რა აჩუქა ნიკო გომელაურის მეუღლემ ბიჭი ივანიშვილს

რა აჩუქა ნიკო გომელაურის მეუღლემ ბიჭი ივანიშვილს

უცნაური სახელი აქვს, ბიჭი ჰქვია, უცნაურად დაიწყო წერაც. ფურცელი აიღო და პირველი ლექსიც მას მიუძღვნა. მერე დედას წააკითხა და... "ფეისბუქზეც" დადო. ეს სამი წლის წინ იყო. მას მერე სიყვარულზე ლექსების წერით თინეიჯერი გოგონების გულები მოინადირა. ბიჭი ივანიშვილი მაყურებელს "ნანუკას შოუდან" ახსოვს.

ამას წინათ ბიჭის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

- ბიჭი, დიდი ხანია მესმის შენი სახელი და გვარი. ეს შენი პირველი კრებულია?

- 20 წლის ვარ ჯერ, დიდი არ ვარ. აქამდე რაც დამიწერია, "ფეისბუქზე" ვდებდი და ამიტომაც მიცნობს ხალხი. როგორც იქნა, ერთი წიგნი შევკარი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თაოსნობით.

- ეს წიგნი ნიკო გომელაურს მიუძღვენი...

- წიგნზე ფიქრი ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა ნიკო ბოლო დღეებს ითვლიდა. ნიკოს ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ნიკოს მეუღლე ჩემი უფროსი მეგობარია. ჩემი მეგობრები არიან ნიკოს შვილებიც. როცა ის გარდაიცვალა, ნინამ მისი უბის წიგნაკი მაჩუქა. ნიკოს უსახსოვრეს და ვერ მოასწრო გამოყენება, შენი ლექსები მომწონს და მინდა, შენ წერო ამაშიო. ჩემთვის დიდი პატივია, ვწერო ნიკოს კუთვნილ ბლოკნოტში. მართალი გითხრათ, აქამდე პირველი ლექსის გარდა, ლექსი ფურცელზე არ დამიწერია. სულ კომპიუტერთან ვწერდი. ახლა დავიწყე წიგნაკში წერა და თითქოს მენანება, რომ ცარიელი ფურცლები არ გათავდეს.

- შენს წიგნში ნიკოსაც მიუძღვენი ლექსი, ხომ არ წაგვიკითხავ?

- სიამოვნებით.

ძილში ჩამესმა,

თქვეს რომ... წახვედი.

ეს გაზაფხული უშენოდ მოვა,

ძნელი ყოფილა მზიან ამინდში

ახსენო ნიკო და იწყო გლოვა...

ნარდის ქვის მოკვლაც კი მენანება,

ისე მაკლდება ტოლი და სწორი.

იმდენი ვინმე მომენატრება -

გული მწყდება,

რომ "მემენტო მორი"....

- შენს ერთ-ერთ ლექსში ძა­ლიან თბილად წერ ვინმე ანიზე. ხომ არ გაგვიმხელ, ვინ არის ეს გოგონა?

- გამიგია, რომ სიყვარულს მალვა უნდა, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. დასამალი არაფერია. მე და ანის სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ის ჩემი მუზაა. სამწუხაროდ, მერე ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა და...

- ეს ლექსიც წაგვიკითხე...

- ჩუმი გემბ-ანი,

სანდომი-ანი,

ხალხი ჯაბ-ანი,

ადამი-ანი.

ხან სევდი-ანი,

ხან გული-ანი,

მაგრამ ყოველთვის

თავაზი-ანი.

ომახი-ანი,

ქართული ბ-ანი,

იქნებ დამითმო,

მე ცოტა ხ-ანი

დღეა მზი-ანი,

ხალისი-ანი,

მე ვარ ჭკვი-ანი,

შენ - საქმი-ანი,

და აქ დამთვრდა,

ეს "ბალაგ-ანი",

იქნება მომცე

მე გასაქ-ანი.

- ბიჭი, პირველად როდის აიღე ხელში კალამი და რა გახდა ამის საფუძველი?

- ეს იყო ზუსტად სამი წლის წინ, როცა ანი გამოჩნდა, თუმცა რომ გითხრათ, ანის გამო დავიწყე წერა-მეთქი, მოგატყუებთ. პირველი კლასიდან კარგად ვსწავლობდი ლექსებს. ჩემი საყვარელი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა, მაგრამ ისე არ მიყვარს, როგორც ყველას. წაკითხული მაქვს მისი ლექსები (იღიმის). გავლენა იქონია ნიკომაც, მაგრამ არა ლექსებზე. ფეხბურთის თამაშს რომ იწყებ, ან ბრაზილიის თამაში უნდა გქონდეს ნანახი ან "ბარსელონასი" და იცოდე, ვინ არის მესი. ცუდი გუნდის ყურებისას ეს სპორტი არ მოგეწონება და მით უფრო თამაში არ მოგინდება. ასევეა პოეზიაშიც. როცა ქართველები ვუყურებთ გალაკტიონს, ოთარ ჭილაძეს, თუნდაც ნიკოს, არ შეიძლება, ამან გავლენა არ მოახდინოს. გავლენა, რასაკვირველია, იყო, თუმცა დღეს მგონია, რომ ქართულ პოეზიაში ჩემი პატარა ნიშა ვიპოვე.

- ვის წაუკითხე პირველი ლექსი?

- დედაჩემს და სახის გამომეტყვე­ლე­ბიდან მივხვდი, უნდოდა ეკითხა, ვისი ლექსიაო... მოეწონა დედას. დავიწყე წერა, "ფეისბუქზე" დადება.

- პირველი ლექსიც წაგვიკითხე მაშინ...

- ამ ლექსს "ფურცელი" დავარქვი. ფურცელს რომ დავხედე, კლასიკოსებისკენ წავედი ფიქრით, არ გამახსენდა არც ერთი ფურცლისთვის მიძღვნილი ლექსი და ვიფიქრე, რატომაც არა, ვიქნები პირველი-მეთქი.

"წინ მიდევს ერთი სუფთა ფურცელი,

ხელში კალამი - აზრი უცვლელი

მე ვცდილობ, შენზე რამე დავწერო,

თუმცა აზრები როგორ აღვწერო...

ასე გიჟივით ვიჯექი დიდხანს

სანამ ფურცელმა ჩურჩულით მით­ხრა:

" - მგონი ტყუილა ვარ,

ნუ ხარჯავ მელანს,

მუზა რომ მოვა, მე ვეტყვი ყველას,

მე გავაფრთხილებ ერსაც და ბერსაც,

შენ დაგიტოვებ მშობელს და...

ღმერთსაც

ოღონდ მაცადე მე დღეს სიცოცხლე,

სანამ თეთრი ვარ, ფიფქი მიწოდე,

სანამ სუფთა ვარ, ბავშვი მიწოდე...

როცა სიყვითლე შემომერევა,

მელანი საბნად შემომეხვევა,

მაშინ ვარ ღირსი

წვრილად დაკუწვის,

მაშინ ვარ ღირსი მუჭში ჩაკუჭვის.

თვალს ვერ ვაცილებ,

ხელსაც ვერ ვკიდებ,

ნუთუ ფიქრებზე წამომიკიდე...

მორცხვად ავდექი,

დავხედე ფურცელს

ლექსი კი თურმე მზად არის უკვე..."

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს