გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანის ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი სიცოცხლეშივე აღიარებული და პოპულარული იყო, არა მხოლოდ სამწერლო მოღვაწეობის გამო, არამედ პოლიტიკურისაც - მეორე მსოფლიო ომის დროს ის აქტიურად გამოდიოდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.
თომას მანი მწერლებით მდიდარ გერმანულ ოჯახში დაიბადა 1875 წლის 6 ივნისს. მამამისი შეძლებული ვაჭარი ტომას იოჰან ჰენრიხ მანი იყო, რომელსაც ქალაქის სენატორის პოსტიც ეკავა. დედამისს, ქალიშვილობაში იულია სილვა-ბრუნსს, ბრაზილიური ფესვები ჰქონდა. მანების ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. თომასს ორი ძმა და ორი და ჰყავდა: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰენრიხ მანი, უმცროსი ვიქტორი და დები იულია და კარლა, რომელთაგან ორივემ მოგვიანებით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მანის ბავშვობა უღრუბლო და უზრუნველყოფილი იყო. 1891 წელს კი მოულოდნელად მამა სიმსივნით გარდაეცვალა. მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის კომპანია და ლიუბეკში მანების სახლი გაიყიდა. ბავშვებსა და ცოლს კი მიღებული ფულის პროცენტებით დაკმაყოფილება მოუხდათ.
მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე იცხოვრა. ჯერ კიდევ ლუბეკში დაიწყო ლიტერატურული ცდები, ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალ "გაზაფხულის ქუხილს" უშვებდა, მოგვიანებით კი წერდა სტატიებს მისი ძმის ჰენრიხის მიერ გამოცემული ჟურნალისთვის "XX საუკუნე".
1898 წლიდან მანი პოპულარული გერმანული სატირული ჟურნალის "სიმპლიცისიმუსის" რედაქტორად მუშაობდა, ერთი წელი არმიაშიც იმსახურა და თავისი პირველი ნოველებიც გამოაქვეყნა.
თუმცა აღიარება მაშინ ეწვია, როცა 1901 წელს გამოვიდა პირველი რომანი "ბუდენბროკები". ამ რომანს საფუძვლად ედო მისი საკუთარი ოჯახის ისტორია. "ბუდენბროკებს" მოჰყვა არანაკლებ წარმატებული ნოველების კრებული.
1905 წელს მანმა პროფესორის ქალიშვილ კატია პრინგსჰაიმზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან მას ექვსი შვილი ეყოლა, რომელთაგან სამმა - ერიკამ, კლაუსმა და გოლომ - მოგვიანებით ლიტერატურულ სფეროში გამოავლინეს თავი. როგორც შემდგომში გოლო მანი იხსენებდა, მათი დედის ებრაულ წარმომავლობას წლების განმავლობაში შვილებისგან საგულდაგულოდ მალავდნენ.
ქორწინებამ მანის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მისი პოლიტიკური კონსერვატიზმი გაამყარა. 1911 წელს გამოვიდა მისი ნოველა "სიკვდილი ვენეციაში", რომელსაც ასევე დიდი პოპულარობა მოჰყვა.
1933 წელს მანი ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა და ციურიხში დასახლდა.
1936 წელს, მას მერე, რაც მწერალი ვერ აიძულეს, გერმანიაში დაბრუნებულიყო, ნაცისტურმა ხელისუფლებამ მანს და მის ოჯახს გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვა და მწერალმა ჩეხოსლოვაკიას სთხოვა თავშესაფარი, 1938 წელს კი აშშ-ში გადავიდა, სადაც პრინსტონის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
1942 წელს მანი ქალაქ პასიფიკ-პალისეიძში გადავიდა, სადაც ანტიფაშისტური გადაცემები მიჰყავდა გერმანელი რადიომსმენელებისთვის.
1952 წელს მანის ოჯახი შვეიცარიაში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა საბოლოოდ გაიხლიჩა, მანი ხშირად ჩადიოდა გერმანიაში. ბოლო წლებში ხშირად გამოსცემდა თავის ნაწერებს - 1951 წელს გამოვიდა რომანი "რჩეული", 1954-ში კი - მისი უკანასკნელი ნოველა "შავი გედი".
მწერალი 1955 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა ციურიხში.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)