წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიასთან სიცოცხლის ფასად დაუჯდა... ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, ვინც სტალინის მასობრივ რეპრესიებს - "დიდ წმენდას" შეეწირა... მისი ნაწარმოები თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში აკრძალული იყო. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა...
პირველ ნაწარმოებებს ადამაშვილის გვარით აწერდა ხელს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწერლის გვარი "ჯავახიშვილი" ფსევდონიმია. მისი წინაპრები ჯავახიშვილები იყვნენ. ამ გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს კაცი მოუკლავს. გადამალვის მიზნით ქართლიდან ქიზიყში გადასულა და რომ არავის ამოეცნო, გვარი ტოკლიკაშვილად გადაიკეთა. ამის შემდეგ ჯავახიშვილები ერთხანს ადამაშვილების გვარით ცხოვრობდნენ, თუმცა მიხეილ ჯავახიშვილმა ნამდვილი გვარის აღდგენა ისურვა და დაიბრუნა კიდეც...
მამამისი სოფლის მეურნე იყო და ვაჟსაც ამ ხელობისთვის ამზადებდა. ჯერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ყირიმის სამეურნეო სასწავლებელში. აგრონომიის შესწავლამ რვა წელიწადი წაართვა. მომავალი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ წარუშლელი დაღი დაასვა მის პიროვნებას და ცხოვრებას: მიხეილი ყირიმში სწავლობდა, როცა 1900 წელს იანვარში მისმა ქართველმა მეგობრებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს. ერთ-ერთ მშობელს ტკბილეულობა და ხილი გაზეთში გაუხვევია. ფურცლებზე 1899 წლის 27 დეკემბრის კრიმინალური დანაშაულის შესახებ წერდნენ. მიხეილმა ფურცელი ჩაიკითხა და აღმოაჩინა, რომ საკუთარ ოჯახზე თავსდამტყდარ უბედურებას კითხულობდა. მათ სახლში შევარდნილმა არაკაცებმა მიხეილის დედა და და მოკლეს. მცირე ხანში კი მამა დარდს გადაჰყვა. ამის შემდეგ მიხეილი საკუთარ დედულეთში და სახლში, სადაც ეს შემზარავი ფაქტი მოხდა, ვეღარ ჩერდებოდა.
ერთგან მიხეილს ურჩიეს, აგრონომად არ გამოდგებით, სხვა საქმე აირჩიეთ, მაგალითად ტელეგრაფისტობაო. ეს საქმე არა, მაგრამ წერა კი სცადა და მას შემდეგ "მწვალებელი აზრებისა და სურათების ქაღალდზე ღვრა" დაიწყო.
წესად ჰქონდა ყოველდღიურად ჩაეწერა სიტყვები, სახეები, თქმები თუ ათასი წვრილმანი თუ ვრცელი ამბავი. ზოგს ყურმოკრულს ინიშნავდა, ზოგს თვალმოკრულს და ზოგსაც გაგონილს. "ეს მასალა გაგონილი და მოგონილი - შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე", - წერდა მოგვიანებით ჯავახიშვილი.
იმ დროს მწერლობაში "საწყალი კაცის" კულტი მკვიდრდებოდა. ამან მიხეილ ჯავახიშვილიც მიიზიდა. ერთხელ ბაზარში ჯუჯა უბადრუკი მათხოვარი დაინახა. დიდხანს სდია და უთვალთვალა. იმ საღამოს შვიდ საათზე მიუჯდა მაგიდას და იქიდან მხოლოდ მეორე დილის შუადღეს ადგა. ხელში კი "ჩანჩურას" პირველი ვარიანტი ეკავა. მოთხრობა ორჯერ გადაწერა და "ცნობის ფურცლის" რედაქციაში წაიღო. მწერლის "ნათლობა" 1903 წელს შედგა. ჯავახიშვილმა ამ გამოცემასთან თანამშრომლობა შემდეგშიც განაგრძო. ჩანჩურას სხვა ასეთივე პერსონაჟები მოჰყვა. ამის შემდეგ 20 წელი გავიდა და მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა კვაჭი, ჯაყო, არსენა...
მიხეილ ჯავახიშვილი "ივერიის" რედაქტორი გახდა, შემდეგ - გაზეთ "გლეხის". ხელისუფლების ხშირი კრიტიკის გამო ეს გაზეთი დახურეს. მისი რედაქტორი დაპატიმრებას უცხოეთში გამგზავრებით გადაურჩა. ჟენევასა და პარიზში ლექციებს ისმენდა, ევროპულ ლიტერატურას ეცნობოდა და ახალ-ახალ პუბლიცისტურ წერილებსა და მოთხრობებს სამშობლოში გზავნიდა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ მიხეილ ჯავახიშვილზე განსაკუთრებულად იმოქმედა. იმ დროს ის უკვე საქართველოში იყო და გაზეთ "ისარში" მუშაობდა. თურმე თავზარდაცემული დიდხანს მჯდარა ილიას ცხედართან. ღამით ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშს ცხვირსახოცი გადააფარა, ხის ქვეშ დადო, თავი მიადო და ჩაეძინა...
პირველად 1910 წელს დააკავეს. ერთი წლით ციხე და ხუთი თვით როსტოვში გადასახლება მიუსაჯეს. ეს დროც მიილია, საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ დაუმორჩილებელი პიროვნება იყო. ერთხანს სპარსეთში ცხოვრობდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებთან ერთად კვლავ აიმაღლა ხმა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. უკვე მეორედ 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით დააკავეს. მან ხუთი თვე გაატარა ორთაჭალის ციხეში და ამ ხნის განმავლობაში მისი 15 მეგობარი და თანამოაზრე დახვრიტეს. მიხეილი სიკვდილმისჯილთა საკანში ელოდა თავისი განაჩენის აღსრულებას, თუმცა მაშინ გადარჩა...
მკითხველის მიერ აღიარებულ მწერალს ხელისუფლების დავალებით კრიტიკა არ ინდობდა და მწვავედ უტევდა. ვინც პარტიის მითითებებსა და ინსტრუქციებს არ ემორჩილებოდა, ის "ხალხის მტერი" იყო. ბერიამ პირდაპირ მოუწოდა, თქვენი ყოფა-ქცევა უნდა გადასინჯოთო. "გადასინჯვასა" და აზრის შეცვლას არ აპირებდა, უკვე გვიანიც იყო - მიხეილ ჯავახიშვილს თავის ნაწარმოებებში ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდა. ამის შემდეგ ოფიციალური დადგენილებაც მიიღეს, რომ "ჯაშუში და დივერსანტი" ჯავახიშვილი მწერალთა კავშირიდან განედევნათ. იქვე მისი ფიზიკურად განადგურების ბრძანებაც გაიცა.
1937 წელი იდგა. ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა. ხალხს დაღამების ეშინოდა. ღრმა ძილში მყოფებს გამთენიისას კაკუნის ხმა აღვიძებდათ და ყველაფერი წამებში ხდებოდა. სახლიდან გაურკვეველი მიმართულებითა და ვადით გაჰყავდათ "ხალხის მტრები". თბილისის ციხეები პატიმრებით გაივსო. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და "შინსახკომის" ბნელ სარდაფში გამოკეტეს. საკანში გატარებულმა დღეებმა ცოცხალ ჩონჩხად აქცია. ის შემოდგომაზე დახვრიტეს და მწერლის არქივიც გაანადგურეს. დიდი ხნის განმავლობაში მწერლის შემოქმედებას ტაბუ ედო, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნაწარმოებები კვლავ გამოიცა.
ამჯერად "ჩემი რჩეული" მიხეილ ჯავახიშვილს შეგახვედრებთ. მისი შემოქმედების შვიდტომეულის შეძენას ჟურნალ "გზასთან" ერთად შეძლებთ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)