სალომე კასრაძე: ”ნუ შემომხედავთ, როგორც ია ფარულავას შემცვლელს”

სალომე კასრაძე: ”ნუ შემომხედავთ, როგორც ია ფარულავას შემცვლელს”

ცოტა ხნის წინ "დღის შოუ" ია ფარულავამ დატოვა. მის ადგილზე წამყვანთა კასტინგი გამოცხადდა. წამყვანობის პრეტენდენტებს შორის იყო "ქრონიკის" კორესპონდენტი სალომე კასრაძე. სალომემ მაყურებლის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და "დღის შოუს" ახალი წამყვანიც გახდა.

მასთან ინტერვიუზე მისულს "ტელეიმედის" შესასვლელთან ნიკა წულუკიძე შემხვდა. სალომესთან ერთად რომ დამინახა, დიქტოფონის ჩართვა მთხოვა, სალომეზე ორი სიტყვა მაქვს სათქმელი და ნუ გამაწბილებო.

ნიკა წულუკიძე:

- საზოგადოებას თვალებში უკვე მაზოლები ამოუვიდა ტელეეკრანებზე ერთი და იმავე გაცვეთილი სახეების ყურებით. მიხარია, რომ ისეთი ღირსეული, ერუდირებული და ნაკითხი სახე შეემატა ტელესივრცეს, როგორიც სალომე კასრაძეა. ღმერთო, მიეცი ყველა კეთილს ისეთი მეგობარი, როგორიც სალომეა.

- ნიკა, მოძღვარივით ლაპარაკობ. ამ ინტერვიუს ვიდეოვერსია ბევრად საინტერესო იქნებოდა.

- (იცინის) თუ ჩემი სიტყვა თქვენთვის და თქვენი მკითხველისთვის რამეს ნიშნავს, მერწმუნეთ, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. სინთეზი გონიერებისა, ნიჭიერებისა, აზროვნებისა და მშვენიერებისა არის სალომე კასრაძე.

როგორც იქნა, დავეხსენით ქათინაურებად ქცეულ მეიგავეს და ინტერვიუსთვის მე და სალომე განვმარტოვდით.

- ნიკოლოზს ორი წელია ვიცნობ. ჩემი ახლობლის ქმრის მეგობარია, "ტელეიმედში" უფრო დავახლოვდით. მეც ძალიან მიყვარს ნიკა და ყველა ის სიტყვა მემეტება მისთვის, რაც ჩემზე თქვა.

- მოვეშვათ ნი­კას, შენს პროფესიაზე ვისაუბროთ.

- უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურა "ჯიპაში", მედია-მენეჯმენტი. "ქრონიკა" ჩემი პირველი სამსახურია და დღემდე არ ვღალატობ. თავიდან სტაჟიორი ვიყავი, უკვე ოთხი წელია, რაც აქ ვმუშაობ. სტაჟიორობის პერიოდში ყველა სფეროს მოვედე, ორი წელია, კულტურის ბლოკის ჟურნალისტი ვარ. აქ მეტი გასაქანი მაქვს, ერთი სიამოვნებაა, როცა ჩემს მომზადებულ სიუჟეტს ვუყურებ, მომწონს ჩემი საქმე. თავიდან არაფერი მომწონდა ჩემი გაკეთებული, სიუჟეტზე ხმის დადებაც კი მიჭირდა, რადგან ჩემი ხმა არ მომწონდა.

- ახლახან "დღის შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდი, თუ გაქვს ინფორმაცია, იამ რატომ დატოვა პროექტი?

- არ ვიცი და ვისაც ვკითხე, პასუხი ამ კითხვაზე არავის აქვს. კასტინგში მონაწილეობა გადაცემის მესვეურებმა თავად შემომთავაზეს. მოულოდნელი იყო, თავიდან ცოტა შემეშინდა კიდეც, წამყვანისა და რეპორტიორის სამუშაო განსხვავდება ერთმანეთისგან. მერე ვიფიქრე, რატომაც არა, ეს გადაცემა მომცემს საშუალებას, ხშირად ვილაპარაკო სოციალურ თემებზე, უკეთ გავიგებ საზოგადოების აზრს ამა თუ იმ საკითხზე. ჩემი ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მიმუშავია ჟურნალისტად, კითხვების დასმა არ გამიჭირდება, მაგრამ წამყვანობა სხვა რამ არის. პირდაპირი ჩართვების დროსაც კი გარკვეული დრო მაქვს მოსამზადებლად. ის მაინც ვიცი, რაზე ვილაპარაკებ და გარკვეული მონახაზი მაქვს. ამ შოუში ამისი დრო არ არის. ახლა ამ სირთულის დაძლევაზე ვმუშაობ, რომ ბევრი ფიქრი არ დამჭირდეს გადაცემის მსვლელობის დროს.

- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა, როგორ ფიქრობ, რატომ გაიმარჯვე?

- ალბათ ჟურ­ნალის­ტური გამოცდილების გამო. ჩემი აზრით, "დღის შოუს" სჭირდებოდა წამყვანი, რომელსაც ექნებოდა მსგავსი უნარები. ია ფარულავა მართლაც შეუდარებელი იყო, გამოირჩეოდა ყველაფრით, მას ხელს უწყობდა სამსახიობო ნიჭი. მე შევეცდები, ჩემი ჟურნალისტური მხარე გამოვიყენო.

- თუმცა იას შეცვლას ალბათ ვერ მოახერხებ.

- არც მაქვს ამის სურვილი და ეს არც გადაცემის მესვეურთა მიზანია. მე, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, არ მაქვს იას მსგავსი გამოცდილება და ვერავის ვერ შევუცვლი ია ფარულავას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მაყურებელს, ნუ შემომხედავენ, როგორც იას შემცვლელს, შემომხედონ, როგორც ახალ სახეს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ინეტერესები, სხვა ფასეულობები, სხვა მენტალიტეტი აქვს. მე 23 წლის ვარ, ჩემი თაობის წარმომადგენელი და სწორედ იმ თემების შემოტანას ვეცდები გადაცემაში, რომელიც ჩემს თაობას აინტერესებს.

- ჟურნალისტი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- არ ვიცი, ალბათ მოდელი. ერთი პერიოდი მინდოდა მოდელობა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. იმ დროს ეს პროფესია კარგად გათხოვების პერსპექტივას გისახავდა მხოლოდ. გათხოვებაზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ.

- მოდელები ძირითადად ფეხბურთელებზე თხოვდებიან, შენ თუ გიზიდავს სპორტსმენი ბიჭები?

- არა, ფეხბურთელები ჩემს ყურადღებას ნამდვილად ვერ მიიქცევენ.

- ნელ-ნელა პირად ცხოვრებაზეც გადავედით...

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. მხოლოდ ჩემი ორი და და ჩემი უახლოესი მეგობარი შეიძლება იყვნენ ჩემი პირადი ცხოვრების საქმის კურსში.

- ასეთი ლამაზი გოგონა ყვითელ პრესას შეუმჩნეველი ვერ დარჩება.

- (იღიმის) ჯერჯერობით ვერ მოვნახე ის ადამიანი, ვინც შემიყვარდებოდა. ათი წლის წინ სხვა კრიტერიუმები მქონდა, ახლა სხვა მაქვს, თუმცა შეიძლება, ისეთი ადამიანი მომეწონოს, რომელიც ძალიან შორს იქნება ჩემი იდეალისგან. მთავარია, ჩემი ესმოდეს, იცოდეს რა დროს და რა წამს რა მინდა. არც ლექსები მოქმედებს ჩემზე იოლად და არც სერენადები ფანჯარასთან. არ ვარ რომანტიკოსი, არც ღრუბლებში დავფრინავ, რეალისტი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლექსები არ მიყვარს. ქართულ თუ მსოფლიო პოეზიაზე ვარ გაზრდილი, ვგიჟდები ვაჟას, ილიას, გალაკტიონის ლექსებზე. ახლაც ზეპირად ვიცი ევგენი ონეგინის "პისმო ტატიანი".

- არასდროს გყვარებია?

- ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ არა.

- პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩებაო, რომ ამბობენ, ასე ხომ არ ხარ შენც?

- არა, ამისთვის დრო ყოველთვის არის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები