კონსტანტინე გამსახურდია: როგორ ვწერ?

კონსტანტინე გამსახურდია: როგორ ვწერ?

(ფრაგმენტები)

ჰმ!

ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?..

ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიგნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზია კიდევ სულ სხვა. სამწუხაროა, დარვინისებური სელექციის კანონი ადამიანს რომ ვერ მიუყენეს. ვეცდები, ნაწილობრივად მაინც გიპასუხოთ. მე შემიძლია, შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება.

საერთოდ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით, თუ როგორ ხდება ეს, როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად გაჩენილ დედას - ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელი წერტილის დასმამდის შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ. ანი ნამგლისათვის მიუმსგავსებია ქართველ ხალხს, ბანი ყელმოღერებულ ქართულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს. განი ლაგვინებს და ქვევრებს ჰგავს.

კბილიანი ასოები ღ, ყ, ლ, დ, რაღაც ქვეწარმავალს მაგონებს, ზოგიც ხერხებს, სათლელ, სახლეჩ ან სატეხ ხელსაწყოებს. ძალიან მახარებენ ღერიანი ასოები, ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით წამოვლენ. განების, ყარების, დონების, ენების, ვინების ფეხები ხრმლებს, წერაქცულებს და წათებს მიაგვანან. ინები ცხენების ნალებს. ვინ იცის, ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიის ხრიოკებიდან ომითა და ზათქით წამოსულს. ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას. როცა წერით დავიღლები, თვალს შევავლებ ხოლმე ასოებს, გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიკურ იეროგლიფებს. თანაც, მოშაირესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას.

* * *

ვწუხვარ: მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918-1819 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა, დამეგდო და, პრუსიის გენშტაბის აკადემია მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო - რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წ. ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში, და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა... სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს. ბოლოს შევეთვისე ცხენს.

მერე ის იყო, ისევ მწერლობას დავუბრუნდი. "დიონისოს ღიმილის" ტიპები, სახეები და პასაჟები მრავალი წლის განმავლობაში თან მიტარებია. ცალკეული ფრაგმენტები სხვადასხვა დროს დამიწერია, მაგრამ ჩემი აბობოქრებული ახალგაზრდული ცხოვრების კორიანტელში დავკარგე. 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი ჟურნალ "კავკასიონში" გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შესწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა მქონდა ფული. "საქართველოს პოლიგრაფტრესტი" მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი, ზოგიერთი თავი მონოლითურად ჩამოისხმებოდა ხოლმე, ამან გამათამამა. როცა პირველი ხალისი მომექანცა, შევდრკი, მომვარდებოდა სტამბის გამგე მანასე გოგვაძე: - მოიტა გაგრძელება, თორემ ანაწყობს დავშლი, ასონიშნები მჭირია. ისევ ჩავიკეტებოდი, დავწერდი, გადავწერდი, კიდევ გადავწერდი, კიდევ და კიდევ... ხან რომელიმე თავი არ მომეწონებოდა, ერთ ორ დღეს ისევ დავემალებოდი მანასეს, ერთ ორჯერ ისევ გადავწერდი სტერლინგისებურ ტკიცინა ქაღალდზე. იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო.

საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ.

რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ.

ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნების და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის. თუ ხელს ლაღად უნავარდნია და ასოებიც ვაჟკაცურად მოჯარულან, კარგია. კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც, როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. პოლიგრაფიული წამლების სუნი განუზომლად მიყვარს. ასოთამწყობებში ძველი ძმაკაცები მყავს. რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ.

კორექტურაში ძლიერ ვჭირვეულობ. ახლები ხანდახან ამეშლებიან, ძველებმა იციან "ცოდვილი კაცი" ვარ და მუდამ ამხანაგურის თავაზით მშველიან. მე მუდამ ვაფასებდი ასოთამწყობისა და სტამბის სხვა მუშაკის ამაგს, ამიტომაც, ეს მე შემოვიღე პირველად 1917 წელს (ჟურნ. "პრომეთეში") სტამბის მუშების სახელისა და გვარის წიგნის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან. დედანს საშინელი სისწრაფით ვწერ. მე მგონია: როცა ჩვენი მკითხველები კითხვასა და ნაწერის გაგებაში უკეთ გაიწაფებიან, სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ. ეს დიდ დროს გვართმევს.

ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ. პირადად მე არა მგონია, ასეთ რამეს რომ მოვესწრო. არც ერთ ჩემს ნოველას მეორე ვარიანტი არ ჰქონია. სწრაფად ვწერ, მაგრამ დიდხანს ვინახავ ხელნაწერს, გამოხდება ხანი, წავიკითხავ, გავქლიბავ და ისევ შევინახავ.

მე უმეტესად ნაშუაღამევს ვწერ, ნაწერს დილაობით გადავიკითხავ ხოლმე. ხანდახან ფული მჭირია, მაგრამ ნაადრევად დაბეჭდვას თარგმანს ვარჩევ, თუმცა თარგმნამ თავი მომაბეზრა. დიდი პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის.

უამრავი ახალი სიტყვა იხარჯება, მაგრამ რას იზამ, წყალწყალა ხალტურის ბეჭდვას შედევრების თარგმნა სჯობია. მე ადრე დავრწმუნდი: ვერავითარი პირობები ვერ შეისყიდის იმ დროს, რომელიც დიდის გემოვნებით შესრულებულს ნაწარმოებს დასჭირდება. ვინც სისტემატიურად კითხულობს, იგი სულ მალე წერას იწყებს და მერე არც მკითხველად ვარგა და არც - მწერლად. გუტენბერგის გენიოსურმა გამოგონებამ, ერთის მხრივ, ავნო კიდევაც ნამდვილ კულტურას, ხელნაწერების იოლმა მულტიპლიკაციამ წიგნი კომერციულ ნაწარმოებად აქცია და ფულისთვის აღტკინებულ საშუალებას კალამი ააღებინა ხელში. გონებადაჩლუნგულ, უგემურ ბურჟუაზიას ევროპისას იოლად გასაგები და მისი უხამსი გემოვნებისათვის ხელმისაწვდომი წიგნი მოუნდა და აქ კი ბულვარის მწერლები დაფაცურდნენ.

ამიტომაც ზეიმობს ამჟამად ევროპაში ხალტურა და ბულვარის მწერლობა. ეს ასეა, მაგრამ ნამდვილი ხელოვნება თავის საკუთარ ეტლს უნდა მიჰყვებოდეს. ამითვე აიხსნება, დღეს ევროპაში უდიდესი სიტყვის ოსტატები უაღრეს მატერიალურ გაჭირვებას რომ განიცდიან, ხოლო ზუდერმანის ტიპის ბულვარის მწერლები საკუთარ ვილებში ნეტარობენ... როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ, საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო. ახალგაზრდებს ვურჩევ; კალამსა და ჭკუას ძალას ნუ დაატანენ მაინცდამაინც.

თამაშით სწერონ, თამაშითა და ბრძოლით. ეს ნათქვამი ირიბულად უნდა გაიგონ. ამქვეყნად არავის ისე არ ესაჭიროება სრულყოფისათვის ბრძოლა და შრომა, როგორც მწერალს. ამიტომაც ადრე იღუპებიან სიტყვის დიდოსტატები. კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთ კალმიდან ქაღალდზე მოხდენილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ, რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა. ლევ ტოლსტოი და ფლობერი, ვაჟა და ჰიუგო, რუსთაველი და გოეთე, ალბათ, სატანური ნების კაცები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენს საუკუნეში ისეთი ძლიერი დოღია გამართული, თუ მთელი შენი ენერგია და მოცალეობა არ შეალიე მწერლობას, არარა შეგრჩება ხელში. ის ქმნილება, რომელიც შენს სისხლსა და ხორცს ვერ შეისხამს, უთუოდ წამოდგება ქაღალდიდან. პირად მაგალითს უნდა დავუბრუნდე. 1914-1923 წლებში საგანგებოდ მიმოგზაურია საფრანგეთსა, იტალიასა და გერმანიაში, რადგანაც ისეთი რომანი მინდოდა დამეწერა, რომლის არენად, საქართველოს გარდა, ეს სამი დიდი კულტურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო.

მე არა მწამს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ფანტაზიისაგან გამოკვებილი ხელოვნება. ან ისეთი, მარტოოდენ იმაჟინირებულ ტიპაჟს რომ ემყარება. მუდამ სინამდვილისაგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არც ერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არც ერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია. პოეტური გამოგონება ყოველთვის უსისხლო და უსხეულო გამოვა, თუ მას მიწიერების ნელსურნელება არ გადაჰკრავს (მხოლოდ ესაა: ქვესკნელში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა სავარსამისძის ჯოჯოხეთად ჩასვლა მაინც აღვწერე)...

ენისა და სტილის ამბავიც ერთგვარი ალქიმიაა, აქაც დიდი შრომის გაწევა დამჭირვებია. მას შემდეგ, რაც განსწავლისა და მოგზაურობის წლები მოვათავე, მთელი ჩემი ენერგია ძველი და ხალხური ქართულის შესწავლისაკენ მივმართე. ცხადია, რომ არც ერთ დიდოსტატს ენისას ჩვეულებრივი მოქალაქისა და თუნდაც ლიტერატორის ლექსიკა, არც უკვე ცნობილი სიტყვების მარაგი არ ეყოფა. ამ შეგნებამ ძველქართულსა და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გადამაგდო. ამის შემდეგ საჭიროდ დავინახე, ქართული ენის ალოგიური ბუნებიდანაც ამეღო ხარკი. ბუნებრივად ძველი კარაბადინებისა და შელოცვების შესწავლა დამჭირდა (ზოგიერთებს ეგონათ, მე თავათ მწამდა თითქოს ეს შელოცვები).

სიტყვებიც ისევე სცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მანქანების ფირფიტები, მაქოები და რიკები. სცვდებიან პოეტური სახეებიც, ამიტომაც, მუდამ ვერიდები ათასგზის ნახმარ სიტყვათა კომბინაციებისა და სახეების გამოყენებას.

ცხოველთა სამეფოდან მე ორი სულიერი მყავს სიმბოლოდ აღებული - მიმინო და გველი (არც ერთი მათგანი შინ არა მყავს). მაგრამ პირველი აღმაფრენის ფარეშია ჩემი, ხოლო მეორე - სიბრძნისა. სად არის აქ ქრისტიანიზმი ან კლერიკალიზმი? ქრისტეს არასოდეს დაუსვამს ხელზე მიმინო და ქრისტიანობას მუდამ სძაგდა გველი. ვისაც "დიონისოს ღიმილი" ყურადღებით წაუკითხავს, მას ეცოდინება, რომ ჩემს კოსმოსოფიას ქრისტიანიზმთან არაფერი აქვს საერთო. ხელს რა მიშლიდა? უმეცართა სულმოკლეობა და მეშურნეთა სისინი. ზოგიერთ მწერლებსა და ლამაზ ქალებს ერთნაირი უბედურება სჭირთ: ვინც მათ ვერ მისწვდება, ყველა აგინებს. ერთმა გონებამახვილმა ფრანგმა კარგად იხუმრა: როცა ადამიანი რაიმე დიდსა და შესანიშნავს შექმნის, სხვანი უთუოდ ეცდებიან, მან ეს "მზაკვრული საქციელი" არასოდეს გაიმეოროსო. ცუდმა მეიგავეებმა მომიშხამეს სიცოცხლე და შემოქმედების ისედაც მძიმე ტვირთი გამიათკეცეს. ამ ამბებმა დიდი მწუხარება შემახვედრა, მაგრამ მტრებიც საჭირო ყოფილან თურმე. მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი.

დედაჩემის გარდაცვალებამ "დამსხვრეული ჩონგური" დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა - ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე "ზარები გრიგალში". ვწერდი და ვტიროდი. ჩვენში ბევრს ჰგონია: პატარა ნოველა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი. აქ თავად თემა მოითხოვს ინტიმობის გამომჟღავნებას. პირადი უბედურების გამო იშვიათად ვტირი, მაგრამ ჩემივე გმირების უბედურებას ავუტირებივარ (ცოტა არ იყოს, მეჩოთირება კიდევაც ამის გამხელა, რადგან გულჩვილი ვაჟკაცი არ მომწონს).

თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი ნოველას "დიდი იოსები". პროტოტიპად მყავდა ჩვენს ეზოში მცხოვრები მეკურტნე, შემდეგ კი მეეზოვე - იოსებ სხირტლაძე. ეს მოხუცი ფრიად გულალალი, უთვისტომო და ლოთობისაგან სრულიად დაავადებული კაცი იყო. ლაპარაკში არ ბორძიკობდა, მაგრამ ენაარეულად მეტყველებდა. ხანდახან ჰალუცინაციებიცა ჰქონდა. ელანდებოდა: თითქოს ვიღაცები ხმალში შემოაკვდა. სადღაც დიდი განძი იპოვა, ხანაც ბოლშევიკობდა. როცა დარწმუნდა, რომ ბოლშევიკობა სახელმწიფო ქონების დატაცებას არ ნიშნავს, ოპოზიციაში ჩაუდგა ბოლშევიკებს თავის ჭკუაში და მენშევიკობა დაიწყო. ასეთივე იდეფიქსიც ჰქონდა აჩემებული: თითქოს ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი იმ დროს, მისთვის ეჩუქნოს საბჭოთა მთავრობას.

* * *

...მარტოოდენ ენის შესწავლას არ ჰყოფნის ერთი სიცოცხლე. აქ ისევ ალქიმია იწყება და მე მეშინია სიტყვა გამიგრძელდეს. ახლა ცოტა რამ სიტყვიერი მასალის მოხვეჭისათვის. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს გამოცემებს. ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მასალის ძებნაში. პარალელურად ვმგზავრობდი მთელს საქართველოში, ვნადირობდი და ვთევზაობდი, რათა უშუალოდ გავცნობოდი ხალხის მეტყველებას.

ამგვარად შედგენილი მაქვს საკუთარი იშვიათ სიტყვათა ლექსიკონი. დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვის ხმარებას ვერიდები (თუ გმირს არ ვალაპარაკებ), ვიდრე რომელიმე სარწმუნო ძეგლთან შევაწამებ. ცუდი ქართულით მოუბართ შეძლებისამებრ ყურს ვარიდებ. ცუდი ქართულით დაწერილ ლიტერატურას არ ან ვერ ვკითხულობ. როგორც უცხო ენებზე, ისე ქართულ დიალექტებზე ხანგრძლივად ლაპარაკს გავურბივარ, რადგანაც ვიცი: ეს ქართულ აქცენტს შემირყვნის უთუოდ. მარტოობის ჟამს ხმამაღლა ვკითხულობ რომელიმე შერჩეულ ძეგლს ძველი ქართული მწერლობისას. დაძინებისას ძველ ქართულ შედევრებს ვათვალიერებ, რათა ქვეშეცნებაში განმიმკვიდრდეს თავისთავადი ენის კულტურის ნელსურნელება.

ასე და ამგვარად დღე და ღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე ღმერთს.

1933 წელი.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს