ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ ოდესმე კატაფალკის მძღოლობას დავთანხმდებოდი. მკვდრების ისე მეშინოდა, როგორც დამანგრეველი მიწისძვრის. საკუთარი დედ-მამისთვისაც კი არ შემიხედავს გარდაცვალების შემდეგ.
ინჟინრად ვმუშაობდი და როცა ქვეყანა აირია, სამსახური დავკარგე, სწორედ იმ წელს გაუჩნდა ჩემს ცოლს მეოთხე შვილი, თან ნანატრი ბიჭი. სამსახურზე ყველგან უარი მითხრეს. თავიდან მეც ვვაჭრობდი, მაგრამ მოგების ნაცვლად ვალი დამედო. ერთხელ ცოლის ძმამ შემომითვალა, დამკრძალავი ბიურო გაიხსნა და კატაფალკის მძღოლად ამიყვანესო. ორი ადგილია კიდევ და შენ გაგიწიე რეკომენდაციაო. თავიდან ცივი უარით გავისტუმრე, მაგრამ ნახევრად მშიერ ბავშვებს რომ ვუყურებდი, თავი შემძულდა, პირველად ას წელს მიღწეული დედაბერი შემომისკუპეს მანქანაში. ზედ არც შემიხედავს. იქვე მოსაუბრე ხალხისგან გავიგე. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილთაშვილს ვთხოვე, პირველი მკვდარი მიმყავს და რაღა დაგიმალო, მეშინია. იქნებ გვერდით მომიჯდე. რამე რომ იყოს, ბებიაა, მაინც შენი და... გააჩერებ... თავიდან ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ბოლოს დავითანხმე. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე, ვცდილობდი, აღარ მეფიქრა, რომ ზურგს უკან მკვდარი იყო გაშოტილი. მერე საქეიფო სიმღერების კასეტა ვიყიდე და იმას ვრთავდი. ხანდახან თავადაც ავყვებოდი ხოლმე.
ერთხელაც, მსუქანი ღიპიანი კაცის კუბო შემოდგეს მანქანაში. აღმართს რომ შევუდექით, მანქანამ თითქოს სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ხროტინი დაიწყო, ერთ ადგილზე დაგორდა კიდეც და ლამის გაჭყლიტა უკან ფეხით მომავალი ჭირისუფალი. კივილი ატყდა: არც შენ გინდა, ჰო, სასაფლაო და მკვდრებში დარჩენა?! - ხმამაღლა ვთქვი, უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად და ამ დროს დამადო სწორედ "მკვდარმა" ბეჭზე ხელი: ფრთხილად, ბიძია, თვარა ერთის მაგივრად, ათ კაცს დატოვებ დღეს სასაფლაოზე... შიშით გონება დამიბნელდა. კარი გავაღე და დაქოქილი მანქანიდან ვისკუპე. ჩემ გარეშე დარჩენილი მანქანა დაგორდა და დავინახე, როგორ გაიღო კატაფალკის უკანა კარი და ახლა "მკვდარი" გადმოხტა. მერე გონება დავკარგე... თვალი რომ გავახილე, თავზე ექიმები მედგნენ, ვიღაცას სასწარფო გამოეძახებინა. სიმართლე მალე გაირკვა. ბეჭზე ხელი მკვდარმა კი არა, მისმა შვილმა დამადო, რომელსაც პირობა ჰქონია მამისთვის მიცემული, რომ კატაფალკაში მარტო "არ დატოვებდა", რადგან განსვენებულსაც პანიკურად ეშინოდა კატაფალკების. სანამ მე უკან არ ვიხედებოდი იმის შიშით, რომ მკვდარი არ დამენახა, ვერ გავიგე, რომ მიცვალებულთან ერთად ცოცხალიც იჯდა. ამის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს, მაგრამ არ მიდარდია. ახლა დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ ვმუშაობ.