როგორ ”ქრთამავდა” სერგი ჭილაია შვილებს

როგორ ”ქრთამავდა” სერგი ჭილაია შვილებს

”ქართული პროზის საგანძურის” მორიგი ტომი სერგი ჭილაიას ისტორიულ რომანს -”შვილები” დაეთმო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწარმოებთან ერთად, ლიტერატორებისა და მკითხველის აღიარება მას ბიოგრაფიულმა რომანმა ”ეკატერინე ჭავჭავაძემ” მოუტანა.

რომანს ”ეკატერინე ჭავჭავაძე” გრი­გოლ აბაშიძე ”სახალხო საკითხავ წიგნს” უწოდებდა. სერგი ჭილაია და გრიგოლ აბაშიძე კეკელიძის ქუჩაზე ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მეზობლები იყვნენ წყნეთშიც -მათ ეზოებს წაქცეული ღობე მხოლოდ ფორმალურად ყოფდა. გრიგოლ აბაშიძე ამბობდა: ”მე და სერგი ჭილაიას დიდი ხნის სიახლოვე გვაკავშირებს. ჩვენ ერთ დროს ვსწავლობდით, ერთ ფაკულტეტზე, ერთ კურსზე. ბედმა უნივერსიტეტის შემდეგაც არ დაგვაშორა ერთმანეთს, გარდა ამისა, ჩვენ კარის მეზობლებიც ვართო”...

სერგი ჭილაიასა და მარიამ სანადირაძის ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა: გურამი ფიზიკოსი გახდა, დალი ფილოლოგი -ინგლისური ენის სპეციალისტი, უმცროსი ლალი -ექიმი. მწერალს მეუღლე მუშაობაში ხელს ძალიან უწყობდა. წერის დროს მეუღლე მარიამი მაგიდაზე ცხელი ჩაით სავსე ფინჯანს უდგამდა. მოსვამდა და საყვედურობდა თურმე, მარო, შაქარი არ ჩაგიყრიაო. არადა, ჩაი დამტკბარი იყო, უბრალოდ, შაქარს მორევა სჭირდებოდა.

მე და ქალბატონი დალი ჭილაია სერგი ჭილაიას სამუშაო ოთახში ვსხედვართ. ძველი მაგიდა, სკამი, დიდი ბიბლიოთეკა. წიგნების ერთ ნაწილს ავტორებისვე ავტოგრაფები ახლავს...

დალი ჭილაია:

-დედ-მამამ ერთმანეთი ადრეულ ასაკში გაიცნო. მაშინ მარიამი 14 წლის იყო, ხოლო მამა მასზე 2 წლით უფროსი. გარდა იმისა, რომ დედ-მამას ერთმანეთი ძალიან უყვარდა, ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს მომავალი სასიძო ძალიან მოსწონდათ.

23 წლის იყო მამა, დედა ცოლად რომ შეირთო. მაშინ ბებიაჩემს უთქვამს, მარომ ჯერ ისწავლოს, ოჯახი სწავლაში ხელს შეუშლისო, მაგრამ მაინც შეუღლდნენ. დედა ბაღის პედაგოგი იყო, მაგრამ გურამის გაჩენის შემდეგ არ უმუშავია.

როგორც კი მამა უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, მაშინვე თავის ოთახში საწერ მაგიდასთან ჯდებოდა. ჩვენც სამივე კუდში მივყვებოდით, სკამებზე ჩამოვსხდებოდით და ველოდით, რამე ამბავი მოეყოლა. ეს ოთახი თითქმის უცვლელად შევინარჩუნეთ. მამა მისაღებ ოთახშიც მუშაობდა. იქ ჟურნალების მაგიდა იდგა, რომელიც ყოველთვის სავსე იყო სამუშაო ფურცლებითა და მასალებით. მისი მილაგების ნებას არ გვაძლევდა. ჩანაწერებს თვითონ აკეთებდა, მაგრამ თუ სადმე ეჩქარებოდა, ან მასალის მიტანა აგვიანდებოდა, გვკარნახობდა -ჩაიწერეთო. ხანდახან გვეზარებოდა და გვეტყოდა ხოლმე, ჰონორარი თქვენი იყოს, ოღონდ ახლა დამეხმარეთო (იღიმის).

ჩემსა და ჩემს ძმას შორის განსხვავება ორი წელია. მამას გურამი ფეხბურთზე დაჰყავდა, ძალიან უყვარდა ეს სპორტი. ხოლო ნაბოლარა ლალი ჩემზე ათი წლით უმცროსია. მამა მას ყველაზე მეტად ანებივრებდა. ელბაქიძეზე რომ ვცხოვრობდით, მამა შინ რაც უნდა გვიან დაბრუნებულიყო, ლალი რუსთაველზე სასეირნოდ გაჰყავდა. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, 1963 წელს თბილისში სტეინბეკი ჩამოვიდა. საზღვარგარეთის ლიტერატურას ვსწავლობდით, უამრავ ავტორს ვიცნობდით, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირიდან გასვლა და ამერიკელთან დალაპარაკება შეუძლებელი იყო. მამამ სტეინბეკის გაცნობა რომ შემომთავაზა, სიხარულით დავეთანხმე. შეხვედრაზე ბე­დნიერი წავედი. მაშინ ის მეუღლესთან ერთად სასტუმრო ”თბილისში” იყო გაჩერებული. კარგად მიმიღო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს თავისი წიგნი ”ზამთარი ჩვენი მღერლვარებისა” მაჩუქა, წარწერით: დალის, უდიდესი სიამოვნებით. ჯონ სტეინბეკი.

თუმცა, გეტყვით, რომ თურმე მამაჩემს სამივე შვილი ბიჭი უნდოდა. მე და ჩემს დას თითქმის ერთნაირი სახელები გვქვია დალი და ლალი. ჩემი და რომ გაჩნდა, მამას სახელზე ბევრი აღარ უფიქრია - იქნებ, ერთ ბიჭს მაინც უდრიდესო (იღიმის). ჩემს ძმას სამსახურის გამო ხშირად უწევდა ქალაქიდან გასვლა. ერთხელაც, როცა დედა უკვე გარდაცვლილი იყო და მამასთან მხოლოდ ქალიშვილები ვიყავით, მაშინ ვუთხარი, შენ ხომ სულ ბიჭები გინდოდა-მეთქი. იუარა, არა, რას ამბობ, ასე არასოდეს მითქვამსო (იღიმის). 

ჩვენს ოჯახში მამის კულტი იყო. მაგიდასთან თავისი ადგილი ჰქონდა. შვილებს მისადმი სიყვარული და პატივისცემა დედამ ჩაგვინერგა. სანამ ის სამსახურიდან არ დაბრუნდებოდა, არ ვსადილობდით. თუ მამას შეაგვიანდებოდა, რეკავდა -არ დამელოდოთო და მხოლოდ ამის შემდეგ მივუსხდებოდით სუფრას. დედა ძალიან კეთილი ქალი იყო. მამა ხელფასს რომ იღებდა, დედას გადასცემდა ხოლმე. მას გაცემა უყვარდა და ფულს ბევრს ურიგებდა. მამა არასოდეს ეკითხებოდა, თანხა სად წაიღე, როგორ და რაში დახარჯეო.

მამამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50 წელზე მეტი იმუშავა, ასევე მრავალი წლის განმავლობაში მწერალთა კავშირის მდივანი იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, უნივერსიტეტში მისთვის უთხოვიათ, რომ საკუთარ თავზე მოეთხრო და ის ჩაეწერა. როცა მამა გარდაიცვალა, 40 დღის შემდეგ უნივერსიტეტში დამიბარეს და ის კასეტა გადმომცეს. კარგი ჩანაწერია, სადაც მამა იხსენებს ბავშვობას, მეგობრებს, საუბრობს უნივერსიტეტსა და მწერალთა კავშირზე. მას ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ დაწერა ”ეკატერინე ჭავჭავაძე” და ამ ჩანაწერში პასუხს ამ შეკითხვაზეც სცემს. მარტვილში ცხოვრებისას სკოლიდან ხშირად მიდიოდა მონასტერში, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძე და დავით დადიანი არიან დაკრძალული. სწორედ იმ პერიოდიდან დაინტერესდა მათი ბიოგრაფიით, დიდხანს იკვლევდა, მასალებს აგროვებდა და ბევრი მუშაობის შემდეგ ეს წიგნი დაწერა.

პედანტი არ ყოფილა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ არქივი რომ გადავათვალიერე, ბევრი რამ მოწესრიგებული და აკინძული დამხვდა.

1992 წლის დეკემბერში მამას 80 წელი შეუსრულდა და 1993 წლის იანვარში გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე მასთან ჟურნალისტი ნინო ჩხიკვიშვილი იყო და უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა.

მამის გარდაცვალების დღეს შინ მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. მამამ დამიძახა, ცუდად ვარო, გულის წვეთები დავალევინე, დაწვა და წამებში გარდაიცვალა...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს