იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ამბობს, რომ "ხუთოსანი" მძღოლია.არასდროს ქმნის ავარიულ სიტუაციას და რეაგირების სწრაფი უნარითაც გამოირჩევა. რომელი საგზაო ნიშანი აღიზიანებს მას და რა მარკის ავტომობილზე ოცნებობს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ავტომობილის მართვა 18-19 წლისამ ვისწავლე. შევიძინე ავტომობილი, სხვათა შორის, სრულიად დამოუკიდებლად, და მერე ვისწავლე მართვა. სასწავლო კურსები გავიარე და როგორც პატიოსან მოქალაქეს შეეფერება, გამოცდაზეც გავედი, საკმაოდ ადვილად ავიღე მართვის მოწმობა. ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად ადამიანმა უკლებლივ ყველა საგზაო ნიშანი და, მით უმეტეს, მართვა, კარგად უნდა იცოდეს.
თბილისში მოპირდაპირე, გვერდითა ზოლში მიმავალ მძღოლს თავისუფლად შეუძლია მოაბრუნოს მანქანა აკრძალულ ადგილას და მოძრაობა განაგრძოს, რადგან არ იცის, სად შეიძლება მობრუნება და სად - არა. "ბეემვეს" მარკის შავი ავტომობილების მძღოლი ხომ ერთგვარი ფენომენია. ავტომობილს ქალაქში ისე დააქროლებენ, თითქმის ჰოლივუდური ფილმის მთავარი პერსონაჟები იყვნენ...
- ამბობთ, ადამიანმა უკლებლივ ყველა საგზაო ნიშანი უნდა იცოდესო, თქვენ თუ იცით ყველა საგზაო ნიშანი?
- სიმართლე გითხრათ, ყველა საგზაო ნიშანი არ ვიცი. ყოფილა შემთხვევა, გავჩერებულვარ და მიფიქრია, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს საგზაო ნიშანი...
- რომელი საგზაო ნიშანი გაღიზიანებთ?
- ნიშანი, რომელიც მაფრთხილებს, რომ ევაკუატორს შეუძლია ამ ადგილიდან ჩემი ავტომობილის წაყვანა (იცინის).
- თქვენი პირველი ავტომობილი?
- 1990 წლის გამოშვებული "ფორდ ესკორტი", რომელმაც საკმაოდ უსიამოვნოდ დამამახსოვრა თავი - ხშირად ფუჭდებოდა. სწორედ ამ ავტომობილით მოძრაობისას მომივიდა პირველი ავარია, თუმცა ეს შემთხვევა მხოლოდ ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო. სამი დღის შეძენილი მყავდა ავტომობილი, ძმასთან ერთად ეზოში ვმართავდი, მოულოდნელად მოპირდაპირე მხარეს პატრული შევნიშნე. ისე დავიბენი, ბორდიურზე ავვარდი და ხეს დავეჯახე. პატრულის გაოგნებულმა თანამშრომლებმა ვერც კი გაიგეს, რა დამემართა, მაგრამ გულისხმიერება გამოიჩნიეს, თანაც მიცნეს, იმხანად უკვე "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი და დარღვევა მაპატიეს...
- ხშირად მოგიტევებენ პატრულის თანამშრომლები უმნიშვნელო დარღვევას?
- ყოფილა ასეთი შემთხვევები. წინ მიმავალი ავტომობილის, უმეტესად ქალბატონი მძღოლის ზანტი მართვის გამო, გასწრების დროს არაერთხელ გავუჩერებივარ, მაგრამ დაუჯარიმებლად გავუშვივარ, თუმცა ჯარიმებსაც არ მაკლებენ (იცინის).
- კანონმორჩილი მძღოლი ხართ?
- ძალიან. "ხუთოსანი" მძღოლი ვარ - საგზაო წესებს თითქმის არ ვარღვევ. მეტიც, შუქნიშანთან მწვანე შუქის მოლოდინში ზოლსაც არ ვცდები, მაგრამ ახალი ციფრული შუქნიშნები ცოტა ნერვებს მიშლის, ღვედსაც პატიოსნად ვიკრავ.
- კანონით, დაბურული შუშებიც აიკრძალა, მაგრამ დღემდე არ გამოგიცვლიათ.
- ამ შუშების წყალობით უკვე ორჯერ დამაჯარიმეს 40 ლარით. უბრალოდ ჩემს ავტომობილს ქარხნულად აქვს დაბურული მინები და ვიდრე არ შევცვლი, ასე იქნება. ვაპირებდი, მაგრამ როგორც მითხრეს, ავტომობილს ქარხნულად დაბურული შუშები შეიძლება დაუშვან. ამიტომ ზედმეტ ხარჯს, მირჩევნია კანონში ცვლილებას დაველოდო.
- ამჟამად რა მარკის ავტომობილი გყავთ?
- 2007 წელს გამოშვებული შავი ფერის "მიცუბიში პაჯერო". სედანის მოყვარული ვარ, მაგრამ ამჯერად ჯიპი შევიძინე და მივხვდი, რომ ქალაქში ჯიპით მოძრაობა არაკომფორტულია, პარკირების პრობლემა მაქვს.
- საოცნებო ავტომობილი?
- 2011 წლის "მერსედეს ბენცის" კლასის მოდელი, რომელიც 50-60 ათასი ღირს და, ალბათ, ვერასდროს შევიძენ და მხოლოდ ოცნებად დარჩება.
ნათია მალიშავა
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)