მწერალი - ოტია იოსელიანი თბილისის იშვიათი სტუმარია. ამიტომ, გასულ კვირას, როგორც კი გავიგე, რომ აქ ბრძანდებოდა, მაშინვე დავუკავშირდი. ინტერვიუზე უარი არ უთქვამს. შეხვედრისას ჯერ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ, შემდეგ უამრავ თემას შევეხეთ... აღმოჩნდა, რომ ბატონ ოტიას თავისი "10 მცნება" ჰქონია, რომლის პირველი პუნქტია: ჯიხვმა თქვა, - ჩემს რქებ ზემოთ მარტო ღმერთი უნდა იყოს. მწერალი მიიჩნევს, რომ საკუთარი "10 მცნება" ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს... როდესაც საუბარი წიგნებზე ჩამოვარდა, აღმოჩნდა, რომ ჟურნალი "გზის" პროექტი - ჟურნალთან ერთად "ქართული პროზის საგანძურის" 3 ლარად შეძენა - მწერალს ძალიან მოსწონს.
- თქვენმა ჟურნალმა კარგი რამ ითავა, 3 ლარი რა არის, კაცს სულ რომ არ უნდოდეს წიგნის ყიდვა, ჟურნალთან ერთად მაინც გააყოლებს ხელს და იქნებ იმ წიგნს წამკითხველიც გამოუჩნდეს, თორემ "დავბნელდით" ძალიან. უწიგნურობა დაგვეტყო, გაგვიშვერია ხელი და დაგვიფჩენია პირი, - ევროპა და ამერიკა გვიშველისო. რავა, იმ ქვეყნებს ჩვენ მეტი არავინ ჰყავს საზრუნავი, თუ?! ცუდ დღეში ვართ, ბიძია, რა გვეშველება, არ ვიცი. სულ დავბეჩავდით. ოდითგანვე, ქალსა და კაცს თავ-თავისი საქმე ჰქონდა. ბოსტანში ქალი ფუსფუსებდა, ყანაში - კაცი. ძროხას თუ ქალი წველიდა, მამაკაცი ხარს ხედნიდა. ახლა, ქალები გადახვეწილან საზღვარგარეთ და კაცები ეზოში ნარდს თამაშობენ! გადევირიე კაცი! მეორე მსოფლიო ომის დროს კავს ბავშვებმა მოვკიდეთ ხელი, ვხანით, ვთესეთ და ისე გევიტანეთ თავი. ომმა ბიძია, ჩვენ ბავშვობა წაგვართვა და დაგვჩაგრა, თუ არა, მათხოვრად კი არ ვუქცევივართ?! ახლა რომ არ გაქვს ნატეხი პური და მათხოვრობ, მაშინ რასაც ვიწევდით, მისით გაგვქონდა თავი. ჰემინგუეის აქვს ნათქვამი, - მწერლის აკადემია, უბედური ბავშვობააო. ამიტომაც ვამბობ, მე ეს "აკადემია" ბრწყინვალედ მაქვს დამთავრებული-მეთქი, თორემ ვერ დავწერდი იმას, რაც დავწერე. რაც იყო, ის აღვწერე, თორემ კი არაფერი მომიგონია?! მახსოვს, ერთხელ გადაღმა ეზოში ვხნავდი და დაიხოცნენ ხარები, ხარს რომ გოუჭირდება, დაწვება და ისვენებს. უნდა ურტყა, თორემ ისე არ ადგება. არადა, საქონელი ისე მიყვარს, მერჩივნა, მისი დასარტყმელი ჩემთვის დაერტყათ, მაგრამ რა მექნა, სახნავი მქონდა და არ დგებოდა... ვურტყამდი, ადგებოდა რაცხაფერად, ჩემი ძმა მიმიძღოდა წინ, ქაჩავდა სარქეში... ისე ვხნავდით...
- წეღანაც ახსენეთ და ვიცი, რომ ცხოველები ძალიან გიყვართ...
- უწესრიგობას ვერ ვიტან, მაგრამ ცხოველებს ყველაფერს ვპატიობ და ჩემი ფაცურა მისდღემჩი ფეხებთან მიწევს (ბატონ ოტიას ფინია ძაღლი ჰყავს. - ავტ.) თან, ეყურება მე რომ ველაპარაკები! რამდენიმე წლის წინ ძაღლი მომიკვდა. გადევირიე, კაცო, ახლა ხალხთან ვერ ვმეგობრობ - მატყუებენ და ძაღლები არიან ჩემი მეგობრები. რასაც ვეტყვი, ეყურებათ, მიჯერებენ... ძაღლის გარეშე რომ დავრჩი, ეს ამბავი თბილისშიც გოუგიათ და ერთმა კინოლოგმა - სინამდვილეში ძაღლოლოგები არიან მაგენი - გია გიორგაძემ თავისი ხელით ჩამომიყვანა 3 თვის ქართული ნაგაზის ლეკვი. იმის ოჯახი ააშენა ღმერთმა, ბოხვერა დავარქვი, გავზარდე, ვსაუბრობდით, ვმეგობრობდით... 8 წლის იყო, სახლის გვერდზე, ლაფაროში ფინია ფაცურა და ბოხვერა არ დეირიენ?! ფაცურას ჩემი იმედი მიეცა და შეეტოქა, ბოხვერაც გადეირია და ატყდა ამბავი... არიქა, გადევირიე და ვეჩხუბე ბოხვერას, ამას გოუყადრე თავი? ეს რა ჩეიდინე-თქვა?! გავლანძღე ძალიან, გავასწორე მიწასთან... საჭმელი რომ გოვუტანე, აღარ მოვიდა, გავედი სანახავად და იქვე იყო მკვდარი, გული გახეთქოდა. ვერ ეიტანა ჩემი ლანძღვა, ისე ინერვიულა, გულმა ვერ გოუძლო. არადა, მაგარი ლანძღვა ვიცი და აღარა მყავს ჩემი ბოხვერა... (ძაღლის ფოტოს მაჩვენებს. - ავტ.) გიამ შემომითვალა, თუ გნებავთ, ძუს ჩამოგიყვანთო, მაგრამ ახლა, მე ლეკვებს ვერ გავზრდი. ისედაც, კატა - ციციმ გამიშრო სისხლი. 4 ცინდალს შობს, ვზრდი მათ, მერე დავდივარ ქუჩა-ქუჩა და ვეხვეწები ხალხს, წეიყვანეთ-თქვა. სხვათა შორის, ბებიაჩემი ძაღლს არ შეგაქებინებდა, - მისმა გვარმა აქოსო - ამბობდა ხოლმე.
- თქვენ მოთხრობაც გაქვთ დაწერილი ძაღლზე - "ბასარა"...
- კი, თქვენ სად გცალიათ მაგის საკითხავად, თუ არა... ეგ მოთხრობა ბავშვობაშია დაწერილი, მთის სოფელში ბასარა ცხოვრობდა, მისი სახლის წინ ვინმე თუ გეიარდა, ორღობეში უნდა გაჩერებულიყო. ბასარა მივიდოდა, დაყნოსავდა გამვლელს და გაუშვებდა. რომ არ გაჩერებულიყავი და ძაღლად არ ჩაგეგდო, არ გაპატიებდა! ერთ დღესაც მანქანა გამოჩნდა სოფელში და არ გაჩერდა ბასარასთან... დადვა თავი თათებზე ბასარამ და მოკვდა დარდით.
- ბატონო ოტია, საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ, ახალგაზრდებს სად გცალიათ წიგნისთვისო... როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ?
- წიგნს, ბიძია, მარტო წაკითხვა კი არ უნდა, გაგებაც სჭირია! "ანა კარენინას" რომ ვკითხულობდი, მთელი ღამე ვყვიროდი - გადეირია ხალხი, რა გაყვირებსო?! - რაღა რა მაყვირებს, აბა, ეს წიგნი ასე ჩვეულებრივად რაფერ უნდა აღიქვა-მეთქი? პირველად რომ წიგნი წევიკითხე, იგი ჩემი დაწერილი იყო, ვინ მომაშავებდა მე წიგნს?! ისე ვწერდი, წერა-კითხვა არ ვიცოდი და მაგაზე ერთი ამბავი ატყდა, - აბა, ამას ვინ წერსო? - კითხულობდნენ. მე ვუთხარი, - რა ვიცი მე, არაფერი მისწავლია, სკოლაში "სამიანებს" იმიტომ მიწერდნენ, რომ ობოლი ვიყავი, თორემ ისიც არ მეკუთვნოდა-თქვა. ვიქნებოდი ასე 18 წლის, როცა "ომი და მშვიდობა" ითარგმნა. ტოლსტოიმდე რომ მიხვიდე, მანამდე ბევრი რამ უნდა გქონდეს წაკითხული - ეს კაცი გენიოსი იყო! ჰემინგუეი ამბობდა, ჩემს შემოსავალზე უარს ვიტყოდი (ამ დროს მილიონებზეა ლაპარაკი), "ანა კარენინა" და "ომი და მშვიდობა" რომ წოუკითხავი მქონდესო! დავიწყე კითხვა, ვერაფერი გევიგე და გადავაგდე იქეთ. გავიდა წლები და მოსკოვში წავედი, საკავშირო მწერალთა კავშირთან არსებული ორწლიანი უმაღლესი კურსი უნდა გამეარა. კაი ძალი ხალხი იყო შეგროვილი, სტიპენდია გვქონდა იმდენი, ვერ ვათავებდით თვის განმავლობაში; ცალ-ცალკე ოთახებში ვცხოვრობდით და 3 დღე თავისუფალი გვქონდა, რომ გვეწერა კიდეც. იკითხებოდა ლექციებიც - "მასტერსტვო ტოლსტოვა, "მასტერსტვო პუშკინა", "მასტერსტვო ფლობერა"... პოეტებმა პუშკინი აირჩიეს. მე სა წევიდე? მივეპეტენტრე ტოლსტოის და ლექციაზე შავი ჯირკივით ვზივარ... ვიფიქრე, კი ვუსმენ, მაგრამ რამე თუ არ წევიკითხე, არაფერი გამოვა-თქვა და "ანა კარენინა" ევიღე ხელში. ვკითხულობ და თურმე ახლა ვარ მზად ამის წასაკითხავად! თვითონ ქალმა არ იცის მისი თავი და ტოლსტოი კიდევ მასზე წერს! გადევირიე, კაცო! არის ასეთი ეპიზოდი, ანა ძმასთან წავა და გზად ორჯერვე ვრონსკი დაემგზავრება. ჯერ არც კი გოუცნობიერებია, რომ ვრონსკი მოეწონა, ბაქანზე დახვედრილ ქმარს პირველ ნაკლს შეამჩნევს: თურმე ქმარს დიდი ყურები ჰქონია! აუუ, რომ ვიკივლე! ქალს ჯერ არ უგრძნია, რომ კაცი მოსწონს და ქვეცნობიერმა უკვე აგრძნობინა. ვიყვირე და ვიჯღავლე! გვერდით ოთახში პოეტი მირზა მაგომედოვი ცხოვრობდა და გამოვარდა, - რა გაყვირებს ამ შუაღამეზე, წიგნს ვკითხულობდი და დევიძინეო... წიგნი "ლუმინალი" კი არაა, თუ ხელში ჩაგივარდა, რა გაძინებს, შე უპატრონო (იღიმის)?! მირზა პოეტი იყო და - შენ ვერ გეიგებ ვერაფერს, მოშორდი აქედან-თქვა, - ვუთხარი! ახლა, რა მოხდა, ანა კარენინას ქმარს დიდი ყურები ჰქონია და დეიქცა ქვეყანა? არადა, დეიქცა ქვეყანა! იმ კაცს სულ ჰქონდა ასეთი ყურები, მაგრამ ქალს სხვა რომ მოეწონა, მაშინ აღმოაჩინა! "ომი და მშვიდობას" დიდი ხანი არ ვკითხულობდი, მის მერე რა წევიკითხო-თქვა?! - ვფიქრობდი... რაფერ მშურს, მათი, ვისაც არ აქვს ეს წიგნები წაკითხული... ჰემინგუეისაც კი შეშურდებოდა, ხომ იცი?!
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)