როგორ ართობდა "ფრიადოსანი" სიკო ჭუმბურიძე მასწავლებელს

როგორ ართობდა "ფრიადოსანი" სიკო ჭუმბურიძე მასწავლებელს

"დიდი განათლებით არ გამოვირჩევი, ვერც კარგი მეხსიერებით დავიკვეხნი. ზოგჯერ როლის ტექსტის დამახსოვრებაც მიჭირს და "შპარგალკებით" ვთამაშობ", - მითხრა "კომედი შოუს" მსახიობმა სიკო ჭუმბურიძემ, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დამთანხმდა. მისი საყვარელი ავტორი ჭაბუა ამირეჯიბია, საყვარელი გმირი - დათა თუთაშხია. ამბობს, რომ ამ პერსონაჟთან სიამოვნებით იმეგობრებდა.

პრეამბულის მაგიერ

- დათა თუთაშხიასთან მეგობრობა რთული არ იქნებოდა?

- მაგას რა აჯობებდა? სიამოვნებით ვიცხოვრებდი დათას გვერდით და ხმას არ ამოვიღებდი, სულგანაბული მოვუსმენდი. მისი მორალი ჩემთვის მისაღებია.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- მათემატიკა და ფიზიკა მომწონდა.

- ამ რუბრიკაში სტუმრობას ჩემი რესპონდენტები გამოცდაზე გასვლას ადარებენ. საინტერესოა, გამოცდებზე თუ ეშმაკობდი?

- სკოლაში "შპარგალკების" აქტიური მომხმარებელი ვიყავი... ერთ ამბავს გავიხსენებ: ქართულის გაკვეთილზე უკანა რიგში ვიჯექი და ბავშვებს ჩუმად ანეკდოტებს ვუყვებოდი. მასწავლებელმა შეგვამჩნია, რომ ვიცინოდით. მითხრა: - ადექი და რასაც ჰყვები, ყველას გასაგონად თქვიო. მეც მეტი რა მინდოდა? 45 წუთი ისე გავიდა, არ გავჩერებულვარ, მან კი 5-იანი დამიწერა, - ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაგიშვიაო.

- ეს რა უცნაური სპორტული მაისური გაცვია?..

- ჩვენ ვართ ორგანიზაცია "ჯვაროსნები" და ფეხბურთის ფედერაციასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ფუნქცია საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა და გულშემატკივრების აღზრდაა. დიდი მოძრაობა იწყება. ხალხი სტადიონზე უნდა მივიყვანოთ. სხვათა შორის, შოუებსაც მოვაწყობთ.

- დიდი ხანია, რაც ამ საქმეში ჩაები?

- 2 თვეა.

- რადგან ფეხბურთი ასე ძალიან გიყვარს, პირველ კითხვას სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით დაგისვამ.

- ფეხბურთზე რაც უნდა მკითხო, გიპასუხებ.

- 1966 წელს ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისისა და ამერიკის ნაკრები გუნდების შეხვედრისას ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ მოთამაშემ გერმანული არ იცოდა და თამაში გააგრძელა. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები შემოიღეს. რა სიახლეზეა ლაპარაკი?

- (იცინის) ხომ გითხარი, გიპასუხებ-მეთქი. ამის შემდეგ წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენება დაიწყეს.

- ყოჩაღ, ფეხბურთი მართლა გყვარებია. თუ იცი, რას უწოდებდნენ XVIII საუკუნეში ძახილის ნიშანს?

- არ ვიცი.

- გაოცების წერტილს. რომელი უღელტეხილი აერთიანებს ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიას?

- ვერ გიპასუხებ.

- ჯვრის. რომელი ლითონისგან ამზადებენ ნათურის სპირალს?

- ვოლფრამისგან.

- მხატვრობაში ერკვევი?

- არა, და მარტივ კითხვაზეც ვერ გიპასუხებ.

- ქალის გარდა, ვინ არის გამოსახული კლოდ მონეს სურათზე - "მანდილოსანი ქოლგით"?

- (იცინის) ქოლგა.

- მე არ მიკითხავს, - რა არის გამოსახული-მეთქი?

- არ ვიცი.

- ბავშვი. თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა რომელ ქვეყანაში შეიძლება აღიქვან, როგორც უარი, თავის გაქნევა კი გაიგონ, როგორც თანხმობა?

- ბულგარეთში.

- რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ის სამეგრელოშია.

- მაინც ვერ გიპასუხებ.

- ზანა. რომელი კლასიკოსი მწერალი დაიბადა ამ მდინარის ნაპირზე?

- რადგან სამეგრელო ახსენე, კონსტანტინე გამსახურდია იქნება.

- მას გარს ეკვრის ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გიბრალტარის ვიწრო სრუტით გამოიყოფა, ხოლო სუეცის არხით აზიას უკავშირდება. დაასახელე, რომელ კონტინენტზეა ლაპარაკი?

- აფრიკის.

- ცნობილია, რომ მომთაბარე მონღოლები დაბეგვილ უმ ხორცს მიირთმევდნენ. როგორ ბეგვავდნენ ხორცს?

- რაიმე განსხვავებული მეთოდი ჰქონდათ?

- დიახ.

- (ფიქრობს) ვერ გიპასუხებ.

- ცხენით მგზავრობისას ზედ ისხდნენ.

- წარმომიდგენია, როგორი სუნი ექნებოდათ.

- ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე, მოცულობის რომელი ერთეულია ფასთან მიმართებაში?

- ბარელი.

- რა ჰქვია მწყრის შვილს?

- არ ვიცი.

- მუტრუკი.

- (იცინის) პირველად გავიგე... მატყუებ?

- არა, ნამდვილად ასეა! რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: 14+9 არის 22 თუ უდრის 22-ს?

- ხომ გითხარი, მათემატიკას კარგად ვსწავლობდი-მეთქი და ვერც მომატყუებ: 14+9=23.

- რომელია ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი საქართველოში?

- ზუსტად არ ვიცი.

- ახალქალაქი. სად მდებარეობს სოფელი დარკვეთი?

- იმერეთში.

- რომელი მეფის ბრძანებით აშენდა ბაბილონის დაკიდებული ბაღები?

- ვინ - არ მახსოვს, მაგრამ ის ვიცი, რომ ბაღი მეუღლეს სიყვარულის ნიშნად აუშენა.

- ნაბუქოდონოსორი. საქართველოს ისტორიაში ბევრი მეფე მეტსახელითაა ცნობილი. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII თავისი უზომო ჭამა-სმით იყო ცნობილი. რა მეტსახელით შემორჩა ის ისტორიას?

- ზაქიჭამია.

- მას შეუძლია ღამეში 91-მეტრიანი გვირაბი გათხაროს. რაზეა ლაპარაკი?

- ცოცხალი არსებაა?

- დიახ.

- თხუნელა იქნება.

- ნამდვილად ასეა! "რაც არ უნდა გენიალური, ახალი ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო: მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დაეთანხმება შენი ტვინიდან გადმოსვლას და მუდამ შენთან დარჩება", - ვკითხულობთ "იდიოტში". დაასახელე მისი ავტორი.

- დოსტოევსკი.

- რომელ ქალაქში დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი?

- არ ვიცი.

- ქუთაისში. გვაქვს 7 ქვა. მათი წონებია: 1, 2, 3, 4 და ა.შ. კილოგრამი. როგორ გადავანაწილოთ ეს ქვები 4 ყუთში ისე, რომ თითოეულში ერთნაირი წონა იყოს?

- პირველ ყუთში ჩავდებ 7-კილოიანს, მეორეში - 2 და 5, მესამეში კი - 3 და 4-კილოგრამიანს.

- მე გთხოვე 4 ყუთში გადანაწილება, შენ კი...

- (მაწყვეტინებს) მართალია, მეოთხე ყუთში 1 და 6-კილოგრამიან ქვებს ჩავდებ და ეგ იქნება!

- იმ ქვეყანაში ექიმებს კარგ ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ თუ იმპერატორი ავად გახდებოდა, მკურნალს გასამრჯელოს მხოლოდ მისი გამოჯანმრთელების შემდეგ აძლევდნენ. რომელ ქვეყანაში ხდებოდა ასე?

- არ ვიცი.

- ჩინეთში.

- ეგ კი გავიფიქრე, მაგრამ არ გითხარი.

- რა ერქვა ელადაში ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი სტუმარი ოჯახში დაუპატიჟებლად მიიყვანდა?

- არ ვიცი.

- პარაზიტი.

- (იცინის) მართლა? ამ სიტყვას როგორი ისტორია ჰქონია...

- კანადის ეს კუნძული ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაპირებთან მდებარეობს და მისი აღმომჩენის (ეს 1792 წელს მოხდა) სახელს ატარებს. რა ჰქვია ამ კუნძულს?

- ვერ გიპასუხებ.

- ვანკუვერი. ვინ არის ავტორი მემორიალისა - "კიდევაც დაიზრდებიან"?

- ბერძენიშვილი.

- ამერიკის ეს პრეზიდენტი ახალგაზრდობაში მოჯამაგირედ, მიწისმზომელად, ტყისმჭრელად და ფოსტის მოხელედ მუშაობდა. რომელ პრეზიდენტზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ლინკოლნზე. ფრენსის ბეკონი ამბობდა: "ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი". რის გამო დაითხოვეს ის სახელმწიფო სამსახურიდან?

- არ ვიცი, მაგრამ ვხვდები, რომ ამის მიზეზი ფული იქნება.

- დიახ. იგი ქრთამის აღების გამო დაითხოვეს. "მიხა", "არდადეგები", "ბებერი მეზურნეები", "დიდი მწვანე ველი", "ნუცას სკოლა" - ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- მერაბ კოკოჩაშვილი.

- რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მეფობდა?

- ვიცოდი (ფიქრობს), მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

- დაჩი. "ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,/ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო./ ყოფილა დავით მეფე - აღმაშენებელი,/ ყოფილან ოპიზრები - გასაშტერებელი;/ ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,/ რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი.../ ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,/ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- მურმან ლებანიძე.

- "ეს რა მსახიობი ვიღუპები", - სიკვდილის წინ ვის აღმოხდა ეს სიტყვები?

- ვერ გიპასუხებ.

- ნერონს. რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ მეფედ აკურთხა?

- პატარა იყო... მგონი, 14 წლის.

- ცდები, 12 წლის იყო. გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ ჰაინემ იმ დროისთვის წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა. ის 6-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ თავის საყვარელზე დაქორწინდა. ის ქალი გლეხის ოჯახიდან იყო. ვინ მიიწვია მან ქორწილში?

- მეგობრებს მიიწვევდა.

- ისინი რა ნიშნით შეარჩია?

- არ ვიცი.

- ის მეგობრები დაპატიჟა, რომლებსაც საყვარლები ჰყავდათ და ურჩია, მისთვის მიებაძათ. ანდაზის მიხედვით, როგორი მეგობარია მტერზე უარესი?

- ორგული.

- სწორი პასუხია - სულელი. ვინ თამაშობს პრინცესას როლს ფილმში "რომაული არდადეგები"?

- ოდრი ჰეპბერნი.

- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "მე შემიძლია გავუძლო ყველაფერს, გარდა..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ცდუნებისა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები