"გინდ "ჰეროინი" გიკეთებია და გინდ "ლირიკა" გისვამს"

 "გინდ "ჰეროინი" გიკეთებია და გინდ "ლირიკა" გისვამს"

ნარკომანიის თემა ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე უფრო მტკივნეული ხდება. ბოლო ხანს ფართო მოხმარების ნარკოტიკულ პრეპარატად იქცა "ლირიკა", რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ აფთიაქში შეეძლო. გვესაუბრება ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ სიხარულიძე:

- "ლირიკა" არის ახალი თაობის პრეპარატი, რომელსაც ეპილეფსიის შემთხვევაში უნიშნავენ. მას ცნობილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერი" უშვებს. როცა შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები გაქრა, ნარკომომხმარებლებმა ამ პრეპარატს მიაგნეს და "ლომკის" მოსახსნელად მისი მიღება დაიწყეს, რადგან საკმაოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. საერთოდ, ეს პრეპარატი მსოფლიოში გაყიდვის მიხედვით პირველ ადგილზეა და "ფაიზერმა" მისი წყალობით მილიონებიც იშოვა. როგორც წამალი, ძალიან კარგია,  მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ინტერნეტში ვერსად იპოვით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს პრეპარატი დამოკიდებულებას იწვევს. არადა, ადამიანი მასზე ძლიერ დამოკიდებული ხდება. ფაქტობრივად, ისეთივე დამოკიდებულება უყალიბდება, როგორიც სხვა ოპიატებზე.

- როგორია ამ პრეპარატზე დამოკიდებულების სიმპტომები?

- გაცილებით მძიმე, ვიდრე სხვა ასეთი ტიპის პრეპარატებს ახასიათებს, რადგან აქ ფსიქიკაც არის ჩართული. ზოგიერთი ძალიან აგრესიული ხდება, ზოგიერთს კი, პირიქით, ძლიერი დეპრესია ეუფლება.

- რატომ ეტანებიან ახალგაზრდები ამ წამალს?

- მისი მიღების შემდეგ ადამიანი ხდება უფრო აქტიური, კომუნიკაბელური, სძლევს კომპლექსებს და ქვეყანა თავისი ჰგონია. ეს მხოლოდ წუთიერი შეგრძნებაა; დროთა განმავლობაში ეს პრეპარატი მთელ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.

- "ლირიკას" სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს თუ ამატებენ?

- არა და სწორედ ამით არის საშიში. ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია ნარკოტიკები, შესაძლოა "პლანსაც" კი არ გაჰკარებია, უცბად იწყებს ამ პრეპარატის გამოყენებას. ხშირად ეს იმის ბრალია, რომ ახალგაზრდას კომპლექსების დაძლევა სურს. პრეპარატის ზემოქმედებით მართლაც უფრო თავდაჯერებული, უფრო კომუნიკაბელური ხდება ადამიანი, მაგრამ ხუთი-ექვსი დალევის შემდეგ ეჩვევა და მის გარეშე ვეღარ ძლებს. ამ დროს უკვე გინდ "ჰეროინი" გიკეთებია და გინდ "ლირიკა" გისვამს. ამ პრეპარატის მომხმარებელი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ნარკომანისგან. პიროვნება იცვლება, ხდება აგრესიული, იმპულსური, ქვეყანაზე აღარაფერი აინტერესებს, მხოლოდ "ლირიკით" იფერადებს ცხოვრებას. ამას არაერთი თვითმკვლელობაც მოჰყოლია.

- უმთავრესად ვინ მოიხმარს ამ წამალს?

- ძალზე ფართო კონტინგენტი: 14-დან 60 წლამდე, ქალი, კაცი, გოგონა, ბავშვი. თანაც იღებენ ტოქსიკურ, სასიკვდილო დოზებს - 900 და 1000 მილიგრამს, ანუ ხუთ-ექვს კაფსულას დღეში.

- რატომ არის წამალი ასეთი ხელმისაწვდომი?

- ეს უკვე აფთიაქების სინდისზე იყოს.     "ფაიზერს" ამის გამო პრეტენზიას ვერავინ წაუყენებს - წამლის სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულია, რომ პრეპარატი უნდა გაიყიდოს რეცეპტით! ჩვენთან კი ურეცეპტოდაც იყიდება.

- ამკრძალავი ბერკეტები არ არსებობს?

- აკრძალა სახელმწიფომ, მაგრამ ბევრი აფთიაქი მაინც ყიდის. გაყიდვის შემთხვევაში აფთიაქი 3.000 ლარით დაჯარიმდება, თუ მეორედაც გამოიჭირეს - უკვე 6.000 ლარით, მაგრამ მოგება ისეთი დიდია, რომ ეს თანხა არაფრად უღირთ. თუმცა არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამ პროცესებს უნდა არეგულირებდეს და პასუხს აგებდეს...

- გამოდის, რომ გამოსავალი არ არის, თაობა იღუპება...

- მერე რა მოხდა, ერთხელ ხომ დავღუპეთ თაობა - ომის პერიოდში; მეორე თაობა "სუბოტექსით" დავღუპეთ, ახლა კი "ლირიკით" დავღუპავთ. მალე, მარიხუანის ლეგალიზაციას მოახდენენ და ასე შემდეგ... ვის ენაღვლება თაობები...

- "ლირიკაზე" დამოკიდებულება იკურნება?

- ხანგრძლივი თერაპიით, მაგრამ ექიმთანაც რომ არ მოდიან? მოდიან მაშინ, როცა ადამიანი ფსიქიატრიულშია დასაწვენი.

- რას ურჩევდით მოზარდებს?

- დაანებონ თავი ამ საშინელების ყლაპვას და თუ რამე პრობლემა აქვთ, მიმართონ ფსიქოლოგს, მეგობრებს. ცხოვრებით ტკბობისთვის ნარკოტიკები არ არის საჭირო. ალტერნატივა ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრებაა: ცხენი, ველოსიპედი, ფეხბურთი... უამრავი საშუალება არსებობს, რომ თავი კარგად იგრძნო.

ლალი დავითაია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული სამსახურის ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის განყოფილების უფროსი:

- ჯანდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანებით შევიდა ცვლილებები "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის #22/ნ ბრძანებაში.

ეს არის ნორმატიული აქტი. ამ ნორმატიული აქტით მედიკამენტთა უკვე არსებულ ნუსხას დაემატა "პრეგაბარინი", ეს არის "ლირიკის" საერთაშორისო სახელწოდება. პრეპარატი "პრეგაბარინი" საქართველოში ორი სავაჭრო დასახელებით არის დარეგისტრირებული. ესენია "ლირიკა" და "ჰელიმონი". ბრძანებაში მითითებულია, რომ ის ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. უკვე არსებობს ელექტრონული ვერსიაც და მას იურიდიული ძალა აქვს.

ახალი ნორმატიული აქტის თანახმად, ამ პრეპარატების ბრუნვის უფლება აქვთ მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე აფთიაქებს - ამ პრეპარატს თავისი სამედიცინო დანიშნულება აქვს, ხომ ვერ გავანადგურებთ?! ამჟამად მას ის აფთიაქებიც ყიდიან, რომლებსაც მისი ლეგალური ბრუნვის ნებართვა არ აქვთ. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ასეთი აფთიაქები წამალს ან მომწოდებელს დაუბრუნებენ, ან გადასცემენ ისეთ დაწესებულებას, რომელსაც მისი ბრუნვის ლეგალური უფლება ექნება. ნორმატიული აქტის თანახმად, ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ანუ რეცეპტით - ფორმა 2-ით უნდა გაიყიდოს.

- თუ მაინც აღირიცხა ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი?..

- თუ ამ ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ წამალი კვლავ გაიყიდა ურეცეპტოდ, აფთიაქს დაეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მკაცრი ზომები ამოქმედდება, ნორმატიული აქტი კანონის ძალას შეიძენს და დამნაშავე უკვე კანონის შესაბამისად დაისჯება.

ცნობისათვის

პრეპარატი "ლირიკა" გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ (პარციალური გულყრები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე) მოზრდილებში. "ლირიკას" დანიშვნა ხდება ექიმის მიერ ეპილეფსიის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობა არ არის საკმარისი გულყრების კონტროლისათვის. "ლირიკას" გამოყენება არ ხდება განცალკევებულად, არამედ სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად. მკურნალობის დაწყებისას გულყრების სიხშირე კლებულობს პირველი კვირის მანძილზე.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)