ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი, გადაცემა "პირდაპირი საუბრის" წამყვანი ეკა ბერიძე შეწუხებულია, რომ ქართულ ტელეჟურნალისტიკაში კონკურენცია აღარ არსებობს. მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ხრიკების გამო ქართული მედია აღარ ვითარდება...
- ქართულ ტელესივრცეში ჟურნალისტური გამოძიება ხშირად უნდა იყოს და, რაც მთავარია, ხარისხიანი. ამის აუცილებლობაზე ამერიკის ელჩიც კი ლაპარაკობს. თუმცა ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება დღეს მეტად ძნელია. ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვება და დამტკიცება ჭირს, რადგან ყველა გზა მოჭრილია. კონკრეტულ მასალებზე ხშირად ხელი არ მიგიწვდება, ამიტომ დღევანდელი ჟურნალისტების ოსტატობა მიმართული უნდა იყოს სწორედ ასეთი მასალების მოძიებასა და ამა თუ საკითხის სიღრმისეულად გამოძიებაზე, ამის საუკეთესო მაგალითია "მაესტროს" ეთერში ნათია მიქიაშვილის გადაცემა "ანატომია" - ისეა ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა მოწოდებული, რომ მაყურებელს კითხვა აღარ უჩნდება.
- ბოლო ხანს ხელისუფლება ცდილობს, სატელევიზიო გადაცემათა ბადე გასართობი შოუებით დატვირთოს და საინფორმაციო გამოშვებაში ინფორმაცია შეზღუდოს...
- სახელისუფლებო ტელეარხებზე ისედაც ის ინფორმაცია გადის, რომელიც ხელისუფლებას აძლევს ხელს. ამიტომ საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა ქრონომეტრაჟით მეტი იქნება თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, ტელეკომპანია "მაესტროს" იმ ფორმატით არსებობას, როგორც მაუწყებლობს თუნდაც თბილისში, როგორ ეგუებიან. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების მხრიდან "მაესტროს" წინააღმდეგ ხორციელდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ტელეკომპანია არ გავიდეს "სილქნეტზე", და ის გავრცელების არეალი, რომელზეც "მაესტრო" მაუწყებლობს, შეიზღუდოს.
მოგეხსენებათ, რომ გასართობი შოუები, ტელესერიალების მსგავსად, ნარკოტიკივითაა, დათრგუნვილი საზოგადოება ერთობა და რამდენიმე საათით პრობლემებს ივიწყებს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით რეალობიდან გაქცევაა. ამაში მოსახლეობას ხელს უწყობს ხელისუფლება, რადგან ტელეეკრანიდან ცხოვრებას რეალურზე გაცილებით ლამაზად გვიჩვენებენ. გართობა ნამდვილად სჭირდება ადამიანს და ტელევიზორიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანები გაერთონ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი შოუები სხვა ფუნქციას ასრულებს - გაჭირვებაში მცხოვრები ხალხი მოსწყვიტოს მწარე რეალობას და ყურადღება სხვა რაღაცებზე გადაატანინოს.
- "მაესტრო" დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, თუმცა მაინც დაგისვამთ კითხვას: თქვენ დამოუკიდებლად მუშაობთ, არავის ზეგავლენას განიცდით?
- გადაცემის მომზადებისას არავინ მზღუდავს. მაქვს სარედაქციო დამოუკიდებლობა, თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემს პროდიუსერთან ერთად. არც რომელიმე გადაცემის შემდეგ დაურეკავს ვინმეს საყვედურით. ბოლო ხანს ხელისუფლების წარმომადგენლებიც თამამად მონაწილეობენ ჩემს გადაცემაში. აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ამას ვერ ვიტყვი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მოდიან. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩემი გადაცემის სტუმარს, იქნება იგი მიხეილ მაჭავარიანი, ეროსი კიწმარიშვილი თუ გიორგი თარგამაძე, ერთნაირად ვექცევი.
- თქვენი მეუღლე, "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამჟამად რას საქმიანობს?
- კახა ოფიციალურად დასაქმებული არსად არის.
- ითქვა, ახალ ტელევიზიას ხსნისო...
- ამ ეტაპზე არ არის ამაზე ლაპარაკი, თუმცა თავისი გეგმები და მიზნები აქვს და ამაზე თვითონ გიპასუხებთ.
- თქვენი მეუღლე ეროსი კიწმარიშვილთან მომხდარი უთანხმოების გამო წამოვიდა "მაესტროდან" და ბევრს ეგონა, რომ თქვენც დატოვებდით ამ ტელევიზიას...
- არ ვიცი, ვის რა ეგონა. კვლავ "მაესტროზე" ვმუშაობ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
- ბატონ ეროსისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- საქმიანი. ეროსი კიწმარიშვილს მხოლოდ მაშინ ვხვდები, როცა გადაცემაში სტუმრად ვიწვევ. სხვა ურთიერთობა არ მაქვს.
- როგორ უნდა გათავისუფლდნენ ტელეკომპანიები სახელისუფლებო მარწუხებისგან?
- ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწევდით ყველა სფეროში, საზოგადოება ერთი მიზნის გარშემო რომ ერთიანდებოდეს. ხელისუფლებაც ვერ იქნებოდა ასე ხელფეხგახსნილი, საზოგადოება რომ არ იყოს გახლეჩილი. საზოგადოების ერთი ნაწილი - შოუბიზნესის წარმომადგენლები, ინტელიგენცია თუ ექსპერტები - ხელისუფლებას გუნდრუკს უკმევს, რადგან ისინი მატერიალურად უზრუნველყვეს, მეორე მხარის სიმპათია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისკენაა მიმართული. საზოგადოების ასე დანაწევრება კი ჩვენთვის დამღუპველია.
ქართული მედიის პრობლემებიდან ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ სფეროში კონკურენცია არ არსებობს. დღეს იმ მედიასაშუალების მიზანმიმართული პოპულარიზაცია ხდება, რომელიც ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. სახელისუფლებო და ოპოზიციური მედია საშინელებაა. მთავარია, მედია მიუკერძოებელი იყოს, თორემ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს გაატარებ თუ თავისუფალი დემოკრატებისას, მნიშვნელობა არა აქვს.
გარდა ამისა, ამ ყველაფერმა მედიის მუშაობის ხარისხის დაქვეითებაც გამოიწვია. ქართული მედია 2003 წლამდე, ხარისხის თვალსაზრისით, საკმაოდ განვითარებული იყო, დღეს კი გაცილებით დაბალ დონეზეა, ვგულისხმობ საინფორმაციო გამოშვებებს და იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ეს კი იმან გამოიწვია, რომ კონკურენცია არ არსებობს... როდესაც წინასწარ იცი, ვის ინტერესებს უნდა ემსახურო, რომელ აზარტზეა ლაპარაკი?!
- თავის დროზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2" რატომ დატოვეთ?
- "პირველი არხისგან" მივიღე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ანუ ისეთი ტოქშოუს გაძღოლა შემომთავაზეს, როგორის გაკეთებაც მსურდა. თანაც გაცილებით დიდი ანაზღაურება დამინიშნეს, ვიდრე "რუსთავი 2" მიხდიდა.
- დიდი ხანია ისმის კითხვა, ვის ეკუთვნის ტელეკომპანია "იმედი", "რუსთავი 2" და სხვა ე.წ. ნაციონალური არხები...
- ამას რად უნდა გამოძიება, ამ არხებს ხელისუფლება მართავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელშია და არა მგონია, რომელიმე ე.წ. ნაციონალურმა არხმა პრეზიდენტის გარეშე რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)