" რეიტინგის" გასულ ნომერში ბესო კალანდაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მომღერალი ბესო კალანდაძე " ყოფილი ქმრების" რუბრიკაში ჩავწერეთ, სადაც მან ყოფილ მეუღლე ციცინო შურღაიაზე ისაუბრა. ინტერვიუს ქალბატონი ციცინო გამოეხმაურა, შევეცადეთ, მასთან საუბარი, უცვლელად გადმოგვეცა თქვენთვის. როგორც ქალბატონი ციცინო ამბობს, ამ ინტერვიუში ნათქვამ ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელია.
- თქვენთან საუბარში ბესო კალანდაძე ამბობს, რომ არ მოსწონს ჩემი სამეგობრო. როდესაც მან მოსკოვში სოლოკონცერტი გამართა, აფიშაზე დააწერა, რომ მის კონცერტზე მივიდოდნენ თამრიკო გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, მაგრამ არავინ მოვიდა. არავინ სცა პატივი. ერთ-ერთი მათგანი მე მივიყვანე ძალით. კონცერტი რომ დაიწყო და ბესომ იმღერა " მანანა ვარ პატარაო" , გადაირია ჩემი მეგობარი. მისაყვედურა, ეს სად მომიყვანეო, მაგრამ ჩემი პატივისცემის ნიშნად იმ კონცერტზე იმღერა კიდეც. ერთადერთი თავის საქებარი, რაც ბესოს მოსკოვში გაუკეთებია, კონცერტის ეს ნაწილია და ინტერნეტშიც კონცერტის სწორედ ეს ნაწილი აქვს გამოქვეყნებული.
თუ არ მოსწონს ჩემი მეგობარი და ჩემი სამეგობრო, რატომ ამაყობს ამ ამბით? ბესო იმასაც ამბობს, რომ მე მისი ფანი ვიყავი. სასაცილოა ეს ამბავი. მე ბესო კალანდაძეს არც კი ვიცნობდი. ანსამბლ " 75" -ის კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ. 1985 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ. როდესაც მოსკოვში ერთ-ერთ რესტორანში ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა მითხრა, შეხედე, ბესო კალანდაძეც აქააო, რომელია-მეთქი, ვკითხე. ერთად ოთხი მამაკაცი იდგა. ბესო ერთი ღიპიანი კაცი იყო. ჩვენთან მოვიდა, ლაპარაკის დროს ენა ებმებოდა. ინტერვიუში ჩემზე ხომ გითხრათ, ფსიქიატრთანაა წასაყვანიაო. მე კი, როგორც ნევროპათოლოგი, ვამბობ, რომ ეს ადამიანი ბავშვობაში შეშინებულია და მისი ენაბლუობა, ტიკები და პიროვნების გაორება ამის ბრალია, რამაც ალბათ მის გონებრივ განვითარებას შეუშალა ხელი.
- ხომ არ მოგიყვათ, რისი შეეშინდა ბავშვობაში?
- მითხრა, ერთხელ მატარებელმა გაიარა და შემეშინდაო. თქვენ გეუბნებათ, რომ 47 წლის ასაკში ბავშვურად იჩხუბა პირველ ცოლთან. თავადაც აღიარებს, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ ბავშვურად აზროვნებდა. გამოდის, რომ ამ ადამიანს განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და გეკითხებით ჟურნალისტებს, აქვს მას უფლება, ვინმეზე თქვას, შეურაცხადიაო?
- ბატონი ბესო არ ესწრება ჩვენს საუბარს, მაგრამ მე შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რაც მან თქვა: რომ შევადარე პირველ და მეორე მეუღლესთან ჩხუბი, მივხვდი, რომ მეორესთან შედარებით პირველთან ბავშვურად ვიკამათეო.
- ბესოს არ აქვს წაკითხული იუნგი და ფროიდი. ასე რომ იყოს, ეცოდინებოდა - ყველა ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ წესიერი ადამიანები ჯერ ერთ ადამიანთან ამთავრებენ ურთიერთობას და მერე იწყებენ სხვასთან. ბესოს, როგორც თვითონ ამბობს, სულ ჩემი წონა, ანუ 60 კილო წიგნი აქვს წაკითხული. მარტო საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული და ინსტიტუტი " გრაფიკზე" . საერთოდაც, მე რატომ მომეწონა, ვერ ვხვდები. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ სუფთად ეცვა, სასიამოვნოდ გამოიყურებოდა და კარგად მღეროდა. გვიან მივხვდი, რომ დამუხრუჭებული და ნაკლებად განვითარებული ტვინი აქვს, ეს მისი ტყუილებიდანაც კარგად ჩანს. ვთქვათ, მე მას დავაბრალე ქურდობა და ის ჩემზე გაბრაზებულია. საქმეში არის ბესოს დედის, ქალბატონი მერის სიტყვები, რომლის აუდიოვერსია მაქვს. ამ ჩანაწერში დედამისი მეუბნება, რომ ჩემი ბეჭდები მართლაც ბესოს ცოლს აქვს და მეხვეწება, " ნუ მახსენებ და ნუ იტყვი, მე რომ დავადასტურე, რომ ბეჭდები ბესომ მოგპარა" . მისი ადვოკატიც ამბობს, " ვუშვებ იმას, რომ ბესოს მართლაც აეღო ის ბეჭდები, რადგან მისი ცოლი მთელ თბილისს აჩვენებს იმ სამკაულებსო" . მისი ბავშვობის მეგობარიც მეუბნებოდა, რომ ბესოს ცოლი ხშირად თავს იწონებდა ამ ბეჭდებით სხვადასხვა წვეულებაზე. ამ ყველაფრის შემდეგ, ბესო, რომელიც ასეთი ვაჟკაცია, ვერ ახერხებს თავის გამართლებას. ერთი მე დამაბრალეთ რამე, თუ შეგრჩებათ და თუ ვერ მოვძებნი იმის საშუალებას, რომ თავი ვიმართლო.
მე ძალიან არ მინდოდა, რომ ბესო ამ ბეჭდების ქურდი ყოფილიყო, მიყვარდა და ამიტომ ყველა ძალა ვიხმარე, რომ მისთვის თავის გამართლების საშუალება მიმეცა. ბევრი ვინმე შევაწუხე მოსკოვში და როგორც ლევ ლეშჩენკოს ქურდობა გამოიძიეს სამ წუთში, ასევე მოხდებოდა ჩემ შემთხვევაშიც. დეტექტორზე შემოწმებაზე ბესომ უარი თქვა. შუა საუბრიდან წამოვიდა, თქვა, ბრონქიალური შეტევა დამეწყოო. ბესომ ისიც მითხრა, ეს ბეჭდები შენმა შვილმა აიღოო. მოგვიანებით მეუბნებოდა, შენ აიღე, რომ ჩემთვის დაგებრალებინაო. კინაღამ მართლა ჭკუიდან გადავედი. სხვათა შორის, ამის მიღწევას ის, მისი ცოლი და ცოლის ერთ-ერთი მეგობარი ვინმე ინეზა ყველა მეთოდით ცდილობდნენ. პირდაპირ მატერორებდნენ. ინეზა მწერდა, რატომ ანგრევ ბესო კალანდაძის ოჯახსო. ვუპასუხე, ბესო ჩემი ქმარია, რას მაბრალებთ-მეთქი. მერე ტურფა (მედეა კალანდაძეს ვგულისხმობ) მატერორებდა. ჰკითხეთ ბესო კალანდაძეს, მის ცოლს ჩემგან ერთი მესიჯი მაინც თუ მიუღია. მეტსაც გეტყვით, ერთხელ მოსკოვში მე და ბესო პირისპირ შევეჩეხეთ ჩემს ყოფილ მეუღლეს, რომელიც კულტურულად მომესალმა და გზა განაგრძო.
- ბესო კალანდაძის პირველ ცოლს ტურფას რატომ ეძახით?
- მე და ბესომ რომ გავიცანით ერთმანეთი, ბესო ცოლზე ზიზღით ამბობდა, უინტელექტო, თავხედი ადამიანია, გასუქებულია და ორთაჭალის ტურფას ჰგავს, დეპრესიაში მაგდებდა, ენერგეტიკული ვამპირიაო. სულ ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, დაწყნარდი-მეთქი. ჩემთან ამბობდა, რომ ცოლის სამეგობრო არ მოსწონდა. ახლა თურმე ჩემი სამეგობრო არ მოსწონს. არც თავისი ყველა მეგობარი მოსწონს.
2008 წელს ბესო ჩემგან ერთი წლის გამოპარული იყო, როცა თბილისში ჩამოვედი. ოთხი დღე მწერდა, შემხვდიო. იმ პერიოდში შეიძლება, თავის ცოლთან ცხოვრობდა, მაგრამ სულიერად ისევ ჩემთან იყო. რატომ მემალები, რატომ გამირბიხარ, შემხვდიო, მწერდა. ასე ხშირად მოუწერია. " თბილისში ჩამოსვლის მერე, რამდენჯერაც მე მედეასთან სექსი მქონდა, იმდენჯერ მოუვიდეს შენი წყევლა ჩემს საკუთარ შვილებს" , - ეს მისი ერთ-ერთი მესიჯია.
- ბატონმა ბესომ ინტერვიუს შემდეგ თქვენგან მიღებული ესემესები მაჩვენა...
- რა ესემესები?
- მის ცოლს ტურფათი რომ მოიხსენიებთ.
- ტურფას მას თვითონ ბესო ეძახდა. ის ქალი 2003 წელს თვითონვე ამბობდა, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და ორ თვეში გათხოვებას აპირებდა, და რომ ბესო მისთვის არავინ იყო. თქვენ თვითონ მიხვდებით, ამას ქართულად რა ჰქვია. ბესო ჩემგან მიწერილ სასიყვარულო მესიჯს ვერ გაჩვენებდათ. - დიახ, იმ მესიჯებს სასიყვარულოს ნამდვილად ვერ დავარქმევ.
- და ამ მესიჯების გამო, როგორც ვიცი, პოლიცია მოგიგზავნათ. თქვა, რომ დაიღალა დღეში რამდენჯერმე თქვენგან გაგზავნილი სალანძღავი მესიჯების კითხვით...
- ჩემთან გამოგზავნილი პოლიცია ბესოს უკანვე გავუგზავნე. პოლიციას ავუხსენი, რომ ევროპის კონვენციის მერვე მუხლის თანახმად, მე უფლება მაქვს, ჩემი პირადი ცხოვრება გავარკვიო. მე მათ ხელი მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე მოვუწერე და ვთხოვე, ჩემს ნაწერებში ჩამოთვლილ საქმეზე საქმე აღეძრათ. ექვსი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოქვეყნებული ყველა ჩემი სტატიისა და ვიდეოს ქვეშ საშინელ კომენტარებს აკეთებენ ბესო და მისი ცოლი. კომენტარები რომ მათი იყო, იმით მივხვდი, რომ ბესოსა და მისი ცოლის გამოგზავნილი მესიჯებიც ზუსტად იმავე ხელწერითაა დაწერილი. ინტერნეტშიც და მესიჯებშიც ერთნაირი სალანძღავი სიტყვებით მომმართვადნენ: სონა, მახინჯო, ჯოჯო და ა.შ. ამიტომ ვწერ ბესოს, მე დამანებე თავი და ტურფა შეიყვარე-მეთქი. მათ სხვა ენით ლაპარაკი არ იციან და მე რა ენით უნდა მივმართო?
თქვენთან ინტერვიუში ბესო იმასაც ამბობს, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ აინტერესებს. ესეც ტყუილია. რამდენიმე დღის წინ ჩემს ადვოკატ გულიკო ანდღულაძეს უთხრა, რომ ისევ ვუყვარვარ და თუ მე " ლამაზად" სადმე დავწერ, რომ ის ქურდი არ არის, დამიბრუნდება.
- ბატონი ბესო თქვენზე ეჭვიანობს?
- კი, და ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ჭკუიდან არის გადასული.
- ახლაც?
- 2008 წელს მწერდა, კანადაში იმიტომ წახვედი, რომ ვიღაც მიშასთან ყოფილიყავიო. 2008 წლის აგვისტოში ჩვენ რომანტიკული შეხვედრა გვქონდა თბილისში. ოთხი დღე მეხვეწებოდა, შენთან შეხვედრის უფლება მომეციო. გვქონდა დიდი სასიყვარულო, რომანტიკული შეხვედრა. ის ჩემთან დაგროვილი სიყვარულით მოვიდა... თუ მე ასეთ ადამიანად მთვლის, რომელმაც მას ქურდობა დააბრალა, რატომ შემხვდა? მერე მე მოსკოვში წავედი და ბესო ერთი თვე კიდევ მწერდა.
- საბოლოოდ რატომ დაშორდით ერთმანეთს?
- იმიტომ, რომ აგვისტოში ჩვენი შეხვედრის შესახებ მედეამ გაიგო და ბესოს შანტაჟი დაიწყო. ალბათ ის ქმარს ჩემი ნივთებით, შვილებით და კიდევ იმით აშანტაჟებდა, რომ განქორწინების ყველა საბუთზე ხელი არ აქვს მოწერილი. მედეას რომ არ გაეგო ამ შეხვედრის შესახებ, ბესო გადასარევად ახერხებდა, რომ მე მოსკოვის ცოლი ვყოფილიყავი და მედეა - თბილისის. მე და ბესო ერთმანეთს 2009 წელს დავშორდით ოფიციალურად...
საშინელი დღეები გამოვიარე. მომდიოდა ამბები, რომ მე მისი ცოლი არ ვიყავი. რომ ბესო ჩემთან ცხოვრობდა იმიტომ, რომ მოსკოვში ჩაწერა სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მძიმე გადასატანია, რადგან ბესო ჩემი ოფიციალური ქმარია. სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინაც კი ბესოს უახლოესმა მეგობარმა მკითხა, სექსი მართლა გქონდათ, თქვენ ხომ ხელი ფიქტიურად გქონდათ მოწერილიო? ვუპასუხე, რა თქმა უნდა - დილით, შუადღეს და საღამოს-მეთქი. მართლაც ასე იყო. არადა, მედეა ავრცელებს ხმებს, რომ ჩემსა და ბესოს შორის არასდროს არაფერი ყოფილა. მეუბნებიან, ბესოს ფანი იყავიო, არავისი ფანი არ ვყოფილვარ ცხოვრებაში.
- რაში სჭირდება ბესო კალანდაძეს ტყუილები?
- ბესო ყველაფერს თავისი ცოლის, მედეას დაკვეთით აკეთებს. პრესაში წავიკითხე, თითქოს ჩემი და ბესოს აგვისტოში იმდროინდელი შეხვედრა მხოლოდ ჩემი ფანტაზია იყო. ბესოსი კარგად მესმის, ცოლმა დააშანტაჟა და დააწერინა ასეთი რამ. მე დამკვეთის, ანუ ცოლის არ მესმის. კაცი შენგან ერთხელ წავიდა, სხვა ცოლი მოიყვანა, შენ მიიღე უკან და მერე ისევ იმ ქალს ხვდება. ხომ უნდა მიხვდე, რომ არ უნდა შენთან ყოფნა? ეტყობა, საქართველოში არსებობს უთავმოყვარეო ქალებით დაკომპლექტებული გაქცეული ქმრების უკან დაბრუნებისა და შენარჩუნების ინსტიტუტი. ხოლო ბესოს ცოლი ამ ინსტიტუტის აკადემიკოსია. როგორც ბესოს მეგობრები ამბობენ, სამსახურსაც კი ტოვებს, მაგრამ ბესოს თავის გარეშე ნაბიჯსაც არ ადგმევინებს. სიტუაცია დიდი კონტროლის ქვეშ აქვს აყვანილი... ბესო თავისივე ტყუილებში გაიჭედა. მოსკოვში ციხიდან რომ გამოვიდა, სამი თვე რომანტიკულად ვცხოვრობდით. ბესომ კი მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, რომ ციხიდან გამოსვლის მერე მხოლოდ ერთხელ შემხვდა. 2008 წლის აგვისტოში ვითომ არც შემხვედრია. არადა სულ მწერდა, რატომ მემალები, რატომ მიმატოვე, ჩემო სიცოცხლევ, სად დამეკარგე, რატომ არ მირეკავო.
- როგორც მივხვდი, სულ თავისი სიმღერების ენით გესაუბრებოდათ...
- სულ მიმღეროდა... იცით რაზე ვკამათობდით მხოლოდ? ვეუბნებოდი, ხელით ნუ მატარებ, ხერხემალს დაიზიანებ-მეთქი. მაგრამ თავისას არ იშლიდა, სულ ხელში აყვანილი დავყავდი ოთახიდან ოთახში.
- საშუალება რომ მოგეცეთ, ისევ შეურიგდებოდით ბესოს?
- დღესაც კი, მე რომ შემირიგდეს, ბესო არ იქნებოდა ისეთი სასაცილო, როგორც ახლა მისი და მედეას ცოლქმრობაა სასაცილო, თუმცა მე მას აღარასოდეს შევურიგდები, რადგან დღესდღეობით მხოლოდ სამი რამ მეზიზღება - ჰალვა, ალკოჰოლური სასმელი და ბესო კალანდაძე. ჰალვამ და ალკოჰოლურმა სასმელმა მომწამლა და იმიტომ არ მიყვარს. ბესო კალანდაძემ კი სიცოცხლე მომიწამლა.
- ახლა თუ გყავთ მეგობარი მამაკაცი?
- არა, რომ მყავდეს, ვიტყოდი კიდეც. იმ ასაკში არ ვარ, დავმალო, მყავს თუ არა მამაკაცი. ყველა ქალს აქვს უფლება, გვერდით მამაკაცი ჰყავდეს. თუმცა კაცები ამ ამბების მერე შემძულდა კიდეც.
- როგორც გავიგეთ, თქვენი ქალიშვილი გათხოვდა...
- ჩემი ქალიშვილი თამუნა კანადაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ბესოზე სულ მეუბნებოდა, დედიკო, შენი ინტელექტი რომ ვიცი, ამ პრიმიტიულ ადამიანთან როგორ ცხოვრობო.
- პირველ ქორწინებაზეც გვიამბეთ...
- ჩემი პირველი მეუღლე ტარიელ ქანთარია ბავშვობიდან მიყვარდა. მისი ტყუპისცალი ძმა ავთო თბილისის დინამოს მეკარე იყო. მე და ტარიელი მოსკოვში რომ წავედით, თამუნა ძალიან პატარა იყო. მე დღედაღამ ვმუშაობდი. რაც გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით შევქმენი. სულ ოპერაციებს ვაკეთებდი და ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ეს რომ გავიგე, მასთან ცხოვრებას წერტილი დავუსვი. ნებისმიერი თავმოყვარე ცოლი ქმარს ღალატს არ აპატიებს. თქვენთან ინტერვიუში ბესო ამბობს, ციცინო შურღაია ისე ცუდად რომ არ მოქცეულიყო, პირველ ცოლს არ დავუბრუნდებოდიო. მე კი გეუბნებით, როგორც უნდა მოქცეულიყო ბესო, მე პირველ მეუღლეს მაინც არ დავუბრუნდებოდი. საინტერესოა, მე რომ " კარგად" მოვქცეულიყავი, ანუ საერთოდ არ მიმექცია ყურადღება, რატომ იკარგებოდა ჩვენს ოჯახში თვეში თითო ძვირფასი ნივთი ბესოს თბილისში წამოსვლამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, არასოდეს მქონოდა სურვილი ბესოს ოჯახს გავცნობოდი და მასთან ერთად თბილისში ჩამოვსულიყავი, ამ დროს კი ბესო მიხვედრილიყო, რომ ბავშვურად ეჩხუბა პირველ ცოლს, საინტერესოა, რას იზამდა - შუაში გაიჭრებოდა?
გაქცევა!.. დაბრუნება!.. ეს ბესო კალანდაძის ცხოვრების წესია. თავის დროზე, პოპულარობის პიკში, მან სიმღერას თავი დაანება და სამეურნეო მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მერე სიმღერას ისევ დაუბრუნდა. პირველი ცოლი დატოვა, მეორე შეირთო, მეორე დატოვა, ისევ პირველს დაუბრუნდა. აქ უნებლიეთ მახსენდება აღმოსავლური იგავიL: ერთი ჩიტი ხშირად იცვლიდა ბუდეებს, აქაოდა ბუდე ყარსო, მეორემ უთხრა, იმით, რომ შენ ბუდეებს იცვლი, არაფერი შეცვლილა, რადგან ეგ სუნი შენ თვითონ აგდისო. საინტერესოა, ის კაცი სად გაქრა, რომელსაც მედეა ცოლად მიჰყვებოდა?.. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა თუ ბესო რქებს ოფიციალურად ატარებს? ეტყობა, ის ოჯახი არ არის ჯანმრთელი ოჯახი და სწორედ ამიტომ უწევს კვირაში ერთხელ მაინც შეახსენოს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და კარგად ცხოვრობენ. იყვნენ, ბატონო, კარგად, ოღონდ მე დამანებონ თავი! ხოლო მკითხველმა თვითონ განსაზღვროს, ვინ არის შეურაცხადი და ვინ ნორმალური.
დაბოლოს, მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ბესო კალანდაძის რეაბილიტაციის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ეს არის მისი დახმარებით დაკარგული ნივთების პოვნა, რასაც სულ ერთი დღე დასჭირდება. ხოლო მისი რეაბილიტაცია ჩემი ლანძღვითა და იმ მოსამართლეების დახმარებით, რომელთაც მოსკოვში მყოფი ბესო ვაკე-საბურთალოს სასამართლო დარბაზში ეჩვენებათ, სასაცილოა და მეტი არაფერი. თუ ეს თვითონ არ ესმის, იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ ნუ აძლევს დაუსრულებლად ინტერვიუებს, მისი ბინძური ცხოვრება აღარავის აღარ აინტერესებს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)