მკითხველს მოეხსენება, რომ "ჩემი რჩეულის" მესამე ტომეული გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის - მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას ეთმობა. 7-მა ტომმა საუკეთესო რომანები და მოთხრობები დაიტია; სათანადო ადგილი აქვს მიკუთვნებული წერილებს, რომლებშიც დიდი მწერალი საკუთარ მსოფლმხედველობრივ და შემოქმედებით კრედოს გვიზიარებს. დასკვნით - მე-7 ტომში სწორედ ამ წერილებსა და კიდევ - საბჭოთა დროს აკრძალულ "ჩანაწერებს უბის წიგნაკებიდან" გაეცნობით. ზოგიერთ მათგანს წინამდებარე პუბლიკაციასაც ვურთავთ.
რაც შეეხება თვით პუბლიკაციას: მას ემიგრანტულ ჟურნალს - "ქართველი ერი" - დავესესხეთ, რომელიც 1943 წლიდან ბერლინში გამოდიოდა. ამ გამოცემის #3-4-ში, გ. ხერგაისძის ფსევდონიმით, მიხეილ ჯავახიშვილის თანამესაკნის, ექიმ გივი კობახიძის სტატია - "ხმა დასახვრეტთა საკანითგან" გამოქვეყნდა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
"ერთი მძიმე და ტანჯვა-წამებით აღსავსე დაკითხვის შემდეგ, რომელიც ჩემი დაპატიმრების პირველ დღეებში მოხდა, ჩამაგდეს ბნელ სარდაფში. შესვლისას პირველად ვერაფერი გავარჩიე, ხელები მოვაფათურე, რომ არაფერს წავდებოდი. კარებთან ვიდექი მანამ, სანამ სიბნელეს კარგათ შევაჩვევდი თვალს. ვგრძნობდი, სარდაფში ძალიან ბევრნი იყვნენ. ჰაერი ისე იყო ხაშმით დამძიმებული და დახშული, რომ კინაღამ სუნთქვა შემეკრა.
- აჰა, ერთი უბედურიც მოგვემატა! - მომესმა ბნელი კუნჭულიდან ხმა, რომელმაც ელვასავით დამიარა ტანში, მუხლები მომეკვეთა; ბოლოს სიბნელეს თვალი შევაჩვიე, ადამიანები ჩაყვითლებულნი, მშიერი და წვერ გაუპარსელნიც, ძონძებით შემოსილნი ერთმანეთზედ იყვნენ მიყრილნი...
ხმას არავინ იღებდა, შეძრწუნებულს მსურდა, ვინმე გამომლაპარაკებოდა, მაგრამ ჩემი მეზობლებიდან არავინ ჩქარობდა. ლოდინსაც მოეღო ბოლო და ჩემს მეზობლად მჯდარმა საუბარი გამიბა. მისი ხმა იყო სუსტი და მიმქრალი, ამავე დროს გულში და გრძნობაში ჩამწვდომი. თითქოს სამარიდან ამოდიოდა ეს ხმა - ამ კაცის ჩურჩულმა გული ამიდუღა და თვალზედ ცრემლი მომგვარა. თითქოს მას უცდიდნენო, ყველამ ყური მომიგდო და გულდასმით ისმენდნენ ჩემს ამბავს, რომელსაც ვუყვებოდი დაინტერესებულ მეზობელს. დავამთავრე თუ არა მოთხრობა, თუ რისთვის დამაპატიმრეს და რა გადამხდა დღემდე, ახლო მყოფებმა უიმედოთ ჩაიქნიეს ხელი. "გათავებულა, ძმაო, შენი საქმე, ეს საკანი დასახვრეტთა საკანიაო". ამ სიტყვების გაგონებაზედ თვალთ დამიბნელდა, თითქოს გონება დამეკარგა, ვგრძნობდი კი, რომ ამ სარდაფში ჩამოგდებამდე, დიდს სასჯელს მომანიჭებდნენ, მაგრამ თავს არ ვაჯერებდი იმაში, რომ დასახვრეტად მისჯილებთან ვიჯექი...
საინტერესო იყო ჩვენი საკნის პატიმართა სულიერი განწყობილება... სულით დაცემულებს ერთად მოეყარათ თავი და სარდაფის ერთ კუთხეში იყვნენ მიყრილნი... მხოლოდ მაოცებდა სარდაფის ერთი კუთხე, სადაც თავი მოეყარა ხალხს, რომელიც ჩოჩქოლს ატეხდა ხოლმე, როდესაც შემოაღებდნენ "ჩეკისტები". ამ კუთხეში მყოფნი შეუდრეკელობას იჩენდნენ სულიერად.
- მკვლელებო!.. სისხლის მსმელებო!.. ჯალათებო!.. გაყვიროდნენ ისინი და მუშტმოკუმულ ხელებს უღერებდნენ კარებში მდგომ ჯალათებს. ასეთი საქციელის გამო მათ ხშირად დაუმსახურებიათ "ჩეკისტების" შეუბრალებელი ცემა. ამ გულოვანი და მღელვარე კუთხიდან ყოველთვის გულადად გადიოდნენ დასახვრეტად...
ერთხელ გულმა აღარ მომითმინა და ვიკითხე: "რა არის იმ კუთხეში, რომ ყოველთვის ჩურჩულებენ?" მალე მეზობლად მყოფმა პატიმარმა სრულიად მოულოდნელი და გასაკვირველი რამ მაცნობა: იმ კუთხეში ზის მწერალი - მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ახალგაზრდა პატიმრებს განუწყვეტლივ ესაუბრებაო. ამ სიტყვების გაგონებაზედ შევკრთი. მაშ, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრება მართალია! - გამიელვა გულში. მე წაკითხული მქონდა თითქმის ყველა ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილისა. განსაკუთრებით მიყვარდა რომანი - "არსენა მარაბდელი", რომელიც რამდენიმეჯერ მქონდა გადაკითხული და ჩემს მაგიდაზე მუდამ წინ მედვა. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი არ მენახა არასდროს, მაგრამ მიყვარდა მე იგი თავისი მიმზიდველი ნაწარმოებებით. ვერ წარმომედგინა, თუ ეს ახალგაზრდობის საყვარელი მწერალი ჩვენთან იმყოფებოდა ამჟამად, აქ, სასტიკ ჯურღმულებში. გული აღარ დამიდგა და დაუყოვნებლივ მივედი იმ ჯგუფთან. თვალწინ წარმომიდგა შემაძრწუნებელი სურათი: კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალტყავად ქცეული, ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩაცვენილი თვალებით, საშინლად გაწითლებული, წვერებგაბურდული...
პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩონჩხის შეხედვაზე. დიახ, ჩონჩხი, ნამდვილად ანატომიური ჩონჩხი იყო. ჩონჩხი ლაპარაკობდა, ჩონჩხი ჩურჩულებდა... მალე გავეცანი და დავუახლოვდი ჯავახიშვილს და მის გარშემო მყოფთ. დიდის გულთბილობით მიმიღეს, როგორც მან, ისე სხვებმა. იმ დღიდან სულ მათთან ვიყავი მოუცილებლად. ხსოვნიდან არ ამომეშლება მიხეილის სახე, მისი ნათქვამი სიტყვები და ნაქადაგები.
"მე ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის არ დამიზოგავს ჩემი სუსტი ძალღონე, ქართველი ერისთვის არ დამიშურებია და არც დავიშურებდი არაფერს. ბევრს ვფიქრობდი მის მომავალზე და ველოდებოდი ჩვენი განთავისუფლების დღეს ბოლშევიკური და რუსული უღლისაგან. მართალია, მე ამ დროს ვერ მოვესწარი და ვერც მოვესწრები, მაგრამ მალე, სულ მალე, ქართველო ახალგაზრდებო, დადგება ჟამი ჩვენი ერის განთავისუფლებისა, დადგება დრო სანეტარო, როდესაც ქართველი ხალხი გადაიგდებს მონობის უღელს თავის ქედიდან და იცხოვრებს ისე სახელოვნად, როგორც უცხოვრია თავისი ძლიერების ხანაში. ჩვენ აღვსდგებით!.. სულაც არ ვნაღვლობ, რომ სამშობლოსათვის ასე ვკვდები, იმედად ის მრჩება, რომ ჩემს ასეთნაირად დაღუპვას ქართველები არ დაივიწყებენ". ასე ლაპარაკობდა მიხეილ ჯავახიშვილი.
მის მოწოდებას მეც გულისყურით ვისმენდი. დიდი სულიერი განმამტკიცებელი ძალა ჰქონდა ამ სიტყვებს. ამიტომ იყო, მის გარშემო მყოფნი გაკაჟებულნი გადიოდნენ დასახვრეტად. მიხეილი მოგვითხრობდა ამბებს საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურითგან და საზოგადოებრივი აზროვნებითგან. ჯავახიშვილი გვარიგებდა, გვირჩევდა და გვამხნევებდა. "ეგება, რომელიმე თქვენგანს, ათასში ერთს მაინც გაგიღიმოს ბედმა - და ცოცხალი გადაურჩეთ ამ მხეცებს. ნუ დამივიწყებთ... გადაეცით ქართველ ხალხს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ვიყავი, მასზედ ვფიქრობდი... გადაეცით, რომ იმედით სავსე ვკვდები სამშობლოსათვის".
დასახვრეტად გამოძახებულნი მოდიოდნენ მასთან დასამშვიდობებლად. მიხეილი წამოიწევდა თავის კუთხიდან, ჩონჩხად ქცეულ მკლავებს შემოხვევდა მასავით მიღრწნილ პატიმარს, ეამბორებოდა და თვალცრემლიანი კვლავ მიჩნეულ კუთხეში მიიკუნჭებოდა.
ეს სურათი: დამშვიდობება მიხეილ ჯავახიშვილთან დიდს მგრძნობიარე სურათს წარმოადგენდა. ასეთი სურათები ყოველდღიურად იმართებოდა მრავალჯერ დღეში. ყოველივე ამის ცქერამ, მოლოდინმა და შიმშილმა ისე დამადნო, როგორც სანთელი. ასე დნებოდნენ ჩვენი ბედის თანაზიარნიც, ელოდნენ გამოძახებას, ელოდნენ სიკვდილს... ელოდებოდა ჩვენი მიხეილიც. მე ვიცი პატიმართა მაშინდელი სურვილები. მათ სურდათ, თავიანთი თვალით არ დაენახათ მიხეილ ჯავახიშვილის გაყვანა დასახვრეტად, არ სურდათ, შესწრებოდნენ ამ დღეს. ამიტომ გულის ფანცქალით ელოდებოდნენ იმ წუთებს, როდესაც ჯავახიშვილს წაართმევდნენ.
მძიმე მოლოდინში მყოფნი მწერალს მოსვენებას არ ვაძლევდით. ერთხელ "არსენა მარაბდელი" და "ჯაყოს ხიზნებიც" კი ვაამბობინეთ. დრო გადიოდა. გათენება-დაღამებას პატარა სარკმელით ვტყობილობდით, რომელიც სარდაფში შემოსავალ კარს ჰქონდა დატანებული. ერთს უბედურ დღეს, როდესაც პაწაწინა სარკმელში სუსტი სინათლე მიქრა და სამარისებური ბნელეთი გამეფდა, ჭრიალით გაიღო კარი, როგორც ყოველთვის, გამოჩნდა ორი "ჩეკისტი".
ერთს მათგანს ხელში ეჭირა სანათი, რომლის შუქმა ოდნავ გაანათა სარდაფის კუნჭული. პატიმრებმა კარისაკენ მიიხედეს. ყველას შეაჟრჟოლა. კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა ამ ორის შემოსვლა საკანში. ერთს მათგანს, შედარებით ჯანმრთელი აგებულებისას, რეზინის ჯოხი ეჭირა ხელში. მისი სახე ცივი და უხეში იყო. ამღვრეული თვალები ისარივით ესობოდა ჩვენს გულს. მის სახეზე ერთი ძარღვიც კი არ ტოკავდა. მეორეს, რომელსაც სანათი ეჭირა ხელში, დამცინავი ღიმილით ჰქონდა შეფერილი სახე და ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან უბრწყინავდა ოქროს კბილი. მოციმციმე სინათლეზედ ორთავეს სახე ჯალათურ შდაბეჭდილებას სტოვებდა.
- მიხეილ ჯავახიშვილი!.. - გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, დამძიმდა და აუტანელი შეიქმნა. სიჩუმემ რამდენიმე წამი გასტანა. ხალხს სუნთქვა შეეკრა. ნახევრად ბნელი კუნჭულებიდან თავი წამოყვეს ჩონჩხებმა. ისინი იმ კუთხისაკენ მიიხარნენ, სადაც მწერალი იჯდა. სამარისებური სიჩუმე უცბათ დაარღვია ვიღაცის შეძახილმა: "ჯალათებო!.. სისხლის მსმელებო!.." ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვირილით.
- თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას!
- თქვენ გვართმევთ დიდ მწერალს!
- მხეცებო!
- არ მოქცემთ მიხეილ ჯავახიშვილს!
- იგი ჩვენია!
პატიმრები აირივნენ. რისხვით მიაწყდნენ იმ კუთხეს, სადაც დიდი მწერალი ეგულებოდათ, მას გარს შემოევლნენ და არ აძლევდნენ საშუალებს, კარისკენ გასულიყო. გამხეცებული "შინსახკომელები" დაუზოგავად დაერივნენ უმწეო და ღონეგამოლეულ ხალხს. მძიმე რეზინი თხლაშა-თხლუშით ამეტყველდა მათს თავზედ, ერთი "ჩეკისტი" მივარდა ჩია მოხუცს, ხელი დაავლო და სარდაფის შუაგულში ისროლა. ამის მხილველნი ბოღმით ივსებოდნენ.
ნელა წამოდგა მიხელ ჯავახიშვილი, წელში მოხრილმა თვალი გადაავლო დასისხლიანებულ ხალხს... ღმერთო!.. როგორი გამომეტყველება ჰქონდა! ოდნავ ქვემოთ ჩამოწეული მარჯვენა ტუჩის კუთხე უცახცახებდა. სახეზედ უმწეობისა და შეურაცხყოფის ღიმილი ეკერა. რამდენიმე წამი გვიცქირა და ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ ამ დროს მახლობლად ისტერიკული ქვითინი გაისმა. მეც ვეღარ შევიკავე თავი და ბავშვივით ავზლუქუნდი. ჩემს ქვითინს აჰყვა თითქმის ყველა. ვისარგებლე მდგომარეობით და პირველი მივიჭერი მწერალთან. გადავეხვიე, დავუკოცნე გამხმარი სახე... მომყვნენ სხვებიც. მწერალს ვეხვეოდით, გულში ვიკრავდით, სამუდამოდ ვეთხოვებოდით. რეზინიანმა "ჩეკისტმა" მოხუცს წიხლი ჩააზილა. ჯავახიშვილი გასავალი კარის ახლოს ჩაიკეცა.
ხორციელად დაუძლურებული ადამიანი მალე ზეზე ადგა, დამჭკნარი ხელებით სველი თვალები მოიწმინდა და გადმოგვძახა: "აწ გშორდებით, საყვარელო ძმებო"... მაგრამ არ დააცადეს, სიტყვა გააწყვეტინეს. "ჩეკისტმა" კისერში ხელი წაავლო და კარისაკენ წაათრია. კიდევ საკვირველება! მწერალი კვლავ დაუსხლტა ხელიდან "ჩეკისტს", დაჩონჩხილი ხელი მაღლა აღმართა და არსენასებური, ფოლადივით მტკიცე ხმით დაგვძახა:
"კიდევაც დაიზრდებიან
ქართვლში ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოწყდებიან,
ჯავრი შაშჭამონ მტრისანი".
ეხლა კი აღმართა "ჩეკისტმა" ხელი და მძლავრად დაჰკრა მძიმე რეზინი მხრებზედ ჯავახიშვილს. მწერალმა გონი არ დაჰკარგა. იგი კვლავ ხელს გვიქნევდა დამშვიდობების ნიშნად.
მძიმე ჭრიალით მიიხურა სარდაფის კარი..."
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)