რატომ აპირებდა გახდას მამუკა გამყრელიძე და რა უსაყვედურა პრეზიდენტმა

რატომ აპირებდა გახდას მამუკა გამყრელიძე და რა უსაყვედურა პრეზიდენტმა

გადაცემა "ოცი ათასის" დახურვას ბევრი ჭორი მოჰყვა. ამბობენ, მამუკა გამყრელიძესა და გეგა ფალავანდიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან გეგამ მამუკას შვილი მოიყვანა ცოლად და მამუკას კი გეგა ძალიან არ მოსწონსო. ჭორების თანახმად, გადაცემაც სწორედ ამ უთანხმოებას შეეწირა. მამუკა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს შეხვდა. მასთან საუბარი სწორედ ამ ამბით დავიწყეთ.

- როგორ ჩაიარა ქვეყნის პირ­ველ პირთან შეხვედრამ?

- ვისაუბრეთ გადაცემა "ოცი ათასზე". პრეზიდენტმა გადაცემაში მონაწილე ერთ-ერთ ბავშვზე მკითხა, განიკურნა თუ არა.

- განიკურნა ბავშვი, რომლის ჯა­ნმრთელობითაც პრეზიდენტი დაინტე­რე­სდა?

- გადაცემაში მონაწილეები თანხას ერთ თვეში იღებენ. ამიტომ არ ვიცი იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ამბებიც პრეზიდენტმა მკითხა.

- კიდევ რაზე ისაუბრეთ პრეზიდენტთან?

- ვისაუბრეთ GMG-სთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის თემა, რომ ინგლისურ ენას ტელევიზიებში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სწორია, როდესაც ფილმების სუბტიტრებით გაშვება გადაწყდა. ხშირად გამიგია, რომ დაუწუწუნიათ, ბებიაჩემი უყურებს ფილმებს სუბტიტრებით და ვერაფერს იგებსო. არადა, ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ ასეთი ფილმები არ ნახონ და სხვა არხზე გადართონ. სუბტიტრებით ფილმების ეთერში გაშვება იმიტომაცაა კარგი, რომ მომავალი თაობა სლენგს ისწავლის. სალაპარაკო ინგლისური აბსოლუტურად განსხვავდება ლიტერატურული ინგლისურისგან.

- ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ სუბტიტრებით ფილმების ყურება თვალებზე მოქმედებს. ძნელია ერთდროულად წარწერების კითხვა და ფილმის ყურება...

- სუბტიტრებით ენის შესწავლა აპრობირებული მეთოდია. ტიტრებით ჩემს ბავშვობაშიც უშვებდნენ ფილმებს.

- როგორც ვიცი, მაშინ ტიტრებით ფილმები ყოველდღე არ გადიოდა ეთერში...

- თუ თვალები აწუხებთ, ნუ უყურებენ ფილმებს სუბტიტრებით. ტელევიზორი ძალიან კარგი რამეა. მას აქვს ბევრი ღილაკი. თუ არ მოგწონს ფილმი ან გადაცემა, გადართავ.

- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გადაცემა "ოცი ათასი" იხურება...

- "ოცი ათასი" მართლა ძალიან კარგი, სოციალური გადაცემაა, მაგრამ ამოწურა თავისი თავი. ორი წელი გადიოდა ეთერში. მეტი აღარ შეგვეძლო და ამიტომაც აჩერებენ.

- ამბობენ, რომ გადაცემას დაბალი რეიტინგი ჰქონდა...

- ძალიან საინტერესო რამ ხდებოდა. რეიტინგი დაბალი ჰქონდა, მაგრამ ფული ბევრი შემოდიოდა. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში 45 წუთში 75 ათასი ლარი შემოვიდა. ეს რეალურად დიდი თანხაა. რეიტინგს კი ვაგებდით "ნანუკას შოუსთან", მაგრამ ხალხმა იცოდა ჩვენი გადაცემის დაწყების დრო, ამესიჯებდნენ ჩვენთან და მერე ნანუკას შოუს უყურებდნენ. "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, "ოცი ათასს" კვირა დღეს ჩავსვამდი, როგორც განსაზღვრული იყო სეზონის დასაწყისში.

- ასე რატომ არ მოხდა?

- ეს კითხვა მე არ მეხება. გოგი გეგეშიძეს ჰკითხეთ.

- თქვენ ალბათ მას უკვე დაუსვით ეს კითხვა...

- მე არავინ მეკითხება მსგავს რამეს. ალბათ გიორგი ხაბურზანიამ ჩათვალა, რომ "ოცი ათასი" რეიტინგებით "დაანგრევდა" "ნანუკას შოუს". არ ვიცი, არხმა რატომ გადაწყვიტა ასე. "ოცი ათასი" თუ კვირას გავიდოდა ეთერში, მერე დაიწყებოდა "კომედი შოუ". ხალხი, რომელიც ჩვენი გადაცემით ცოტა დასევდიანდებოდა, მერე გართობაზე გადაერთვებოდა, მაგრამ ასე, როგორც ხედავთ, არ მოხდა.

- ერთ-ერთი ვერსიით, თქვენსა და გეგა ფალავანდიშვილს შორის უთანხმოება მოხდა და გადაცემა ამიტომაც დაიხურა.

- გეგასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი ბიჭია.

- ისიც თქვეს, რომ გეგას სცემეთ...

- არა, რა სისულელეა. მე და გეგა მეგობრები ვართ. ძალიან მიყვარს. ის ერთ-ერთი საღად მოაზროვნე ადამიანია "რუსთავი 2"-ზე. ჭორებს ნუ დაუჯერებთ. ისიც კი თქვეს, რომ გეგა გეია. არადა, ასე ნამდვილად არაა.

- ამბობენ, რომ გეგას თქვენი ქალიშვილი რუსკა გამყრელიძე უყვარს და ისიც თქვეს, ცოლად მოიყვანაო.

- კი, გაზეთებში ასე წერენ...

- თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით?

- ჩემი ქალიშვილი ოცდაათი წლის გახლავთ. შესაბამისად, მე არც მის ცხოვრებაში ვერევი და არც მის გადაწყვეტილებებში.

- "ოცი ათასი" აღარ განახლდება?

- ჩემთან ერთად არა. ყველა ადამიანს თავისი შესაძლებლობის ზღვარი აქვს. დუტა არ ვარ, რომ სამსახიობო ნიჭით მოვიზიდო მაყურებელი. დუტასთანაც მქონდა საუბარი და მითხრა, აღარ ვიცოდი რა მომეგონებინა, რომ ხალხს ეყურებინა ამ გადაცემისთვისო. ის მსახიობია და შეუძლია გარდასახვა. მე ეს ნიჭი არ გამაჩნია. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს გულით ვაკეთებ. იმასაც ვამბობდი, რომ გავიხადო, ნეტავ ვინმე თუ შეამჩნევს-მეთქი.

- ამ გადაცემიდან ალბათ ბევრი საინტერესო რამ ისწავლეთ...

- კითხვების შემდგენლებთან ფარული ომი გვაქვს. მე გადაცემის ჩაწერისას ძალიან ვნერვიულობ, კითხვების შემდგენლები კი ხალისობენ. არასოდეს ვიცი წინასწარ კითხვები, ეს კატეგორიულად აკრძალულია. როცა დარწმუნებული ვარ პასუხში, უნამუსოდ ვკარნახობ მონაწილეებს. თუ არ ვარ დარწმუნებული, მაშინ ვერ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, ვუკარნახო. იყო შემთხვევა, როდესაც მინდოდა მეკარნახა და აღმოჩნდა, რომ ვაბნევდი სტუმარს. თუ ვინმეს ჩაჭრა უნდათ კითხვების შემდგენლებს, აუცილებლად უშვებენ კითხვებს ასტრონომიაზე. ასტრონომიაზე დასმული კითხვა ჩემთვისაც ყოველთვის აღმოჩენაა.

- პრეზიდენტთან შეხვედრისას ხომ არ გიკითხავთ, უყურებს თუ არა თქვენს არხს?

- მისაყვედურა, რატომ არ უშვებთ ფილმებს სუბტიტრებითო. რაღაც პერიოდი ფილმები მართლაც არ გადიოდა ჩვენთან სუბტიტრებით. ვუთხარი, ყველაფერი მზადაა და უახლოეს მომავალში გავუშვებთ-მეთქი. ჩვენ გასართობი ტელევიზია ვართ და არა მგონია, პრეზიდენტს იმდენი დრო ჰქონდეს, სულ გვიყუროს, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს არხებს ყურადღებას აქცევს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები