ვახო სანაიას პირად ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი დაუდგა

ვახო სანაიას პირად ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი დაუდგა

ვახო სანაია საკმაოდ აზარტული ადამიანია. ამას მაშინ მიხვდებოდით, თუკი მის მიერ წაყვანილ საფეხბურთო მატჩებს მოისმენდით რადიოს ეთერში. ვახო დიდი ხანია, ამ სპორტის თაყვანისმცემელია, სკოლის ასაკში ტოტალიზატორით იყო გატაცებული, მაგრამ შემდეგ ამ საკმაოდ საშიშ გატაცებას შეეშვა.

- რა არის აზარტი ვახო სანაიასთვის?

- ჩემთვის აზარტი არის ის, როცა შედიხარ რაღაც თამაშში და იქიდან გამოსვლა არ შეგიძლია. როგორც ერთი ძველი რუსი წამყვანი ამბობდა, ცხოვრება თამაშია და როდესაც ცხოვრებაში აქტიურად ხარ ჩართული, ეს უკვე აზარტია. ფეხბურთს ვთამაშობ თუ კალათბურთს, თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული. რადგან ვიწყებ თამაშს, მინდა მოგება. წაგებას ბავშვობიდან ვერ ვეგუები. მე რომ ვთამაშობ და არ მინდა წავაგო, ეს ერთია, მაგრამ ბავშვობაში ბევრჯერ მიტირია გუნდის გამო, რომელსაც ვქომაგობდი... ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც აზარტული არიან მარტო კარტის თამაშისას, მაგრამ მე ცხოვრებაშიც აზარტული ვარ და თამაშებისას მით უმეტეს.

- პირველად როდის იგრძენი ეს?

- ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს ვიგრძენი. პატარისთვის, თუკი მას მართლა უყვარს ეს სპორტი, ფეხბურთის წაგება პატარა ტრაგედიაა. სკოლის ასაკიდან ტოტალიზატორში თამაში დავიწყე. ეს კიდევ ცალკე უბედურებაა.

- როგორ დაანებე თავი?

- თავისთავად მო­ხდა, სხვა რაღაცებზე გადავერთე. ლარი რომ მიმქონდა სკოლაში ბუ­ფეტში დასახარჯად, ამ ლარითაც კი ტოტალიზატორში მივდიოდი. ბევრჯერ მომიგია, მაგრამ უფრო მეტჯერ წამიგია. ვინც სისტემატური მოთამაშეა, ის აუცილებლად იტყუება, რომ უფრო მეტი მოგება აქვს. ყოველთვის იმას გეუბნებიან, რომ ათი თამაშიდან ცხრას გაარტყეს. აი, ეს არის ზუსტად აზარტი. თუკი ფეხბურთზე ვილაპარაკებთ, ის ხომ ყველას ესმის პოლიტიკასთან ერთად, არადა, სინამდვილეში ასე არ არის. ტოტალიზატორს ეს უბედურება აქვს, ფეხბურთიც უყვარს მოთამაშეს და მოგებაც, ამიტომ ეს აზარტი ორმაგდება. ადამიანს, რომელიც აქ თამაშობს, არ უნდა წაგების აღიარება, რადგან გამოვა, რომ არც ფეხბურთი ესმის და არც ალღო აქვს. მეც ასე ვიყავი, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ამ თვეში წაგებაში ვიყავი, წინა თვეს ხომ მოვიგე-მეთქი, ვამბობდი.

- ასე მოგებული ფული მალე იხარჯება?

- ისევ ტოტალიზატორში (იღიმება). საბოლოოდ ფულს მაინც იქ მიიტან. მადლობა ღმერთს, ამას გადავეჩვიე. აზარტულ თამაშებზე გადაცემაც მოვამზადე და ჩემი აზრით, კარგი გამოვიდა, რადგან თავად მქონდა ამ მხრივ გამოცდილება. ფეხბურთს უფრო მეტი ხიბლი აქვს, როდესაც მას უყურებ, როგორც თამაშს და არა ტოტალიზატორის თვალით. ხშირად გამიგია ბევრისგან, ამ თამაშს რა მაყურებინებდა, დადებული რომ არ მქონდეს ფსონიო. ასე რომ, ტოტალიზატორი ფეხბურთს აუფასურებს. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვითამაშე.

- ნებისყოფა გქონია...

- ასეა, თუმცა სხვა ბევრი საქმე გამომიჩნდა, ბუნებრივად ჩამოვშორდი.

- ფეხბურთი კარგად იცი და რეპორტაჟებიც წაგიყვანია რადიოეთერით. ეს გატაცებაც ბავშვობიდან მოდის?

- ამ საქმეში მამაჩემმა ჩამითრია. ჩემს ოჯახში ფეხბურთის კულტია. მამას ყოველთვის უამრავი ლიტერატურა მოჰქონდა ფეხბურთის შესახებ, რომლებსაც ცალკე ადგილი ეთმობოდა ჩვენს ბიბლიოთეკაში, მე ყველა წიგნს ვკითხულობდი. ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა და ბევრ რამეში გამათვითცნობიერა. გეოგრაფიაში ყველას შევეჯიბრები, საფეხბურთო გუნდების სახელები ქალაქების სახელებს ემთხვევა, შესაბამისად, ყველა ქალაქის სახელი ვისწავლე. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გავეჯიბრები და გეოგრაფიაში გაცნობიერებულ ადამიანს აუცილებლად მოვუგებ. ფეხბურთი ბევრ თემასთან არის გადაჯაჭვული, მათ შორის პოლიტიკასთან, მიმაჩნია, ვინც ფეხბურთი კარგად იცის, დიდი ინფორმაცია აქვს.

- ფეხბურთის გამო თუ გიჩხუბია? ვის ქომაგობ?

- როგორც ყველა, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს, შემდეგ კი იტალიის საფეხბურთო გუნდს და ტურინის "იუვენტუსს", კლუბს, რომლის ფორმაც ახლა მაცვია. მაკარონისჭამიებს გვეძახიან ქომაგებსაც და თავად ფეხბურთელებსაც (იცინის). ფეხბურთის თამაშის დროს მიმიღია ტრავმა. სად იყო ჩემს ბავშვობაში კეთილმოწყობილი სტადიონები, ცემენტზეც მითამაშია, ფეხშიშველსაც. სხეულზე მეტყობოდა ყველა იარა. რაც შეეხება ჩხუბს, ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია, მაგრამ ერთ ოთახში ფეხბურთის მოყვარული სამი ადამიანის შეკრება აუცილებლად კამათით მთავრდება (იცინის).

- აზარტზე ლაპარაკისას კაზინო რომ არ გაგახსენდეს ადამიანს, შეუძლებელია.

- არასდროს მითამაშია და არც ამისი სურვილი გამჩენია. არ ვიცი რატომ. შესაძლოა, იმის გამო, რომ პატარაობისას არ მქონია შეხება. ამას წინათ ბელგიაში ვნახე ჯიბის კაზინო, "რულეტკა", რომელიც ჩანთაში ეტევა. თვითმფრინავში რომ არ მომეწყინა, შევიძინე, ვერც თვითმფრინავში გავერთე და ვერც სახლში. სამსახურშიც მოვიტანე, მაგრამ არც აქ გასჩენიათ დიდი ინტერესი.

კაზინოსადმი დამოკიდებულების შესახებ მსმენია. დოსტოევსკის "მოთამაშე" მახსენდება სულ, ანუ რას უშვრება აზარტული თამაშები ადამიანს... ბევრი ადამიანი ვიცი, ბინები წაუგიათ და ცხოვრება დანგრევიათ არა მხოლოდ კაზინოს, არამედ ტოტალიზატორის გამო, თუმცა კაზინოში უფრო დიდ თანხებზე მიდის საუბარი. მსმენია, რომ კაზინოში გარკვეული თანხით შედის ადამიანი, რაღაცას აუცილებლად დატოვებს სახლში, მაგრამ თუ ის თანხა წააგო, სახლში დაბრუნდება და დანარჩენი ფულიც მიაქვს კაზინოში. ძალიან მცირედი მაკლდა, რომ მეც ასეთი დამოკიდებული გავმხდარიყავი ტოტალიზატორზე, მაგრამ, საბედნიეროდ, ამცდა ეს ამბავი.

- საქმისადმი აზარტზე რას მეტყვი?

- საქმეში უკომპრომისო ვარ. თუ რაღაცას მოვკიდე ხელი, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. აზარტი მით უმეტეს არის ტელევიზიაში, სადაც მუდმივად იგრძნობა კონკურენცია. თუ შენ არ გააკეთებ, აუცილებლად სხვა დაიკავებს შენს ადგილს, ამიტომ მუდმივად მობილიზებაა აუცილებელი და არაფერს არ უნდა ჩამორჩე. ტელევიზია უდიდესი აზარტია, ტელევიზიას ნამდვილად შევადარებ უდიდეს აზარტულ თამაშებს. ჟურნალისტიკა ზოგადად ასეთი სფეროა, ყველაზე აზარტული. ალბათ ჟურნალისტიკაზე უფრო აზარტული პოლიტიკაა, სადაც წასული ბევრი მინახავს და უკან მობრუნებული არავინ (იღიმება).

- რა გაგიკეთებია პროფესიის გამო?

- 2006 წელს "კურიერში" ვმუშაობდი. კოდორის ხეობაში დაიძაბა სიტუაცია და ოპერატორთან ერთად მანქანით გამიშვეს იქ. "კურიერი" ისეთი აზარტი იყო და ალბათ ახლაც არის იქ მომუშავე ადამიანებისთვის, რომ ვერაფერს შევადარებ. გზაზე საშინელ ავარიაში მოვყევით, მეც და ჩემს ოპერატორსაც ტვინის შერყევა გვქონდა, უმძიმესი ფორმით, მაგრამ რომ დაგვერეკა სამსახურში და გვეთქვა, იცით, ჩვენ ტვინის შერყევა მივიღეთ და უკან უნდა დავბრუნდეთო, გამორიცხული იყო. მეორე მანქანა გამოვიძახე და ისიც არ მითქვამს, რომ ასეთი სერიოზული ავარია იყო. მე და ჩემმა ოპერატორმა ყველაფერი გადავიღეთ და ცხრასაათიან "კურიერში" გვქონდა ჩართვა, იმ დროს არანაირი ტვინის შერყევა აღარ მახსოვდა. ჩართვის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა კორესპონდენტმა ზუგდიდში ექიმთან აგვიყვანა, ექიმმა თქვა, რომ ჩართვა კი არა, საერთოდ ფეხზე დგომა არ შეიძლებოდა. ისიც გაკვირვებით იკითხა, აქამდე ფეხზე როგორ იდექითო და არც თბილისში გვიშვებდნენ, ტრანსპორტში ჯდომა არ შეიძლებაო, მაგრამ მაინც წამოვედით. საბოლოოდ ისე გამირთულდა, რომ სამი კვირა გაუნძრევლად ვიწექი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყოდი, რეპორტაჟს ვერ გავაკეთებ-მეთქი, რადგან ჟურნალისტისთვის ეს არის უდიდესი აზარტი. გამორიცხულია, ეს აზარტი არ გქონდეს, მაგალითად, ომში წასვლა და მოვლენების გაშუქება არ მოგინდეს. ჩემი მეგობრებისთვის კი ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო და მეკითხებოდნენ, რატომ გავაკეთე.

- ჟურნალისტიკის მიმართ აზარტი ალბათ შენი ძმის, გიორგის გამო გაგიჩნდა...

- რასაკვირველია, მაგრამ მისი აზარტი კიდევ წარმოუდგენელი რამ იყო. გიორგი 17 წლის სტუდენტი იყო, როდესაც გაზეთ "შვიდ დღეში" მუშაობდა. გიორგი უკვე თბილისში ცხოვრობდა, ჩვენ - აფხაზეთში. ისე, რომ ჩვენმა მშობლებმა არ იცოდნენ, გიორგი აფხაზეთში ფრონტის წინა ხაზზე ჩავიდა და იქიდან ამზადებდა რეპორტაჟებს. ამას აზარტის გარეშე ვერ გააკეთებდა, მით უმეტეს, 17 წლის ბიჭი, რომელიც მშობლებს უსაფრთხო ადგილას ეგონათ. როდესაც ჟურნალისტი ომშია, საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ ბომბები აცვივა თავზე. სხვა პროფესიის ადამიანი ამას ვერ გაიგებს.

- ვახო, საკმაოდ სტრესული სამსახური გაქვს და როგორ განიტვირთები? სმის მიმართ აზარტი თუ გაქვს?

- თუ აუცილებელია, ვსვამ, მაგალითად, სუფრასთან. საინტერესო საზოგადოებაში დალევა კარგია, თუმცა გათიშული მთვრალი მხოლოდ რამდენჯერმე ვყოფილვარ. საშინელი რაღაცები ჩამიდენია, რომლებსაც, რასაკვირველია, საჯაროდ არ მოვყვები (იცინის), თუმცა ალბათ განტვირთვისთვის ესეც კარგია. ამასთანავე, ასეთი სიგიჟისთვის ისეთი წრე უნდა შეარჩიო, რომელიც არ გაგყიდის (იღიმება).

- ვახო, პირადი ცხოვრების აზარტზე რას იტყვი? ვიცით, რომ მეუღლეს დაშორდი და სხვა გოგონასთან ერთად ხარ...

- ამ თემაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ყველა კაცს აქვს აზარტი ქალის მიმართ, თუმცა მე მგონია, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მთავარი პატივისცემა და ურთიერთგაგებაა. როდესაც წყვეტ, რომ ერთ ადამიანთან ხარ, აზარტს უნდა მოუკლო არა მასთან, არამედ სხვასთან. ზოგს აზარტი არასწორად ესმის და ჰგონია, რომ ხუთ ქალთან ერთად უნდა იყოს. ეს, ჩემი აზრით, შეცდომაა. შესაძლოა, ყველას დაგვიშვია შეცდომები და სისულელეები გაგვიკეთებია, მაგრამ ყველაფერს ჯობია სტაბილურობა პირად ცხოვრებაში.

- ახლა უფრო თოკავ თავს?

- აღვირახსნილ ცხოვრებას არასდროს ვეწეოდი, მირჩევნია, აზარტი სხვა მიმართულებით გამოვიყენო, რადგან პირად ცხოვრებაში სტაბილურობა ბევრად განსაზღვრავს კარიერულ წარმატებას, პირად ცხოვრებაში თამაში არ შეიძლება.

- ახლა სტაბილურობაა შენს პირად ცხოვრებაში?

- კი (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები