ერთი კაცი და გავდივართ

ერთი კაცი და გავდივართ

ახლა ამ გზავნილს კახეთის ცის ქვეშ, ჰამაკში ნებივრად მოკალათებული გწერთ და გულით გითანაგრძნობთ თბილისის სიცხეში დარჩენილთ. მინდა, ჩემი კახეთში გამომგზავრბის შესახებ მოგიყვეთ: დიდი ხანია, სოფელში არ

ვყოფილვარ და ისე მენატრებოდა აქაურობა, თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე გავვარდი სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე. არადა, შემეძლო, მეორე დღეს კომფრტულად მემგზავრა ავტომობილით. მაგრამ ისე მინდოდა წამოსვლა, არარ მიფიქრია, როგორი სიცხე იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მოკლედ, ბილეთი შევიძინე და ბედნიერმა ავაბიჯე "მარშრუტკაში". ხალხი სიხარულით შეხვდა ჩემს გამოჩენას და მისაყვედურეს კიდეც, თანამგზავრიც რომ გყოლოდა, ხომ გავიდოდა უკვე ეს წურბელაო? - მძღოლზე მიმანიშნეს. ის "ტრადიციულად", - აბა, ერთი კაცი და გავდივარო, გაიძახოდა. მზის გულზე გაჩერებულ მანქანაში მგზავრების მოთმინებამ პიკს მიაღწია და ერთმანეთს უკმაყოფილებას უზიარებდნენ. ერთმა ქალმა კივილი დაიწყო. სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი გამახსენდა "დათა თუთაშხიადან" და გამეღიმა, მაგრამ რადგან ეს ღიმილი იმ სიტუაციაში თანამგზავრთა ღალატის ტოლფასი იყო, სასწრაფოდ მოვსხიპე სახიდან და "გზის" ფურცლებს ჩავაცქერდი. - ნეტავ შენ, რომ კითხვის გული გაქვს, შვილო, - მითხრა შუახნის ქალმა და შუბლზე "ნაბეღლავით" დასველებული ცხვირსახოცი მიიკრა. პასუხად საცოდავად დავაქნიე თავი და მეც დანარჩენებივით იმ ერთადერთს დავუწყე ხალხში ძებნა, ვინც მესიასავით გვიხსნიდა გასაჭირიდან.

უზარმაზარჩანთებიანი გოგო გმოჩნდა და გურჯაანის ბილეთი მოითხოვა. - არიქა, გვეშველა, დაფაცურდა იმედმიცემული საზოგადოება. - მაგხელა ბარგით ვერ წაგიყვან, - სასიკვდილო განაჩენივით გაიჟღერა მძღოლის სიტყვებმა. ამაოდ ველოდეთ ბოლო მგზავრს და სანამ არ დაემუქრა ხალხი, ჩვენც ჩავალთო, არ გვაღირსა წამოსვლა. სიცხისგან სიცოცხლისხალისდაკარგულებს ისეთი მუსიკა ჩაგვირთო, პროტესტის გამოხატვის უნარიც დავკარგეთ.

ეტყობა, ისეთი შეწუხებული სახე მქონდა ზედმეტად დარდიმანდული მელოდიებისგან, რომ გვერდით მჯდომ ქალბატონს შევეცოდე და კანფეტი გამომიწოდა, - "მეატნია", გულზე მოგეშვებაო. ის იყო, მგზავრების აღშფოთება ფანჯრიდან მონაბერმა ნიავმა გააგრილა, რომ ლილოში "ის ერთადერთიც" გამოჩნდა, რაც გამოცდილი მძღოლის თვალს არ გამოეპარა და ისე უცებ დაამუხრუჭა, წინა რიგში გოგონას ნაყინი გადასცდა საყლაპავში და უკნიდან კახურად მიაწყევლეს: - გაგისკდეს გული, ჩვენ რომ მიგვიყან, მერე! - მოკლედ, გაჩერებაზე ჩამოსულს მარტო იმის თავიღა მქონდა, დავრეკე და წამიღეთ-მეთქი, ვითხოვე. ახლა კი ვტკბები მშობლიური მთების ნიავით, მაგრამ მალე შევუერთდები თბილისურ ხვატს და ჩავერთვები დედაქალაქის საქმიან ფერხულში. არ მოიწყინოთ. გკოცნით, თქვენი პარიჟანკა.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება