ამ ზაფხულსა და არდადეგებზე შარშანდელი სასაცილო ისტორია გამახსენდა და მომინდა, გიამბოთ. რაჭის ერთ-ერთ სოფელში დაგვპატიჟა მეგობარმა და სამი ძმაკაცი წავედით. ჩაკეტილი სახლი იყო, გვერდით ნათესავი ცხოვრობდა და ის გვიმზადებდა საჭმელს. ისეთ უკაცრიელ ადგილას ვიყავით, მაღაზია კი არა, ჯიხურიც არ იდგა არსად. კინაღამ ყმუილი დავიწყეთ. მაგრამ ერთი კვირა მაინც უნდა გაგვეძლო და რითიც შეგვეძლო, ვერთობოდით.
სიგარეტის მარაგი წაღებული გვქონდა, მაგრამ უსაქმურობისა და გასართობის უქონლობის გამო, მარაგი სამ დღეში ამოვწურეთ. დავრჩით ისე. მეზობელი სახლის პატრონი შეგვპირდა, ორ დღეში ჩავდივარ "ცენტრში" და ამოგიტანთო, მაგრამ ის ორი დღე რა უნდა გვექნა? რა აღარ ვიფიქრეთ, ვერაფერი მოვიაზრეთ. აშკარად ვერ ვძლებდით უსიგარეტოდ. ჰოდა, ერთ-ერთმა ჩვენგანმა, ჭკუათმყოფელმა მოიფიქრა, მუხის ფოთლები გავახმოთ და მოვწიოთ, სადღაც გამიგია, რომ ძალიან მაგარი "მოაქვსო". მართლაც, ჩამოვკრიფეთ, ღუმელთან ახლოს დავალაგეთ, გავაშრეთ, გავახმეთ და გავახვიეთ... მოვწიეთ... ამის მერე მხოლოდ მეორე დღე მახსოვს, ის დღე აღარ. მოგვიანებით მეზობლად მცხოვრებმა გოგონამ გვიამბო, თურმე რა კარგად "ვიქცეოდით".
ნამდვილი დაბოლილებივით დავდიოდით, სახეწაშლილები და ყოველ მეორე ნაბიჯზე გული გვერეოდა. ბოლოს ისე შეშინებიათ, სასწრაფო გამოუძახებიათ, რომელიც "ცენტრიდან" საღამოსვე ამოსულა, დავუთვალიერებივართ და ბევრი არაფერი უქნიათ, მიხვდნენ რაც გვჭირდა და თავი დაგვანებეს, გაუვლითო, უთქვამთ. სასწრაფოს გამოძახება რომ გაგვხსენებოდა, მანამდე რომელიმე თავს მოიავადმყოფებდა და იმ სასწრაფოს ჩავყვებოდით. ნორმალურ სიგარეტს ვიყიდდით და თავს არ გავიფარჩაკებდით. არადა, იმ დღის მერე, სანამ იქიდან წამოვიდოდით, ყველა დაგვცინოდა და მუხის ფოთლებით დაბოლილებს გვეძახდა.