ხელისუფლებამ თბილისის ტელეანძა ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი აუქციონზე შეცვლილი - "ალფა-კომის" სახელითაა წარმოდგენილი და ახალ მფლობელს 4 წლის მართვის უფლებით გადაეცემა. დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ გასხვისებული ანძის სარელეო გადასახადებზე იმდენად მაღალი ტარიფები დაწესდება, რომ მათ მაუწყებლობის (ლაპარაკია ობიექტში ჩართულ 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხზე, მათ შორის - "კავკასიასა" და "მაესტროზე") შეწყვეტა მოუწევთ, სამაგიეროდ, ამ თანხას თავისუფლად გადაიხდიან სახელისუფლებო ტელეკომპანიები.
ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მიზერულ თანხად - 10 მილიონ ლარადაა შეფასებული; ამაში შედის 358000 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი და 51 შენობა-ნაგებობა...
ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი წელიწად-ნახევრის წინანდელ პერიოდს იხსენებს, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება საკაბელო არხების მონოპოლიზებას აპირებდა და მალე ჩაიგდებდა კიდეც ხელში.
მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელი:
- თბილისის ანძის სარელეო ტარიფის გაძვირებით, თავისუფალ მედიას, რადიო და ტელეკომპანიებს "დაარტყამენ". ანძით "ტელემაესტრო" კი არა, "რადიომაესტროც" სარგებლობს და ცხადია, ფინანსური პრობლემები შეგვექმნება. ისედაც ძლივს გაგვაქვს თავი. გასულ წლებთან შედარებით, ოდნავ უკეთესი ვითარებაა, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირს... თუმცა "სილქნეტისა" და "კავკასუსის" პასუხთან შედარებით, ანძის პრობლემა რა მოსატანია?! პირდაპირ გვეუბნებიან, - კერძო კომპანია ვართ, არ გვინდა და არ ჩავრთავთ "მაესტროსო". ანძის მესვეურებიც იმავეს იტყვიან...
შევეცადე გამერკვია, რამდენად მიზანშეწონილია სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის კერძო პირის ხელში გადასვლა? შეუქმნის თუ არა პრობლემებს მისი გასხვისება თუ მართვის უფლებით 4 წლით მისი გადაცემა დამოუკიდებელ კომპანიებს და როგორ ხდება განვითარებულ ქვეყნებში ასეთი დანიშნულების ობიექტების მართვა.
ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი:
- თბილისის ანძას დიდი სოციალური დანიშნულება აქვს, მაგრამ რაც მთავარია, უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მსოფლიო პრაქტიკაში, მსგავსი ტიპის ობიექტები ან სახელმწიფოს, ან კერძო კომპანიის მიერ იმართება, მაგრამ ორივეს მკაცრად შეზღუდული და განსაზღვრული პირობები აქვს... თბილისის ანძის შემთხვევაში კი ყველაზე მეტ კითხვას პროცესის გაუმჭვირვალობა იწვევს. არაფერია ცნობილი სავარაუდო კანდიდატების, აუქციონისა და მომსახურების პირობების შესახებ, რაც საზოგადოებაში ეჭვს ბადებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ ობიექტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროფილი არ უნდა შეიცვალოს. ეს უკვე წარმოშობს ეჭვებს, რომ ის ისეთ კომპანიას გადაეცემა, რომელიც ხელისუფლების ინსტრუქციებით იმოქმედებს, - ისე, როგორც თბილისის სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში მოხდა... რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დაწესდეს მომსახურების ფასები და სატენდერო პირობები: ეს საკითხები უნდა განისაზღვროს სატენდერო პირობებშივე და შემდეგ აისახოს კონტრაქტში, კონკრეტულად, რისი უფლება ექნება მმართველ კომპანიას და რისი - არა, მაგალითად: არ უნდა გაზარდოს ტარიფები, არ უნდა გააუარესოს მომსახურების ხარისხი, განსაზღვროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირობები და სხვა..
- დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მფლობელები შიშობენ, რომ ანძის გასხვისების შემთხვევაში, ისინი სარელეო ტარიფს ვერ გადაიხდიან და მაუწყებლობას შეწყვეტენ...
- გამორიცხული არ არის, ასე მოხდეს, თუ პირობებში არ იქნება ჩადებული, რომ მმართველი კომპანია ტარიფებს თავისი ნება-სურვილის მიხედვით არ გაზრდის. მას მართლაც შეუძლია, მცირებიუჯეტიანი ტელევიზიების მაუწყებლობას საფრთხე შეუქმნას. ხელისუფლებაც პასუხისმგებლობას მოიხსნის და განაცხადებს, რომ კერძო კომპანია თვითონ წყვეტს ამ საკითხებს და ის ვერ ჩაერევა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სატენდერო პირობებისა და კონტრაქტის გამჭვირვალობა.
- როგორ ხდება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ანძის მართვაში გადაცემა ან გასხვისება ისე, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიები არ დაზარალდნენ?
- ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში ანძა მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს და მისი მფლობელი, კერძო კომპანია იქნება ის თუ სახელმწიფო, განსაკუთრებულ მონოპოლიურ პირობებში იმყოფება, ისევე, როგორც: გაზგამანაწილებელი, წყალგამანაწილებელი, ელექტროგამანაწილებელი სისტემების მფლობელები. მაგრამ მიდგომა ყველგან ერთნაირია: მისი ოპერირება, მფლობელის სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ რეგულირებას ექვემდებარება.
ნათია კაპანაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი:
- ჩვენ გავეცანით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ პირობებს და დავრწმუნდით - იქ არ არის მითითებული, რომ ახალ მფლობელს მართვის უფლება შეზღუდული ექნება. ასე რომ, დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მფლობელთა შიში რეალურია, რადგან სატენდერო პირობებში არ არის დაზუსტებული, რომ ტელევიზიების დისკრიმანცია არ უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, სარელეო ტარიფი ნებისმიერი მათგანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს... თბილისის ანძის სატენდერო პირობებში ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მითითებულია, რომ მისმა ახალმა მფლობელმა 12 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა უნდა შეძლოს. არადა, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, თუნდაც ეიფელის კოშკის შემთხვევაში, ადგილობრივი კანონმდებლობით ობიექტი იმდენად არის დაცული, რომ კერძო პირის ხელში გადასვლის შემთხვევაში, დამოუკიდებელი ტელევიზიები არ იჩაგრებიან. იქ არსებობს ისეთი დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)