თიკო სადუნიშვილის საკურორტო რომანი

თიკო სადუნიშვილის საკურორტო რომანი

თიკო სადუნიშვილი უკვე მეორე თვეა, ბათუმში... მუშაობს. თბილისელები ამ საზღვაო ქალაქში ძირითადად დასასვენებლად ჩავდივართ, თუმცა თიკოს დასვენებისთვის არ სცხელა, ყველაფერი, რაც ბათუმში ხდება, "ბათუმი ლაივის" კამერამ უნდა ასახოს.

ამას წინათ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს ენრიკე იგლესიასთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო და ეს ნახევარსაათიანი საუბარი მსოფლიო ვარსკვლავთან არაპროფესიონალურ ნამუშევრად შეუფასეს, თიკო ამას არ ეთანხმება და თავის მოსაზრებებს ქვემოთ გაგვაცნობს.

-უკვე ერთ თვეზე მეტია, ზღვაზე ხარ, მაგრამ ეს შენს კანს არ ეტყობა.

-არ მაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ გასარუჯად დავწვე.

-ეს ძალიან უკვირს ხალხს.

-ჩემი გადაღების წინა მომზადება დაახლოებით 2-3 საათს იკავებს. თანაც, იმას მივხვდი, რომ როდესაც ადამიანი მზის გულზე დიდხანს ჩერდება, ეს მის გონებაზე არცთუ დადებითად აისახება და მისი ინტელექტის დონე დაბლა იწევს (იცინის). მერე ბევრი რამ გეზარება. როცა გადაღება მაქვს, დილას მაქსიმუმ ათ საათამდე გავდივარ ზღვაზე. ასე ადრე გაღვიძებას კი იშვიათად ვახერხებ. ისე გამოვიდა, რომ წელს მხოლოდ სასტუმროს დახურულ აუზზე ვცურავ, თითზე შემიძლია ჩამოვთვალო ისეთი შემთხვევა, როდესაც ზღვაზე გავედი. თანაც, გარუჯული სხეული აღარ მომწონს. შარშან ისეთი შავი ვიყავი, რომ აღარ ვჩანდი. წელს, შენც აღნიშნე, რომ არ ვარ გარუჯული. გარუჯვა ზოგადად არ არის ცუდი, მაგრამ მარაზმულ სიშავეში რომ გადადის, მოსაწონი აღარ არის.

-შენი მიბაძვით ბევრი ხომ არ გადაიფიქრებს გარუჯვას?

-(იღიმება) არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მოდა ვუკარნახო ვინმეს. შესაძლოა, ვინც მოდას ქმნის და კარნახობს, მათი წარმომადგენელი ვიყო რაღაც კუთხით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდას მივყვები. საკუთარი გემოვნება მაქვს და თუ ვინმე მომბაძავს, რატომაც არა, გამიხარდება, თუმცა დილას რომ ვიღვიძებ და სამოსს ვარჩევ, არ ვფიქრობ იმაზე, ახლა ვინმეს მოდას ვუკარნახებ-მეთქი. ასეთი დიდი წარმოდგენა არ მაქვს საკუთარ თავზე.

-ამას წინათ შენივე ჟურნალის ფურცლებზე ყველაზე უგემოვნოთა შორის დაგასახელეს.

-მართალია, "თვის ანტიფეშენის" ტიტული მომანიჭეს. როცა გადავხედე იმ დღის ჩაცმულობას, რის გამოც გამაკრიტიკეს, მივხვდი, რომ სწორი კრიტიკაა. მეცვა აკეცილი ჯინსი, რაც ნაკლებად აქტუალურია წელს, ქუსლზე, მეკეთა აქსესუარი, რომელიც ამ ყველაფერთან არაფერ შუაში არ იყო. თუმცა იმ დღეს, როგორც ჩანს, ვერ მივხვდი. ვერ გეტყვი, რომ ძალიან დიდ დროს ვუთმობ ჩაცმას, თუმცა ასევე მივიჩნევ, რომ ჩემს გარდერობში ყველაფერი გემოვნებიანია, ასე რომ, შემიძლია, რაც მომხვდება დილას ხელში, ის ჩავიცვა. უბრალოდ, ზოგჯერ არ გაქვს განწყობა, რომ შეახამო და უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრობ, ვიდრე ერთი ფერის მეორესთან შეხამებაა და ეს ყველას შეიძლება დაემართოს. საინტერესო კომენტარი იყო ამ ჟურნალში ჩემთან დაკავშირებით, თიკო სადუნიშვილი ამ ხნის განმავლობაში ჩაცმასთან დაკავშირებით დაგროვებული კომპლიმენტების მსხვერპლი გახდაო (იცინის).

-უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ახსენე და ენრიკე იგლესიასთან შენი ინტერვიუ გახდა სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევის საგანი -როგორი დაბნეული იყო თიკო და როგორ არაშესაბამის კითხვებს უსვამდა ვარსკვლავსო.

-(იღიმება) ენრიკესთან რომ შევედი, ალინას რაღაც ვკითხე ქართულად და ენრიკემ იკითხა, რაღაც ცუდს ამბობსო (იცინის)? ჩემი რედაქტორი ნიკა დვალიძე და ალინა ხუმრობდნენ, მანაც კი შეამჩნია შენი სარკაზმიო. აღარ მახსოვს, რა ვიკითხე. დაბნეული არ ვიყავი... ქართველი ცნობილი სახეებივით არ ვიტყვი, რა მოხდა მერე, ენრიკე იგლესიასი რომ ჩამოვიდაო. რატომღაც ცუდად იყვნენ მის მიმართ განწყობილი და მასთან შეხვედრის სურვილიც არ ჰქონდათ. ყველა იმას ამბობდა, არ მოგვწონსო. ეს ადამიანი მსოფლიომ აღიარა და არ მაქვს უფლება, მე არ ვაღიარო. მის ბიოგრაფიას კიდევ ერთხელ გადავხედე, სანამ ინტერვიუზე წავიდოდი. მომზადება მჭირდებოდა, რადგან მისი ფანი არ ვარ და არ ვიცოდი დეტალები. ვიცოდი, ვისი შვილი იყო, კურნიკოვასთან რომანი რომ აქვს და ერთი-ორი ჰიტიც მომისმენია. პიროვნულად ძალიან შემდგარი ადამიანია, მხოლოდ იმიტომ არა, რომ მამა ჰყავდა გავლენიანი. ასეთ ადამიანებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ენრიკე იგლესიასი იქნება თუ ქართველი შემსრულებელი, მოკრძალებულად მივდივარ. იმასაც ვიტყვი, რომ რაც "ფეისბუქზე" დაწერეს, ასეც არ იყო...

-ამბობდნენ, თიკო ძალიან იყო აჟიტირებულიო. რაიმე დარჩა კადრს მიღმა?

-ერთადერთი იყო ჩვენი გადაცემა, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში შეხვდა. დანარჩენ ჟურნალისტებს მასთან სასაუბროდ მხოლოდ ორი წუთი ჰქონდათ, მე ყველა ინტერვიუს მოვუსმინე და მერე ჩავწერე ჩემი. გაგვაფრთხილეს, რომ მისთვის არ უნდა გვეკითხა პირად ცხოვრებაზე, მამაზე და ანა კურნიკოვაზე. არ მოსწონს, როდესაც მამის შვილად იხსენიებენ მხოლოდ. თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ მაინც ვკითხე რაღაცები და გაამართლა. მეტსაც გეტყვი, მივუტანეთ ჩვენთან პოპულარული გოგონების ათი ფოტო და ვთხოვეთ, ქულები მიენიჭებინა თითოეულისთვის. შემდეგ ავთერფართიზე შევხვდით. კარგი მეხსიერება ჰქონია. შესაძლოა, ამდენ ადამიანს რომ ხვდები, სახეზე ყველა არ გახსოვდეს. მე მაგალითად, ასე ვარ. ენრიკემ კი ძალიან თბილად მოგვიკითხა. ოპერატორს, რედაქტორს, ალინას კიდევ ერთხელ მიესალმა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა. დაცვაზე ღადაობდა. ისინი ეფარებოდნენ, რომ ზედმეტად ვინმე არ შეხებოდა და თავად დაუდგა წინ დაცვას, ასე რომ მეფარები, კარგიაო (იცინის)?!

რაც შეეხება ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს, ისინი უფრო მალე წავიდნენ ამ ფართიდან, ვიდრე იგლესიასი, რომელიც ბოლომდე დარჩა და ყველაზე მაგრად გაერთო.

-შენი მოსაზრებით, რატომ არ აქვთ ქართველ ვარსკვლავებს ისეთივე თავმდაბლობა, როგორც უცხოელებს?

-ამაზე ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ. ალბათ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის ბრალია -დაკომპლექსებული ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი... თვითონ არ შეუძლიათ ღირებულის შექმნა, ამიტომ ილუზიას უქმნიან სხვა ადამიანებს, რომ უფრო აღმატებულები არიან. ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის, არამედ კავკასიელების ზოგადად, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ვგულისხმობ.

-ვინმეს თუ გაუღიზიანებიხარ ცნობილ სახეებს შორის? მათი ქცევიდან გამომდინარე თუ შეგიძლია თქვა, რომ არ უყვარხარ რომელიმე მათგანს?

-ეს შოუბიზნესია და თითქოს ყველას ყველა უყვარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს არ ვუყვარვარ. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მთავარია, იმ ხალხს ვუყვარდე, ვინც ჩემთვის ღირებულია. რაც შეეხება გაღიზიანებას, ჩემი წყობიდან გამოყვანა რთულია. ყოველთვის ვცდილობ წონასწორობის შენარჩუნებას. შესაძლოა, მათმა საქციელმა მართლაც გამაღიზიანოს არა ჩემ მიმართ, არამედ სხვების მიმართ. ძირითადად ჩემს ფიქრებს ვერ ვმალავ და პირდაპირ გამოვხატავ ხოლმე, თუმცა კონკრეტული მაგალითი არ მახსენდება.

-თიკო, ამბობ, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნიანო და არის ვინმე, ვინც შენი აზრით, ღირებულს ქმნის შოუბიზნესში?

-რასაკვირველია, ეს ყველაზე არ მითქვამს. ჩემგან დასახელებებს მიეჩვიეთ და ამისგან მერე სკანდალი გორდება ხოლმე, მაგრამ ასეთი ადამიანი ცოტა არ არის ჩვენს სფეროში. უამრავი მსახიობი და მომღერალია, რომელთა შემოქმედებაც მომწონს, თუნდაც დიზაინერები. მათ ვაფასებ.

-თიკო, ისევ ბათუმში შენს ყოფნას დავუბრუნდეთ და საქმიანობისგან თავისუფალ დროს რას აკეთებ?

-აუზზე ვერთობი, ვცურავ, ვკითხულობ. უამრავი წიგნი ჩამოვიტანე.

-იქნებ, რამდენიმე წიგნი ჩამო­გვ­ითვალო, რაც ამ ბოლო დროს წაიკითხე და მოგეწონა?

-ამას წინათ კვენტინ ტარანტინოს შესახებ ბიოგრაფიული წიგნი შევიძინე, მიშელ უელბეკი წავიკითხე, გაგიკვირდებათ და "99 ფრანკი" არ მქონდა წაკითხული. "კვირის პალიტრის" გამოცემა ვიყიდე და ესეც წავიკითხე. მატვეი განაპოლსკი ჩემი ფავორიტი ჟურნალისტია და მის წიგნში "სამართალი სულელებისთვის" ბევრი საინტერესო რამ ამოვიკითხე. ქართველ ჟურნალისტებს ეს ალბათ ნაკლებად აინტერესებთ და წაკითხული არც ერთს არ ექნება, მაგრამ ვურჩევ. ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ძალიან გამოსადეგი გამოცემაა.

-კითხვით აქტიურად ამ ბოლო დროს დაკავდი?

-ზამთარში ამისი დრო არ მაქვს, ზაფხულისგან განსხვავებით, როდესაც დრო უფრო მეტი მრჩება. კითხვა ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა. როდესაც გონება ისვენებს, უფრო ადვილად იღებ ახალ ინფორმაციას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ თქვენი მედიასახლის გამოცემების შეგროვება დავიწყე. "კვირის პალიტრა" რასაც უშვებს, ყველა ტომი მაქვს. ბოლოს "დონ კიხოტი" შევიძინე. პლაჟზე კითხვის გარდა რა უნდა აკეთო? ან უნდა იჭორაო ყოფით პრობლემებზე, მე კი თბილისური ჭორაობა ნაკლებად მაინტერესებს, ან იკითხო. მე მეორეს ვარჩევ.

-ჭორებზე გადაცემის ავტორს ჭორი არ აინტერესებს?

-ასე გამოდის. რომ გავიგებ ჭორს, იმის იქით აღარ მაინტერესებს ხოლმე, ამისთვის კი ორი წამი საკმარისია. მერე განხილვა და ვერსიების თქმა მიუღებელია.

-საკუთარ თავზე ჭორებს როგორ ხვდები?

-მეორე დღეს აღარც მახსოვს. ერთ დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანების მშურდა, ვისაც ეს თვისება ჰქონდა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ არ შემეძლო ჭორების გატარება, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. შოუბიზნესში მუშაობა ამ თვისების გარეშე წარმოუდგენელია. ტარანტინოს წიგნში ნახევარზე მეტი იმაზე წერია, როგორ არ უყვარს ძალიან ბევრ ადამიანს და როგორ აკრიტიკებენ. როდესაც ამ დონის რეჟისორს ხვდება კრიტიკა, მე რაღაზე უნდა ვიწუწუნო?!

-ბათუმში ამდენ ხანს ყოფნა არ გიჭირს?

-რთულია. ათი დღით რომ ჩამოდიან დასასვენებლად, მათთვის ყველა დღე განსხვავებულია, მე კი უკვე მესამედ ჩამოვედი დიდი ხნით ამ წელს და ყველა დღე ერთნაირი გახდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ წინა წელთან შედარებით ახლა უფრო მეტი გასართობია. საკმაოდ კარგი კერძებიც დავაგემოვნე.

-წონის მომატების არ გეშინია?

-ძალიან მეშინია. ერთი დღე თავს უფლებას ვაძლევ ვჭამო, რაც მინდა, მაგრამ შემდეგი ორი დღე საკვებს ძალიან ვზღუდავ. შემიძლია, კვირაში ერთი დღე საერთოდ არაფერი არ მივირთვა. ყველაზე მაგარი დიეტაა. მერე სამი დღეც რომ კარგად ჭამო, არაფერი არ დაგეტყობა. უარის თქმა ტკბილეულზე არ შემიძლია, თუმცა ეს მაშინ, როდესაც პირად ცხოვრებაში რაღაც ისე ვერ არის. თუ ჩემი ცხოვრება ნარნარია, პირადულშიც ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ტკბილეულობა არ მჭირდება.

-შემოვლითი კითხვა -ახლა იღებ აქტიურად ტკბილეულობას?

-ამ ბოლო დროს არ მიჭამია (იღიმება). თუ სადმე დამინახავთ დიდი ტორტის ნაჭრით ხელში, ე.ი. პირადულში დიდი პრობლემა მაქვს.

-არის ადამიანი შენს ცხოვრებაში, რომელიც ტორტის მოზრდილ ნაჭერზე უარს გათქმევინებს?

-კი, გამოჩნდა ასეთი ადამიანი. ჯერ სერიოზული არაფერი ხდება, ფლირტის დონეზეა. სხვათა შორის, სწორედ ბათუმში გავიცანი. მეტს ვერაფერს გეტყვი.

-თიკო, ყოველთვის კარგ ფორმაში ხარ, პოპულარული სახე ხარ და ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც მოგხიბლავს?

-აქამდე ვამბობდი, ჩემი მოთხოვნები ქართველი ბიჭების შესაძლებლობებს აღემატება-მეთქი. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მითხრა, ბოლო ინტერვიუებში სულ ქართველ მამაკაცებზე წუწუნებო. აღარ მინდა მოწუწუნის იმიჯი, მაგრამ 21-ე საუკუნის ქართველი მამაკაცები მაინც არ მომწონს, ისინი დაკომპლექსდნენ, რადგან ქალები უფრო წინ დადგნენ. ევროპელობა თუ გვინდა, მაშინ ასეც იქნება, კავკასიელი მამაკაცი, წესით, სხვანაირი უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემს პრიორიტეტებს, გარეგნობას მნიშვნელობას ვანიჭებ. შესაძლოა, ბრედ პიტის, ჯორჯ კლუნის ან ენრიკე იგლესიასისნაირი არ მინდოდეს...

-ანუ ენრიკეს არ გაეპრანჭე?

-თაკო გაჩეჩილაძესავით გამომდის, მაგრამ ჩემი სტილის ბიჭი არ არის. ისე, რა იცი, იქნებ, ჩამომაკითხოს (იცინის). არა, ალინა ისე გადაირია ენრიკეზე, სულ რომ ბეჭდით დამადგეს, მაინც ვერ შევეცილები (იცინის).

-ენრიკეს რომ ჰკითხე, ესპანელებს ყველაზე კარგად რა გამოგდითო, არა მგონია, რომ პასუხად ელოდებოდი, კერძებიო.

-ნამდვილად არ ველოდებოდი. მეგონა, ესპანელების ტემპერამენტს ახსენებდა, მაგრამ სხვა პასუხი გამცა. ამ კითხვასთან დაკავშირებით იყო საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ჩვენს გადაცემაში ვერ მოხვდა. როცა ეს კითხვა დავუსვი ენრიკეს, მისი მექსიკელი პროდიუსერი წამოდგა და დაიწყო სექსუალური მოძრაობა, რატომ, ეს არ გამოგვდისო?! გამომაშტერა. რა მაგარი ტიპები არიან, უკომპლექსოები. ენრიკემ თავი დაუქნია, კი, ეგეც გამოგვდის, მაგრამ უფრო მეტად კერძები გვაქვს კარგიო. ტემპერამენტი და სექსი არ დაუსახელებია და ამას თავისი მიზეზი აქვს. ყველამ იცის და თვითონაც ამბობს, რომ თავისი სასქესო ორგანოს მცირე ზომის გამო დაკომპლექსებულია. სხვათა შორის, ამაზეც გაგვაფრთხილეს, არაფერი ჰკითხოთო.

-კარგი, ენრიკეზე საუბარს მოვრჩეთ და შენს შეყვარებულს როდის გამოაჩენ?

-არა მგონია, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყოს. ჯერჯერობით არ იცნობთ (იღიმება). ვუყურებ, როგორ მოიქცევა და თუ რაიმე არ შეეშალა, მერე გამოვაჩენ.

-რომანტიკას ითხოვ?

-რომანტიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად ამისა, ბევრს ჰგონია, რომ არ ვარ რომანტიკული.

-არის სიურპრიზები თქვენს ურთიერთობაში?

-არის, მაგრამ ვრცლად ვერ გეტყვი, რადგან, როგორც გითხარი, ჯერ ახალი დაწყებულია. მანამდეც ყოფილა ბევრი თაყვანისმცემელი, ყვავილები და საჩუქრებიც გამოუგზავნიათ, მაგრამ ეს ადამიანი პირველია, რომლისადმიც თავადაც გამიჩნდა სიმპათია. ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები