ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესასთან ავტოავარია, რომლის დროსაც ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ, მსხვერპლით დასრულდა . როგორც ლანჩხუთის გამგებელმა "ინტერპრესნიუსს" წუხელ, დაახლოებით 00.55 საათზე აცნობა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7, დაშავდა 25-მდე ადამიანი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი პირი ლანჩხუთის საავადმყოფოდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმობილებით გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის გოგონას მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო, ორი მგზავრი ლანჩხუთის საავადმყოფოდან რეანომობილებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
გიორგი გოგუაძის ცნობით, ლანჩხუთის საავადმყოფოში მოთავსებული 9 მგზავრიდან ყველა საქართველოს მოქალაქეა. ისინი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში ავტოავარიის შედეგად დაზარალებული 15-მდე პირი გადაიყვანეს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოში აღმოჩნდა თურქეთის 4 მოქალაქეც, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან და ავტოავარიაში მონაწილე მესამე ავტომანქანით მგზავრობდნენ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გაეწერენ.
ავარიის დროს ისინი "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანით მგზავრობდნენ. საჭეს თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალას ჩანაკალში მიდიოდა.
ავტოავარიაში შესაძლოა მეოთხე სატრანსპორტო საშუალებაც ფიგურირებდეს, რომელიც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ავარიაში სამგზავრო ავტობუსის, სამარშუტო ტაქსისა და მსუბუქი ავტომანქანის გარდა, ფიგურირებს კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, სავარაუდოდ, ტრაქტორი და მისაბმელი, რომელსაც შეშა გადაჰქონდა. მორის დაცურებამ კი, ავტოავარია გამოიწვია. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ლანჩხუთის საავადმყოფოში აღნიშნეს, რომ დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, საპატრულო ეკიპაჟმა დასაკითხად გადაიყვანა თურქული კომპანიის ავტობუსის მძღოლი ისმაელ ჰაკი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც იცის, თუ რამ გამოიწვია ავარია.
გუშინ თბილისიდან თურქეთში მიმავალი ავტობუსი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესასთან შეეჯახა. ავტოავარიაში "ფორდის" მარკის ავტომანქანაც მონაწილეობდა, რომელშიც თურქული ოჯახი იმყოფებოდა. დაღუპულები ბათუმის პროზექტურაში გადაასვენეს, დაშავებულები კი ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.