ტელეფონით გადარჩენილი დაყაჩაღებული ბებია

ტელეფონით გადარჩენილი დაყაჩაღებული ბებია

დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც მობილური ტელეფონი არ აქვს. ზოგი დღის განმავლობაში სულ არ ლაპარაკობს, ზოგიც კი საათობით საუბრობს და ასობით მესიჯს აგზავნის. ბებიაჩემიც პირველ კატეგორიაში შედის. თან ისეთი საოცარი ტელეფონი აქვს, ალბათ მეორეს ისეთს ვერ ნახავთ. ეს ანტიკვარი "მოტოროლა" ჯერ მის ქმარს ჰქონდა, ახლა კი ბებია დაატარებს. ერთი ჩანთა ცალკე უნდა ჰქონდეს მის მფლობელს ამ მობილური ტელეფონისთვის. რამდენჯერმე ვუთხარი, მე ახალი ტელეფონი მაქვს და ძველს შენ მოგცემ-მეთქი, მაგრამ 2009 წლის "ნოკიას" მიწუნებს, ჩემი ტელეფონის ეკრანზე ყველაფერს კარგად ვხედავ, თან ხელშიც კარგად მიჭირავს, ეგ შენი ტელეფონი კიდევ ნემსივითაა, სადღაც დამეკარგება და ვერ ვიპოვიო. მოკლედ, ვერაფერს გავხდი.

ამას წინათ ბებიაჩემი თავისი ძველი ტყავის ჩანთით სადარბაზოში რომ შემოსულა, უგრძვნია, რომ ვიღაც შემოჰყვა. ბებიამ ჩანთა იღლიაში ამოიჩარა და კიბეებს ამოუყვა. უცბად ზურგზე დანა მიადეს. ყაჩაღს უთქვამს, ჩუმად მომეცი ჩანთა და თან ისე, რომ არ მობრუნდეო. ბებია ძველი სპორტსმენია, ცურავდა, ბატუტზე ხტოდა, მთაში დადიოდა, მოკლედ "სპარცმენკა და კამსამოლკაო" - ზუსტად მასზეა ნათქვამი. ჰოდა, ეს ჩემი ბებო საოცრად მკვირცხლი ქალია. არ ვიცი, როგორ გაბედა, მაგრამ მობრუნებულა და თავისი ტყავის ჩანთა ქურდისთვის თავში უთხლეშია. რასაკვირველია, ჩანთაში იდო ის ტონიანი ტელეფონიც, რამაც ყაჩაღს თვალებიდან ნაპერწკლები გადმოაყრევინა. ბებია მოგვიყვა, დანა დააგდო, თავზე ხელები შემოიჭირა, ამომხედა და თქვა: ბებო ნახე, რაა! მერე წამოდგა. ლასლასით წავიდა სადარბაზოს გასასვლელი კარისკენ. გამომხედა, ერთი შემიკურთხა და გაიქცაო. ამის შემდეგ ბებიას თავისი ტონიანი ტელეფონი კიდევ უფრო შეუყვარდა. ამბობს, ამას როგორ დავთმობ, თავდაცვისთვისაც მადგება და საკომუნიკაციოდაცო.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება