მიშა ქვლივიძისა და ნიკო გომელაურის გვერდით გაიზარდა. როცა მათთან ერთად თეატრალურ სარდაფში პოეზიის საღამოებს მართავდა, პირველი ლექსი შეყვარებულისთვის უკვე მიძღვნილი ჰქონდა. ამ ლექსმა, როგორც ჩანს, არ გაამართლა, გოგო წავიდა. შორს წავიდა, ახლა ვინც უყვარს, მას ლექსებს არ უძღვნის. ჩვენი სტუმარია პოეტი, ჟურნალისტი და ამჟამად ინტერნეტპუბლიცისტი ლექსო ლეკიაშვილი.
- ფილოლოგის ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი ქართულის მასწავლებელია. ლექსების წერა უცნაურად დავიწყე. თავის გამოჩენა მინდოდა. მუზა მეწვია და დავჯექიო, რომ ამბობენ, არ მჯერა, სისულელეა, მუზა არ არსებობს. მერვე კლასში ერთი გოგო მიყვარდა. მინდოდა, მისთვის რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა. ისეთი, რასაც სხვა ბიჭები თავის შეყვარებულებს ვერ აჩუქებდნენ. ყვავილები გაცვეთილი იყო, რეგიონში ვიზრდებოდი (დედოფლისწყაროს რაიონში) და სერენადა ფანჯრებთან არა მარტო "ტეხავდა", არ იყო ხალხი, ვინც იმღერებდა (იცინის). თან სიმღერასა და მუსიკასთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს, აბსოლიტურად ამუსიკალური ადამიანი ვარ. მოკლედ, დავუწერე ლექსი ამ გოგოს. მერე ეს პროცესი მომეწონა და... თავიდან მამაჩემს რომ წავაკითხე ჩემი ლექსები, ჯერ თავი გაიქნია, მერე მითხრა, სხვებს ნუ წააკითხებო.
- ლექსებს კიდევ წერ?
- იშვიათად, როცა სათქმელი მაქვს მაშინ. უკვე დიდი ხანია ისეთი არაფერი ვიცი, რომ ხალხს ვუთხრა. ლექსს ძირითადად კარგ ხასიათზე ვწერ. არ ვწერ პატრიოტიზმზე, არც ბუნებაზე. ვწერ ქალებსა და ისეთ რაღაცებზე, რაზეც ხალხი გაიცინებს. ისეთი პოეტიც ვიყავი ცოტა ხანს, ღრუბლებში რომ დაფრინავს, ტერენტი გრანელი რომ მოსწონს. ახლა გრანელზე არ მაყრის, მაგრამ ძალიან არ მიყვარს. "ვეფხისტყაოსანი" მიყვარს, მაგრამ გურამიშვილი მირჩევნია. გალაკტიონიც არ მიყვარს. რამდენიმე ლექსი მომწონს, მაგრამ მეფეაო, რომ ამბობენ, მაღიზიანებს. რუსთაველის ქვეყანაში გალაკტიონის მეფობა სად გაგონილა?! შოთა ნიშნიანიძე მიყვარს, ვახტანგ ჯავახაძე. იყო დრო, როცა პატრიოტიც ვიყავი, როცა მეგონა, პატრიოტიზმი შემინახავდა, რომ პოეტობით შეიძლებოდა ცხოვრება. მაგრამ როცა დედაჩემი ცუდად გახდა და არავინ არ მოსულა, არც ჩემი ქვეყანა, არც ჩემი ლოთი ძმაკაცები, არავის ფული არ მოუცია, წამალი უყიდე დედაშენსო, მიწაზე დავეშვი...
- ქალებზე ვწერო მითხარი. შენი ერთი ლექსი გამახსენდა, "ბანალური ლექსი ანუ ლექსი, რომელსაც ყველა დაწერდა"...
ჩემი ხარ, მაგრამ ვეღარ გავარკვიე,
ამორძალი ხარ თუ ჰურია?
ემაგ ძუძუსთავებს, ვნებით დაცქვეტილებს,
ჩემი მოფერება სწყურიათ!
ხშირად მინდა ხოლმე, შენი თეძოები
მტევნები რომ იყოს ვაზისა,
და მერე ლოგინში, როგორც საწნახელში,
მართლა მტევნებივით დავსრისავ!...
ხვალ ალბათ ისევ ცოლიც მეჩხუბება
ატეხილს...
გატეხილსიტყვიანს...
ჩუმად, საყვარელო! ხალხმა არ გაიგოს!
ლექსი მიუძღვნაო - იტყვიან!
- ამ ლექსს მართლა ყველა დაწერდა. არ დამიჯერებ, მაგრამ სიზმარში დავწერე. ეს რომ ცხადში დამეწერა... დილით ავდექი, დავწერე და წავაკითხე ცოლს.
- მერე, რაო ცოლმა?
- არაფერი. ლექსია, სექსი ხომ არა (იცინის). მით უმეტეს, რომ ცოლზე ერთი ლექსი მაქვს დაწერილი. სხვათა შორის, მარის დავპირდი, რომ მასზე ლექსს არ დავწერდი.
- რატომ?
- ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მიშა ქვლივიძემ თქვა ერთხელ, სიყვარულზე დაწერილმა ლექსმა გრძნობის ნაწილი თუ არ გაიყოლა, არც ის არის ლექსი და არც შენ ხარ პოეტიო. ჰოდა, არ მემეტება, რა... სხვები, ვისაც ლექსი მივუძღვენი, შორს წავიდნენ და ლექსიც თან წაიყოლეს. მარის პირველად და უკანასკნელად ლექსი რომ მივუძღვენი, ცოლი იყო უკვე. იმის კი არ მეშინია, რომ ვინმე მიმატოვებს, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი დამოკიდებულება ლექსს გავატანო.
- ფერი აქვს შენს ლექსებს?
- კი, მწვანეა. დოლარის ფერი.
- კორუმპირებული პოეტი ხარ?
- რატომ? რატომ გგონიათ, რომ პოეტებს ჭამა არ უნდათ, რესტორანში არ დადიან, მაგარი მანქანებით ვერ ივლიან?!
- პოლიტიკაზე არ წერ?
- ერთი ლექსი დავწერე რევოლუციის დროს, "ტარები ჩქარა".
"არავინ იცის კაცია თუ ნიღაბი.
ტაშს კი ვუკრავთ ცოცხალი და მკვდარი.
ჩვენ აქამდე მხოლოდ დროშა ვიყავით.
ჰოდა ახლა გაგვიკეთეს ტარი".
სხვათა შორის, რევოლუციის მომხრე არ ვარ. ბოლო არეულობის დროსაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. სულ რომ ჩლიქებიანი, რქიანი და კუდიანი პრეზიდენტი მყავდეს, რევოლუციას ის მირჩევნია. რევოლუციის დროს ნაგავი და უბედურება ზემოთ ამოდის. აღარ მინდა რა, დავიღალე, ჩემმა ახალგაზრდობამ ამათ დავაში გაიარა, ამათი დედა ვატირე სულ ყველასი!
- პატრიოტიც ვიყავიო, მითხარი. დღეს აღარ ხარ პატრიოტი? მშიერი პატრიოტიზმის არ გჯერა?
- მშიერი რომ ვარ დღეს, ამას მე ქვეყანას არ ვაბრალებ. ამის გამო არ დამიკარგავს პატრიოტიზმი. იმან გამამწარა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაცულია ადამიანის უფლებების გარდა. ეს არის ჩვენი რეალობა. ეს კომუნისტების ბრალია, რუსეთის იმპერიის თუ ჩვენი უნიათობის, არ ვიცი. ამ ქვეყანაში თუ პატრიოტი ხარ, ჩარჩოებში უნდა იცხოვრო. ჩარჩოების დედა ვატირე. აღარ ვარ პატრიოტი! გენიალური ფრაზა აქვს ანტონ ჩეხოვს. "მე, რა თქმა უნდა, სულით ხორცამდე მძულს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იზიარებს".
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)