ნინო თოლორდავას ცხოვრების წესი - ფიტნესი, აუზი და შოპინგი

ნინო თოლორდავას ცხოვრების წესი - ფიტნესი, აუზი და შოპინგი

"პირველი არხის" საინფორმაციო გადაცემის წამყვან ნინო თოლორდავასთვის თავის მოვლა უკვე პროფესიად იქცა, მისთვის ეს საქმე სამსახურთან ასოცირდება. ვინაიდან სამუშაო დღეებში პიჯაკების, კაბებისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უწევს, არასამუშაო დღეებში სპორტულ-თავისუფალ სტილზე გადადის. ამბობს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანს ეცვას არა მოდურად, არამედ მოხდენილად.

-  როდესაც თავის მოვლაზეა ლაპარაკი, პირველად რა ასოციაცია გიჩნდებათ?

-  მოვლილი ქალი ყოველთვის სასიამოვნო სანახავია, როდესაც ასეთ ქალს ვხედავ, თვალს ვაყოლებ. შეიძლება, ქალი სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ მოვლილი მანდილოსანი ნამდვილად სასიამოვნო შესახედია.

-  თქვენ როგორ უვლით თავს?

-  რომ გითხრათ, ჩემი დღე თავის მოვლით იწყება და ამითვე მთავრდება-მეთქი, მოგატყუებთ. ვცდილობ, თავს მეტ-ნაკლებად მოვუარო. არ ვარ ისეთ ასაკში, რომ საკუთარ თავს ბევრი დრო დავუთმო, მით უმეტეს, რომ სულ უდროობას ვუჩივი. ამის წაკითხვისას შეიძლება, ბევრმა გაიცინოს, რადგან ხშირად ჰგონიათ, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ჩემთვის თავის მოვლა სამსახურებრივი საქმიანობაა. თავის მინიმალური მოვლა ჩემთვის უკვე პროფესიაა. თმის დავარცხნა, მაკაიჟის გაკეთება ჩემს საქმიანობას უკავშირდება და უფრო პროფესიულია, ვიდრე ჰობი. საერთოდ კი, არ მიყვარს მთელი დღე სალონებში ჯდომა და დროის ამაში ხარჯვა, თუმცა, როგორც ყველა ქალს, მეც მიწევს ამის კეთება.

-  ალბათ დასვენების დღეებში მაკიაჟსაც არ იკეთებთ...

-  არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც პურზე ჩასვლის წინაც კი მაკიაჟს იკეთებენ. როცა ეთერში არ ვარ, მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ, ვცდილობ, თმასაც მოვუფრთხილდე და ფენი არ მივაკარო, ასევე ვცდილობ, არ გამოვეწყო პიჯაკსა და ქვედაბოლოში, გადავდო ქუსლიანები გვერდით და ამოვიცვა ჯინსი და კედები.

-  რაც შეეხება საეთერო მაკიაჟს, თუ ერევით ფერების არჩევასა და სხვა დეტალებში?

-  კი, ყოველთვის ვერევი. ვცდილობ, რაღაც ჩემი შევიტანო და შევცვალო მაკიაჟში, რათა მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი მივიღო. მე უკეთ ვიცი, რა მიხდება. მაგალითად, ყოველთვის ვცდილობ, ტონალურში ცოტა მუქი ფერი შევარევინო, არადა, ისინი მეუბნებიან, რომ ეთერში უფრო ნათელია სახე, როდესაც წამყვანს ღია ტონალური უსვია, მაგრამ მე ვცდილობ გავამუქებინო, ამაზე დავაც კი გვაქვს ხოლმე, მაგრამ შეთანხმებამდე ყოველთვის მივდივართ. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან პროფესიონალი ვიზაჟისტები მუშაობენ და მოხარული ვარ, რომ მათთან მაქვს საქმე.

-  ამბობენ, რომ ტელეწამყვანებს არ ურჩევენ გარუჯვას, რადგან ეთერში ეს ცუდად ჩანს, თქვენთან როგორაა საქმე, გაქვთ მსგავსი მოთხოვნები?

-  მეტისმეტად გარუჯული წამყვანი ლამაზი საყურებელი ნამდვილად არ არის. წამყვანი ბუნებრივად უფრო მისაღებია მაყურებლისთვის, თუმცა ვერ ვიგებ, რატომ არ უნდა ჰქონდეს წამყვანს ზომიერი რუჯი, რატომ არ უნდა გაიშალოს თმა, რატომ არ უნდა ეკეთოს აქსესუარები, საყურე, ბეჭედი. ამ შეხედულებებს მე არ ვეთანხმები, მაგრამ ზედმეტად გარუჯული ადამიანის ნახვა ეკრანზე მეც არ მსიამოვნებს, ისე კი მსგავსი შეზღუდვები ჩვენთან არ მოქმედებს. როგორც კი მზე გამოაჭყეტს, მაშინვე აუზზე გავრბივარ და ზომიერად ვირუჯები. ხელოვნური ნამზეურისა და სოლარიუმის წინააღმდეგი ვარ, ადრე ხშირად ვიყენებდი, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები გავიგე, წავიკითხე და საკუთარ თავზეც გამოვცადე, რომ დავრწმუნდი, ნამდვილად არ ღირს სოლარიუმში გარუჯვა. აქედან გამომდინარე, აუზს ვარჩევ, ისე კი, მე მთელი წლის განმავლობაში დავდივარ აუზზე და ვცურავ, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ფიტნესთან ერთად. თავის მოვლის ყველაზე კარგი საშუალება ესაა. კვირაში მინიმუმ სამი დღე ჩემთვის იწყება აუზით, ზაფხულში აუზი და მზე ჩემი განუყოფელი ნაწილია, ზამთარში კი - ჯერ ფიტნესი და მერე აუზი.

-  ფიზიკურად იმდენად იტვირთებით, რომ ალბათ წონის პრობლემა არც უნდა გქონდეთ...

-  კი, ასეა, წონის პრობლემა არასდროს მქონია, თუ არ ჩავთვლით პლუს-მინუს ორ-სამ კილოს.

-  რაც შეეხება ჩაცმულობას, ეთერში კლასიკურად იმოსებით - პიჯაკით, ქუსლიანი ფეხსაცმლითა თუ კაბებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში რას ანიჭებთ უპირატესობას?

-  ჩემს კარადაში ბევრი ქუსლიანი ფეხსაცმელი, კაბა თუ გამოსასვლელი სამოსია, რომლებიც სამსახურში მაცვია, მაგრამ როცა სამსახურიდან გამოვდივარ და ვისვენებ, ვცდილობ, გადავიდე ჯინსზე, დაბალქუსლიანებზე და სპორტულ სტილზე. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, შაბათ-კვირას ძირითადად სპორტულად ვიცვამ.

-  რაც შეეხება ფერებს, რომელი ტონები ჭარბობს თქვენს გარდერობში?

-  რაც ნაკლებად მოიძებნება ჩემს გარდერობში, ეს არის შავი ფერი. როგორც ყველა ქალს, მეც მაქვს შავი სამოსი, თუნდაც კაბა, რადგან ის უნივერსალურია, როცა არ იცი რა ჩაიცვა, მას უცებ გამოიყენებ. ჩემს გარდერობში ნახავთ ყველანაირ ტონს, ზაფხულში განსაკუთრებულად მომწონს თეთრი, ჟოლოსფერი. არ მიყვარს ყვითელი და მწვანე. ერთადერთი ჭრელი კაბა მაქვს ყვითლით გაწყობილი და მასში რომ მხედავენ, ყველა აღნიშნავს, ვაიმე, ნინო, ყვითელი გაცვიაო?! ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ფერის მიმართ, მაგრამ ის იმდენად ლამაზი კაბაა, ვირგებ.

-  ვის აზრს აქვს განსაკუთრებული მნი­შვნელობა თქვენთვის ჩაცმასთან და­კავშირებით?

-  ჩემი მეუღლის, რადგან მას შეუდარებელი გემოვნება აქვს.

-  როგორ სამოსში მოსწონხართ მეუღლეს, როდის იღებთ მისგან უფრო მეტ კომპლიმენტს?

-  კონკრეტულად ვერ გეტყვით. ჩვენი გემოვნება რაღაც მომენტში ერთმანეთს ემთხვევა, როცა სარკეში ჩავიხედავ და ჩემი თავი მომეწონება, ვიცი, რომ მასაც მოვეწონები. უფრო ის შემიძლია გითხრათ, რა არ უყვარს, არ მოსწონს ჩაჩაჩული შარვლები, უბე რომ მუხლამდე აქვს. როგორც ვხვდები, უფრო ქალური სტილის სამოსი მოსწონს ჩემზე.

-  დამოუკიდებლად თუ უყიდია თქვენთვის სამოსი?

-  კი, საზღვარგარეთ როცა ყოფილა, ჩამოუტანია და ყოველთვის მომწონებია, რადგან როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი გემოვნება აქვს.

-  საშოპინგოდ თუ დაგყვებათ?

-  არა, ვერ იტანს დიდხანს სიარულს. მიმიყვანს ხოლმე დილით და ღამით წამოსაყვანად მაკითხავს. მე კი შემიძლია, დილიდან ღამემდე ისე ვიარო, რომ არ დავიღალო. როგორც წესი, დიდი დრო მჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, ამიტომ სიარულის შემდეგ შუალედში ვფიქრობ, ვაანალიზებ ნანახს და მერე ვწყვეტ რა ვიყიდო. სიმართლე გითხრათ, მეც არ მიყვარს ვინმესთან ერთად სიარული, მირჩევნია, მარტომ ვიარო, გემრიელად დავათვალიერო და მოვირგო რაც მინდა. როცა მეგობრები ერთად ვართ საზღვარგარეთ, მე გამოვდივარ ხოლმე ინიციატივით, რომ დავიშალოთ, მარტოებმა მოვიაროთ ყველაფერი და მერე შევხვდეთ დათქმულ ადგილას. ასე მირჩევნია, უფრო მშვიდად ვყიდულობ საჭირო ნივთებს.

-  აქვე აქსესუარების თემასაც შე­ვეხოთ... გიყვართ სამკაულები?

-  იყო პერიოდი, როცა სამკაულები ძალიან მიყვარდა და ხშირადაც ვიყენებდი, მაგრამ ბოლო 4-5 წელია მინიმალურად ვიკეთებ აქსესუარებს. თუმცა არის სამკაულები, რომელთა გარეშეც სახლიდან ვერ გავდივარ. რატომღაც ბოლო დროს უფრო კაცური სამკაულები მომწონს - საათები დიდი სამაჯურით, უთვლო ბეჭდები და მასიური საყურეები.

-  დასასრულ, გვითხარით, თქვენი აზრით, როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ გემოვნებიანი?

-  გემოვნებიანია ის ადამიანი, რომელსაც აცვია ის, რაც უხდება. როცა გაცვია ის, რაც არ გიხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ აფასებ შენს გარეგნობას და რეალობიდან ხარ ამოვარდნილი. არ მიმაჩნია, რომ გემოვნებიანია ადამიანი, რომელსაც მოდურად აცვია, მე მოდას არ ვცნობ, არ უნდა ჩავიცვა რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია, ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება, მოდის გარკვეულ ტენდენციას მეტ-ნაკლებად გაჰყვე, მაგრამ რეალურად მოდა არის ის, რაც გიხდება და გემოვნებაც სწორედ ესაა, როცა გაცვია ის, რაც გიხდება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები