თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით - "საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, დაიწყო.
ადგილზე უკვე მივიდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები როგორც ავლაბრის მეტროს, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან და ორბელიანის მოედნიდან. მეტროსადგურ ავლაბრიდან და თსუ-ის პირველ კორპუსთან შეკრებილი მოქალაქეები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გაერთიანდნენ, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.


რამდენიმე წუთის წინ აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ადგილზე დამონტაჟებულია სცენაც და მოქალაქეები სიტყვით გამოსვლებს ელოდებიან.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები.


ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც "ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი. ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა - რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნები კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია!
ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს [დევიძე] ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა- არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ!

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც "ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსათვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ - განაცხადა გვარამიამ.
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ როგორც პოლიტიკოსები, ისე აქციების ფარგლებში დაპატიმრებული მომიტინგეების ოჯახის წევრები.
დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.


უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.