"დათოს რომელიმე ნახატს შეველევით"

"დათოს რომელიმე ნახატს შეველევით"

მხატვარი - დათო კრაწაშვილი თითქმის ბავშვი იყო, როცა გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ნახვის შემდეგ, გაოცებული დამთვალიერებლები აღნიშნავდნენ: რაც პიკასომ 80 წლის მანძილზე გააკეთა, ის დათომ 1 წელიწადში შეძლოო. დათოს ნახატებს მისი ძმა - ბატონი გოგა ჰპატრონობს, თუმცა ნამუშევრები კატასტროფულ მდგომარეობაშია - საჭირო პირობებში ვერ ინახება...

ახალგაზრდა მხატვარს გალაკტიონ ტაბიძე განსაკუთრებულად უყვარდა. მის ლექსებს ვარსკვლავებითაც კი აფასებდა. პოეტის შემოქმედება ისე გაითავისა, რომ დათოს მიერ დახატულ "გალაკტიონს" ვინც ნახულობს, ყველა ამბობს: ალბათ, გალაკტიონ ტაბიძე ასე არავის დაუხატავსო...

გოგა კრაწაშვილი:

- დათომ გალაკტიონის მეორე პორტრეტიც შეასრულა, მაგრამ სურათი გადმოაბრუნა და მეორე მხარეს სხვა რაღაც დახატა: მატერიალურად არ გვილხინდა, სახატავი მასალის შოვნა იოლი არ იყო... ორწლინახევრის იყო, როცა ხატვა დაიწყო, მაგალითად - თევზი თევზს დაამსგავსა... თავის დღიურებში წერდა, - რა უნდა მოხდეს, რომ მხატვარი არ ან ვერ გამოვიდეო. მერვე კლასში იყო, როცა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა. მეორე კურსი რომ "დახურა", გარდაიცვალა. 1980 წლის ზაფხული იყო...

- რა იყო მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი?

- ბავშვობიდან გულის მანკზე მკურნალობდნენ, მაგრამ შემდეგ, თორმეტგოჯა ნაწლავზე ყრუ წყლული აღმოაჩნდა. 16 წლის ასაკში ოპერაცია გაუკეთეს. როგორც საავადმყოფოდან ხმა გამოვიდა, ოპერაციის დროს, ექიმებს მის სხეულში საკეცი მაკრატელი ჩარჩათ. მერე სისხლი მოეწამლა. ოპერაცია მეორედ გაუკეთეს. უამრავი წამლის მიღების შედეგად, თირკმელი გაეთიშა. 2 კვირის მერე გარდაიცვალა...

- გამოდის, რომ დათო ექიმების შეცდომას ემსხვერპლა? ეს ფაქტი გადამოწმდა?

- კი, უბრალოდ, მაშინ სხვა დრო იყო... სასამართლოში ვინმეს ჩვენება უნდა მიეცა. ექიმები ერთმანეთს იცავდნენ. ეს ამბავი ისე არ გახმაურებულა, რომ ვიღაცისთვის პასუხი მოგვეთხოვა. დათოს დაღუპვით იმხელა შოკი მივიღეთ, ამისთვის არც გვეცალა... პანაშვიდზე ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელიც დათოს ნამუშევრებით ისე გაოცდა, რომ ამის შესახებ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორ ჯემალ ნინუას აცნობა. შემდეგ ბატონი ჯემალი გვესტუმრა, ყველაფერს ახლოს გაეცნო და ჩემი ძმის შემოქმედებაზე სტატია გამოაქვეყნა... დათოს ნამუშევრების პირველი გამოფენა თელეთში მოეწყო, მერე - მოსკოვში და ა.შ. ახლა რასაც უყურებთ, ეს კედლები დათოს მიერ ერთ დღეშია მოხატული.

დედაჩემი სამსახურიდან რომ დაბრუნდა, გაუბრაზდა: - სხვა რამე დაგეხატაო (მუქი ნახატი იყო, ახლა ცოტათი ფერი შეიცვალა). მერე კი დედა იმ საყვედურს ნანობდა... დათოს ყველაფერი ძველი და ხალხური მოსწონდა: კედლის ერთ მხარეს მეგრული სახლის სიტუაციაა აღწერილი, მეორეზე - კახურის (დედა მეგრელი იყო, მამა - კახელი). თითქმის ყველა მასალაა გამოყენებული: ზეთი, აკვარელი, პასტელი... სხვათა შორის, კედლები რუსეთის ცნობილი ტელეგადაცემის წარმომადგენლებმა რომ ნახეს, ლამის გაგიჟდნენ, - სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა და ეს კედლები დაეტოვებინა, საკმარისი იქნებოდაო.

ნამუშევარი ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული: სველი ხელი რომ გაუსვა, ფერი არ გადასდის... ძალიან "სწრაფი ხელი" ჰქონდა. დამჯდარს და ხატვაში ჩაფლულს ვერ ნახავდით. სიცოცხლით სავსე იყო. სულ ყურადღების ცენტრში ექცეოდა. პიანინოზე უკრავდა. მისი სიკვდილის შემდეგ გავიგეთ, რომ გიტარაზეც უკრავდა. მუსიკას წერდა, ჯაზი იტაცებდა... მისი სურათებიც დედაჩემის შენახულია, თორემ "გადასაყრელად" ხატავდა - ვარჯიშობდა. მხოლოდ რამდენიმე სურათი მოსწონდა, მაგალითად, "წვიმიანი დღე", რომელიც ჩარჩოში თავად ჩასვა.

- კედელი რა ასაკში მოხატა?

- 15-16 წლის იყო. 17-ის საავადმყოფოში გახდა, 4 დღეში კი გარდაიცვალა.

- პირველი სერიოზული ნამუშევარი როდის შექმნა?

- მშობლები ხელოვანი ადამიანები იყვნენ (დედა კონსერვატორიაში მუშაობდა, მამა მუსიკოსი და ჟურნალისტი იყო), მაგრამ მხატვრობასთან ისეთი შეხება არ ჰქონიათ, რომ დათოს სურათებზე რამე ეთქვათ. ყურადღების ცენტრში ყოფნა თავად დათოსაც არ უყვარდა. ამბობდა, - 40 წლის ასაკში მკითხეთ, მხატვარი ვარ თუ არაო... 16 წლის ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა.

- მისი დღიურების მეშვეობით, მასზე კიდევ რა შეიტყვეთ?

- დღიურები მერე აღმოვაჩინეთ - ლაბადის ჯიბეში ჰქონდა. წერდა საკუთარ თავზე, სიყვარულზე (შეყვარებული ჰყავდა), სიკვდილზე, ცხოვრებაზე, რომელიც დაუგეგმავად მიდიოდა. ფიქრობდა, ყოველდღიურობა როგორ შეეცვალა. რაღაც მიზანი ჰქონდა... მხატვრობას სერიოზულად უყურებდა. კონსერვატორიაში შვიდწლედი დაამთავრა. მუსიკის მასწავლებლები ურჩევდნენ, რომ მუსიკას გაჰყოლოდა, ქართულის მასწავლებლები - ფილოლოგიას, მაგრამ მას მაინც მხატვრობა სურდა... სამხატვრო სასწავლებელში არ დადიოდა. წლის ბოლოს მივიდოდა და დახატავდა ხოლმე... ამის გამო სულ პრობლემები ექმნებოდა: მერე სასწავლებელში დედაჩემს იბარებდნენ, - დათოს გავრიცხავთო, მაგრამ ბოლოს ხუთიანებს უწერდნენ... "ნისლიანი დღე" ნახევარ საათში დახატა. მასწავლებელი გაოცებული იყო... სოფელში ბიძაშვილთან ერთად დადიოდა, ხედებს ხატავდა. იქაურობა უყვარდა და მომავალში იქ მეუღლესთან ერთად ცხოვრებას აპირებდა.

- მისი საცოლე ვინ იყო?

- ნინო თოიძე. ერთმანეთი მანგლისში გაიცნეს. მერე მათი ურთიერთობა გაგრძელდა...

- თქვენი და დათოს ურთიერთობაზეც მოგვიყევით.

- მასზე 7 წლით უმცროსი ვიყავი. დათო აზარტული იყო: მაგიდის ჰოკეის ვთამაშობდით ხოლმე. ვერ იტანდა, როცა აგებდა... უნდოდა, ისეთი გავზრდილიყავი, როგორიც თავად სურდა.

- როგორი?

- არ ვიცი. იმ დრომდე ვერ მივედით, როცა ჩვენ შორის სერიოზული საუბარი შედგებოდა. რომ დავიბადე, მისთვის სამშობიაროში უკითხავთ: და გინდა თუ ძმაო? დათოს პასუხი ასეთი იყო: რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ბურთს რომ გავუგორებ, გამომიგოროსო... ერთმანეთს ხშირადაც ვერ ვხვდებოდით. რაც "ნიკოლაძეში" ჩაირიცხა, ბებიასთან იყო ხოლმე: ბებია "ლაღიძის წყლების" ზემოთ სახლში ცხოვრობდა. მაშინ ახალგაზრდების შეკრების ცენტრი რუსთაველზე იყო. თან, დათო დედაჩემის დარიგებებს გაურბოდა, ბებიასთან კი სულ ეფერებოდნენ. იქ პატარა სახელოსნო მოიწყო - შუშაბანდიანი აივანი ჰქონდათ... მე და დათოს მამაშვილური ურთიერთობა უფრო გვქონდა.

- მისი ნამუშევრების გამოფენა მის სიცოცხლეში თუ მოეწყო?

- არა. მხოლოდ "ნიკოლაძეში", პირველი სასწავლო წლის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ გამოფენაში მონაწილეობდა. მისმა "წვიმიანმა დღემ" გაიმარჯვა.

- ძირითადად, რას ხატავდა?

- პორტრეტებს, ტაძრებს, ბუნებას, ცხოველებს, სოფელს... ფილოსოფიურად ხატავდა. მის ნამუშევრებს ყველა თავისებურად ხსნის. რამდენიმე სურათს მიაწერა, რაც დახატა, მაგალითად, "დაბადება", "ევას შექმნა", "ადამი და ევა", "ოჯახი"...

- მუსიკასაც ქმნიდა, მაგრამ როგორც ვიცი, ბევრი ნოტებად არ დაუწერია.

- შეიძლება, ბევრი არც იყო. რამდენიმე ერთფურცლიანი ნოტები მინახავს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ჯაზი უყვარდა. ეს თემა მხატვრობაშიც აქვს...

- ნოტების ფურცლები ახლა სადაა?

- სადღაცაა შენახული. ჩემი ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ყველაფერს ხელს ჰკიდებდნენ. ალბათ, დედაჩემმა შეინახა. იქვე იქნება დათოს ვარსკვლავის შესახებ ცნობაც (1988 წელს, 17 წლის მხატვრის ფენომენური ნიჭის გამო, "სმიტსონის" საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა პლანეტას ნომრით - 3146 "დათო" უწოდა)... მის ნამუშევრებს ვერ ვპატრონობთ. სურათები კატასტროფულ მდგომარეობაშია. რესტავრაცია სჭირდება. ზოგი ნამუშევარი საერთოდ გაქრა. ადრე ნახატების სახელმწიფო გალერეისთვის გადაცემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უარი გვითხრეს, რადგან საჭირო პირობები იქაც არ ჰქონდათ - სურათების "პადვლებში" დაყრას სჯობია, ისევ შინ შეინახოთო. მუზეუმის გაკეთება ნუკრიანში მინდა. იქ ჩემი ძმის სახელობის ქუჩაცაა. დათოს ნუკრიანში ცხოვრება უნდოდა. მაკეტიც ჰქონდა გაკეთებული - ეს სახლი როგორი უნდა ყოფილიყო. სწორედ ის სახლი დახატა, როგორიც ახლა სოფელში გვაქვს.

- მისი ნახატის მიხედვით ააშენეთ?

- დიახ. თუ ფული გვექნებოდა, 2-სართულიანი სახლი უნდა ყოფილიყო, თუ - არა, ერთიანი. ერთსართულიანი სახლი გვაქვს...

- ახალგაზრდა თაობას, ვინც დათოს არ იცნობდა, მისი ნამუშევრების ხილვის საშუალება რამდენად ხშირად აქვს? გამოფენები იმართება?

- არც ისე ხშირად. თუ იმართება, ისიც - შინაურულად. სიღნაღის მუზეუმში პიკასოს ნამუშევრები რომ ჩამოიხსნა, ერთ-ერთ კაცს, ვინც იქ მუშაობდა, დათო გაახსენდა (ჩვენს ოჯახს იცნობდა). ჩემი ძმის ნამუშევრები სიღნაღში ასე მოხვდა. ესეც სიმბოლურია: დათომ პიკასოს ნამუშევრები 15 წლის ასაკში ნახა. მამას უთხრა: მე მგავს, ასე ვხატავო. ამის გამო იკამათეს კიდეც. მიიჩნიეს, რომ დათო ამბიციური, თავდაჯერებული იყო... მერე მოსკოვში, ლენინგრადში დაიწერა: რაც პიკასომ 80 წლის მანძილზე მოასწრო, ის დათომ 1 წელიწადში გააკეთაო. ახლა ამაში ბევრი დარწმუნდა - სიღნაღის მუზეუმის პერსონალი (რომელიც 5 თვის მანძილზე პიკასოს ნამუშევრებს უყურებდა) და დამთვალიერებლები.

- დათოს ნამუშევრები საზღვარგარეთაც ხომ არაა?

- ბულგარეთში საქართველოს კულტურის დღეები იმართებოდა. დათო იქ მოცეკვავეებთან ერთად წავიდა. თან, თავისი 20 ნამუშევარი წაიღო. არ ვიცით, იქ რა მოხდა, მაგრამ ნამუშევრებს უკან აღარ გვიბრუნებდნენ. ბოლოს ნანული შევარდნაძის დახმარებით დავიბრუნეთ.

- სამომავლოდ, დათოს შემოქმედებასთან დაკავშირებით რაიმეს ხომ არ გეგმავთ?

- მინდა, გამოფენა სამების ტაძრის "ახალგაზრდულ ცენტრში" მოეწყოს და პატრიარქმა ნახოს... ნამუშევრების გადასარჩენად, დიდი შენობა საჭირო არაა; ისე ძვირი არ დაჯდება, რომ დათოს შემოქმედებამ ვერ გადაფაროს. ამისთვის თუნდაც 1 სურათის გაყიდვაა საჭირო. დედაჩემის სიცოცხლეში ამაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მატერიალურად ძლიერები მაშინაც არ ვიყავით, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სურათის გაყიდვა არც გვიფიქრია... ალბათ, დათოს რომელიმე ნამუშევარს შეველევით, სხვების გადასარჩენად. დრო გადის, სხვა გამოსავალი კი არ ჩანს...

პ.ს. ჩვენი ჟურნალის რედაქცია და "ჩემი რჩეულის" სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის ბატონ გოგა კრაწაშვილსა და მის ოჯახს გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეულის მე-5 ტომის გარეკანზე დათო კრაწაშვილის ნახატის გამოყენების ნებართვისათვის.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

თერჯოლაში „სოკარის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სტუმრებს რეგულაციების დაცვით მასპინძლობს

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო "ლენჯერის კლასტერია" - ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ

27-28 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი