"გზამ" კიდევ ერთ მკითხველს მამა აპოვნინა

"გზამ" კიდევ ერთ მკითხველს მამა აპოვნინა

"გზაში" ხშირად დაწერილა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების სიდუხჭირის გამო მეგობრები, ნათესავები, დედმამიშვილები, მშობლები დაკარგეს... ხშირად, მათი უკანასკნელი იმედი ჩვენი ჟურნალია. ისეთი ფაქტებიც გვახსოვს, როცა დიდი ხნის დაკარგულმა მეგობრებმა, დედა-შვილმა ან სულაც ნაცნობებმა იპოვეს ერთმანეთი... დღეს ბედნიერი ვარ, რომ ერთი ასეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ: შეგახსენებთ, რომ "გზის" მე-16 ნომერში დაიბეჭდა გზავნილი - "უპატრონო", სადაც მოგითხრობდით დედის საქციელით გულნატკენი ბიჭის ამბავს, რომლის მთავარ მიზანსაც დაკარგული მამის პოვნა წარმოადგენდა. ბექას დედა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის შვილი იყო... ძალიან პატარას, სოფლელი, ღარიბი ბიჭი შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა... რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა გააცნობიერა თავისი ნაბიჯი და სოფლური ყოფით თავმობეზრებულმა, წასვლის, დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. ბექა უკვე დიდი იყო, როცა დედის უკრაინაში გათხოვების გამო მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩააბარეს. მის სანახავად მხოლოდ ბებო მიდიოდა ხოლმე, რომელიც სისტემატურად აწვდიდა ამბებს დედის უკრაინული ცხოვრების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას კი, ბექას დის, თათიას დაბადება აცნობეს. უამრავჯერ გაიქცა ბავშვთა სახლიდან და უამრავჯერ დააბრუნეს... მორიგი გაქცევისას კი, უკვე მოზრდილმა, ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით: დედას ყველაფერი აპატია, თათია მთელი გულით შეიყვარა, სახლისა და გულის კარი გაუღო, ბავშვიც შეეძინა... ერთი შეხედვით ბედნიერ კაცს, მამის გაცნობა აკლდა... სწორედ ამ მიზნით გამოვაქვეყნეთ ზემოხსენებული ამბავი "გზაში" და გულის ფანცქალით დაველოდეთ გამოხმაურებას. მალევე ერთ-ერთმა გოგონამ ინფორმაცია მოგვაწოდა რევაზ ბოტკოველის შესახებ...

გვიამბო მისი გერმანიაში წასვლის, ახალი ოჯახის, სამსახურის, საქმიანობის შესახებ. აღდგომის დღეებმა ჩაიაროს, შევხვდეთ და უფრო დეტალურად აგიხსნით ყველაფერსო, დაგვპირდა. უსასრულოდ გაიწელა დღეები მისი ზარის მოლოდინში... ბექამ იმედიც კი დაკარგა, მაგრამ მალე კარგი ამბავი ამცნეს: მამაშენი გერმანიაში ცხოვრობს, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობს და ახლა, შვილებთან, შენს ნახევარძმებთან ერთად, საქართველოშია ჩამოსული, არდადეგებს მთებში ატარებსო... ახლა, როცა ოცნება აუხდა, როცა თავის მიზანთან ასე ახლოს იყო, არ იცოდა, რა ექნა... სად შეხვედროდა, რა ეთქვა, ხელი ჩამოერთმია თუ გადახვეოდა, დაერეკა თუ პირდაპირ ჩასულიყო, ესაყვედურა თუ სიყვარულში გამოსტყომოდა... როცა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა, ყველა ის გეგმა ამოუვარდა თავიდან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ადგენდა... გონს მოსულმა გააცნობიერა, რომ ბავშვობის ოცნებას - მამას ეხუტებოდა... ირგვლივ ნათესავები, ძმები, ბიძაშვილები... სუფრა გაიშალა, სადღეგრძელოები ითქვა... - მეგონა, დედაშენი არ დამრთავრდა ნებას, მენახე... დღეიდან, ყველაფერი სხვანაირად იქნება... აღარასდროს დაგტოვებ, შვილოო...

P.S. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთმა დაკარგულმა შვილმა იპოვა მამა, ისიც მახარებს, რომ ეს "გზის" მეშვეობით მოხდა და, რაღა თქმა უნდა, ისიც, მცირე წვლილი მეც რომ მიმიძღვის ამაში.

P.P.S. ვიცი, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ჩემს ფანტაზიას მიაწერს. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: შეგიძლიათ, მოძებნოთ ჩემს მეგობრებში თავად ბექა და ჰკითხოთ ყველაფერი ან ლაკვასტს დაეკითხოთ, რომელიც ბოტკოველის უახლოესი მეგობარია...Pჩემი აზრით, დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო... შეიძლება, ბექას მსგავსად, 28 წელი მოანდომო ცხოვრების მთავარ კარში გოლის გატანას, მაგრამ შედეგი დაუვიწყარ სიხარულს მოგანიჭებს... გამარჯვებას გისურვებთ! რუისპირი (გრეენ)".

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება