დღეს ცოტას თუ ახსოვს ამის შესახებ, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდის უამრავი თაობის ქალებისთვის რომანტიკული სიყვარულის სიმბოლო გახდა ინგლისელი გუვერნანტის ჯეინ ეარის ამაღელვებელი ამბავი.
თუ არ გავითვალისწინებთ ლათინოამერიკულ "საპნის ოპერებს", რომლებიც XX საუკუნის წარმონაქმნი იყო, მაშინ რომანებს ამაღელვებელ სიყვარულზე ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები და დიდი ბებიები კითხულობდნენ. ასეთი სახის ნაწარმოებები არ შეესაბამებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის იდელოგიას და ამიტომაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მსგავსი წიგნები ქალების მთელი თაობებისთვის მიუწვდომელი იყო.
ახლა ალბათ ყველამ იცის შარლოტა ბრონტეს სახელი, რომელმაც მსოფლიოს ულამაზო კონკიას წრფელი ამბავი აჩუქა და, ბოლოს და ბოლოს, თავისი ბედნიერება მოიპოვა.
სამწუხაროდ, ბევრისთვის უცნობია თავად შარლოტას სევდიანი ამბავი - ჯეინივით უშნო, გამხდარი, სევდიანი და მგრძნობიარე ინგლისელი ქალბატონისა, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დაასაფლავა თითქმის ყველა ახლო ნათესავი და თავად ორმოც წელსაც ვერ მიაღწია, ისე გარდაიცვალა სწრაფმდინარი ჭლექით.
საბედისწერო შემთხვევა
XIX საუკუნის დასაწყისის კონსერვატორულ, პურიტანულ ბრიტანეთში, პროვინციელ ღარიბ გოგონას ოცნებაც კი არ შეეძლო ლიტერატურულ კარიერაზე. შემთხვევითი არ არის, რომ დები ბრონტეების პირველი წიგნები "ძმები ბელების" ფსევდონიმით დაიბეჭდა. შარლოტას ხვედრი უნდა ყოფილიყო ოჯახი, შვილები, ქმარი ან მონასტერი თავისი მკაცრი ტიპიკონით და რეალური ცხოვრების უარყოფით. რომანტიკულ სიყვარულზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო! მაგრამ ასეთები როდი იყვნენ სამრევლო მღვდელ პატრიკ ბრონტესა და მისი სათაყვანებელი მეუღლე მერის ოჯახში დაბადებული ბავშვები.
როდესაც მერი გარდაიცვალა და ინგლისის ერთ-ერთ პროვინციულ სოფელში დაასაფლავეს, სადაც მისი ქმარი სამრევლო ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა, შარლოტა მხოლოდ ხუთი წლის იყო, მაგრამ მან სამუდამოდ შემოინახა მეხსიერებაში დედის მხიარული, ცოცხალი ხასიათი, მისი შვილებისადმი გულისხმიერი მოპყრობა, რომელიც, შარლოტას გარდა კიდევ ხუთი ჰყავდა. დედის სიცოცხლეში სახლში ხშირად ისმოდა სიმღერისა და მუსიკის ხმა, რომელიც მერის გარდაცვალებასთან ერთად გაქრა.
პატრიკს უჭირდა მარტოობაში შვილების გაზრდა, ამასთან დიდი სამრევლოც ბევრ ენერგიას ართმევდა, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარულით ემსახურებოდა უფალს. ბრონტეების ოჯახში ფორმალურად ბავშვებს არაფერს არ უკრძალავდნენ, ისინი გულწრფელად უყვარდათ და ცდილობდნენ კარგი განათლება მიეცათ. მაგრამ მამის გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი უარყოფითად აისახა შვილების ცხოვრებაზე. ამასთან, გოგონები, ისინი კი ხუთნი იყვნენ, მტკივნეულად ახსენებდნენ მას გარდაცვლილ მეუღლეს. შეიძლება ამიტომაც, პატრიკ ბრონტემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - ქალიშვილები ობოლ ბავშვთა ერთ-ერთ თავშესაფარში გააგზავნა. ყველაზე კეთილი განზრახვა, სამწუხაროდ, ტრაგედიად გადაიქცა - ორი უფროსი და, ავადმყოფობისა და ოჯახისგან მოწყვეტის გამო, შარლოტას თვალწინ დაიღუპა.
როცა ამის შესახებ პატრიკმა გაიგო, დანარჩენი ქალიშვილები სასწრაფოდ შინ წაიყვანა და მათი შინაგანათლებით დაკავდა. სიდუხჭირის მიუხედავად, პატრიკ ბრონტე ოჯახის საკეთილდღეოდ, ცდილობდა გამოეყო თანხები ბიბლიოთეკის გასაახლებლად და გულდასმით ადევნებდა თვალყურს ბრიტანეთის კულტურულ სიახლეებს.
მიუხედავად ამისა, ბავშვები თავად უვლიდნენ საკუთარ თავს, იძულებული იყვნენ დამოუკიდებლად დაკავებულიყვნენ რაიმე საქმიანობით, რათა ინგლისური სოფლის ფრიად მოწყენილი ცხოვრება გაემრავალფეროვნებინათ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა ბრონტეს ოჯახის ყველა შვილს ხელოვნებით დაკავებულიყვნენ. საკმარისია ითქვას, რომ ისინი ჩვეულებრივი ბავშვური თამაშობების მაგივრად უამრავ თოჯინურ სპექტაკლს დგამდნენ, რომლისთვისაც თავად წერდნენ პიესებს, აკეთებდნენ სათამაშოებს, ძმა ბრენუელი დეკორაციებს ხატავდა, ასე ვითარდებოდა და-ძმის ფანტაზია და შემოქმედებითი ნიჭი.
ტრაგიკული დასასრული
საბოლოოდ, მხოლოდ შარლოტამ შეძლო "ნამდვილი" განათლების მიღება, მამამ ქალიშვილი პანსიონში გააგზავნა, რომელიც ინგლისში კარგად იყო ცნობილი სწავლისა და აღზრდის გამორჩეული მეთოდით. გოგონამ 1832 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა სასწავლებელი და იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ხელმძღვანელობაზე, რომ პანსიონის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი იქ მასწავლებლად იმუშავა. სიცოცხლის ბოლოს შარლოტა იმ წლებს ყველაზე მშვიდსა და ბედნიერ პერიოდად მიიჩნევდა.
სხვათა შორის, წარმატებით დაამთავრა იგივე პანსიონი შარლოტას უმცროსმა და ენიმაც. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ბედს აღარ გაუნებივრებია მწერალი თავისი საჩუქრებით. მისმა ოცნებებმა რეალიზება ვერ პოვა: აუხდენელი დარჩა დების სურვილი დაეარსებინათ თავიანთი პატარა სკოლა გოგონებისთვის. დაიმსხვრა მათი ძმის ოცნებაც, დიდი მხატვარი გამხდარიყო - პირველივე მისი გამოფენა ჩაფლავდა. ბრენუელი საკუთარ თავში ჩაიკეტა, გალოთდა, ხასიათი გაუფუჭდა, ხშირად ჩხუბობდა, ოჯახის მთელ ფულს დასალევში ხარჯავდა.
ცივ სახლში შარლოტას დები გამუდმებით ავადმყოფობდნენ, თავად გოგონა რომანტიკულ იმედს მოეცვა, რომლებიც საბოლოოდ თავის რომანებში ასახა. ბრონტეს არც სიყვარულში უმართლებდა: თავის უმცროს და ენისთან ერთად ხან უიმედოდ უყვარდა მამის თანაშემწე, რომელიც უკვე სხვაზე იყო დანიშნული. ხან ცოლიანი მამაკაცის ვნებიანი სიყვარული იპყრობდა, რომელიც ხუთი შვილის მამა და მასზე ბევრად უფროსი გახლდათ. ამასთან, დასაწყისისთვის ეს კაცი დაუნდობლად აქეზებდა მის სიყვარულს და მხოლოდ ცოლის ეჭვიანობამ აიძულა ზურგი შეექცია საწყალი გოგონასთვის.
გულის სიღრმეში ღრმად დამარხული და მისი წიგნების გვერდებზე გადმოტანილი ეს განცდა მომავალში ყველასთვის ცნობილ რომანებად გადაიქცა. შარლოტას და ემილიმ სახელი თავისი ლექსებით გაითქვა, მისი ერთადერთი რომანი "ქარიშხლიანი უღელტეხილი" მისი სიკვდილის შემდეგ აღიარეს.
შარლოტამ კი, ბოლოს და ბოლოს, ოთხი რომანი გამოსცა. რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი საწყალი გუვერნანტ ჯეინ ეარის ამბავი გახდა.
მწერალს დიდება ეწვია. მას ყურადღება მიაქცია სახელგანთქმულმა რომანისტმა უილიამ თეკერეიმ, მას იწვევდნენ ინგლისელ ინტელექტუალებთან შეხვედრებზე, გამომცემლები კი მისი ახალი ნაწარმოებების გამოქვეყნებისთვის იბრძოდნენ.
მიუხედავად ამისა, მწერლის პირადი ცხოვრება კვლავინდებურად მოსაწყენი და ტრაგიკული იყო: დაასაფლავა საყვარელი და ემილი და საბოლოოდ გალოთებული ძმა. და-ძმის შემდეგ ენიც გარდაიცვალა და მწუხარებისგან შეიშალა მოხუცი მამა. შარლოტას გულით ეწადა სიყვარული და ვინმეს მხარდაჭერა, მაგრამ ერთ-ერთ გამომცემელთან მორიგი რომანი მაინც არ დამთავრდა ქორწინებით. ბედის დარტყმებთან მარტოდმარტო ბრძოლით დაღლილი შარლოტა დათანხმდა ცოლად გაჰყოლოდა ახალგაზრდა მღვდელს. მისმა ქორწინებამ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა და დედად გახდომაც ვერ შეძლო. ფეხმძიმე მწერალი სწრაფმდინარი ჭლექით გარდაიცვალა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)