ტელეწამყვანი სალომე კასრაძე და მეიგავე ნიკა წულუკიძე სამი წელია მეგობრობენ. მათთვის "გამოცდის" ჩატარება ტელეკომპანია "იმედის" ეზოში გადავწყვიტეთ. სანამ ინტერვიუს სალომესთან ვწერდით, ნიკა მოუსვენრად იჯდა მოშორებით სკამზე, ცხარობდა, მასზე რომ ვლაპარაკობდით და არ ესმოდა. სიცხითა და მარტოობით შეწუხებული რეპლიკებს არ გვაკლებდა, მოდით აქეთ, მანდ გველებია და ცხელაო. მოთმინების ფიალა რომ აევსო, უკანა მხრიდან მოგვეპარა და გვისმენდა. ბოლოს ჩემი ფოტოგრაფი ამოიჩემა, მოდი დამელაპარაკე, ან სურათი მაინც გადამიღე და მერე მივამონტაჟოთ სალომესო. მოკლედ, მეგობრების გამოცდამ ძალიან მხიარულად ჩაიარა. შედეგი კი თავად ნახეთ.
- სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?
სალომე:
- ნიკა ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი. მე გოგოს მეჯვარე ვარ და ნიკა მისი ქმრის მეგობარი აღმოჩნდა.
ნიკა:
- ჩემს ბავშვობის მეგობარს სალომეს ბავშვობის მეგობარი ჰყავს ცოლად და მათი მხრიდან გავიცანი. სალომე მაშინაც ულამაზესი იყო, ისევე, როგორც ახლა. მისი პირველი რესპონდენტი მე ვიყავი, მაშინ თეატრალურში ვსწავლობდი.
- რა წარმოდგენა შეგექმნა თავიდან მასზე? როგორ გგონია, მას რა შთაბეჭდილება დარჩა შენზე?
სალომე:
- წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავიდანვე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ძალიან ბევრი გვაცინა. მისი მიმიკები და მეტყველების მანერა ჩემთვის ცოტა უცხო იყო, ვიფიქრე, რომ 15 წლით უფროსი იყო ჩემზე. მგონი, მასაც მოვეწონე, მივხვდი. ნიკა პირდაპირი ადამიანია. თუ არ მოეწონე, შეიძლება, პირდაპირ არ მოგახალოს, მაგრამ სიმპათია თუ გაუჩნდა, ნამდვილად არ დამალავს.
ნიკა:
- არ ვიცი, მას რა შთაბეჭდილება დარჩა, მე ნამდვილად კეთილგანვეწყვე. ერთი ცუდი თვისება მაქვს, როცა ადამიანი ძალიან მიყვარს, ობიექტურობის შერძნებას ვკარგავ. სალომე იმდენად ახლობელია, თუ არის მასში რამე ცუდი, ვერც კი ვამჩნევ.
- რაზე წუწუნებს ხშირად? შენ?
სალომე:
- იმაზე, რომ დრო არ აქვს, სულ სადღაც ეჩქარება. არ არსებობს 15 წუთზე მეტხანს გაგიჩერდეს და დაგელაპარაკოს. ბევრი სამსახური აქვს. სულ დაღლილია და დასვენება უნდა. მე, რაც "დღის შოუში" გადმოვბარგდი და სიუჟეტებზე აღარ დავრბივარ, დროის პრობლემა აღარ მაქვს. თავიდან 2-3 კვირის განმავლობაში "ქრონიკაშიც" ვიყავი და აქაც. მერე მივხვდი, რომ ძალიან რთული იყო, ვიღლებოდი. ის დაღლილობა დღემდე მომყვება და ამაზე ვწუწუნებ ხოლმე.
ნიკა:
- არ უყვარს წუწუნი, უბრალოდ, ეზარება სიარული. სხვა მეგობრები რომ მოდიან ჩემთან, ამას ეზარება და წუწუნებს. მე არ მიყვარს წუწუნი. სალომემ რა თქვა ჩემზე, რაზე წუწუნებსო?
- არ მახსოვს. ისე კი ვიცი, რომ გიყვარს წუწუნი.
- თუ მზის გულზე დამაყენებ გველებში, შეიძლება ავწუწუნდე!
- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
სალომე:
- გაუნათლებლობა, უკულტურობა, გაუზრდელობა. უზრდელი ბიჭები მეც მაღიზიანებენ. არ უნდა ბილწსიტყვაობდეს ბიჭი. მაღიზიანებს, როცა პატივს არ მცემენ. მაღიზიანებს, როცა ჩემი არ ესმით, არ იციან ქალთან მოქცევა.
ნიკა:
- უყურადღებობა, ალბათ. მე ყველაფერში კომპეტენტური ქალები მაღიზიანებენ, ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება რომ აქვთ.
- ბევრი შეგხვედრია ასეთი?
- ისეთი, რომლებსაც სურთ, ყველაფერში კომპეტენტურნი იყვნენ და ასეთად მაჩვენებენ თავს, ბევრია. მიხვდით, ალბათ, ჩემი პასუხის სიდიადეს (იცინის). ქალს მოკრძალება უხდება.
- ბოლოს სად მოილხინეთ ერთად?
სალომე:
- ერთხელ კახეთში ვიყავით ერთად რთველში, სადაც მართლა კარგი დრო გავატარეთ. მერე იყო ნიკას დაბადების დღე და ეს იყო ალბათ ბოლოდროინდელი მოლხენა.
ნიკა:
- ჩემთან სახლში. ახალ ბინაში გადავედი და ჩემთან მოვიდნენ. ბევრჯერ ნახეს, სხვათა შორის, ხშირად ნახულობენ (იცინის). ეტყობა, ახალ-ახალი ნივთების სანახავად და დასათვალიერებლად მოდიან, სხვათა შორის, ხელდამშვენებულები.
- რა უნდა გაითვალისწინო აუცილებლად მასთან ურთიერთობისას? შენთან ურთიერთობისას რა არის გასათვალისწინებელი?
სალომე:
- ნიკა რომ გიყურებს, რენტგენზე გატარებს. ამჩნევს ყველა დეტალს, ტანსაცმლიდან დაწყებული, წონით დამთავრებული. გაკვირდება, რა გაცვია, რაიმე დეფექტი ხომ არ არის შენს ჩაცმულობაში, თმა როგორ გაქვს დავარცხნილი, როგორი მაკიაჟი გაქვს. ძალიან პეწიანია. მე არ ვარ პრეტენზიული. მთავარია, არ გამაღიზიანოს ადამიანმა, თორემ სხვა მხრივ ყველანაირ ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა.
ნიკა:
- იუმორი მისთვის მნიშვნელოვანია. ქვა არ უნდა ესროლო კიდევ (იცინის), არც მე მიყვარს, ქვებს რომ მიშენენ. ეს ხუმრობით, ისე, ვერ ვიტან ორპირ და ფლიდ ადამიანებს. მძულს ისეთები, რომლებსაც სურთ გამოგიყენონ. როგორც რენტგენი, ისე ვხედავ ასეთებს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
- რისი კომპლექსი აქვს? შენ?
სალომე:
- არ უყვარს როცა, მაგალითად, მისგან 50 მეტრის დაშორებით ვზივართ, მასზე ვლაპარაკობთ და არ ესმის (იცინის). ამაზე კომპლექსდება. მე არაფრის კომპლექსი არ მაქვს.
ნიკა:
- მე რომ მკითხო, სალომეზე ლამაზი ქალი ერთი-ორია თბილისში, მაგრამ მას ჰგონია, რომ რაღაც არ უხდება, თმა ისე არ აქვს. მოკლედ, იმის კომპლექსი აქვს, კარგად გამოიყურება თუ არა. მე ბოლო დროს წონის კომპლექსი გამიჩნდა და ახლა მთელი ძალით უნდა დავიწყო ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან. მკაცრი დიეტა დავიწყე, უკვე ოთხი კილოგრამი დავიკელი.
- რას გსაყვედურობს? შენ მას?
სალომე:
- არ მიყვარს ყოველდღე მაკიაჟის გაკეთება და მაგას მსაყვედურობს, რა იყო, წაგესვა რამე თვალზე, ტუჩის საცხი მაინც წაგესვაო, მეუბნება. ნიკა ზედმეტად ყურადღებიანია, ისე დაგარიგებს ჭკუას, ოცი წლით უფროსი გეგონება. ზოგჯერ მამაშვილურ დამოკიდებულებასაც კი ამჟღავნებს. თუმცა ეს ყველაფერი ისე გამოსდის, რომ არ მაღიზიანებს.
ნიკა:
- არ მსაყვედურობს არაფერს. თვითონ რა თქვა, რას ვსაყვედურობო?
- ვაიმე, რატომ გადამეკიდე, ორშაბათს წაიკითხავ "რეიტინგში".
- ორშაბათამდე წნევამ თუ დამარტყა, ნახე მერე (იცინის). არ გადამიყოლა ამათმა გამოცდებმა?! სალომეს როგორ უნდა ვუსაყვედურო. ერთადერთხელ ვიყავი ცუდ ხასიათზე, ერთად ვიყავით მაშინ ერთ-ერთ კაფეში. საკომ ასეთი რამ გააკეთა. მობილურს რომ ვრთავ, ეწერება, - "საკოს უყვარხარ, გაიღიმე, გთხოვ". ასეთ ადამიანს რა უნდა ვუსაყვედურო. თვითონ თქვა, მსაყვედურობსო?..
- რამდენჯერ ჰყვარებია? შენ?
სალომე:
- ამ თემაზე იშვიათად ლაპარაკობს. როგორც ვიცი, არც სხვა მეგობრებთანაა ამ მხრივ გულწრფელი. ჩემი დასკვნით, ალბათ ორჯერ ჰყვარებია. მე ჯერ შეყვარებული არ ვყოფილვარ.
ნიკა:
- არ ჰყვარებია ჯერ. დიმიტრი გელოვანს ეძებს და გავიგე, გარდაცვლილა ის კაცი. რა უნდა ქნას, არ ვიცი. მე რაც შემეხება, თუ სიყვარული არსებობს, რომლისაც მე არ მჯერა და ამაზე თუ გინდა, ცალკე ვისაუბროთ მე და შენ და დაგისაბუთებ რატომ, ალბათ ორჯერ. მესამე იქნება ის, ვინც სულ მეყვარება.
- როგორი მეორე ნახევარი იქნება? შენ?
სალომე:
- ნიკოლოზი იქნება ქმარი, რომელიც ყოველთვის გააკონტროლებს თავის გოგოს, რომ მუდმივად ფორმაში იყოს, ყველას მოსწონდეს. იქნება მზრუნველიც და ეჭვიანიც. მე არ ვიცი როგორი ვიქნები, არც ვფიქრობ მაგაზე.
ნიკა:
- სამზარეულოში ტრიალი ეზარება. მე მისი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ სასიხარულო არაფერი მსმენია. ეჭვიანი არ არის, ყურადღებიანია... მე მკაცრი ვიქნები, მაგრამ არა ყაჩაღი და ჟანდარმი. თუ ქალს არ აინტერესებს როგორ გამოიყურება, მტკვარში უნდა გადააგდო... ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ თუ საეჭვიანოდ გამიხდა საქმე, იქ დამთავრდება ყველაფერი.
- ვის ელაპარაკება მობილური ტელეფონით დღის განმავლობაში ყველაზე მეტს?
სალომე:
- ყველას, სულ ტელეფონზე ლაპარაკობს. მე - ჩემს დებს.
ნიკა:
- მე და სალომეს ერთი საერთო თვისება გვაქვს, - ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. დედა ჩვენთვის ფენომენია. ყველაზე მეტად ამას ვაფასებ სალომეში და სალომესაც იგივე უთქვამს. ასე რომ, სალომე დედას ელაპარაკება ხშირად. მე არ მიყვარს ტელეფონზე ბევრი ლაპარაკი. მარტო ბებიაჩემს უნდა დავურეკო ყოველდღე აუცილებლად და ვუთხრა, რომ კარგად ვარ. ლონდონში ვარ, მილანში, სამტრედიაში თუ ბათუმში, ბებია უნდა მოვიკითხო, გავიგო, რამდენი ჰქონდა წნევა, რა წამალი სჭირდება და რა ენატრება. ბებია ჩემთვის ყველაფერია.
- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
სალომე:
- ერთი-ორი შეიძლება არ დაემთხვეს. მეც ვერ წარმოვიდგენდი, ზოგ შეკითხვაზე პასუხს თუ ვერ გაგცემდით.
ნიკა:
- შენზეა დამოკიდებული, დაამთხვევ თუ არა (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)