იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ სკანცანო ჯონიკოში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად იტალიაში უკანონოდ დაბრუნდა.
მას სუპერმარკეტში ქურდობაზე წაასწრეს.
როგორც ადგილობრივი მედია სკანცანო ჯონიკოს პოლიციაზე დაყრდნობით წერს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება სუპერმარკეტში ქურდობის შესახებ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ობიექტში ორი მამაკაცი შევიდა, რომლებმაც თაროებიდან სხვადასხვა პროდუქტი - ძირითადად კბილის პასტები აიღეს და ჩანთებში დამალეს.
პოლიციის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაკავებული საქართველოს 32 წლის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში ქურდობასა და ძარცვაზე მრავალჯერადი ნასამართლობა აღენიშნება.
2025 წლის აპრილში ბოლონიის პრეფექტის მიერ, მის მიმართ გაცემული იყო იტალიიდან გაძევების (დეპორტაციის) გადაწყვეტილება, რაც იტალიის ტერიტორიაზე შესვლის 3-წლიან აკრძალვას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, დაკავებულმა ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა მაინც მოახერხა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე პალაცო სან-ჯერვაზიოს სადეპორტაციო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მის სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ.