ვანო ჯავახიშვილის კრიმინალური წარსული

ვანო ჯავახიშვილის კრიმინალური წარსული

წელს აგვისტოში დასვენებას 20 დღით გეგმავს. უნდა, რომ ახალი სეზონიდან მუშაობას ახალი ენერგიით შეუდგეს. როგორია მისი საზაფხულო გეგმები, როგორ და სად ისვენებდა ბავშვობაში, ვანო ჯავახიშვილი თავად გვიამბობს. აქვე წაიკითხავთ მის "აღიარებით ჩვენებას", რომლითაც ვანოს "კრიმინალურ წარსულს" ნათელი მოეფინება.

-  შაბათ-კვირასაც ხომ ვისვენებ, მაგრამ მაგას დასვენებას არ ვეძახი. ამ დღეებს ორშაბათიც რომ მოჰყვება, ეს უკვე სულ სხვაა (იცინის).

-  ბავშვობაში სად ისვენებდი?

-  მაშინ აფხაზეთი ჩვენი იყო და დასასვენებლად გუდაუთაში დავდიოდით. ბათუმსა და საერთოდ, აჭარის რეგიონში ბავშვობაში არასდროს დამისვენია. ზაფხულს უმეტესად ბებიებთან ვატარებდი. დედაჩემი მუშაობდა, ამიტომ ხან მცხეთაში ვიყავი, ხან - კახეთში.

-  იქ როგორ ერთობოდი?

-  სოფელში "საკატაოებს" ვაკეთებდით. ჩვეულებრივი ხის ფიცრებისგან ვაწყობდით, საბურავებს ვუყენებდით. დაღმართზე ძალიან დიდი სისწრაფით ვეშვებოდით.

-  მერე, მუხლები გადატყავებული არ გქონდა?

-  აბა, რა! თბილისში ყოველთვის დასახიჩრებული ვბრუნდებოდი. ეგ არაფერია, უნდა გენახა, ხელები რას მიგავდა: ნედლი კაკალი მიყვარს და ნაჭუჭისგან თითები სულ გაშავებული მქონდა. სკოლაში რომ მივდიოდი, მრცხვენოდა და ხელებს ჯიბეში ვმალავდი.

-  ისე ლაპარაკობ, მეზობლის ბაღიდან ხილიც გექნება მოპარული...

-  მარტო ხილი? სიმინდსაც ვიპარავდი, მერე კოცონს ვანთებდით და ვწვავდით.

-  სოფელში დასასვენებლად მეგობრები არ მიგყავდა?

-  როგორ არა. მაშინ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო. მთელი დღე ნერვებს ვუშლიდით - სამი თავისი შვილიშვილი, 3 კიდევ ჩვენი მეგობარი. სულ ბიჭები ვიყავით (იცინის). რაღაც გამახსენდა, გიამბო?

-  აბა, აქ რისთვის ვარ მოსული?

-  ერთხელ ჩვენს ეზოში მეზობლის ქათამი გადმოვიდა. უცნაურად დადიოდა, გამომწვევი მიხრა-მოხრა ჰქონდა. მე საერთოდ ფრინველებს ახლოს არ ვეკარები. დიდი წვალების შემდეგ, ბიჭებმა როგორც იქნა, დაიჭირეს და დაკლეს. სასმელი გვქონდა და ჩავუსხედით. ცოტა ხანში სამეზობლოში ერთი ამბავი ატყდა: "ქათამი დამეკარგა! ქათამი დამეკარგა!" - აყვირდა პატრონი. მერე სისხლის კვალს გამოჰყვნენ და გვიპოვეს. შეგვდგნენ და რა შეგვდგნენ?!.

-  როგორი კრიმინალური წარსული გქონია!

-  ასეთი შავბნელი წარსული მაქვს და რა ვქნა?! ეს ყველაფერი მცხეთაში მოხდა. ჩემს სოფელს სასხორი ჰქვია, არაჩვეულებრივი სოფელია. იქ ჩასვლა ძალიან მიყვარს, იუმორის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხალხი ცხოვრობს. ჩვენს გადაცემებში იქ გაგონილი ბევრი გამონათქვამი გამოგვიყენებია.

-  ვანო, საკურორტო რომანების თემასაც შევეხოთ.

-  ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საკურორტო რომანი მქონდა და ქორწინებით დასრულდა: ჩემი მეუღლე ქობულეთში გავიცანი. იქ მე და ვასო ფხაკაძე ვისვენებდით. მერე ოთო ლომთაძე ჩამოვიდა და მისმა სიმამრმა რესტორანში დაგვპატიჟა. თაკო იმ რესტორანში გავიცანი. გვერდით მაგიდასთან იჯდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ურთიერთობას გაცნობისთანავე საკურორტო რომანის სახე მიეცა. უბრალოდ, დავმეგობრდით. თბილისში რომ დავბრუნდით, ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით - თითქმის ყოველდღე. თაკო სტუდენტი იყო, რუსთავში ცხოვრობდა. ზოგჯერ ჩავდიოდი და მე ჩამომყავდა. ჩვენი მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა.

-  მთა, ლაშქრობა, კარავი - ეს ყველაფერი რამდენად გიზიდავს?

-  მთაში დასვენება მიყვარს, ფეხით ხეტიალი - ნაკლებად. საერთოდ, პენსიონერული დასვენება მომწონს.

-  ეს გადაღლის ბრალია თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვს?

-  არა, ასეთი ვარ. ბევრი სიარული არ მიყვარს. შარშან ოჯახთან ერთად ქობულეთში ვიყავი. ბინა ცენტრში ვიქირავეთ, ვიფიქრე, ბავშვი კარგად გაერთობა-მეთქი. ისეთი ხმაური და გუგუნი იყო, 3 დღე ძლივს გავჩერდი. მალე მივხვდი, ის სამყარო არ იყო, სადაც დასვენება შემეძლო.

-  კლუბური ცხოვრება არ გიტაცებს?

-  ნაკლებად. ღამის კლუბებში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ იქ ჩემი ცეკვით თავი არასდროს გამომიჩენია. საკმაოდ უინტერესო მოძრაობები მაქვს, "უინტელექტოც". საერთოდ, მუსიკის მოყვარული ადამიანი ვარ. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ჯაზფესტივალზე მოდის გამო რომ დადის.

-  საზღვარგარეთის კურორტებზე არასდროს დაგისვენია?

-  ბოლოს თურქეთში ვიყავი. ჩემი მეგობრები ახლახან ამერიკაში იყვნენ. ამ ქვეყანაში მოგზაურობის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ალბათ კარგა ხანს ეს ოცნება ოცნებად დამრჩება. ფრენის მეშინია: 12 საათი უნდა ვიფრინო - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

-  აბა, ვერსად წასულხარ.

-  არა, საბერძნეთში ვიყავი, იქ მეგობართან ვცხოვრობდი, თან კონცერტები გვქონდა.

-  საბერძნეთამდე როგორ ჩახვედი?

-  ბიჭებმა იციან, რომ ფრენის მეშინია და მომატყუეს, - არაფერია, 2 საათში ჩავალთო. ვიზებიც მათ გააკეთეს, ბილეთების საკითხიც მოაგვარეს. თურმე რა ხდება: თბილისიდან უნდა ჩაფრინდე სტამბოლში, სტამბოლიდან - ათენში და ათენიდან - სალონიკში. 3-ჯერ აფრენა და დაჯდომა მოგვიხდა. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კოშმარია. ეს რომ გავიგე, გავძალიანდი, მაგრამ მაინც წამათრიეს. იმედი მქონდა, უკან პირდაპირი რეისით დავბრუნდებოდით, მაგრამ იგივე კოშმარი გადავიტანე. მეგონა, სულ თვითმფრინავში უნდა ვიჯდე, ავფრინდე და დავფრინდე-მეთქი.

-  ამერიკის გარდა, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

-  საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ისე როგორ უნდა მოვკვდე, ეიფელის კოშკს თვალი არ შევავლო?!

-  ფრენის შიში უნდა დაძლიო.

-  ახლა საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მაქვს, ეიფელის კოშკი ცოტა ხნით თბილისში უნდა ჩამოვატანინო. ადგილიც შევარჩიე - სააკაძის მოედანზე უნდა დავდგა. რას იტყვი?

-  კარგი იდეაა.

-  მერიისა და ეიფელის შენობები ერთმანეთს მოუხდება.

-  უცხო ქვეყნის სამზარეულოზე რა აზრის ხარ?

-  ჩინური სამზარეულო კარგად ვერ შევისწავლე. სუში მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართულს ვერც ერთი ქვეყნის სამზარეულო ვერ შეედრება. ლოკოკინას, ბაყაყს, ჭიებს, რომ მომკლა, ვერ შევჭამ. საერთოდ, ხორციანი კერძები მიყვარს. ამიტომაც ვარ ახლა წონაში მომატებული. რომ დავისვენებ, დიეტასაც დავიცავ, ეთერში ტანწერწეტა უნდა დავბრუნდე.

-  უცხო ქვეყანაში უფულოდ დარჩენილხარ?

-  არა, ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ. არ შემიძლია, სადმე უფულოდ წავიდე. უკან დასაბრუნებელი თანხა აუცილებლად უნდა მქონდეს.

-  კარგად ცურავ?

-  საკმაოდ. ცურვაზე არ მივლია, თვითონ ვისწავლე. საერთოდ, თვითნასწავლი ადამიანი ვარ, მხოლოდ ჭადრაკზე დავდიოდი.

-  პლაჟზე რომ გადიხარ...

-  (მაწყვეტინებს) ო! უნდა ნახო, რა ხდება! დათვლილი მაქვს - 25 წუთის მანძილზე 67 სურათი გადავიღე.

-  რა იყო, ცოცხალი რიგი იდგა?

-  ქობულეთის პარკში მოვხვდი და... დელფინი ამოხტა წყლიდან და მთხოვა, - ერთი სურათი თუ შეიძლება, ჩემთანაც გადაიღეო. ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?! პირიქით, ეს სასიამოვნოც კია. არ ვიტყვი, რომ დამღლელია.

-  წელს დასვენებას ზღვაზე გეგმავ?

-  აუცილებლად. ბიჭებს გადაწყვეტილი გვაქვს, ამ ერთი თვის მანძილზე ერთმანეთი საერთოდ არ ვნახოთ. მთელი წელი ერთმანეთს ვუყურებთ და უკვე ვეღარ ვიტანთ, მაგრამ გული მიგრძნობს, ასე არ მოხდება: პატარა ჯგუფები იქმნება ხოლმე, უცოლოები ცალკე მიდიან, ცოლიანები - ცალკე. მე და ალეკო მალხაზიშვილი თურქეთში წასვლას ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ.

-  ბედნიერ დასვენებას გისურვებ!

-  შენც კარგად დაისვენე!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები