას და ყველა იმ დიდი ქართველის მეშვეობით, ვისაც სწორი ორიენტირები ჰქონდა. ივანიშვილი დაუპირისპირდა არა მარტო თანამედროვეობას, არამედ ყველა ჩვენს ისტორიულ პერსონაჟს, რომელმაც საუკუნიდან საუკუნემდე, საქართველოს ეროვნული იდენტობა შექმნა. ბუნებრივია, ასეთი კონფლიქტი საზოგადოებაში მარტივად ვერ დამთავრდება. დამთავრდება ან საქართველოს გამარჯვებით, ან პრორუსული მარიონეტული რეჟიმის გამარჯვებით. ეს მეორე ისტორიულად გამორიცხულია, არანაირი ლოგიკა მაგაში არ არის, ამიტომ შევიკრიბებით იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს”, - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი და გიორგი ჟამერაშვილი