რას ნანობს ლუიზა შაკიაშვილი და რისთვის განიცდის თვითგვემას

რას ნანობს ლუიზა შაკიაშვილი და რისთვის განიცდის თვითგვემას

ლუიზა შაკიაშვილი ყველას თვალში აქტიური და ენერგიული ქალბატონია. "ღია" საუბარსა და მკვეთრ განცხადებებს არც ადრე არიდებდა თავს და არც ახლა.

ის 1942 წლის მარტში ბოდბეში დაიბადა. თბილისში 99-ე და 85-ე სკოლებში სწავლობდა. კითხვაზე როგორი მოსწავლე იყავით-მეთქი, კახურად მოუქცია: "როგორ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ კარგი მოსწავლე ვიყავი და რა ვქნა?! კლასში ბევრი ფრიადოსანი ვიყავით, მაგრამ ვთქვაა, რომ მე ყველაზე ძლიერი ვიყავი?! ძალიანა მრცხვენია, ასე კი იყო და..." კარგად კი სწავლობდა, მაგრამ შატალოზეც ხშირად დადიოდა. კლასს სათავეში ჩაუდგებოდა, ჩასხდებოდნენ ტრამვაიში და კინო "რუსთაველში" მიდიოდნენ. ორებსაც იღებდა -ძირითადად კარნახის გამო.

დედა და დეიდა თეატრალები იყვნენ და ბავშვი ოპერასა და თეატრში ხშირად დაჰყავდათ. არტისტობაზე ოცნება პატარაობიდანვე დაიწყო და პროფესიად მსახიობობა აირჩია. ოჯახი ამ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვედრია და თითქმის ძალით შეატანინეს საბუთები სამედიცინოზე. ექიმობა არ უნდოდა, გაუხარდა კიდეც, რომ ჩაიჭრა და მეორე წელს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა: "იმ დროს მსახიობებს რეგიონებში ანაწილებდნენ, უმუშევრად არ ტოვებდნენ, როგორც დღეს. მე გორის სახელმწიფო თეატრში გამანაწილეს, მაგრამ 21 წლის გოგოს მამამ გამომიცხადა, სურვილი ხომ შეისრულე და ისწავლე, მაგრამ ახლა უცხო ქალაქში ნუღარ წახვალ. რა უნდა ქნა, თავი როგორ უნდა გაიტანო, იქ არავინ გვყავსო. ფაქტობრივად, ულტიმატუმი წამომიყენა, მე არ მინდა, რომ გორში წახვიდე, მაგრამ თუ წახვალ, აიკარი გუდა-ნაბადი და პირი აქეთ აღარ ქნაო. ბუნებით მებრძოლი ვარ და ყველას ჰგონია, რომ მთებს ვატრიალებ, მაგრამ მაშინ ასეთი ნაბიჯი ვერ გადავდგი. პირდაპირ ვამბობ, ცხოვრების შემეშინდა. ჩემს ოცნებაზე უარი ვთქვი და თბილისში დავრჩი"...

დღეს ის მშობლებისეულ ორსართულიან კე­რძო სახლში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს ძმასა და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონ ლუიზას საკუთარი ოჯახი არ აქვს. 16 წლის იყო, როცა მისი ძმა გაჩნდა. ჯერ ის გაზარდა და შემდეგ ხუთი ძმისშვილის აღზრდაშიც დიდი ამაგი ჩადო. შაკიაშვილის ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, თუმცა მამა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახიდან იყო, ხოლო დედა -სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბედან. დედა პირველ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა 1942 წელს მისი მეუღლე სამამულო ომში წავიდა. სამი წლის შემდეგ იქიდან უვნებელი დაბრუნდა. როცა მამამ შვილი პირველად დაინახა, ხელში აიტაცა და მოეფერა, მაგრამ ბავშვმა ტირილი მორთო. დიდი დრო დასჭირდა, რომ მამას შესჩვეოდა, თუმცა მერე ისე უყვარდა, ქვეყანას ერჩივნა. დღეს, როცა ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელი სამამულო ომს "სხვის ომს" უწოდებს, ეს ქალბატონ ლუიზას ძალიან აღიზიანებს:

-ბებიაჩემი მრავალშვილიანი დედა იყო და შვილები ობლობაში გაზარდა. მათგან ორი ტყუპი, მთასავით ვაჟკაცი სამამულო ომში დაიღუპა. საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომ მსხვერპლი არ გაეღო, მაგრამ ის თურმე სხვისი ომი იყო და ავღანეთში ჩვენი ომია! ჩახოცეს ჩვენი საჯიშე ბიჭები! ყოველწლიურად იზრდება იქ ქართველი სამხედროების რაოდენობა. დიდმა სამამულო ომმა ფაშიზმი დაამარცხა, რომელიც მთელ მსოფლიოს გადაყლაპვას უქადდა. ომში შვიდასი ათასზე მეტი ქართველი იბრძოდა და სამას ორმოცდაათი ათასზე მეტი დაიღუპა. ფაშისტებს რომ საბჭოთა კავშირი დაეპყროთ, ეს საქართველოს არ შეეხებოდა?! იმ ადამიანებმა საქართველო იხსნეს ფაშიზმისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი, მათ შორის ახლანდელი მთავრობა და მმართველი პარტია ამას ვერ ხვდება. ან არაფერი წაუკითხავთ, არ გაუგიათ, ან მშობლები არ ჰყავდათ, რომ ვინმემ სიმართლე შეაგნებინოს?! დიახაც, კახურად დავიწყევლები -ეგ არგასახარებლები ეგენი!

-ქალბატონო ლუიზა, წარსულში დაგაბრუნებთ. სამსახიობო კარიერა რომ დათმეთ, ამას ნანობთ?

-ახლა ამაზე იმდენად აღარ ვფიქრობ, მაგრამ პირველ წლებში სპექტაკლებზე რომ დავდიოდი, დარბაზში ვიჯექი და ჩემს აუხდენელ ოცნებას დავტიროდი. ამ განცდების გამო სპექტაკლებზე საუბარი მიჭირდა. ვფიქრობ, ცუდი მსახიობი არ ვიქნებოდი.

-ალბათ გიფიქრიათ როლებზეც, რომელსაც სიამოვნებით განასახიერებდით...

-ლაურენსია, კარმენი, ჟანა დ,არკი, ზეინაბ დედოფალი, ქეთევან წამებული -აი, ამ როლებზე ვოცნებობდი. წამებული, პატრიოტი, თავისუფალი სულის ქალების როლებზე. მერე ისე მოხდა, რომ მეგობარმა სამუშაოდ ტელევიზიაში მიმიყვანა. ერთხელ ტელევიზიაში მუშაობისას საახალწლო სატელევიზიო დადგმაში რეჟისორებმა კარმენი მათამაშეს, მაგრამ ეს მაინც არ ითვლება (იცინის). მაშინ ახლანდელთან შედარებით ორმოცი კილოთი ნაკლებს ვიწონიდი, როგორც ამბობდნენ, მართლა კარგი ტან-ფეხი მქონდა. შესახედადაც არა მიშავდა -სიმაღლეც მქონდა და სიფათიც.

ტელევიზიაში მუშაობა ლიტერატურულ რედაქციაში დავიწყე. კარგა ხანს უშტატოდ ვმუშაობდი, მერე შტატში მიმიღეს. რეჟისორის თანაშემწედ ვმუშაობდი, მერე ასისტენტად და ბოლოს, როგორც იქნა, რეჟისორობაც მეღირსა. ბოლოს უმაღლესი კატეგორიის რეჟისორიც გავხდი. მოსკოვში "ოსტანკინოში" უმაღლესი სარეჟისორი კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამთვიანი კურსები გავიარე. როგორც მუსიკალურმა რეჟისორმა, სადიპლომო ნამუშევარი "ფიროსმანი" გავაკეთე, რომელშიც ხუთიანი დამიწერეს. ერთმა ხელოვნებათმცოდნემ, მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა, რომელიც ტრეტიაკოვის გალერეაში მუშაობდა, ასეთი სიტყვებით შეაფასა ჩემი სადიპლომო -მეგონა, ფიროსმანს კარგად ვიცნობდი, მაგრამ შაკიაშვილის ნამუშევრით ეს შემოქმედი ახლა გავიცანიო. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი (იღიმის). მართალია, ის ქალბატონი რუსი იყო, ჩვენი მტერი, მაგრამ მაინც მესიამოვნა.

-ძალიან მომწონს, ადგილ-ადგილ ამ ირონიულ ჩანართებს რომ აკეთებთ...

-(იცინის) მაშინ 30 წლისაც არ ვიყავი და მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა. მთელმა საგამოცდო კომისიამ ტაში რომ დასცხო, ძალიან ამაყი ვიყავი.

-ტელევიზიაში რამდენი წელი იმუშავეთ?

-მუშაობა 1964 წელს დავიწყე. 1983-1985 წლებში დაპატიმრებული გახლდით მიტინგის მოწყობის გამო. ციხიდან რომ გამოვედი, ჩემდა გასაოცრად, პოლიტპატიმარი ტელევიზიაში ისევ დამაბრუნეს. ტელევიზიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის დროსაც ვმუშაობდი, მერე იქ ჩვენ ადგილას "კმარელები" და სხვები მიიღეს.

-პოლიტიკაში მოღვაწეობის წლებზეც მინდა ვისაუბროთ...

-პოლიტიკაში ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად ვმოღვაწეობდი და არა მას შემდეგ. რეჟისორი ვიყავი, როცა 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ზარ-ზეიმით აღნიშვნის წინააღმდეგ გამოვედით. ამ თარიღის დიდი პომპეზურობით აღნიშვნა მაშინდელი "ცეკას" პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა და ჩვენ, დისიდენტური მოძრაობის წევრებმა ეს გავაპროტესტეთ. რა საზეიმო იყო, გეორგიევსკის ტრაქტატმა დაგვღუპა და რუსეთის კოლონიად გვაქცია. მაშინ უკვე აქტიურად ვიყავით დისიდენტურ მოძრაობაში ჩაფლულები მე, თამარ ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, გელა ნიკოლეიშვილი, მამუკა გიორგაძე, დათო იმნაძე. თუ ვინმე გამომრჩა, მაპატიოს. პროკლამაციებს ვადგენდით, ხალხს მოვუწოდებდით, რომ ეს თარიღი არ აღენიშნათ და საფოსტო ყუთებით ვავრცელებდით. ჩვენ სულ დაგვდევდნენ "კუდები" -"სუკის" თანამშრომლების სახით და ერთ-ერთ საღამოს ირაკლი წერეთელი მეგობართან ერთად დააპატიმრეს, როცა ისინი დიღმის მასივში მორიგი კორპუსის სადარბაზოში ფოსტის ყუთებში პროკლამაციებს ყრიდნენ. რასაკვირველია, მათ გასათავისუფლებლად მოძრაობა დავიწყეთ და ერთ-ერთი აქციისას დაახლოებით 20 კაცი დაგვაპატიმრეს. რამდენიმე ადამიანთან ერთად იმავე საღამოს გამომიშვეს, მაგრამ ამ ამბიდან მესამე დღეს ტელევიზიაში ოთხი პოლიციელი მომადგა და დამიჭირეს. სასამართლო პროცესზე სამ-სამ ადამიანს ორდღიანი შუალედით გვასამართლებდნენ. მე, გია ჭანტურია და ზურა ცინცაძე ერთად გაგვასამართლეს. იქ იყვნენ ჩემი და მათი ოჯახის წევრებიც, ხოლო დანარჩენი დარბაზი გავსებული იყო მაუდ-კამვოლის კომბინატის მოწინავე მუშა-მოსამსახურეებით. მოწმეებად მილიციელები გამოჰყავდათ, აბა, სხვას ვის დაუძახებდნენ. ერთ-ერთ მათგანს ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებდი ვინ იყო. იმ კაცმა დაიწყო აქციის აღწერა და მის ერთ-ერთ მონაწილედ მეც დამასახელა. მოსამართლის შეკითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ იქ სწორედ ბრალდებული შაკიაშვილი იყოო, მოწმემ უპასუხა, არ მეშლება, დარწმუნებული ვარ, ის ჩემს კლასში სწავლობდაო. დარბაზში ხარხარი ატყდა, მაუდ-კამვოლის კომბინატის მუშებსაც კი გაეცინათ, რომელებიც იმავე საქმეზე იყვნენ სასამართლოში დაბარებული. ამის შემდეგ უკვე ის კაცი მეც გავიხსენე, ვიცანი, არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი, ბიჭო, არა გრცხვენია, იმდენი ტვინი მაინც გქონოდა თავში, ეგ არ გეთქვა და თავი სასაცილოდ არ გაგეხადა. ერთ კლასში ვსწავლობდით და რაებს ლაპარაკობ. შე უბედურო, დავალებებს ჩემგან იწერდი და სკოლა მე დაგამთავრებინე, არა გრცხვენია-მეთქი?! ამას ახლიდან მოჰყვა ხარხარი. პროცესი დასასრულისკენ წავიდა. განაჩენი რომ გამოაცხადეს, ეტყობა, გია ჭანტურიამ იფიქრა, რომ ვიტირებდი. აცხონოს ის ღმერთმა, როგორ მიყვარს, რა ბიჭი იყო. მართალია, მას ჩემს თვალზე ცრემლი არასოდეს ენახა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მითხრა, ლუიზა, აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო. ნეტარ არიან სიმართლისთვის მებრძოლნი, რამეთუ მათია სასუფეველიო. არა-მეთქი, არ ვიტირებ, რა მაქვს-მეთქი სატირელი, კაცოოო!!!

-ბატონი გია ჭანტურია და სხვები ვახსენეთ და აქვე გკითხავთ, ხშირად ვისმენთ, ეროვნული მოძრაობის პერიოდში ქართველი ერი რომ ერთ მუშტად იყო შეკრული, მას შემდეგ ასე აღარასოდეს ყოფილაო...

-მართალია, მართალი. ჩემს აზრს გეტყვი, პოლიტიკური "რვიანი" რომაა და წარა-მარა გაიძახიან, ზვიად გამსახურდიამ არჩევნებში კომუნისტებსაც კი მოუგო და კომუნისტური რეჟიმი ამაზე უარესი არ იყოო, ამას რის ხარჯზე ამბობენ, ვერ ვხვდები. ავიწყდებათ, რომ ის ზვიად გამსახურდია იყო და ახლა ის აღარ გვყავს?! ზვიადმა არჩევნები თავისი ქარიზმატულობით, გონებით, ხალხის გვერდში დგომითა და შეწირული ხასიათის გამო მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ვიყავი, მანამდე მის გვერდით ვიდექი და მთელი საქართველო მიტინგ-მიტინგ, ფეხით შემოვიარე. "ჩემო ლომოს" და "ვეფხვოს" მეძახდა. ეს მოგეხსენებათ და ამას არც ვმალავ. ისინი ზვიადი გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გია ჭანტურია რომ იყვნენ, იმიტომ მოიგეს არჩევნები ასეთი დიდი უპირატესობით, თორემ ახლა ეს შეუძლებელია. ამას არავინ ამბობს და ეს "რვიანიც" ვერ ხვდება, დიახ, ზვიად გამსახურდიამ მოუგო, მაგრამ თქვენ ვერაფერს მოიგებთ, თქვე ტვინჩაცემენტებულო უბედურ-ნახევრებო! აი, ეგრე დაწერე!

-ბოლო სიტყვები როგორ თქვით?

-უბედურ-ნახევრები! ზღაპარი "ნახევარწიწილა" ხომ გახსოვთ, ესენი კიდევ უბედურ-ნახევრები არიან!

-ქალბატონო ლუიზა, მინდოდა, საუბარი ხელისუფლებასა და ქვეყანაში არსებულ რეჟიმზე საუბარით დაგვესრულებინა, მაგრამ მგონი თავიდან და ახლაც ამ თემაზე თქვენი აზრი უკვე გამოთქვით...

-(იცინის) თუ გინდა, კიდევ უფრო მძაფრად ვიტყვი. მე პირადად კომუნისტების დროსაც კი არ მახსოვს ისეთი ტერორი, როგორიც დღესაა, დევნა განსხვავებული აზრის გამო. შეიძლება ბევრმა თქვას, აბა, შენ რატომ დაგიჭირესო, მაგრამ მე ციხეში ვიჯექი. დამიჭირეს და ჩამსვეს, კი არ მცემდნენ და კი არ მომკლეს! ახლა ხალხს ხოცავენ. ქვეყანაში დამყარებულია კლასიკური დიქტატორული რეჟიმი. მე არაერთხელ მომიხდია ბოდიში საქართველოს მოსახლეობისა და ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის წინაშე და ამას მეასედ გავიმეორებ -ის ხელი უნდა მომტეხოდა, როცა 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას მიხეილ სააკაშვილს ხმა მივეცი. მართალია, ის არჩევნებში უჩემოდაც გაიმარჯვებდა, მაგრამ ვგიჟდები, ამაში ჩემი წვლილი რომ შევიტანე. საშინელ თვითგვემას განვიცდი. არ ვიცნობდი, ახალგაზრდა, ენერგიული, სიმართლისთვის მებრძოლი მეგონა. იუსტიციის მინისტრობის დროს ფოტოებს რომ აფრიალებდა, იმის სასახლე და ამის სასახლეო, ახლა თავისი და თავისი ჩინოვნიკების ფოტოებს რატომ აღარ აფრიალებს?! იმ კორუმპირებულების დაპატიმრებას რომ ითხოვდა, ახლა თავისი გარემოცვიდან რატომ არავის აპატიმრებს?! არ ვიცი, ესენი ვინ არიან, ეს ხათუნა ოჩიაური, ეკა ხერხეულიძე, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია. ოთარ კობერიძე ამბობს, მიშა ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ან კიდევ ბუბა კიკაბიძე, ისიც რაებსა ლაპარაკობს, კაცოოო?! ღმერთმა მაგათ ოჯახებში შეიყვანოს მაგისნაირი ორ-ორი და იქიდან აღარ გამოიყვანოს, ჰყავდეთ.

-როგორ ფიქრობთ, საქართველოში თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანები უფრო მეტი არიან, თუ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები?

-რა თქმა უნდა, ჩემნაირად მოაზროვნეები, მაგრამ ბევრს არ ჰყოფნის გამბედაობა, თავისი აზრი ხმამაღლა თქვას. მე პირადად, ხვალვე რომ მომკლან, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ, სულ ცალ ფეხზე მკიდია. ასეთ საქართველოში ცხოვრებას და ასეთი ცოცხლების ყურებას, ჩემს მერაბთან, გიასთან იმ ქვეყნად წასვლა და ყოფნა მირჩევნია!

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)