როგორი მეხსიერება აქვს სალომე გოგიაშვილს

როგორი მეხსიერება აქვს სალომე გოგიაშვილს

არანაირი თამაში არ უყვარს და ამას მარტივად ხსნის - არ სიამოვნებს, როცა დაძაბულია. წიგნებს ბავშვობაში უფრო ხშირად კითხულობდა, ახლა კი საამისოდ დროის გამონახვა უჭირს. წაკითხულ ნაწარმოებს ხელმეორედ არასდროს უბრუნდება. კლასიკა იზიდავს. იყო დრო, როცა "ტომ სოიერის თავგადასავალზე" გიჟდებოდა. ერთი პერიოდი ბაირონის შემოქმედებამაც გაიტაცა. ბევრს აღარ გავაგრძელებ და სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუს წარმოგიდგენთ.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ქართულზე კარგად რუსულ პოეზიას ვიცნობ. თინეიჯერობის წლებში წიგნებიდან ლექსებსა და გამონათქვამებს ვიწერდი ხოლმე. როცა შეყვარებული ვარ, ჩემთვის ყველაზე ახლობელი შექსპირია.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ცუდი, ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს! ყველაზე მეტად სახელებსა და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ. ჰოდა, ერთხელ ამის გამო ექიმთანაც მივედი, მან კი პრეპარატი გამომიწერა. სამაგიეროდ, ადვილად მამახსოვრდება ტელეფონის ნომრები. მხედველობითი მეხსიერება მაქვს.

- დასვენებას სად გეგმავ?

- დასვენებას რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი. ახლახან ერთ-ერთ პროექტში მიმიწვიეს და თუ ამ წინადადებას დავთანხმდები, ზაფხულშიც მომიწევს მუშაობა. ვფიქრობ, დასასვენებლად 10 დღით მაინც, ზღვაზე წავალ.

- კითხვარზე გადავიდეთ.

- კარგი, დავიწყოთ.

- რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, რომელშიც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ასეთი კითხვები უნდა დამისვა? ვაიმე!!!

- ვერ მიპასუხებ?

- გთხოვ, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) არა, არ ვიცი.

- ვაჟა-ფშაველამ. რომელ ქალაქშია იუნესკოს შტაბბინა?

- საფრანგეთში.

- ასეთი ქალაქი არსებობს?

- არა? ა! ქალაქს მეკითხები? პარიზშია.

- უძველესი ცივილიზაციისა და მაღალი კულტურის გამო, რომელი ხალხი უწოდებს საკუთარ ქვეყანას "სამყაროს ყვავილს"?

- რომელიმე ძველი ქვეყანა იქნება, ზუსტად არ ვიცი.

- მაინც რომელზე ფიქრობ?

- ჩინეთზე.

- გამოიცანი. რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- მოკასინი.

- რა ენაზეა ყურანი დაწერილი?

- არ ვიცი.

- არაბულზე. რა ჰქვია ბალერინისა და ბალერონის საზეიმო გამოსვლას?

- ანტრე.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე. ცოტა ხნის წინ ამ წმინდა ადგილზე ჩემი მოძღვარი მოსალოცად წავიდა. იქ ხომ არაერთი სასწაული ხდება. მამაო მიყვებოდა: ღრუბელი ჩამოდის, რამდენიმე წუთს ჩერდება და იფანტება, სხეულზე კი ნამი გრჩებაო.

- რა ერქვა დავით აღმაშენებლის ყივჩაღ მეუღლეს?

- არ ვიცი.

- გურანდუხტი. "მამაკაცს უნდა შეეძლოს, ქალს დაემორჩილოს, რომ შემდეგ მასზე ბატონობის უფლება მოიპოვოს", - რომელი ფრანგი კლასიკოსია ამ გამონათქვამის ავტორი?

- მისი ნაწარმოებების დასახელება არ შეგიძლია?

- "კაცი, რომელიც იცინის", "საბრალონი" და ა.შ.

- ვიქტორ ჰიუგო ყოფილა.

- ეთანხმები?

- რა თქმა უნდა! ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია; ზოგჯერ მოფერებით მეტის მიღწევა შეიძლება.

- ვინ იყო ბედისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში?

- ფორტუნა.

- შენს ფორტუნაზე რას გვეტყვი?

- მწყალობს. ყოველ შემთხვევაში, ახლა კარგად ვარ. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა "დაღმართზე" ვეშვებოდი, მაგრამ წუწუნი არ მიყვარს. რაც გაქვს, იმით უნდა იყო ბედნიერი.

- ის წარმოიშობა წვიმის წვეთებში სინათლის სხივების გარდატეხისა და დაშლის შედეგად. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- ქრისტიანული მსოფლმხედველობით, მაცხოვრის მიერ დაწესებულია 7 საიდუმლოება. ესენია: ნათლისღება, მირონცხება, სინანული, ზიარება, მღვდლობა, ზეთის კურთხევა და...

- (ფიქრობს) ჯვრისწერა.

- ანუ ქორწინება. რა ჰქვია თანამდებობათა, წოდებათა თანამიმდევრობას უდაბლესიდან უმაღლესისკენ?

- არ ვიცი.

- იერარქია. რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- რა ეწოდება სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც შეუზღუდავი ძალაუფლებითაა აღჭურვილი?

- ვერ გიპასუხებ.

- დიქტატორი. რა არის გულანშარო "ვეფხისტყაოსანში" - ქაჯეთის, ზღვათა სამეფოს თუ ხატაელთა დედაქალაქი?

- ხატაელთა, არა?

- ცდები, გულანშარო ზღვათა სამეფოს დედაქალაქია. რომელი ზღვების აუზებს განეკუთვნება საქართველოს მდინარეები?

- შავი ზღვის.

- მხოლოდ შავი ზღვის?

- კასპიის ზღვაც უნდა მეთქვა.

- ვინ ასრულებს მთავარ როლს "მაია წყნეთელში"?

- ლეილა აბაშიძე.

- რამდენი ფეხი აქვს რვაფეხას?

- (იცინის) რას მეკითხები, რამდენი უნდა ჰქონდეს?

- ეს თავად უნდა მითხრა.

- მგონია, რომ 8 ფეხი აქვს. გინდა, შეცდომაში შემიყვანო?

- რა არის ის, რაც ყველას და ყველაფერს აქვს, მათ შორის - რვაფეხასაც?

- რატომ მაბნევ?

- არ გაბნევ, მხოლოდ კითხვას გისვამ.

- (ფიქრობს) არ ვიცი.

- სახელი. იტალიის რომელ ქალაქში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული გვერდზე გადახრილი კოშკი?

- პიზაში.

- "რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,/ რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!/ იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,/ ამ სიყვარულზე ვესაუბრები", - ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- ლადო ასათიანი.

- რომელია უფრო მეტი: 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- 20-ის 25%.

- დარწმუნებული ხარ?

- არა (ფიქრობს). მგონი, თანაბარი უნდა იყოს.

- ნამდვილად ასეა! არისტოტელემ მას სურვილების შესრულების გარანტი უწოდა, ლორდ ბაირონმა - ალადინის ლამპარი, ჰენრი ფორდმა კიდურებს შეადარა, ბერნარდ შოუ კი მიიჩნევდა, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე. რაზეა ლაპარაკი?

- გულზე.

- ლაპარაკია ფულზე. საიდან მოდის გამონათქვამი - ცოლმა ქმარს რქები დაადგაო?

- ასე მოღალატე ცოლებზე ამბობენ.

- მართალია. ეს გამონათქვამი ძველი საბერძნეთის ისტორიიდან მოდის.

- მაგდენი არ ვიცოდი...

- იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი ქალების მოყვარული ყოფილა. რომელიმე ქალი თუ მოეწონებოდა, მის ქმარს იმპერატორის მამულში ნადირობის ნებას რთავდა, რაც დიდ პატივად მიიჩნეოდა. ვისაც ეს საპატიო ნება მიეცემოდა, მის ჭიშკარზე ირმის რქებს მიაკრავდნენ, მეფე კი სანადიროდ წასულის ცოლს სტუმრობდა.

- საინტერესო ამბავი ყოფილა.

- რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-ემ "მაღალი საზოგადოების ასკილი"?

- არ ვიცი.

- ვარდს. "მანავი", "კახეთი", "ზამთარი", "ძველი სამრეკლო" - რომელი ცნობილი მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის ეს ტილოები?

- ელენე ახვლედიანის.

- რომელმა ცნობილმა მხატვარმა გამოსახა ჯოკონდა ულვაშით?

- არ ვიცი.

- სალვადორ დალიმ.

- ვაიმე! ეგ ვიცოდი და ვეღარ გავიხსენე.

- რა ერქვა მდინარეს კანადაში, სადაც პირველად იპოვეს ოქრო?

- ეს მართლა არ ვიცი.

- კლონდაიკი. ეს პოეტი 5 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა ხიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. ახალგაზრდა პოეტი ბედის საძიებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. 1924 წელს, მწერალთა კავშირის განკარგულებით, რამდენიმე ხნით სასტუმრო "გლეხთა სახლში" ცხოვრობდა. ეს ფაქტი მის დღიურებშიც არის დადასტურებული. დაასახელე ეს პოეტი.

- იქნებ მისი პოეზიიდან ერთი სტროფი მითხრა, თორემ ვერ ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი.

- "გაზაფხულის საღამოა მშვიდი,/ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,/ სული საზღვარს გადასცდება ფრენით,/ ახლაც მახსოვს მისამართი შენი".

- ტერენტი გრანელი.

- მისი გვარი თუ იცი?

- არა.

- კვირკველია. ვინ გახდა 2011 წლის "საბას" მფლობელი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის?

- არ ვიცი.

- ვახტანგ ჯავახაძე. ვისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს მისი "უცნობი"?

- ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებ.

- გალაკტიონის. ფიქრობენ, რომ ეს კულტურა 1493 წელს, ამერიკიდან ესპანეთში ქრისტეფორე კოლუმბმა ჩაიტანა; ესპანეთიდან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხვდა, მერე - იტალიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, თურქეთში, შემდეგ კი - დასავლეთ საქართველოში.

- ეს დაახლოებით როდის მოხდა?

- XVII საუკუნეში. ამ მცენარეს საკვებად ვიყენებთ.

- სიმინდი, არა?

- რა თქმა უნდა! დაასახელე ზღვა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს.

- მკვდარი ზღვა.

- იტალიაში ზოგიერთი ქუჩის კუთხეში დგას ღვთისმშობლის სკულპტურა. მასზე აბრებია მიკრული. რა წერია ამ აბრებზე?

- ქუჩების დასახელებები.

- ვინ წარუძღვა ძლევამოსილი საქართველოს ლაშქარს ფეხშიშველი, ბასიანის ბრძოლის წინ?

- თამარ მეფე.

- დაბოლოს, დაასრულე მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი: "ჯობს, ჩუმად იყო და ვინმეს სულელი ეგონო, ვიდრე რამე თქვა და...

- დაამტკიცო.

- "...ყოველგვარი ეჭვი გაფანტო".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები