ლეგენდები და სინამდვილე გალაკტიონზე

ლეგენდები და სინამდვილე გალაკტიონზე

ქუჩაში რომ გახვიდეთ და ათ შემხვედრს საყვარელი პოეტის დასახელება სთხოვოთ, მათი უმრავლესობა გალაკტიონს დაგისახელებთ. გალაკტიონი კლასიკაა, მისი სტრიქონები გონებაში "გაგვიჯდა", გვიყვარს...

რა შეიძლება გალაკტიონზე ახალი ითქვას?! მეფე პოეტის თანამედროვენი მის ხასიათსა და ფენომენს ვერ ხსნიდნენ, ბევრი ქალბატონი იჩემებდა მის მუზობას, მასზე გაცილებით უმცროსები კი დღემდე ჰყვებიან სხვადასხვა ამბავს ამ ყველასაგან განსხვავებული და უცნაური ბუნების კაცის შესახებ. ახლა ამბობენ, თბილისის ქუჩებს ორი მოხეტიალე გენია ახსოვს, ერთი ფიროსმანი იყო, მეორე კი - გალაკტიონიო. ეს ორი ნიჭიერი ადამიანი სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში მოღვაწეობდა, მაგრამ ალბათ მათ შორის რაღაც მაინც იყო საერთო...

გალაკტიონი ხშირად დადიოდა ფეხით, ხან კი ტრამვაით მგზავრობდა. ცნობილია, რომ ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, ვინ აღარ ამბობს, გალაკტიონი ლაღიძის წყლებთან შემხვდა და თავზე ხელი გადამისვაო, ან კიდევ "ბიძიკოთი" მომმართავდა და მანებივრებდაო. სიცოცხლეში ბევრს თვალში არ მოსდიოდა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ყოველი მეორე გალაკტიონის მეგობრობას იჩემებდა. პოეტმა შეძლო ის, რომ მისი პერსონა დღემდე აქტუალურია. დღესაც კი მასზე ლეგენდებს თხზავენ და ათას ჭორ-მართალს გადასცემენ ერთმანეთს. ერთხელ მოუგონეს, გალაკტიონი დუქანთან მივიდა, ლუდი და არაყი მოითხოვა, ნაწილი დალია, მეორე ნახევარით ხელი დაისველა, წვერზე დაისვა და თქვა, ასე ჯობია, მთვრალი ვეგონო ხალხსო. სინამდვილეში დალევა მოთხოვნილებად ჰქონდა ქცეული. სიცოცხლის ბოლო წლებში სიმთვრალისთვის ერთი ჭიქის გამოცლაც კი საკმარისი იყო. დროდადრო მკურნალობდა, უკეთ კი ხდებოდა, მაგრამ შემდეგ იგივე მეორდებოდა.

ცნობილია, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა, ამ თვითმკვლელობის მიზეზებსა და ვერსიებზე უამრავი რამ დაიწერა. არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ცხოვრებასაც უჩვეულოდ გამოეთხოვა.

ფხიზელი უქმად ვერ ძლებდა. ლექსს თუ არ წერდა, დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. ინიშნავდა სახელებს, მისამართებს, წამლის რეცეპტებს, სიზმრებსაც კი და მერე მათ ახსნას ცდილობდა. 1953-1957 წლებში გალაკტიონი მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას განაგებდა. ერთხელ, სამსახურში ჩვეულებისამებრ ყველაზე ადრე მივიდა. დერეფნის მოსაცდელში გიორგი ლეონიძესთან მისული ვიღაც ქალი, ასია პარუნაშვილი გაიცნო. ვიდრე ლეონიძე მოვიდოდა, დიალოგი გამართეს. გალაკტიონმა საკმაოდ ორიგინალურად წარმოადგინა ასიას ოჯახის ისტორია, თანმიმდევრობით დანომრა და თან საკუთარი რემარკები დაურთო: "1. ასია პარუნაშვილი; 2. ქმარი პატარძეულიდანაა; 3. (ლეონიძის მეზობელია); 4. ბათუმიდან გამოვიქეცითო; 5. როცა შიშიანობა იყოო; 6. მერე ისევ იქ დავბრუნდითო; 7. მერე ისევ რუსეთში წავედითო; 8. ცხრაასხუთიდან კი აქა ვართო; 9. ქმარი ლესადანაა რკინიგზაშიო; 10. ვაჟი ჯარშია წაყვანილიო; 11. ქალიშვილი ჩვიდმეტი წლისააო; 12. ორთაჭალაში ვცხოვრობთო; 13 ერთი ოთახი გვიჭირავსო; 14 ქუხნა და აივანი გვაქვსო" და ა.შ.

გალაკტიონ ტაბიძე ვანის რაიონ სოფელ ჭყვიშში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. მის დაბადებას მამა, 23 წლის ვასილ ტაბიძე ვერ მოესწრო - რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. დედამ - მაკრინე ადეიშვილმა შვილს განათლება ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაღებინა.

ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა, მერე ერთი წელიც მოსკოვსა და პეტროგრადში გაატარა. თუმცა მანამდე, 1914 წელს გამოცემულმა გალაკტიონის ლექსების პირველმა კრებულმა საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. 1916 წელს ოლღა ოკუჯავაზე დაქორწინდა. 1919 წლიდან პოეტს თბილისში ბინა რამდენიმე ადგილას ედო, მათ შორის კრილოვის ქუჩაზე, მარჯანიშვილის ქუჩის 4 ნომერში კი ოც წელზე მეტხანს ცხოვრობდა. დღეს იქ პოეტის სახლ-მუზეუმია. საბედნიეროდ, გალაკტიონს ფოტოს გადაღება უყვარდა და მისი სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დიდი ფოტომასალა დარჩა. დიდად არ მეგობრობდა თანამედროვე მწერლებთან, არც ნათესავებთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი, ამიტომ ფოტოებზე ან მარტოა, ან მეუღლე ოლღა ოკუჯავასთან ერთად არის აღბეჭდილი. საკმაოდ ბევრი ფირი დაიხარჯა გალაკტიონის უკანასკნელ გზაზე გაცილების ცერემონიის გადაღებაზე. ამ თემას ცალკე კუთხე ეძღვნება. მუზეუმშივე ინახება უამრავი ბლოკნოტი - ეს ბლოკნოტების უზარმაზარი არქივია და იქვეა ის ბლოკნოტიც, რომელიც პოეტს თვითმკვლელობის დროს ჯიბეში ედო. წლების განმავლობაში ბევრმა არ იცოდა, რომ გალაკტიონი ხატვით იყო გატაცებული. 1250-ზე მეტი ნახატის ავტორს, კარიკატურების კეთება უყვარდა და ავტოპორტრეტებიც არაერთხელ დაუხატავს. ხატავდა ფანქრით, კალმით, საღებავებითაც. საკუთარი წიგნების ყდებსა და ტიტულებსაც ხშირად ხატავდა, მათ გამოცემაზე ოცნებობდა. მისი ნახატები პოეტურიცაა და ამავე დროს ბიოგრაფიული, ზოგიერთი სულაც არ მოითხოვს "მესამე თვალს" და შინაარსის წვდომას, ისევე როგორც გალაკტიონის არაერთი ლექსის სტრიქონი...

მის ლექსებს შორის პოპულარობას ერთი მეორეს ეჯიბრება. 1915-1926 წლებს მის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერ, ღირებულ და მდიდარ პერიოდად ასახელებენ. მის პოეზიაში სამასამდე ლექს-შედევრს გამოყოფენ: "ეფემერა", "მესაფლავე", "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის ღამე", "უსიყვარულოდ", "მერი". ეს უკანასკნელი 1915 წელს ავტორის დაუკითხავად "თეატრი და ცხოვრებაში" დაიბეჭდა. მალე ისეთი პოპულარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.

XX საუკუნის ქართული პოეზიის ამ უდიდესმა წარმომადგენელმა სიცოცხლე 68 წლის ასაკში დათმო და მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

ვაჟა-ფშაველას ხუთტომეულის შემდეგ, "პალიტრა მედიამ" ჟურნალ "გზასთან" ერთად გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეულის გამოცემა დაიწყო. პირველი წიგნი 23 ივნისიდან იყიდება, ხოლო დანარჩენი, ყოველი მორიგი ახალი ტომის შეძენა მსურველებს ყოველ ხუთშაბათს შეუძლია. "ჩემი რჩეული" გალაკტიონის ხუთტომეული პოეტის ლექსებს, პოემებს, პროზაულ ნაწარმოებებს, პირად მიმოწერასა და ვახტანგ ჯავახაძის, ნოდარ დუმბაძის, ოთარ შალამბერიძის და სხვათა საინტერესო წერილებს აერთიანებს...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს