ირაკლი მაისურაძე ბოლო დროს იშვიათ რესპონდენტთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ თუ ინტერვიუს თანხმდება, გულღია და მხიარული რესპონდენტია. ირაკლი მცირე ხნის წინ დაუბრუნდა "კურიერის" თბილისურ სტუდიას, მანამდე კი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბათუმიდან მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება. თავი მარტო რომ არ ეგრძნო, მასთან ერთად ცოლი, მაგდა წულაია და ორი შვილიც იყვნენ, თუმცა რასაკვირველია, ეს ირაკლისთვის დასვენებას მაინც არ უდრიდა, ამიტომ როდესაც აგვისტოს ბოლოს ნამდვილი შვებულება ექნება, მშობლიურ ყაზბეგს მიაშურებს.
- ირაკლი, პრესას რატომ გვემალებოდი?
- ნამდვილად არ დავმალულვარ, ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი, თუმცა დაკავებული ვარ ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ "რუსთავი 2"-ში და მცირე ხნის წინ ბათუმის სტუდიიდან მიმყავდა საინფორმაციო გამოშვება, მაქვს მეორე სამსახურიც, მცირე ბიზნესს მივყავი ხელი, ჩემს მეგობართან ერთად ჩამოვაყალიბე საქართველოს ეპიდემიოლოგიური სამსახური, სადაც მე ვაგვარებ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს, ჩემი ნათესავი კი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია, უშუალოდ ამ სამსახურთან დაკავშირებულ საქმიანობას უძღვება. ჩვენი ერთობლივი საქმე წარმატებული გამოდგა და ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესოა.
- კონკრეტულად რას აკეთებთ?
- აბსოლუტურად ყველანაირი მწერის მოშორება შეგვიძლია, კალიების, თუნდაც გველების. თანაც, ერთი და ორი დღით არ ვაგვარებთ ამ პრობლემას. მაგალითად, გვაქვს სპეციალური ფხვნილი, რომლითაც პერიმეტრი ისაზღვრება და ადამიანებს გველი არ შეაწუხებთ.
- შენც ისწავლე გველების წინააღმდეგ ბრძოლა?
- არა, რა თქმა უნდა, მე, როგორც გითხარი, პიარი, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობები მეხება.
- ხვლიკებთან ურთიერთობაც...
- (იღიმის) რასაკვირველია.
- ამ სამსახურთან დაკავშირებით სახალისო ამბები აუცილებლად გექნება. შენ რომ დაგინახავენ ასეთი ამბების მომგვარებლად, რა რეაქცია აქვთ ხოლმე?
- როდესაც აუცილებელია, გარკვეულ ორგანიზაციას ჩვენი მომსახურება შევთავაზოთ, ამას მე ვაკეთებ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გადავინაწილოთ ფუნქციები. მე რომ ვურეკავ ხოლმე, თქვენი ორგანიზაციიდან განაცხადია შემოსული, მე ირაკლი მაისურაძე ვარ და რით შემიძლია დაგეხმაროთ-მეთქი, ცოტა იბნევიან. კი, ამ სახელითა და გვარით ყველამ იცის წამყვანი "რუსთავი 2"-იდან, მაგრამ მაისურაძე ძალიან პოპულარული გვარია საქართველოში. ტელეფონზე რომ ვეუბნები, ცოტას თუ უკვირს, აი, როცა უკვე შეხვედრაზე მივდივარ, გაკვირვებულები მეუბნებიან, ჩვენ სხვა ირაკლის ველოდებით, თქვენ არაო (იცინის). კითხულობენ კიდეც, "კურიერი" რატომ მოვიდაო. მოკლედ, ასე მუშაობს ჩვენი სამსახური. მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე და ერთი დღისთვის არ ვმუშაობთ. აქამდე ჩვენზე გაბრაზებული არავინ დარჩენილა.
- მოდი, ახლა შენს ძირითად პროფესიას დავუბრუნდეთ.
- ჩემს ძირითად და ყველაზე საყვარელ საქმეს.
- როგორ გაგამწესეს ბათუმის სტუდიაში სამუშაოდ და როგორია იქიდან საინფორმაციოს წაყვანა?
- გამწესების რა გითხრა, აქ თითქმის ყველა წამყვანს უწევს მუშაობა, ვინც დღის ეთერში ზის საინფორმაციოზე, მსოფლიოში ყველა წამყვან ტელევიზიას აქვს იმის ამბიცია, რომ სხვადასხვა კუთხიდან იმაუწყებლოს. "რუსთავი 2"-ს აქვს მსგავსი პრეტენზია. ბათუმში საინფორმაციოს სტუდია "შერატონში" გაკეთდა, უკვე მეორე წელია, შაბათ-კვირას დღის ერთი საინფორმაციო გამოშვება ბათუმიდან გადის. ცენტრალურ სტუდიასთან შედარებით, რასაკვირველია, საველე პირობებია, მაგრამ წამყვანს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება, ჰყავს პროდიუსერი და ოპერატორი, არა მგონია, ცუდად ვაკეთებდეთ აქედან საქმეს.
შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული. რიკოთზე რომ მეწყერი ჩამოწვა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ეთერში ბათუმიდან ვერ გავედით. ერთ დღეს შევპირდი მაყურებელს, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბათუმიდან წავიყვანდი საინფორმაციოს, მაგრამ პირობა ვერ ავასრულე. ამაზე ვნერვიულობდი. მაინც ძნელია, როცა მაყურებელი გიყურებს, გენდობა და შენ პირობას ვერ ასრულებ. ის ერთი კვირა ბათუმში ვიყავი და ყოველდღე გამართულად ვიჯექი, 12-ზე, 3-ზე და 6-ზეც, რადგან შესაძლებელი იყო, ნებისმიერ დროს აღმდგარიყო მაუწყებლობა ბათუმიდან.
- მოკლედ, ამ მცირე ინციდენტს თუ არ გავითვალისწინებთ, საკურორტო ზონაში მუშაობა სასიამოვნოა.
- სასიამოვნო პროცესია თუნდაც იმიტომ, რომ ბათუმი ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გალამაზდა. მე ნესტიან ჰაერს რთულად ვიტან, მაგრამ კონდიციონერის ჩართვით ამ პრობლემას ვაგვარებ. ჩემ უკან ცოცხალი ფონი რომ არის, ბათუმის ხედით, ეს ძალიან მომწონს, წვიმიან ამინდშიც კი ლამაზია. ტურისტისათვის წვიმა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენი ფანჯრიდან მაინც ლამაზი სანახავია.
- როცა გამოშვება სრულდებოდა, რას აკეთებდი?
- მომენტალურად ვიხსნიდი გრიმს და მივდიოდი აუზზე ოჯახთან ერთად. ჩემი ამ საქმიანობის პლუსი კიდევ ის არის, რომ როცა ბათუმში ვარ სამსახურიდან, შემიძლია ოჯახი, მეუღლე და ორი შვილიც თან წავიყვანო. ისინი ისვენებენ, მე ვმუშაობ, საღამოს კი ერთად ვატარებთ. ზღვაზე არა, მაგრამ აუზზე გავდიოდი ხოლმე. კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი ისაა, რომ როცა ბათუმში ვარ, ხალხის სიყვარულს ვგრძნობ. სტიმულს მაძლევს, როცა ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, რა კარგია, რომ ბათუმიდან გადიხართ ეთერშიო.
- ზღვაზე რატომ არ გადიხარ?
- ცოტა წყლის შიში მაქვს. 16-17 წლის ვიყავი, როდესაც დახრჩობას გადავურჩი. გონებადაკარგული ამომიყვანეს წყლიდან, ეს ამბავი ბათუმში მოხდა. პლაჟზე გონზე რომ მოვედი, ქალბატონი იყო დახრილი ჩემს თავთან. ადრე თუ გახსოვთ, თმის სამაგრები რომ იყო, რკინის წვეტიანი, ისეთი ეკეთა. მახსოვს მაშველების რეკომენდაცია, ფეხი წყალში რომ გაგეკვანძება, უნდა იჩხვლიტო რამით ან უნდა იტკინოო, რომ ერთმა შოკმა მეორიდან გამოგიყვანოსო. უცბად ვწვდი ამ ქალს თმაში, ამოვაძრე თმის სარჭი და ფეხში ვიჩხვლიტე. საშინლად მეტკინა, იმ ქალის კომენტარიც მახსოვს, ამას შეხედე, კიდევ რისი თავი ჰქონიაო (იცინის). გონდაკარგულმაც კი ის გავაკეთე, რაც მაშველებმა მასწავლეს. მას მერე, ზღვაზე თუ გავდივარ, ნაპირს ჩავუვლი, ჩამოვუვლი და წყალში არ შევდივარ.
- ბათუმში უცხოელი ვარსკვლავების მთელი კასკადი ჩამოვიდა ბოლო დროს. სასტუმროში ენრიკე იგლესიასს ხომ არ შეხვედრიხარ?
- ლიფტთან შემხვდა, გული დასწყდა, რომ ჩემთან ერთად ფოტო ვერ გადაიღო (იცინის). მართლა შემხვდა, ლიფტში, ჩვენი ხულიოს ბიჭი, ენრიკო. გოგონების გულის წასვლები რეალურად არ მინახავს, ეთერში ვიხილე. მიყვარს მშვიდი ცხოვრება და ამიტომ მირჩევნია, ასეთი კარგი კონცერტები კარგად გადაღებული ვნახო ტელევიზიით ან ინტერნეტით. თუ კონსერვატორიაში ან ფილარმონიაში არ ვარ, ღია ცის ქვეშ მუსიკის მოსმენას, დახურული სივრცე მირჩევნია ამ მიზნით.
- დასვენებას სად აპირებ, ნამდვილს?
- ამ სასიამოვნო სამუშაოს შემდეგ, აგვისტოს ბოლოს შვებულება მაქვს. ბინას ვიცვლი და შესაძლოა, შვებულება რემონტს შევწირო, თუ მანამდე მოვასწარი ახალი ბინის გარემონტება, მაშინ ჩემს მშობლიურ გარემოს, ყაზბეგს მივაშურებ, დედულეთს. ზღვით უკვე ვისიამოვნე, ცოტა წვიმიანი ამინდებითაც ბათუმში, წვიმაში სეირნობას რა სჯობს (იღიმება), მაგრამ მთა მაინც სხვაა.
- პენსიონერულად დასვენება გიყვარს?
- პენსიონერულად არა, ოჯახთან ერთად. არა მგონია, საზოგადოებას არ ახსოვდეს, არანაკლებ გიჟი ირაკლი მაისურაძე რომელიმე კლუბში, თუმცა როცა საჭიროა, ამის უფლებას მაშინ ვაძლევ თავს.
- საჭირო როდისაა?
- გართობა, მხიარულება კარგია... როცა ორგანიზმი განმუხტვას მოითხოვს. მქონია ასეთი დღეები მეგობრების დაბადების დღეებზე, ბათუმშიც, სეზონის დასაწყისში. ყაზბეგში კი ბუნებასთან მეტი კონტაქტის საშუალებაა, მთა, კლდე, სწრაფი მდინარე თავისი ჩანჩქერებით. მთა სხვანაირ დასვენებას ითხოვს. შეგიძლია, მეგობრებთან ერთად მოაწყო მსვლელობა, ახვიდე გერგეტის სამებაში, დაათვალიერო ჯიხვები კლდეებზე, მჟავე წყლებზე გახვიდე. ეს ტრადიცია მეც მაქვს და ყოველ წელს ასეც ვიქცევი. სტეფანწმინდაა ის ადგილი, სადაც სიამოვნებით ვატარებ დროს ოჯახთან ერთად.
რაც შეეხება აჭარას, ერთი რამის დამატება მინდა - ვინც ბათუმში ჩავა, აუცილებლად უნდა ესტუმროს დელფინარიუმს. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ბავშვების იქ წაყვანა. დღის განმავლობაში სამი შოუა, მაგრამ მაინც რიგში დგომა მომიხდა. ასეთი განწყობა მქონდა, რა უნდა ყოფილიყო ბათუმში გაკეთებული დელფინარიუმი მსოფლიოს სხვა დელფინარიუმებთან შედარებით, მაგრამ ასეთი ემოციით დატვირთული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მსგავს შოუს ვერსად ნახავთ. დელფინებს ისე უყვართ საზოგადოებასთან კონტაქტი და ისე ხალისიანად ასრულებენ ნომრებს, გაგიკვირდებათ. საყვარელი მსახიობები არიან.
ასევე ყველას ვურჩევ პიაცას ნახვას, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ ყავა. ღამის ბათუმში უნდა გაიაროთ. ველოსიპედების პროექტიც წარმატებული აღმოჩნდა. როგორც კი მოსაღამოვდება, მოცეკვავე შადრევნებთან გავლას გირჩევთ.
- ყველაზე სასიამოვნო ზაფხული გაიხსენე.
- მაინც ყაზბეგს დავასახელებ, რომელიც ჩემი ემოციის სათავეა. ეს ჩემი სტიქიაა.
- მეუღლეც ასე აღფრთოვანებიულია ყაზბეგით?
- (იცინის) მაგდა ნაკლებად... მას ზღვა უფრო უყვარს. მისთვის მთავარია კომფორტული დასვენება, თუმცა მაინც მომყვება ყაზბეგში.
მაგდა:
- ვერ ვიტყვი, ყაზბეგი არ მიყვარს-მეთქი, რადგან ბევრი კარგი სანახავი რამ არის, უბრალოდ, ძალიან მსუყე საკვებია და იმას ვერ ვეგუები (იღიმება). პირველად რომ ავედი სამებაში, ფეხმძიმე გახლდით, ფეხით ავედი, რადგან სამანქანო გზა გადაკეტილი იყო, ყველას ეგონა, რომ ასფლატზე გაზრდილი გოგო ამას ვერ შევძლებდი, საათ-ნახევარი ვიარე ფეხით თავისუფლად. მეორედ ჩემი შვილი მეკავა ხელში და ისე ავედი. ყაზბეგში ქმრის გარეშე არ წავიდოდი, მაგრამ ახლა მარტო მისი ხათრითაც არ დავდივარ.
- ბათუმში რომ მუშაობდა, კმაყოფილი იყავი?
- ძალიან (იცინის). მშვენიერია. ეს ეთერში იჯდა, მე აუზზე ვიყავი და ირაკლი ყოველ 15 წუთში ერთხელ მირეკავდა, გადაბრუნდიო....
- რატომ, რუჯს გიკონტროლებს?
ირაკლი:
- საღამოთი დამწვარმა რომ არ შემაწუხოს, მაგას ვაკონტროლებდი. ვაიმეს, რომ მეტყვის მთელი დღე ნამუშევარ ადამიანს, როგორია (იცინიან)?! ერთ დღეს მაინც დაიწვა.
- მოუარე მეუღლეს?
- ასეთ საკითხებში მე არ ვიჭრები.
- მაგდა, წვიმაში სეირნობა ჰყვარებია შენს მეუღლეს და რომანტიკულია?
- ნამდვილად. წელს გვაქვს ქორწინების ათი წლისთავი უფრო მეტი რომანტიკა და სიყვარულია ჩვენ შორის.
- გაგვიმხილე წარმატებული ქორწინების საიდუმლო.
- ირაკლის სამსახურიდან და გრაფიკიდან გამომდინარე, თაფლობის თვე არ გვქონია...
ირაკლი:
- დაკარგულს ვუნაზღაურებ (იცინის).
მაგდა:
- ხასიათით განვსხვავდებით, მე მშვიდი ვარ, ირაკლი ემოციურია და ვავსებთ ერთმანეთს. თანაც, ხშირად ვერ ვკონტაქტობთ ისევ და ისევ ირაკლის დაკავებულობის გამო, ამიტომაც ყველა წამი და წუთი ძვირფასია.
- სიურპრიზები თუ არის თქვენს ურთიერთობაში?
- სასიამოვნო სიურპრიზები მეც ძალიან მიყვარს და მაგდასაც. ბოლო ასეთი სიურპრიზი იყო ჩემი ხელით გაკეთებული სამკაული, კერძოდ, საყურე მაგდასთვის. დღემდე უკეთია და ძალიან მოსწონს.
- ეს შენი ჰობია?
- მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკოსია, მაგრამ ჰქონდა ჰობი, ოქრომჭედლობა. მე და ჩემი ძმა რომ წამოვიზარდეთ, მცირე ხნით მივიწყებული ჰქონდა ეს ხელობა, რამდენიმე წლის წინ, ჩემი და მაგდას ქორწინებიდან მოყოლებული, ისევ შეუდგა ამ საქმიანობას და მაგდას საქორწინო ბეჭედი მამასთან ერთად გავაკეთე, ჩემი ნახელავიც არის. მე და მამა მოსევადებაზე ვმუშაობთ, მამამ აღადგინა ეს საიდუმლოება, მინანქარივითაა, ვერცხლი იფარება ზევიდან შავი ნახატით, ფერით. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, გამომწვარ ვერცხლზე მაქვს საუბარი. ულამაზესი ნივთები გამოდის. მამა თეორიულად მეხმარებოდა, მე პრაქტიკულად ვასრულებდი და შესაძლოა, თუ დრო დამრჩება, პატარა კოლექციაც წარვუდგინო საზოგადოებას. ამაზე მუშაობისას მთელ სულსა და გულს ვდებ და ვისვენებ. იცით, როგორი სასიამოვნოა (იღიმება)?..
- ამდენ რამეს როგორ ასწრებ?
- ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. რაც უფრო ბევრს მოასწრებ, მით წარმატებული იქნები (იღიმება).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)