"არა ვარ, ხალხო, უვარგისი, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია!"

"არა ვარ, ხალხო, უვარგისი, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია!"

კვლავ მომხიბვლელი და ხალისიანია, ენერგიული და კეთილგანწყობილი. თბილისში უკვე ალაპარაკდნენ, უეჭველად ბოტოქსი გაიკეთა ამერიკაში, თანაც ხარისხიანი, სხვაგვარად ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდაო. გულიანად იცინა, ეს რომ ვუთხარი:

ყველას გადაეცი, რაც ვარ, ბუნებრივად ვარ და არცთუ დალხენილი ცხოვრება მაქვსო. ინტერვიუზეც თავს იკავებდა, მაგრამ ჩემმა ყოფილმა "პირველარხელობამ" გაჭრა. ამბობს, ჟურნალისტებში ყოველთვის მიმართლებდა, მაგრამ ბოლო ხანს ინტერვიუს რომ მთხოვენ, ყოველთვის ვკომპლექსდები, განვიცდი. როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობდი, რწმენით, იმედით, დადებითი ემოციით ვიყავი აღსავსე და, ბევრი ტკივილის მიუხედავად, დიდი სტიმული მქონდა, ამიტომ სათქმელიც არ მელეოდა, დღეს კი სრულიად დაცარიელებული ვარ და ლაპარაკიც მიძნელდებაო. თუმცა თქვენს პირისპირ მაინც გულახდილია:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი სახე, გამოცდილი დიქტორი, წამყვანი და პედაგოგი ქეთი მითაიშვილი, რომელიც 8 წელიწადია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.

- რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო გადაცემაში თქვენი სტუმრობა თითქოს იმედიანად დასრულდა. მაყურებელს შთაბეჭდილება დარჩა, სამსახურს შემოგთავაზებდნენ და ამერიკაში გამგზავრებაც არ მოგიწევდათ. შეიცვალა რამე?

- ის გადაცემა ეთერში გასვლამდე თვე-ნახევრით ადრე, საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მეორე-მესამე დღესვე ჩაიწერა. იმავე საღამოს იმავე ტელეარხიდან დამირეკეს და ერთ-ერთი შოუს წამყვანთა კონკურსში, ანუ ქასთინგში მონაწილეობა შემომთავაზეს. მოულოდნელობისგან ძალიან ავნერვიულდი და მოსაფიქრებლად 5 წუთი ვითხოვე.

ლამის დავიჯერე კიდეც, რომ საქართველოდან გადახვეწა აღარ მომიწევდა და დავთანხმდი, თუმცა... იმავე ღამეს დამირეკეს და მომიბოდიშეს: ძალიან კი გვინდოდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა თქვენს კანდიდატურაზე, რადგან ივლისში ამერიკაში მიემგზავრებით და მაყურებელთან უხერხული იქნებოდა ასე მალე წამყვანის შეცვლაო. არადა, ხომ იცოდნენ, წასასვლელი რომ ვიყავი, მე თვითონ არ ვუთხარი? ბოლოს და ბოლოს, თუ გადაწყვეტდნენ, გავემგზავრებოდი, მოვაგვარებდი იქაურ საქმეებს და მალევე დავბრუნდებოდი, მაგრამ... ვერაფერი გავიგე.

არც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ შეცვლილა რამე... დიდად არც მიკვირს. მართალია, ყოველთვის გამოუსწორებელი მეოცნებე ვიყავი, მაგრამ კარგა ხანია, სასწაულების ნაკლებად მჯერა (იღიმის). ისე კი, საქართველოში გაუცხოება დაეტყოთ ადამიანებს. იმიტომ კი არ ვამბობ, შედარებით უფროსი თაობის ადამიანი რომ ვარ. მხცოვნად სულაც არ მივიჩნევ თავს.

ეგაა, გული მწყდება, ერთი ხელის მოსმით რომ შეუძლიათ ღირებულის გადაგდება. ვიღაც იტყვის, ასეთი ამბიცია რატომ გაწუხებსო, მაგრამ უნდა მაწუხებდეს, ჩემო კარგო. ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არ უნდა მქონდეს ჯანსაღი ამბიცია ღირსების, ქალობის, მოქალაქეობის? ჩემი მეგობრები მეხვეწებიან, ვინმე შეაწუხე, ეგებ, სამსახური იშოვოო, რადგან კარგად იციან, როგორ მინდა სამშობლოში დარჩენა, მაგრამ... ამ წლების განმავლობაში ვის არ მივაკითხე - წარმატებულ ბიზნესმენსაც და სახელმწიფო მინისტრსაც, მაგრამ რა გამოვიდა აქედან? ჰოდა, ჩემს მეგობრებს ვეუბნები: კარგი, რა, ახალგაზრდები აღარ უნდათ და მე ვიღას ვჭირდები-მეთქი! არადა, რატომ? პასპორტში ჩემს მონაცემებს რომ ჩავხედავ, უნდა დავკომპლექსდე, რომ უვარგისი ვარ?

არა ვარ, ხალხო, უვარგისი, რადგან ძალიან დიდ პოტენციალს ვგრძნობ, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილები გადავიტანე და გადამაქვს, მაინც პროფესიონალი ვარ. კი არ ვიჩემებ, აუცილებლად ტელევიზიაში უნდა ვიმუშაო-მეთქი, მაგრამ კიდევ შემიძლია, სასარგებლო ვიყო და ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა ჩემთვის... ამერიკის ტელევიზიებში ლამის მოხუცებიც კი სხედან ეთერში და გადაცემები, მით უფრო, საინფორმაციო, მიჰყავთ, რადგან იქ მათი გამოცდილება სჭირდებათ. რასაკვირველია, ახალგაზრდებსაც იწვევენ, მაგრამ სწორედ იმ გამოცდილების პარალელურად. ასე რომ, ამერიკაში, ასაკისდა მიუხედავად, პროფესიონალიზმი ფასობს!

- ეგებ, ჯობდა, წლების წინ აჭარის ტელევიზიის შემოთავაზებას, გეხელმძღვანელათ მისი საინფორმაციო სამსახურისთვის, დასთანხმებოდით, ან სულ არ წასულიყავით ამერიკაში. თქვენს შვილებთან ერთად იქნებოდით და ვინ იცის, გაცილებით უკეთაც (მხოლოდ მატერიალურს არ ვგულისხმობ)?

- საინფორმაციო სამსახური არ იყო ჩემი საქმე, ამიტომაც არ ვნანობ მასზე უარს. თუმცა ისიცაა: რომ დავთანხმებოდი, ეგებ მართლა არ წავსულიყავი ამერიკაში სამუშაოდ, თორემ მანამდე ორჯერ ვიყავი იქ, ჩემს უფროს ვაჟთან, პირველი ქორწინებიდან რომ მყავს. გიორგი 16 წლისა გავუშვი სასწავლებლად და ახლაც მაიამიში ცხოვრობს. პატარა გოგონაც ჰყავს, 9 წლის ემილი, რომელიც, სხვათა შორის, ტელევარსკვლავობას აპირებს (იცინის). მე კი სხვა შტატში წავედი სამუშაოდ და ძალიანაც გავრისკე, მაგრამ აღარ ვნანობ: იმხანად ეს აუცილებელი იყო. მეორე ქორწინებიდან ტყუპი ბიჭები - საბა და ცოტნე ცამეტი წლისანი იყვნენ და ბევრი რამ სჭირდებოდათ.

- ტყუპი, რომელიც 21 წლის წინ დაბადებისთანავე იხილა მთელმა საქართველომ?

- ჩემმა ტელევიზიამ, "მოამბის" რედაქციამ მომიძღვნა ეს საჩუქარი - სამშობიაროშივე გადაგვიღეს... რომ იცოდეთ, რამდენი მაქვს გასახსენებელი... მაგრამ ცუდია, რომ მხოლოდ მოგონება მავსებს ენერგიითა და ბედნიერებით. ნათქვამია, წარსულით მარტო ის ამაყობს, ვისაც აწმყო არ გააჩნიაო და მართალიცაა. ერთხელ ვთქვი კიდეც: მომავლის არ ვიცი, მაგრამ აწმყო მართლა არ მაქვს-მეთქი, რადგან ჩემი აწმყო ისეა ათქვეფილი ტკივილში, ცრემლში, არსებობისთვის ბრძოლაში, რომ... რასაკვირველია, ტკივილებს ჩემი შეცდომებიც განაპირობებდა და, - სად შევცდი-მეთქი? - იმდენჯერ ვიკითხე, მეგობრები გამიბრაზდნენ, ნუღარ უკირკიტებ, ხომ ხედავ, უფრო ნერვიულობო. ყოველთვის მიმაჩნდა, ქალისა და მამაკაცის ჰარმონიულ ურთიერთობაზე იყო დამყარებული ბედნიერი ცხოვრება.

შეყვარებული ადამიანების გაცისკროვნებული თვალები ხომ სხვაგვარად ბრწყინავს? - ჰოდა, ასე ბრწყინავს ცხოვრებაც, როდესაც გიყვარს და უყვარხარ. ამას მოჰყვება აწყობილი ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. შეიძლება ესეც საკამათოა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. რასაკვირველია, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მარტო მე არა. მინანია? - ალბათ, გაცილებით გვიან და ესეც ხომ უბედურებაა... თუ ბედნიერება? აღარ ვიცი, სად უფრო მეტი სიმართლეა. საერთოდ, სიმართლე ბევრია, მაგრამ ჭეშმარიტებაა ერთი და იმხანად ვის მხარეს იყო ის ჭეშმარიტება, ეგაა გასარკვევი. ამდენი წელი გავიდა და ახლა რომ ვფიქრობ, გეფიცებით, მიმაჩნია, რომ იმ ეტაპზე ჭეშმარიტად მართალი მაინც მე ვიყავი! ყველაზე მეტად იცით, რას ვნანობ?

ოჯახის სიმყარის საწინდარი - ტანდემი რომ არ შედგა ჩემს ცხოვრებაში - როდესაც ახალგაზრდობიდან მოჰყვებიან მეუღლეები ერთმანეთს და ბედნიერად აბერდებიან. მე კი ყველაფერი უკუღმა დამიტრიალდა და დღემდე ისე ვიტანჯები, ყოველთვის ვამბობ: თუკი რამ ცოდვა მქონია, ამერიკაში ცხოვრებით გამოვისყიდე-მეთქი... ფიქრობთ, ყველაფერი წინ მაქვს? როცა ბევრი ტკივილისგან სული და გული მკვდარია, ახალ სიყვარულზე ვერ ილაპარაკებ. ამ ეტაპზე ჩემი შვილებისგან ველი სიახლეს, სტიმულს. აი, მერე კი, თუნდაც ამ ასაკში, შეიძლება სულ სხვა ცხოვრება დავიწყო.

გეღიმებათ? გამორიცხული არაფერია, რადგან კონტაქტური ადამიანი ვარ, ურთიერთობები მახალისებს, ყურადღების ცენტრში ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს, მიჩვეულიც ვიყავი და მომენატრა კიდეც. ამას წინათ ყვავილები ვიყიდე მაღაზიაში და 25 წლის გოგონამ მიცნო: დიდ პატივს გცემთ და მიყვარხართო. ჟურნალისტი აღმოჩნდა, ეთერ ჯავახიშვილი, რომელმაც ულამაზესი საჩუქარიც კი მისახსოვრა. გავოგნდი და უსაზღვროდ გამიხარდა. ასე რომ (იღიმის)...

ქეთისთან ინტერვიუს მისი ვაჟი, ძალიან თავაზიანი, ყურადღებიანი და ღიმილიანი ტყუპისცალი ცოტნე შემოესწრო, მაგრამ საუბარში ჩართვას მოსმენა და ჩვენი გამასპინძლება ამჯობინა. ქეთის ჩავეკითხე: ამ წლების განმავლობაში საბასა და ცოტნესგან თანაგრძნობა თუ გიგრძნიათ-მეთქი?

- ძალიან თბილი ბიჭები არიან და კიდეც თანამიგრძნობდნენ, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ მათი ბევრი სურვილის ასრულება და მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც ამერიკაში ყოფნით შემეძლო. ამიტომაც დღემდე გაორებულად ვცხოვრობ. სულ ჭიდილსა და მოლოდინში ვარ და ჯერჯერობით რეალურ ხელმოსაკიდს, დასაყრდენს, საიმედოს (მხოლოდ სამსახურს არ ვგულისხმობ) ვერაფერს ვხედავ, თუმცა... ბოლომდე უიმედოდ მაინც არასდროსაა ადამიანი. ჩემს ვაჟებს ყოველთვის ვეუბნები, - ისე დაგლოცოთ უფალმა, ცხოვრების ღრმა შემოდგომას რომ მიაღწევთ, გეთქვათ, სიყვარულით ვიცხოვრეთო. მეც სწორედ სიყვარულის იმედი მაქვს, ოღონდ ჩემი შვილებისა და მეგობრების სიყვარულის...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები