სიყვარულის გამო გადაკეთებული გვარი და გასაღებული საპატარძლო

სიყვარულის გამო გადაკეთებული გვარი და გასაღებული საპატარძლო

ბებოსგან გადმოცემით ვიცი, რომ 90-იან წლებში, როცა განქორწინება და საერთოდ, განათხოვარი ქალის იარლიყი თითქმის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, ლიას თამამი ნაბიჯი გადაუდგამს და შვილი კანონიერი ქორწინების გარეშე, "ერთი ღამის" ურთიერთობის შედეგად გაუჩენია. "ყველა მას ვჭორავდით და ვაქილიკებდით. მან გაწირა თავი და უცოდველი ბავშვი იმისათვის, რომ "თითით საჩვენებელი" გამხდარიყო", - საოცარი სიმკაცრით დასძენდა ხოლმე ჩემი მოხუცი... გავიდა წლები. ტასო წამოიზარდა, ლია მატერიალურად წელში გაიმართა, შვილი ყველაფრით უზრუნველყო, განათლების მიღებაშიც შეუწყო ხელი... ხალხი, რომელიც საკუთარი "კარგის" წარმოჩენასა და უპირატესობის გამომზეურებას ლიას "ცოდვილი ცხოვრების" გამოაშკარავებით ცდილობდა, ახლა მის მეხოტბედ იქცა. 

ბოზი ქალის სტატუსი პატივსაცემმა ლედიმ შეცვალა და ცხოვრებაც თითქოს თავის კალაპოტში ჩადგა... ეს ყველაფერი იმიტომ გიამბეთ, რომ წარმოდგენა შეგქმნოდათ, თუ როგორ დაჰფოფინებდა ერთადერთი ქალიშვილის რეპუტაციასა და მომავალს შვილზე მართლაც რომ გადამკვდარი ქალი. ის 24 საათის განმავლობაში მუშაობდა და თან, შვილს უვლიდა, აკონტროლებდა, ასწავლიდა... ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა უკვე 20 წლის იყო, ტასო სახლში "ბოიფრენდთან" ერთად მივიდა და დედას გამოუცხადა: -როგორც შენ გამაჩინე ვიღაც უცნობისაგან, აი, მეც ზუსტად შენნაირად, ორსულად ვარ, ოღონდ გათხოვებას არ ვაპირებო! დედის გაცეცხლებულ მზერასა და ყვირილს კი მოკლედ უპასუხა: -არ დაგავიწყდეს, კვიცი ყოველთვის გვარზე ხტისო...

ლიას სხვებისთვის არაერთხელ უთქვამს: ტასოში იმხელა ფული დავაბანდე და იმდენად დიდ '"ინვესტიციად" მიმაჩნია, სულ რომ ქეით მიდლტონს დაენგრეს ოჯახი და პრინცმა მთხოვოს მისი ხელი, ცოლად მაინც არ გავატანო. შვილისთვის წარმოუდგენლად ბევრი უნდოდა. სიძედ ისეთ პრინცზე ოცნებობდა, რომლის მსგავსებიც არ არსებობენ... კაცი კი, რომლისგანაც მისი შვილი ფეხმძიმედ იყო, ცოლის მოყვანას არ აპირებდა. მან მომავალ პოტენციურ სიდედრს ამაყად გამოუცხადა: ქორწინება ჩემს გეგმებში არ შედისო!..

"მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა საქართველოში! მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა 100 კაციდან 99 შენ გჭორავს, როცა თითს ყველა შენსკენ იშვერს და ჰგონიათ, რომ ადვილად მოსაპოვებელი ქალი ხარ; როცა იცი, რომ თუ ძლიერი არ იქნები, შენს შვილს სამუდამოდ ააკრავენ ნაბიჭვრის იარლიყს", - ამბობდა ლია. მას არ უნდოდა, მის შვილსაც ცხოვრების ისეთი გზა გაევლო, როგორიც თავად განვლო, რომ ტასოს ის ტკივილი ეგრძნო, რომლისგან გათავისუფლებაც თავად დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო... ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ტასო გარიგებით თათარ (მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს...), კოჭლ, სრულიად არაშესაფერის კაცს გაჰყვა ცოლად. ტასოს და ლიას, რომელთათვისაც ყველა სოფლელი კაცი ცინგლიან და გამოსაყენებელ "მასალად" აღიქმებოდა (არაერთხელ დაიწუნეს ბიჭი მხოლოდ მისი მატერიალური მდგომარეობის, წარმომავლობის, გვარის გამო), ცალფეხა თათარიც სანატრელი გაუხდათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანმა ბედნიერების შანსი მხოლოდ ბიჭის (ან გოგოს) სოციალური სტატუსის, ეროვნების გამო არ უნდა გაუშვა ხელიდან. 

ამბავი მეორე

ჩემი მეზობელი ეკა საკუთარ ბედნიერებაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობდა, რომ მისი რჩეული სომეხი იყო... მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის დახმარებით გაიცნეს (არც ერთი მათგანი თინეიჯერობის ასაკში აღარ იყო, მაგრამ მაინც...), შეხვდნენ, ერთურთი მოეწონათ, მერე კი ოჯახებით მივიდ-მოვიდნენ ერთმანეთთან... ერთხელ, ასეთი "ოჯახური" ვახშმის დროს საპატარძლოს ოჯახი სასიძოს გვარით დაინტერესდა და... არა, შვილს ვერ გაგატანთ! -მტკიცედ გადაწყვიტა ეკას ოჯახმა! მათ უარი თქვეს ქორწილზე, შვილის ბედნიერებაზე, მომავალ პატარებზე და რაც მთავარია, იმ მოვლენაზე, რომელსაც ეკა 38 წელი ელოდა!

ქორწილი ჩაშალეს იმიტომ, რომ სასიძო სომეხი, გვარად პოგოლოვი აღმოჩნდა. ის "შავია", ჩვენ კი "თეთრები" ვართ; ის "მარსიდანაა", ჩვენ "დედამიწაზე" ვცხოვრობთ, -ფიქრობდნენ ისინი. და იცით, შემდეგ რა მოხდა? კაცმა გვარი გადაიკეთა და გოგოტიშვილად იქცა! წამებში გახდა ქართველი, "შეეცვალა" სისხლი, ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები... ძირძველი, პატრიოტი, "კარენოი" ქართლელი გოგოტიშვილი გახდა, ეს გვარი კი მისაღები აღმოჩნდა ეკასა და მისი ოჯახისთვის...

არ მესმის, რა მნიშვნელობა ჰქონდა ეკას ოჯახისათვის სასიძოს გვარს, თუ ის ისევ "მარსიდან" ჩამოსული იქნებოდა და "ზედსიძედ" ჩამოსახლდებოდა "დედამიწაზე"? არ მესმის და მომკალით, ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ ვართ ქართველები ასეთი "ზიზილო" ერი, რატომ არ შეგვიძლია ბედნიერებით ტკბობა, რატომ ვეძებთ ყოველთვის წუწუნის მიზეზს, რატომ ვეძებთ ჭირს, პრობლემებს, ტკივილს?.. ჰო, გვინდა გვტკიოდეს იმიტომ, რომ ვეცოდებოდეთ; ვეცოდებოდეთ იმიტომ, რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე გავიმარჯვოთ! და უამრავ "გამარჯვებულს" შემიძლია ვუთხრა მე, მარად დამარცხებულმა, რომ მეცოდებით! მთელი არსებით მეცოდებით ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: კეთილი ვარ და ყველას გამარჯვება მიხარია!

რუისპირი (გრეენ)

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება