ავტორი:

ტრაგედია ქორწილში - მიანმარში, მოულოდნელ იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ: ბომბი დაეცა დარბაზს, სადაც საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა

ტრაგედია ქორწილში - მიანმარში, მოულოდნელ იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ: ბომბი დაეცა დარბაზს, სადაც საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა

მიანმარის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქორწინო ცერემონიალზე მყოფები და სკოლაში მყოფი მოსწავლეები.

შაბათს ნაშუადღევს, სამხრეთ შანის შტატში, სოფელ მოე ბაიში საქორწინო ცერემონიალის ჩატარების ადგილზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35-ზე მეტი დაშავდა.

ცენტრალური მიანმარის მაგვეის რეგიონში, სოფელ ინ იონში მდებარე სკოლაზე საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის მოსწავლეები, ახალგაზრდა ბერები და მასწავლებლები.

აღნიშნულ რეგიონში წინააღმდეგობის ძალები აქტიურად მოქმედებენ; თავდასხმის შესახებ ცნობა მიანმარის ემიგრაციაში მყოფმა ეროვნული ერთიანობის მთავრობამ გავრცელა.

შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა დასავლეთ მიანმარში, რახინის შტატში მდებარე ქალაქ მრაუკ-უ-ს საცხოვრებელ კვარტალზე. გავრცელებული ცნობებით, საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა. აღნიშნულ ტერიტორიას აკონტროლებს „არაკანის არმია“ - ქვეყნის სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი უძლიერესი ეთნიკური დაჯგუფება.

ხუნტას აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მიანმარში სამხედრო ავიადარტყმები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად აუნ სან სუ ჩის არჩეული სამოქალაქო მთავრობა დაემხო, რასაც ხანგრძლივი სამოქალაქო ომი მოჰყვა.

სამხედრო ხუნტა წვავს სოფლებს და სახმელეთო ოპერაციებს ახორციელებს იმ ტერიტორიებზე, რომელთა გაკონტროლებასაც ვერ ახერხებს, მათ შორის NUG-ისა და ეთნიკური შეიარაღებული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებად რეგიონებში.

წყარო