ტელეწამყვან ანი ქორქიას ნამდვილი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული "უპრეცედენტო ასაკის" ბიჭია. ვირტუალურ სამყაროში, "პატარა ავტობუსის ფოტოსთან" დაწყებული ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში სერიოზულ გრძნობად იქცა...
- ანი, დიდი ხანია, შეყვარებული ხარ?
- უკვე 6 თვეა. ეს გატაცება არაა, ძალიან ძლიერი, ორმხრივი, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ მხიარული ხასიათი მაქვს, პირად ურთიერთობაში რთული ვარ: თუ ადამიანი არ "მომერგო", მასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. ხასიათის ისეთი შტრიხები უნდა ჰქონდეს, როგორიც მომწონს. არიან გოგონები, რომლებიც ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, რაღაცებს თმობენ. მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები.
- გვითხარი, როგორია შენი რჩეული?
- ძალიან მომწონს, როცა ბიჭი "დასტოინად" იქცევა. როცა პიროვნებასთან ვურთიერთობ, ბევრ რამეზე ვფიქრობ. მისი ხელოვნური, "დაყენებული" ქცევებით არ ვტყუვდები. ჩემი რჩეული პირდაპირი, თბილი, ერთგული ადამიანია. მას ბევრი კარგი თვისება ნამდვილად აქვს, რაც ძალიან მხიბლავს. იმავდროულად, კაცური ხასიათი აქვს: ზედმეტს ვერ აკადრებ. მასში სისუსტეები რომ დამენახა, ჩემს თვალში მისი შეფასების დონე დაიწევდა - შეიძლებოდა, ურთიერთობაში ძალიან მალე გავციებულიყავი. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ძალიან კარგი მეგობარია, რომელსაც ყველაფერზე დაველაპარაკები, ყველაფერს ვანდობ... ასეთივე ვარ მე მისთვისაც. ბევრ ბიჭთან ერთად გავიზარდე (სანათესავოში, სამეგობროში, ეზოში მხოლოდ ბიჭები იყვნენ). კარგად ვიცი, როგორ შეიძლება გოგომ ბიჭს მეგობრობა გაუწიოს. ალბათ, ესეც დამეხმარა, რომ ჩემი რჩეულისთვის ჩერჩეტი, მეოცნებე გოგო კი არა, საყვარელი ქალი ვარ.
- გრძნობებში გასარკვევად რა დრო დაგჭირდა?
- 1 თვე. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან მიმაჩნია, რომ შეცდომების დრო აღარაა. საერთოდაც, შეცდომების დაშვება არ მიყვარს. როცა რამე ფუჭდება, საკუთარ თავს ვამტყუნებ - ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ჩემი გრძნობა ბევრჯერ "გავზომე" და მერე "გავჭერი".
- პირად ცხოვრებაში არასოდეს გადაგიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ახლა შეცდომად მიიჩნევ?
- ისეთი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, რაც მინანია. ყოველთვის ჭკვიანი გოგო ვიყავი. ამაყი ხასიათი მაქვს და ვცდილობ, სანანებელი არაფერი გამიხდეს და ჩემს სიამაყეს ბზარი არ გაუჩნდეს.
- გაგვაცანი შენი რჩეული...
- ჩემი რჩეული კახა ჩიქოვანია. ამ ასაკის ბიჭი პირველად მომეწონა. ჩემზე 1 წლით უფროსია. მსგავსი პრეცედენტი ურთიერთობაში არ მქონია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება, ჩემზე 15 წლით უფროსი მამაკაცი მომეწონოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალგაზრდები არიან, ბიძებად უფრო აღვიქვამ. ვფიქრობდი, რომ 7-8 წლით უფროსი ბიჭი ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა, რადგან ვატყობდი - ბიჭი გოგონაზე გვიან ყალიბდება. კახას შემთხვევაში, ეს პრობლემა არაა - ჩამოყალიბებული, მდგრადი ხასიათის პიროვნებაა.
- შენი პირველი სიყვარულია?
- შეიძლება, ადამიანთან თავს ძალიან კარგად გრძნობდე, მაგრამ ეს სრულფასოვანი გრძნობა არ იყოს. ჩემთვის ეს პირველი, ნამდვილი სიყვარულია.
- კახა რას საქმიანობს?
- პატარა იყო, როცა საქართველოდან გაემგზავრა. ბარსელონაში ცხოვრობდა, უნივერსიტეტი იქ დაამთავრა. ელექტრონული მუსიკის ჩამწერი სტუდია - "მინიბასი" აქვს. ამ სტუდიის შესახებ გაგონილი მქონდა: რამდენიმე წლის წინ, ძალიან კარგი ფესტივალი ჩაატარა - 7 არაჩვეულებრივი დიჯეი ჩამოიყვანა. სამწუხაროდ, ფესტივალზე ვერ მოვხვდი. მერე "ფეისბუკზე" "მინიბასმა" მეგობრობა შემომთავაზა. თურმე კახა ყოფილა. "ფეისბუკზე" უცხო ადამიანები მეგობრების სიაში არ მყავს, ორგანიზაციებს კი ვუმეგობრდები. კახა ჩემს ცხოვრებას საიტიდან აკვირდებოდა: სურათებს, მეგობრებთან მიმოწერას... ერთი-ორჯერ "კედელზე" საინტერესო მუსიკაც დამიდო. რამდენჯერმე თავადაც ვთხოვე, რაიმე ახალი და კარგი მუსიკა ხომ არ გაქვს-მეთქი? არ ვიცოდი, "ფეისბუკზე" დადებული, პატარა ავტობუსის სურათის უკან ვინ იდგა. არ შევუწუხებივარ. მე და კახას ერთმანეთი "ფეისბუკით" არ გაგვიცნია: ერთმანეთთან მშრალი მიმოწერა გვქონდა. სხვათა შორის, მიკვირდა და ვფიქრობდი, გოგონა ხომ არაა-მეთქი? როცა ბიჭს გამოელაპარაკები, ამით სარგებლობს და ცდილობს, საუბარში შეგიყოლიოს. ამიტომაც ვთქვი, რომ კახა "დასტოინია" (იცინის), რადგან ასე არ იქცეოდა.
- ერთმანეთს სად შეხვდით?
- მეგობრების წრეში. ვიზუალურად ძალიან მომეწონა. ნელ-ნელა მისი ხასიათი, თვისებები შევისწავლე. 1 თვის განმავლობაში ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მეგობრულ ფარგლებს არ გასცდენია. შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ღირდა. ერთმანეთთან დიდი გრძნობა გვაკავშირებს.
- სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?
- სიყვარული ბანალურად არ აუხსნია - ღამის თბილისის ფონზე, ყვავილით ხელში... შაბათ-კვირას ბაკურიანში ატარებდა, მე კი თბილისში, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. დამირეკა და მითხრა: ძალიან გთხოვ, არ დაიგვიანო, შინ დროზე მიდი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარო. თავიდანვე ვერ ვუთხარი, მეც-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ მეც მიყვარდა და არ დამიმალავს.
- მრავალფეროვანი ურთიერთობა გაქვთ? სიურპრიზს ხშირად გიწყობს?
- კი. ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევს. გოგონების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ბიჭს მიახვედრებენ, რა საჩუქარი უნდათ. პირიქით, შეიძლება, რაღაც მჭირდებოდეს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ ვუთხრა, რადგან ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება მიყვარს. კახამ ზუსტად იცის, რა მომეწონება, რა გამახარებს... ძალიან გემოვნებიანი ადამიანია.
- იქნებ "აგენტი" ჰყავს? შენი ოჯახის წევრებს იცნობს?
- ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემს დას ჰკითხა, - ანის ეს სამკაული რომ ვაჩუქო, კარგი იქნებაო? ლიკამ უპასუხა - არ ვიცი, ჯობს, შენ გადაწყვიტოო. ჩემმა დამ ამის შესახებ მოგვიანებით მითხრა... კახას ფანტასტიკური, ჰარმონიული ოჯახი აქვს. ეს არის ოჯახი, რომელთანაც შეუძლებელია, თავს ცუდად გრძნობდე. ძალიან კეთილები, თბილები, ლამაზები არიან...
- დაოჯახებას როდის აპირებთ?
- თარიღი დათქმული არ გვაქვს, მაგრამ ალბათ, ნიშნობას შემოდგომას არ გადავაცილებთ, შემდეგ კი ქორწილი გვექნება.
- დასასვენებლად ერთად წასვლას არ გეგმავთ?
- ერთად წასვლა ჯერ ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბარსელონაში გაიზარდა, მე კი XXI საუკუნეში მცხოვრები, ახალგაზრდა გოგონა ვარ, ტრადიციებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. შეიძლება, უბრალოდ იქ მომაკითხოს, სადაც ვიქნები (ოჯახთან ერთად). ოჯახის წევრები დასასვენებლად თურქეთში მივდივართ ხოლმე, მაგრამ ამას ახლა როგორ მოვახერხებ, არ ვიცი. ბებია და ჩემი და ბათუმში დასვენებას გეგმავენ. ალბათ, მეც იქ წასვლა მომიწევს, თუ რომელიმე მეგობარი არ ავიყოლიე...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)