ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ონკანიდან სასმელი წყლის ნაცვლად ნავთობი გადმოდის. ამ მიზეზით წყლის სისტემა დაბუნძურდა.
მოსახლეობას დაუზიანდა წყლის გამაცხელებლები და სარეცხი მანქანები. მიზეზს იმით ხსნიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხშირად წყდება წყლის მიწოდება და სასმელი წყლის მილებთან ახლოს გამავალი დაზიანებული ნავთობის მიმწოდებელი ხაზიდან ნავთობი სასმელი წყლის მილში ხვდება, რაც ხაზის დანაგვიანებას იწვევს.
ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ადრინდელი ხარვეზი გამოსწორებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ონკანიდან წყლის ნაცვლად ახლაც ნავთობი მოდის. იმის გამო, რომ შპს "ბათუმის წყალში" ახლა ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის - დირექტორი შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ტექნიკური დირექტორი პროკურატურამ დააკავა, კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ. უკვე მეორე დღეა მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი და წვიმის წყალს იყენებს.