შესაძლებელია თუ არა ანი ქორქიას დაშანტაჟება

შესაძლებელია თუ არა ანი ქორქიას დაშანტაჟება

ის პროფესიით ექიმია, მაგრამ ვიცნობთ, როგორც ტელეწამყვანს. როცა დავურეკე და "ერუდიტისთვის" ჩაწერა ვთხოვე, შინ მიმიპატიჟა. იმას, რომ წიგნების კითხვა უყვარს, ანი ქორქია მშობლის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს: "დედა პროფესიით ჟურნალისტია. ზაფხულის არდადეგების დროს მე და ჩემს დას წიგნს საკუთარი ხელით გადაგვიშლიდა ხოლმე და გვთხოვდა, წაგვეკითხა, მერე კი წიგნის შინაარსს ერთად განვიხილავდით, ვმსჯელობდით. ეს ყველაფერი კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს ხდიდა და შესაბამისად, ინტერესიც გაგვიჩნდა. აი, ასე შემიყვარდა წიგნები".

პრეამბულის მაგიერ

- ანი, ახლა რას კითხულობ?

- კითხვა რომ დავიწყო, თავისუფალ დროსთან ერთად, საამისო განწყობილებაც უნდა მქონდეს. ამჟამად სელინჯერის "ბანანა თევზის ამინდს" ვკითხულობ.

ძალიან მიყვარს გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება. ჩემთვის "დიდოსტატის მარჯვენა" სიმღერასავითაა... უცხოელი ავტორებიდან პუშკინი მომწონს. სიამოვნებით წავიკითხე ბულგაკოვის პატარა მოთხრობა - "მორფი". მართალია, არ ვიცი, როგორი თრობა აქვს მორფს, მაგრამ მგონია, რომ ამ წიგნში ყველაფერი იდეალურადაა აღწერილი.

- "მორფის" წაკითხვის შემდეგ, ნარკოტიკის გასინჯვის სურვილიც ხომ არ გაგიჩნდა?

- არა, რადგანაც კარგად ვიცი, რა შეიძლება და რა - არა.

- ვიცი, რომ პოეზია გიყვარს და ლექსებს თავადაც წერდი.

- ლექსების წერა ადრეულ ბავშვობაში დავიწყე და 11 წლის ასაკში დავამთავრე.

- რომელიმე მათგანი ზეპირად თუ გახსოვს?

- "მახსოვს ჩოხატაურში მტრედისფერი აპრილი,/ ხის პატარა ოდები, ხელისგულზე გაშლილი,/ ჭურის თავზე ორშიმო, ღობის ძირში გიდელი,/ თიხის ქვევრი, ჭინჭილა და წარსულზე ფიქრები./ ჩაის მწვანე კორდები, სისხამ დილით ნავარდი,/ ჭრელფრთიანი იხვები, შვილებივით ნაზარდი./ კრიმანჭული გურული, ნაწნავივით ჩაწნული./ მახსოვს ჩოხატაურში მტრედისფერი აპრილი". მეგობრებში ვხუმრობ ხოლმე, "მოხუცურ-დაგრუზულ" ლექსებს ვწერდი-მეთქი.

- "სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშის მომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში. ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე", - რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდიას "ჰგავს". ასეა?

- გამოიცანი. ის ცნობილი ფრანგი დიზაინერია. 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა და უსახსრობის გამო, უდედმამო ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მერე კი მისი შემოსავალი წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოდას დაუტოვა ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯული კანით სიარული, დიდი სათვალე და კიდევ, შავი ფერი აქტუალური გახადა. დაასახელე ეს დიზაინერი.

- რაც მან მოდას დაუტოვა, დღეს ყველაფერი აქტუალურია ანუ ლაპარაკია კოკო შანელზე.

- ის საშუალოდ, 20 ათასი თმისგან შედგება და შეუძლია, 20 ტონა სიმძიმეს გაუძლოს. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ეს რაღაც შეგიძლია, თავადაც გაიკეთო.

- (ფიქრობს) ვერ ვხვდები.

- ნაწნავი. მას შეუძლია, 1 ღამეში 91-მეტრიანი გვირაბი გათხაროს.

- ეს თხუნელას შეუძლია.

- ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი - ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი, ბუდაპეშტი - მდებარეობს. მას ევროპის დედამდინარესაც უწოდებენ...

- დუნაის გულისხმობ.

- "ვინც უპირველესად არ არის ადამიანი, ის ვერასდროს გახდება..." - დაასრულე ალექსანდრე მაკედონელის გამონათქვამი.

- არ ვიცი.

- "...ექიმი".

- (იცინის) თურმე, ადამიანი არ ვყოფილვარ.

- თუ ეს პროფესია არ მოგწონდა, სტომატოლოგობა რატომ გადაწყვიტე?

- ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა: როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, გადაწყვეტილება ჩემი ოჯახის წევრებმა მიიღეს. ჰოდა, ახლა ყველა მშობელს ვთხოვ, არ მოექცნენ საკუთარ შვილებს ისე, როგორც მე მომექცნენ - ანუ ამარჩევინეს პროფესია, რომელიც არ მიყვარდა, არ მომწონდა და შესაბამისად, არც ინტერესი მქონდა. ჟურნალისტიკაზე ან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მხარში არ ამომიდგნენ. საერთოდ, ბეჯითი და მონდომებული ბავშვი ვიყავი, სკოლაც და კოლეჯიც ფრიადებზე დავამთავრე, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლას გული ვერ დავუდე... ოდესმე სტომატოლოგად მუშაობა რომ მომიხდეს, ვიმუშავებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მომიწევს...

- რა ჰქვია სტომატოლოგიის დარგს, რომელიც შეისწავლის ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას?

- ორთოდონტია.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისგან, მივდივარ და მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან", - რომელი რუსი მწერალი და დრამატურგია ამ სიტყვების ავტორი?

- ანტონ ჩეხოვი.

- როგორი ქვა არ შეიძლება იყოს მდინარეში?

- არ ვიცი.

- მშრალი. სახელმწიფო ტოგოში მამაკაცი ქალს კომპლიმენტს თუ ეტყვის, ამის შემდეგ რა ვალდებულება ეკისრება?

- არ ვიცი.

- ის ქალი ცოლად უნდა მოიყვანოს... მამამ დაურეკა ქალიშვილს და სთხოვა, - ხვალ მივლინებაში მივდივარ და ესა და ეს ნივთები მიყიდე; ფული კონვერტში დევს, კონვერტი საწერი მაგიდის უჯრაშია და რაოდენობაც ზედ აწერიაო. ქალიშვილმა კონვერტი აიღო და დაინახა, რომ მასზე 98 ეწერა. ფული მაღაზიაში დაუთვლელად წაიღო. ნავაჭრმა 90 ლარი შეადგინა. გოგონა ფიქრობდა, რომ 8 ლარი დარჩებოდა, მაგრამ 4 ლარი დააკლდა. როგორ?

- გზაში დაეკარგებოდა.

- მას არაფერი დაჰკარგვია.

- მაშინ მამას შეეშლებოდა დათვლა და კონვერტზე რაც ეწერა, იმდენი არ ექნებოდა.

- ვერ გამოიცანი. გოგონას კონვერტი ხელში უკუღმა ეჭირა... "ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება", - ამერიკის რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- არ მახსოვს.

- ფრანკლინი. წელს დასვენებას სად აპირებ?

- თავისუფალი მხოლოდ 10 დღე მექნება და აუცილებლად ზღვაზე წავალ. ალბათ თურქეთში გავემგზავრები. ჩემთვის მთავარია, ზღვა იყოს და ხმაური იქნება თუ სიმშვიდე, ამას მნიშვნელობა არა აქვს.

- ცურვა იცი?

- რა თქმა უნდა! ბავშვობაში ზღვაში იმდენად ღრმად შევდიოდი, ნაპირზე ხალხი კიოდა. თან, სიმაღლეებიდანაც ვხტებოდი, ექსტრემალური გართობა ყოველთვის მომწონდა.

- გარდერობის განახლებაზე უკვე იზრუნე?

- ამაზე გამუდმებით ვზრუნავ (იცინის). ზღვისთვის რამდენიმე ახალი საცურაო კოსტიუმი, თავისი მოსაცმელებით უკვე შევიძინე და ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, როდის წავალ დასასვენებლად. "ეთამაშე ვარსკვლავს" გაზაფხულის სეზონი უკვე დასრულდა და ეგრევე ზაფხულის სეზონი გადააბეს, რომელიც სულ 5 გადაცემისგან შედგება. სხვათა შორის, მხოლოდ ცნობილები ითამაშებენ.

- თავად არ ითამაშებ?

- შეიძლება, ვითამაშო კიდეც... ეს ჯერ არავისთვის მითქვამს.

- შენი მეტოქე ვინ იქნება?

- სავარაუდოდ, შერკინება გიგი დედალამაზიშვილთან მომიწევს.

- კარგი, კითხვარს მივუბრუნდეთ. ოდესმე ვინმეს შენი დაშანტაჟება უცდია?

- არ მახსენდება. სხვათა შორის, ჩემი დაშანტაჟება ადვილი არ არის. მეტსაც გეტყვი - ეს გამორიცხულია! საკმაოდ ძლიერი და მდგრადი ხასიათი მაქვს. ჩემთან ტკბილი სიტყვა უფრო ჭრის.

- შანტაჟი ფრანგული სიტყვისგან - "შანტე" არის ნაწარმოები. ხომ არ იცი, რას ნიშნავს იგი?

- სიმღერას.

- დიახ, სიმღერას, გალობას. ფრანგმა ჩიტის დამჭერებმა იციან ერთგვარი სიმღერა, რომელიც ჩიტის გალობას ჰგავს და ამ "გალობით" იტყუებენ ხოლმე ჩიტებს.

- ამდენი არ ვიცოდი.

- რა ჰქვია მეცნიერებას სამყაროს შესახებ?

- ასტრონომია.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში.

- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- ვერ ვიხსენებ.

- მიგანიშნებ, ეს ფილმი ალექსანდრე ცაგარელის პიესის მიხედვითაა გადაღებული.

- არ მახსოვს და რა ვქნა?..

- "ქეთო..."

- (მაწყვეტინებს) "ქეთო და კოტეში".

- რომელ ცხოველს არ შეუძლია ხტომა?

- გველს.

- გველი ქვეწარმავალია.

- ეს ცხოველი საქართველოში ბინადრობს?

- ველურ ბუნებაში ვერ შეხვდები, მაგრამ მისი ნახვა ზოოპარკშია შესაძლებელი.

- სპილო.

- დაბოლოს, დაასრულე ვოლტერის ცნობილი გამონათქვამი: "არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და..."

- (იცინის) დედას გიტირებს.

- "...თაყვანისცემას მოითხოვს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები