ონორე დე ბალზაკი - ოჯახური საბჭოს მიერ გამოტანილი განაჩენი

ონორე დე ბალზაკი - ოჯახური საბჭოს მიერ გამოტანილი განაჩენი

ფრანგი კლასიკოსი, ნატურალისტური რომანის მამა ონორე დე ბალზაკი არა მხოლოდ ფრანგული, მსოფლიო ლიტერატურის მშვენებაა. 1820-1830-იან წლებში ფრანგულ რომანტიკულ ლიტერატურაში ორი ძირითადი მიმართულება იყო - პიროვნების რომანი და ისტორიული რომანი. ბალზაკმა ორივეზე უარი თქვა და შეეცადა მთელი საზოგადოების, მთელი ფრანგი ხალხის სურათი ეჩვენებინა, რაც გამოუვიდა კიდეც.

ონორე დე ბალზაკი 1799 წლის 20 მაისს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ტურში. მამამისი ფრანსუა ბალსა გლეხი იყო, რომელმაც რევოლუციის წლებში აზნაურთათვის ჩამორთმეული მიწების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა ქონება, მოგვიანებით კი ტურის მერის თანაშემწე გახდა. ახალ სამსახურსა და სოციალურ სტატუსს მორგებულმა "მშობლიური" გვარი, რომელიც პლებეურად მიაჩნდა, ბალზაკად შეცვალა. 1830-იან წლებში კი, თავის მხრივ, ონორემაც შეუცვალა ფორმა გვარს, თვითნებურად დაუმატა თავადური ნაწილაკი "დე" და ეს გაამართლა გამონაგონით, თითქოს ბალზაკ დ-ანტრეგის წარჩინებულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.

ონორეს დედა ქმარზე 30 წლით იყო უმცროსი. ონორეს უმცროსი ძმა ანრი სასახლის მფლობელი იყო.

1807-1813 წლებში ონორე ქალაქ ვანდომის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ - პარიზის სამართლის სკოლაში, იმავდროულად სანოტარო კანტორაში კლერკად მუშაობდა. ბალზაკის მამა მიისწრაფოდა, შვილი საადვოკატო მოღვაწეობისთვის მოემზადებინა, მაგრამ ონორემ პოეტობა გადაწყვიტა. ოჯახურ სა­ბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, ორი წელი მიეცათ მისთვის ოცნების ასრულებისთვის. ონორემ დაწერა დრამა "კრომველი", თუმცა კვლავ მოწვეულმა საოჯახო საბჭომ ნაწარმოები უვ­არგისად მიიჩნია და მატერიალურ დახმარებაზე უარი განუცხადა. ამას მოჰყვა მატერიალური პრობლემების პერიოდი.

ბალზაკის ლიტერატურული მოღვაწეობა დაახლოებით 1820 წლიდან დაიწყო, როდესაც სხვადასხვა ფსევდონიმით ბეჭდავდა მძაფრსიუჟეტიან რომანებს და მაღალი საზოგადოებისკენ მიმართულ ზნეობრივ "კოდექსებს". მოგვიანებით მისი რამდენიმე ახალი რომანი გამოვიდა ორას დე სენტ-ობენის ფსევდონიმით. ანონიმური მოღვაწეობის პერიოდი დასრულდა 1829 წელს და დაიწყო მისი აღიარებისკენ მიმავალი გზა, რომელსაც საფუძველი დაუდო რომან "შაგრენის ტყავის" გამოქვეყნებამ 1830 წელს. ამას მოჰყვა ნოველების გამოცემა თანამედროვე ფრანგული ცხოვრების შესახებ. მოგვიანებით ბალზაკმა გადაწყვიტა, ერთიანი გმირებით დაეკავშირებინა უკვე დაწერილი და მომავალი ნაწარმოებები და ისინი ერთ ეპოპეად გააერთიანა, რომელსაც მოგვიანებით "ადამიანური კომედიები" უწოდა.

სხვათა შორის, ბალზაკმა ორჯერ სცადა პოლიტიკური კარიერის აწყობაც - 1832 და 1848 წლებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა დეპუტატთა პალატაში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გავიდა. 1849 წელს წარუმატებლობა ხვდა ფრანგული აკადემიის არჩევნებშიც.

1832 წლიდან დაიწყო ბალზაკის მიმოწერა პოლონელ არისტოკრატ ე. განსკოიასთან, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა. მწერალმა მას პეტერბურგსა და უკრაინაშიც ჩააკითხა. ოფიციალურად კი თავის სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე იქორწინა მასზე - 1850 წლის 18 აგვისტოს, პარიზში.

1858 წელს ონორე დე ბალზაკის დამ, ქალბატონმა სიურვილმა დაწერა მწერლის ბიოგრაფია, რომელშიც ბევრი ეპიზოდი შეიტანა მისი ცხოვრებიდან.

ბალზაკის მიერ დატოვებულ შემოქმედებით მემკვიდრეობაში არის მოთ­ხრობები, ნოველები, ფილოსოფიური ეტიუდები, რომანები და პიესები.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს