რით გააოცა ჰილარი კლინტონი ნათია გოგსაძემ

რით გააოცა ჰილარი კლინტონი ნათია გოგსაძემ

საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, ინტერვიუზე დათანხმებაც გაგვიჭირდა, მაგრამ მისი 17-წლიანი ჟურნალისტური გზა, ვფიქრობ, მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა. რესპონდენტებში ყოველთვის უმართლებდა, ერთხელ 15 წუთში იმდენი პოლიტიკოსი ჩაწერა, რომ გერმანულმა არხმა მასზე სიუჟეტი მოამზადა.

ხუთი წელია, რაც ნათია გოგსაძე "რუსთავი-2"-ში მუშაობს და რეპორტიორის ცხოვრებით ცხოვრობს. ხშირად უწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა და სახლშიც გვიან მიდის, მაგრამ არასოდეს უნანია პროფესიის არჩევა. მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ოჯახისთვის საკმარისი დრო არ რჩება.

- ნათია, რამდენი წლის წინ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა?

- ძალიან ბევრი დრო გასულა... 17 წელია, რაც ამ პროფესიით ვმუშაობ. ჩემი არჩევანი იყო, რომ საბუთები სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შემეტანა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ტელე-რადიოჟურნალისტიკა ავირჩიე.

მუშაობა პირველი კურსიდან გაზეთ "დრონში" დავიწყე. მაშინ იქ თენგო გოგოტიშვილი, ეკა ხოფერია და თამუნა კინწურაშვილი მუშაობდნენ. თავდაპირველად მხოლოდ პრაქტიკის გასავლელად მივედი და პატარა სტატია მივიტანე, რომელიც რეგიონულ პრობლემებს ეხებოდა. მეორე დღეს ეს სტატია დაიბეჭდა. სულ გვერდის მეოთხედი იყო, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ბოლოს ჩემი სახელი და გვარი ეწერა.

- რეგიონული პრობლემების გარდა, კიდევ რა თემებზე მუშაობდით?

- პოლიტიკა, კორუფცია ენერგეტიკაში... მაშინ, როდესაც შუქი არ იყო და ამ სფეროში კორუფცია იშვიათობას არ წარმოადგენდა. ხშირად მიწევდა ისეთი თემების გაშუქება, როგორიცაა - ვინ მოხსნეს ან დაიჭირეს. მუშაობისას ყველაზე დიდი სირთულე გადაადგილების პრობლემა იყო. სამარშრუტო ტაქსები არ დადიოდა და ტროლეიბუსიც ათასში ერთხელ თუ ჩამოივლიდა. ძირითადად, მეტროთი ვსარგებლობდით. მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო.

- თქვენს მასალებს სერიოზული გამოხმაურება თუ მოჰყოლია?

- მახსოვს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჰოლანდიური ტიტების თემას. თუ არ ვცდები, 1995-96 წელი იქნებოდა, როდესაც თბილისის მერიამ ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები შემოიტანა. როგორც გავარკვიეთ, ამ დეკორატიული მცენარის "თესლი" უვარგისი აღმოჩნდა, არადა, ამ საქმეში დიდი ფული წავიდა. საინტერესო მასალა დავწერე და კორუფციული ფაქტებიც გამოვააშკარავე. ამის შემდეგ გაზეთ "თბილისის" რედაქტორმა თავისივე გაზეთში მიპასუხა. წერდა, ქალბატონ ნათია გოგსაძეს რაღაცები აერია, ნამდვილი ბოტანიკოსი გამხდარა, ისე შეუსწავლია ეს თემაო. არადა, ბოტანიკა არაფერ შუაში იყო, საუბარი იყო დიდ ფულზე, რომელიც ვიღაცის ჯიბეში წავიდა. ეს გამოხმაურება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რეალურად მე მაშინ ვიწყებდი, ძალიან პატარა ვიყავი, წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს პატარა გამოძიებას რეაქცია მოჰყვა. სწორედ იმ პერიოდში ვერკვეოდი სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინ სად მუშაობდა, ვის რა მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჰქონდა. ამის შემდეგ დამოუკიდებელი ტელევიზიებიც გაჩნდა...

- სულ რამდენი წელი მუშაობდით პრესაში?

- ალბათ ხუთი წელი და შემდეგ ტელევიზიაში გადავინაცვლე. პირველად იყო "მეცხრე არხი". მაშინ იქ კასტინგი გამოცხადდა და მივედი. პირველად პრესკონფერენციაზე გამიშვეს. თავი ნორმალურად გავართვი და ამიყვანეს. თუმცა მეშინოდა, გაზეთისთვის ზოგჯერ ერთგვერდიან მასალას ვწერდი და ამ შეთხვევაში პატარა ნიუსი უნდა დამეწერა.

"მეცხრე არხი" - ეს იყო არაჩვეულებრივი ერთი წელი. ამის შემდეგ ტელეკომპანია "მზეზე" გადავედი, რომელიც მაშინ იქმნებოდა. ამბიციური გეგმები და დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ტელევიზიიდან ორი კვირა საზაფხულო არდადეგები მქონდა, ისე დაემთხვა, რომ ახალი სამსახური ვიშოვე და თან ოჯახი შევქმენი. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. "მზე" მართლაც იყო ლამაზი, განსხვავებული.

- ალბათ ბევრი ექსკლუზიური ინტერვიუ გქონიათ?

- ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ წასვლა და ექსკლუზიური ინტერვიუებიც ძირითადად უცხოელ პოლიტიკოსებთან მქონდა. მახსენდება მიუნხენის კონფერენცია, სადაც 15 წუთში ჯერ ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი, შემდეგ ამერიკელი სენატორები ჯონ მაქქეინი, ჯოზეფ ლიბერმანი, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ხავიერ სოლანა ჩავწერე, შემდეგ კი რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა. იმ დღეს იმდენად ვიაქტიურე, რომ გერმანული ტელევიზიის ჟურნალისტმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე სიუჟეტს ამზადებდა, ჩამწერა კიდეც, როგორც ყველაზე აქტიური რეპორტიორი.

ჩემი რესპონდენტებიდან გამოვარჩევ მარშალის ფონდის პრეზიდენტ რონალდ ასმუსს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. როდესაც მისი წიგნი "ხუთი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო" გამოვიდა, მეილი მივწერე, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა. მიპასუხა, მალე თბილისში ჩამოვალ და მანდ ვისაუბროთო. "თბილისი მერიოტში" შევხვდი. ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ძალიან საინტერესოდ აღწერა აგვისტოს ხუთი დღე. ის პოლიტიკური გარემო, რა ვითარებაშიც მაშინ საქართველოს რუსეთისგან თავის დაცვა უწევდა. რას აკეთებდა ამ დროს ამერიკა და რა როლს ასრულებდა ევროპა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში. ეს ადამიანი არა მხოლოდ წიგნის ავტორი, არამედ ჩვენი ქვეყნის კარგი გულშემატკივარი იყო.

კიდევ ერთს გავიხსენებ, მეორე შვილზე დეკრეტში გავდიოდი, როდესაც საქართველოში ვიზიტით ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა. ცხრა თვის ფეხმძიმე რეპორტაჟის გასაკეთებლად წავედი. კითხვის დასმის დროს ფეხზე ვიდექი და მძიმე თემებზე ვესაუბრებოდი. ჰილარი კლინტონისგან მინდოდა გამეგო, რას გააკეთებდა ამერიკა საქართველოსთვის იმ პირობებში, როდესაც მედვედევი ამბობდა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ უნდა გახდეს და ძალიან აღიზიანებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება. რაღა თქმა უნდა, სანამ კითხვას დავუსვამდი, გავეცანი, ტელეკომპანია დავასახელე და რომ შემომხედა, პირველი რეაქცია იყო გაოცება, გაოგნება, მერე სახელმწიფო მდივანმა მუცელზე დამიწყო ყურება. მახსოვს ფილიპ გორდონის შეშფოთებული სახეც, ჩემ გარშემო ალბათ ყველა ფიქრობდა, რატომ აინტერესებდა ფეხმძიმე გოგონას მედვედევი და ნატო (იცინის).

- ნათია, ახსენეთ, რომ მასალების მოსამზადებლად ხშირად დადიოდით საზღვარგარეთ. რუსეთში თუ ხართ ნამყოფი?

- ერთადერთხელ ვიყავი მოსკოვში. მაშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ ჟვანია იყო. ძალიან გაგვიჭირდა, ჟურნალისტებს ვიზას არ გვაძლევდნენ. ბატონი ზურაბის ჩარევაც კი გახდა საჭირო, რომ მოსკოვში გავფრენილიყავით. პრეზიდენტი პუტინი გახლდათ, სათათბიროს სპიკერი ზიუგანოვი. მახსოვს, ჟირინოვსკი საოცრად აგრესიული განცხადებით გამოვიდა, მაშინ რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ჟირინოვსკიმ თქვა, ჩვენი ბაზები რომ გავიდეს, ეგრევე ომი დაიწყება და ამერიკელები თქვენ ყურადღებას არ მოგაქცევენო. როგორც კი კამერა გამოვრთეთ, გვეუბნება, ეს იყო ტელევიზიებისთვის, ახლა ისე ვისაუბროთო და დაიწყო, როგორ უყვარს საქართველო, კოჯორი, ბორჯომი... ერთი სული აქვს, თბილისში როდის ჩამოვა. ყველანი გავოცდით და ვკითხეთ, რას ნიშნავდა მისი წინა განცხადებები. გაიცინა და აგვიხსნა, რომ ეს იყო პოლიტიკა, რომ კამერების წინ პოლიტიკოსები სულ სხვანაირად იქცევიან, მერე გვითხრა, რომ სინამდვილეში ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა - საქართველო ძალიან მიყვარსო. ამ პირდაპირი აღიარებით გაოგნებულები დავრჩით. ძალიან უცნაური იყო...

- რამდენი წელია, რაც "რუსთავი-2"-ში მუშაობთ?

- 2006 წელს მოვედი. "მზეზე" ჯერ არ იყო დახურული პოლიტიკური გადაცემები, როდესაც წინადადება მივიღე და აქ გადმოვედი. სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი ეთერი "მზეზე" გადაცემების დახურვას დაემთხვა და ეს ამბავი მე გამოვაცხადე. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იყო.

- პერიოდულად მიგყავდათ საინფორმაციო გამოშვება. ახლა მხოლოდ რეპორტიორი ხართ?

- დიახ, მაშინ წამყვანების დეფიციტი იყო. ნინო შუბლაძემ დამირეკა და მითხრა, მოდი, ვცადოთო. პატარა ტრენინგი გავიარე, რადგან "მზის" ეთერის მერე პაუზა მქონდა. ადვილად მოვერგე ახალ ეთერს, მაგრამ დეკრეტში გავედი და როდესაც უკან დავბრუნდი, კორესპონდენტად გავაგრძელე მუშაობა. ახალი წამყვანები შემოგვემატნენ: გიორგი გაბუნია, პაატა იაკობაშვილი და ამის საჭიროება აღარ იყო.

- ალბათ რეპორტიორობა უფრო საინტერესოა.

- რა თქმა უნდა, ძალიან ცოცხალი პროცესია. უამრავ ადამიანს იცნობ. ახალ ამბებს აშუქებ და მაყურებელი ინფორმაციას პირველად შენგან იგებს. ერთი უცნაურობა მაქვს, არასოდეს ვვარდები კურიოზულ სიტუაციაში და ამაზე მუდამ ვჩივი, რადგან საახალწლო გადაცემებში ჩემი კადრები იშვიათად ხვდება. მუდმივად ცაიტნოტში ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მობილიზებული ვიყო.

- ნათია, როგორც ვიცი, CNN-ზე თქვენი ერთ-ერთი სიუჟეტი გავიდა.

- "რუსთავი-2"-ს თავისი დრო აქვს CNN-ზე, ჩვენ გაეროსთან ერთად სიუჟეტი საქართველოში იურიდიული მომსახურების სისტემაზე მოვამზადეთ და მათ ოპერატორთან ერთად ვმუშაობდი, ძალიან საინტერესო იყო. არ დაგიმალავთ, ძალიან გამიხარდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და პოპულარულ ტელეარხზე ჩემი სახელი და გვარი გაისმა.

- შვილების გაჩენის გამო ორჯერ დასვენებამ მოგიწიათ. იმ პერიოდში თუ მოხდა ისეთი მოვლენა, რომელსაც სიამოვნებით გააშუქებდით?

- ვარდების რევოლუციის დროს დეკრეტში ვიყავი. ჩემი შვილი, ლევანიკო 19 ოქტომბერს დაიბადა. ალბათ ამ პერიოდს გამოვყოფდი. ხოლო მეორე მოვლენა იყო ომი, მაგრამ მაშინ ვმუშაობდი. საშინელი პანიკა იყო, ამბობდნენ, რუსები თბილისში თუ შემოვიდნენ, ერთ-ერთი სამიზნე "რუსთავი-2" იქნებაო, მაგრამ ევაკუაცია არ გამოგვიცხადებია. იმ მძიმე საღამოს, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რუსები მოდიანო, ჩვენ ყველანი გვიან ღამემდე სამსახურში დავრჩით. მერე ოპერატორებმა კამერები წაიღეს, ჩვენ - მიკროფონები. თუ რამე მოხდებოდა, ტელეფონი ყველას ჩართული გვქონდა. მობილიზებული ვიყავით. ვიცოდით, რომ იმ ღამეს უნდა გვემუშავა.

- ალბათ ყველაზე მეტად ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ.

- ჩემს პროფესიას დღემდე განიცდიან... დედა ომის დროს საქართველოში არ იყო, ჩემი და მეუღლის დებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ. ყველას ძალიან ეშინოდა, რადგან ერთ-ერთ სახიფათო ადგილას, პარლამენტში ვმუშაობდი. ხშირად მიწევდა მათთვის ტყუილის თქმა.

მერე მეუბნებოდნენ, სახეზე გიყურებდით, რომელიმე ნაკვთი ხომ არ უთრთის და ნერვიულობა ხომ არ ეტყობაო, მაგრამ ყველაზე მძიმე ინფორმაციასაც პანიკის გარეშე გადავცემდი. ასეც უნდა იყოს, სხვანაირად შეუძლებელია. ყველა ჟურნალისტს ცხელ წერტილში უნდა გაქცევა. თან მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ბედი წყდება.

- ნათია, არასოდეს გინანიათ არჩეული სპეციალობა?

- არასოდეს, უბრალოდ, როგორც ყველა ინტერვიუში სხვა ჟურნალისტებიც წუწუნებენ, დროის პრობლემა მაქვს. მეუღლე ეკონომისტია და ჟურნალისტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. სამწუხაროდ, ოჯახისთვის საკმარისი დრო არ მრჩება. არადა, უკვე ორი შვილი მყავს. შვიდი წლის ლევანიკო და 9 თვის ანა, რომელსაც მე თერაპიას ვეძახი. დილას სამსახურში მიმეჩქარება, მაგრამ საღამოს, როცა ყველა სახლში მიდის, მეც მინდა, ცოტა ადრე მივდიოდე. უფრო ბედნიერი ვიქნები, მეუღლესა და შვილებისთვის მეტი დრო რომ მრჩებოდეს. ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია, კარიერასთან ერთად.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები